ჯანდაცვა

კანაბიდიოლის ძალა [პირველი ნაწილი]




როდესაც კეტრინ ჯეიკობსონმა პირველად შეიტყო კანაფის დადებითი პოტენციალის შესახებ, უკვე მოთმინების ზღვარზე იყო. მისი 3 წლის ვაჟი, ბენი, ეპილეფსიური შეტევებით 3 თვის ასაკიდან იტანჯებოდა, რაც თავის ტვინის არასწორი განვითარებით - პოლიმიქროგირიით იყო გამოწვეული. წლების განმავლობაში ჯეიკობსონმა და მისმა ქმარმა, აარონმა, შვილისთვის მინიმუმ 16 სხვადასხვა წამლის მიცემა სცადეს, მაგრამ არც ერთი მათგანი ბავშვს ხანგრძლივ შვებას არ ჰგვირდა.

ბენის მშობლები საზარელი პროგნოზით ცხოვრობდნენ: მათ შვილს, ვისი კოგნიტური შესაძლებლობებიც ერთი წლის ბავშვისაზე მეტად არასდროს განვითარებულა, მოთმინებით უნდა აეტანა შეტევები, ვიდრე თავის ტვინზე დაგროვებული დაზიანებები მისი სიკვდილით არ დამთავრდებოდა. 

2012 წლის დასაწყისში, როდესაც  ჯეიკობსონმა Epilepsy Therapy Project-ის [ეპილეფსიის თერაპიის პროექტის] მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კანაფის შესახებ შეიტყო, იმედის ნაპერწკალმა გაუელვა. შეხვედრა, რომელიც სან ფრანცისკოში იმართებოდა, განსხვავდებოდა ყველა სხვა შეხვედრისგან, რომლებსაც აქამდე დასწრებოდა და რომლებიც, როგორც წესი, უფრო ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებზე იყო გათვლილი და არა უშუალოდ პაციენტების დახმარებაზე.

ეს შეკრება კი მიზნად ისახავდა მკურნალობის ახალი მეთოდების უშუალოდ პაციენტებამდე, რაც შეიძლება სწრაფად, მიტანას. დამსწრეები იყვნენ არა მხოლოდ მეცნიერები და ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები: ღონისძიების განმავლობაში ერთი დღე, ცალკე ადგილი და სივრცე გამოყოფილი ჰქონდათ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების ოჯახის წევრებს. 

თავდაპირველად მინიშნება ჯეიკობსონმა ერთ-ერთი პაციენტის მამა ჯეისონ დეივიდისგან მიიღო, ვისთანაც ბაასი შემთხვევით, დარბაზს გარეთ, გააბა. ის არც მომხსენებელი იყო და არც მაინცდამაინც დაინტერესებული იმით, თუ რა ხდებოდა კონფერენციაზე. მის ოჯახში არსებულ სირთულეებთან ბრძოლის პერიოდში,  მას ტრადიციული მედიცინის მიმართ ნდობა თითქმის დაკარგული ჰქონდა. ის აცხადებდა, რომ მისი ვაჟის ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ წარმატებით იყენებდა კანაფის ექსტრაქტს და ახლა ცდილობდა ამის შესახებ ყველასთვის მიეწვდინა ხმა, ვინც კი მის მოსმენას მოისურვებდა.  

დეივიდს კანაფის ექსტრაქტის გამოყენების იდეა მაშინ მოუვიდა, როდესაც შეიტყო, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობა პატენტის უფლებას ფლობდა კანაბიდიოლზე, რაც კანაფის მცენარისგან მიღებული მოლეკულაა, რომელიც ცნობილია CBD-ს, ანუ კანაბიდიოლის, სახელით. მარიხუანის უფრო ცნობილ დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ანუ THC-ისგან, განსხვავებით, CBD ფსიქოაქტიური არ არის: მისგან მომხმარებლები სიამოვნებას [“კაიფს”] არ იღებენ. 

1990-იანი წლების მიწურულს, ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ნივთიერებას შესანიშნავი სამკურნალო ეფექტები აქვს. ეს ასე დამტკიცდა: ტესტირების დროს, მინის მილებში, CBD-ს მოლეკულებმა ნეირონები მჟანგავი [ოქსიდაციური] სტრესისგან დაიცვეს. ეს ის დამაზიანებელი პროცესია, რომელიც დამახასიათებელია ბევრი ნევროლოგიური დარღვევისას, ეპილეფსიის ჩათვლით.  

ჯეიკობსონი თავადაც ნეირომეცნიერი იყო. პოსტ-სადოქტორო კვლევაზე მუშაობა სან ფრანცისკოში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, დაიწყო  იმის შესწავლით, თუ როგორ მეტასტაზირებენ და ვრცელდებიან სიმსივნის უჯრედები. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბენი გაუჩნდა, ის სტენფორდში გადავიდა და ყურადღება ეპილეფსიაზე გადაიტანა. ეს ის ცვლილება იყო, რაც მისმა ცხოვრებისეულმა ტკივილმა: შვილის ავადმყოფობამ გამოიწვია. 

ლაბორატორიაში შესვლამდე, ის ხშირად ავტომანქანების სადგომზე მოთქმით ტიროდა: მღრღნელებში ეპილეფსიის განგებ სტიმულირების და ცხოველების ტანჯვის გამო სწუხდა. “არ შემეძლო ცხოველების ყურება, რომლებსაც მთელი დღე ეპილეფსიური შეტევები ჰქონდათ და შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, როგორ იტანჯებოდა იგივე შეტევებით ბენი. მეტისმეტი იყო ეს ყველაფერი.”

დეივიდთან შეხვედრისა და CBD-ის შესახებ დაბეჭდილი პატარა ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, ჯეიკობსონმა პოსტ-დოქტორანტურის  მიმართულება/თემა კიდევ ერთხელ შეცვალა. პირველადი კვლევიდან, ის იმ მშობლების შესწავლაზე გადაერთო, რომლებიც ეპილეფსიით დაავადებულ შვილებს კანაფის ექსტრაქტით მკურნალობდნენ.  სინამდვილეში, ის თავად ემზადებოდა იმისთვის, რომ მათ რიგებს შეერთებოდა. მისი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა პატარა, ორმაგმა ბრმა [double-blind], კვლევამ მიიპყრო.

1980 წელს მეცნიერებმა ბრაზილიაში ეპილეფსიით დაავადებულ რვა ადამიანს CBD-ს ექსტრაქტი მისცეს, დანარჩენ რვა პაციენტს კი - პლაცებოს აბები. ჯგუფის ნახევარს, რომელსაც CBD-ს აძლევდნენ, შეტევები თითქმის მთლიანად მოეხსნათ, დანარჩენი სამის შემთხვევაში შეტევების ინტენსიურობამ იკლო. იმ ჯგუფში, სადაც პლაცებოს აძლევდნენ, მხოლოდ ერთი ადამიანი გახდა უკეთ. 

დღეისთვის დამტკიცებული ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები, რომელთაგან ბენს არც ერთმა არ უშველა, ძირითადად მიმართული იყო ერთი და იგივე იონის არხებისა და ნეირონების ზედაპირზე არსებული რეცეპტორების სტიმულირებისკენ.  CBD კი სხვაგვარად და მისტიური გზით მუშაობდა. ჯეიკობსონი ფიქრობდა, რომ თუ შესაფერისი კონცენტრაციის CBD ექსტრაქტს იპოვიდა, მას ნამდვილად ახალი კლასის წამალი ექნებოდა ბენისთვის.

სხვა ექსპერიმენტული ნარკოტიკები და საშუალებები, რომელთა შესახებაც ეპილეფსიის თაობაზე გამართულ კონფერენციებზე სმენოდა, განვითარების დონეზე იყო და ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის [F.D.A] მიერ დამტკიცებული არ იყო. შესაბამისად, მეტწილად მიუწვდომელი იყო. თუმცა, სამედიცინო მარიხუანა კალიფორნიაში 1996 წლიდან იყო ლეგალური.  ასე რომ, თეორიულად, კალიფორნიაში CBD უფრო მარტივად იყო ხელმისაწვდომი. 

მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და კანაბიდიოლი ხელმისაწვდომია ყველგან.  ჩვენ CBD-ის შემცველი თავბრუდამხვევი პროდუქტების მრავალფეროვნებით ვართ გარშემორტყმული: ლუდი, ჟელატინით დამზადებული ტკბილეული, შოკოლადი, მარშმელოუ, მტკივან სახსრებზე შესაზელი ლოსიონები, დასალევი ზეთები, ვაგინალური სანთლები, რომლებიც, ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიის თქმით, “იმ ადგილის დასამშვიდებლადაა, რომელსაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება.”

CVS-მა და Walgreens-მა [სააფთიაქო ქსელები ამერიკის შეერთებულ შტატებში] ახლახან განაცხადეს, რომ CBD-ს შემცველი პროდუქტების გაყიდვას ამერიკის კონკრეტულ შტატებში გეგმავენ. ჯეისონ დეივიდი ამჟამად კანაფის ექსტრაქტს ყიდის, სახელწოდებით Jayden’s Juice, რომელსაც სახელი საკუთარი შვილის პატივსაცემად დაარქვა. ეს ბაზარზე არსებული ექსტრაქტებიდან ერთ-ერთია, Haleigh’s Hope-ისა და Charlotte’s Web-ის ჩათვლით, რომლებსაც სახელები იმ ბავშვების პატივსაცემად დაარქვეს, რომლებმაც, როგორც ამბობენ, გარკვეული შედეგი მიიღეს CBD-ის საშუალებით მკურნალობისგან. 

ამ პროდუქტებს შორის ბევრის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რა ზემოქმედება აქვს რეალურად CBD-ს [F.D.A. ჯანმრთელობისთვის დაუმტკიცებელი სარგებელის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს]. ამის მიუხედავად, ინტერნეტით უხვად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია. უამრავ სტატიასა და ადამიანების პირად აღიარებებში საუბარია იმაზე, რომ CBD-ს ეფექტურად არა მხოლოდ ეპილეფსიის, არამედ შფოთვის, ტკივილის, უძილობის, კრონის დაავადების, ართრიტის და ბრაზის მართვაც კი შეუძლია. 

ფაქტორების ერთობლიობამ ამ უცნაურ მომენტამდე მიგვიყვანა. CBD-ს შესახებ უამრავი ლეგიტიმური, მაგრამ არა სრულყოფილი, კვლევა ტარდება. ბევრი მეცნიერი აღრფრთოვანებულია ამით. კანონები კანაფისა და მისი ქიმიური კომპონენტების შესახებ იმდენად მკაცრი აღარაა, როგორც წარსულში. ანეგდოტებმა კი, რომლებიც წარმოიშვა ჰარვარდის ეპილეპტოლოგის ელიზაბეტ თილის თქმით,  იმისგან, რასაც ის მშობლიურ კანაფის მოძრაობას უწოდებს, ემოციური ძალა შემატა CBD-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. 

დღეისთვის, კანაფის პროდუქტების სიმრავლის პირობებში, თითქმის წარმოუდგენლად ჩანს ის ფაქტი, რომ 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჯეიკობსონმა ბენის CBD-ის საშუალებით მკურნალობა გადაწყვიტა, სამკურნალო ბაზარზე ის ვერ იშოვა. სხვა მშობლები, რომლებსაც ეპილეფსიით დაავადებული ბავშვები ჰყავდათ, თვითონ იგონებდნენ მკურნალობის გზებს: ტინქტურებს; კანაფშერეულ კარაქს პურ-ფუნთუშეულის გამოსაცხობად, დაფშვნილ კანაფს კაფსულის ფორმაში, კანაფის სანთლებსაც კი. ზოგიერთი მათგანი დადებითი შედეგის შესახებაც იუწყებოდა.

წლების განმავლობაში ჯეიკობსონმა ბევრი ამ პროდუქტთაგანი ლაბორატორიაში შეამოწმა. თითქმის ყველა შემთხვევში, ისინი  ძალიან ცოტა CBD-ს შეიცავდნენ ან საერთოდ არ შეიცავდნენ მას, ხოლო THC, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, დიდი რაოდენობით იყო მათში. THC-ს ფსიქოაქტიური ეფექტი აქვს და არ არსებობს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მას კრუჩხვების მკურნალობა ან რამე სიკეთის მოტანა შეუძლია ავადმყოფი ბავშვისთვის. 

კეტრინ ჯეიკობსონი და მისი შვილი, ბენი

Photo Credits © September Dawn Bottoms for The New York Times

ჯეიკობსონი საკუთარი ოჯახის ცხოვრებას ტერორიზმის საფრთხის ქვეშ არსებობას ადარებს. ბენის კრუნჩხვები ნებისმიერ წამს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შეიძლება დაწყებოდა. ის, როგორც მას ეპილეპტოლოგები უწედებენ, Sudep-ის, ანუ ეპილეფსიით მოულოდნელი გარდაცვალების მაღალი რისკის ქვეშ იყო. “ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბენი გადამერჩინა,” მითხრა ჯეიკობსონმა. 2012 წლის ერთ დღეს, ის საკუთარი შავი ავტომობილ S.U.V.-თ ოუქლენდის სამეზობლოს ქუჩას მიუყვებოდა. გზად  პოლიციის მანქანას გვერდით ჩაურა. ის ერთი კილოგრამი იმ ნივთიერების საყიდლად მიდიოდა, რაზეც უთხრეს, რომ CBD-თ გაჯერებული კანაფი იყო. 

1960-იანი წლების დასაწყისში, წარმოშობით ბულგარელმა, ისრაელში მცხოვრებმა ექიმმა რაფაელ მეჩოლამმა, მარტივი კითხვა დასვა: რა მექანიზმებით იწვევს მარიხუანა თრობას? კოკაინისა და ოპიუმის მსგავსი ნარკოტიკების ძირითადი ფსიქოაქტიური მოლეკულების ბიოქიმია უკვე გარკვეული იყო, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ როგორ მუშაობდა კანაფი. 

მეჩოლამი პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც ახსნა როგორც კანაბიდიოლის, ასევე დელტა-9-ტერტაჰიდროკანაბინოლის, იგივე THC-ს, ქიმიური მუშაობის სტრუქტურა და მექანიზმები. ორი ათწლეულის შემდეგ, ალინ ჰიულეტმა, მაშინ სეინტ ლუისის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერმა, გამოიყენა THC-ს რადიოაქტიური ექვივალენტი, რათა დაედგინა ის გზა და კვალი, თუ სად და როგორ აღწევდნენ საბოლოოდ კანაბინოიდები თავის ტვინში და აღმოაჩინა ის, რასაც მოგვიანებით თავად CB1 რეცეპტორი უწოდა. მსგავსი რეცეპტორები შემდგომში იპოვეს თირკმელებში, ფილტვებსა და ღვიძლში. იმუნური სისტემის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები, ნაწლავები და აგრეთვე ელენთა შეიცავენ სხვა ტიპის კანაბინოიდის რეცეპტორს, რომელიც ცნობილია CB2-ის სახელით. 

მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ადამიანის ფიზიოლოგიას და იმას, თუ როგორ ზემოქმედებენ მცენარეები და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს სხეულებზე. ყაყაჩოს ყვავილებისა და მათგან მიღებული ოპიუმის საშუალებით ადამიანის სხეულში ოპიოდის ბუნებრივი რეცეპტორების აღმოჩენა გახდა შესაძლებელი, რომლებიც ტკივილზე, სტრესზე ჩვენს რეაქციასა და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორის დარეგულირებაში იღებენ მონაწილეობას. ნიკოტინი - სტიმულატორი, რომელიც თამბაქოში აღმოაჩინეს და რომელსაც ადგილობრივი ამერიკელები დიდი ხანია იყენებენ, მეცნიერებს დაეხმარა ჩვენივე ბუნებრივი რეცეპტორების აღმოჩენაში, რომლებსაც ებმის ნიკოტინი და რომლებიც გავლენას ახდენენ ნეირონულ აღგზნებაზე. 

თუ რატომ გამოიმუშავებენ მცენარეები მოლეკულებს, რომლებიც იდეალურად არის შექმნილი ადამიანის ბიოქიმიური ქსელის მანიპულირებისთვის, საიდუმლოდ რჩება. ადამიანისა და მცენარის ეს ურთიერთქმედება, შესაძლოა, მოლეკულური დამთხვევა იყოს. ბევრი მცენარე, კანაფის ჩათვლით, შესაძლოა, ამ მოლეკულებს საკუთარი თავის სხვა ორგანიზმებისაგან დასაცავად გამოიმუშავებდნენ. თანამედროვე ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ნიკოტინზე - ნეონიკოტინოიდებზე [neonicotinoids] დაფუძნებული პესტიციდების მთელ ჯგუფს იყენებს. ნეონიკოტინოიდების დანიშნულება, მათი ნერვული სისტემის ზედმეტად აღგზნებით, მწერების განდევნაა. კანაბინოიდები ასეთივე ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო და ინსექტიციდურ თვისებებს ავლენენ.

მათი უნარი, დაუკავშირდნენ ჩვენს [ადამიანის] კანაბინოიდურ რეცეპტორებს, შესაძლოა მილიონობით წლების ბიოქიმიური ომის შედეგი იყოს, რომელიც მიმართული იყო მობალახე ცხოველების, მწერების და სხვა არსებების წინააღმდეგ, რომლებიც ბიოქიმიურ სასიგნალო გზებს იზიარებენ ადამიანებთან. თუ მცენარეები, საკუთარი თავების დასაცავად, მიზანში იღებენ სხვა ორგანიზმების კანაბინოიდების რეცეპტორებს, გამოდის, რომ რა სიგნალებსაც ის რეცეპტორები იღებენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ცხოველების ან სხვა ცოცხალი არსებების ფიზიოლოგიური ჯანმრთელობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ექნებოდათ მათთან ასეთი პირდაპირი კავშირი და ურთიერთქმედება?  

რაფაელ მეჩოლამმა დაასკვნა, რომ ჩვენი სხეულები კანაბინოიდის რეცეპტორების საშუალებით საკუთარ კანაბინოიდებს: ენდოგენურ მოლეკულებს უნდა გამოიმუშავებდნენ, ოპიოდებისა და ნიკოტინის მოლეკულების მსგავსს, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს ებმიან. 1992 წელს მან პირველი ასეთი მოლეკულის იდენტიფიცირება შეძლო. მეჩოლამი, რომელსაც ხშირად კანაფის კვლევის ნათლიმამას უწოდებენ, უფროსი მეცნიერი იყო ბრაზილიური CBD ეპილეფსიის კვლევის პროექტში, რომელიც შემდეგ ჯეიკობსონის შთაგონების წყარო გახდა. მეჩოლამის კოლეგებმა ის სანსკრიტული სიტყვის “აღმატებული სიხარულის” შესაბამისად, ანანდამიდად მონათლეს [ანანდამიდი - რეცეპტორის სახელი თავის ტვინში]. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ემოციების ფორმირებაში სწორედ ეს მოლეკულა იღებდა მონაწილეობას. 

ჰოულეტისა და მეჩოლამის მიერ აღწერილი კანაბინოიდური რეცეპტორებისა და გადამცემების ადილობრივი ქსელი დღეს ცნობილია, როგორც ენდოკანაბინოიდური სისტემა. ის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰომეოსტაზური რეგულირებისთვის: იმ საწყისი მდგომარეობისთვის, რომელსაც სხეული უბრუნდება მას შემდეგ, როცა მასში რაიმე დაირღვევა. მაგალითად, თუ ადამიანი დაიჭრა, ორგანიზმში არსებული ბუნებრივი კანაბინოიდების კონცენტრაცია მატულობს, სავარაუდოდ, ანთებისა და  დაზიანებასთან დაკავშირებული სხვა სიგნალების მოგვარების საპასუხოდ. მათი დონე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც მატულობს, რომელიც კიდევ ერთი სტრეს-ფაქტორია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში, სწორედ ისინი და არა კარგად ცნობილი ენდორფინები არიან სინამდვილეში პასუხისმგებელნი ე.წ. runner’s high-ზე, ანუ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც ადამიანი ვარჯიშის შემდეგ გრძნობს/იღებს.

ენდოკანაბინოიდები, ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, იმუნური სისტემის აქტივობების დარეგულირებაში, მადისა და მეხსიერების ფორმირებაში ეხმარებიან ორგანიზმს [მარიხუანის ინტენსიური მოხმარება მეხსიერების დაქვეითებასთან ასოცირდება. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ THC მეხსიერების ფორმირების პროცესს ამოკლებს]. „შესაძლოა, არც ერთი სხვა სასიგნალო სისტემა, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში აღმოუჩენიათ, არ ქმნის ამდენ მოლოდინს ახალი თერაპიული წამლების განვითარების მიმართულებით,“ დაწერა  ნეაპოლში ეროვნული კვლევითი საბჭოს ენდოკანაბინოიდის მკვლევარმა ვინჩენცო დი მარცომ ჟურნალ  Nature Reviews Drug Discover -ში, 2008 წელს. მაგრამ ასეთი სამედიცინო უპირატესობების გაცნობიერება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ადრე წარმოედგინათ. 

როდესაც ფრანგული ფარმაცეპტული კომპანია Sanofi-Aventis-ის [ამჟამად Sanofi] მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ THC-ს მადის გაძლიერება შეეძლო,  შექმნეს მედიკამენტი, რომელიც CB1 რეცეპტორს ბლოკავდა; ფარმაცევტები იმედოვნებდნენ, რომ ახალი პრეპარატი ადამიანებს მადის რეგულირებაში დაეხმარებოდა. Rimonabant-ი პირველად ევროპაში 2006 წელს გამოუშვეს. ორი წლის შემდეგ, მარეგულირებლებმა ახალი მედიკამენტი ბაზრიდან ამოიღეს, მისი ძლიერი გვერდითი მოვლენების გამო, რომელთა შორისაც დეპრესია და სუიციდური ქცევები აღინიშნებოდა. ეს ეპიზოდი ნათლად ასახავს, ერთი მხრივ, ენდოკანაბინოიდების მნიშვნელობას  ჩვენი კეთილდღეობისთვის და მეორე მხრივ, მათი თერაპიული მანიპულირებისა და მართვის სირთულეებს.

ადგილობრივი [ადამიანის ორგანიზმში არსებული] კანაბინოიდების სინთეზური მედიკამენტებით წახალისება-სტიმულირების მცდელობები აქამდე წარუმატებლად მიმდინარეობს. 2016 წელს, ფრანგმა მეცნიერებმა შეწყვიტეს პრეპარატის შესწავლა, რომელიც შექმნილი იყო ორგანიზმის ბუნებრივი, ენდოკანაბინოიდების სტიმულირებისთვის. ექვსივე პაციენტის, რომლებიც ზემოთხსენებულ მედიკამენტს ტკივილის გაყუჩების მიზნით იღებდნენ, ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, ერთი კი გარდაიცვალა. მიზეზები დღემდე უცნობია.

და მაინც, ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები იყენებდნენ  თავად კანაფს, შედარებით ნაკლები/სუსტი უკუჩვენებებით. [მათ შორის შეიძლება იყოს პირის სიმშრალე, ძილიანობა და პარანოია.] ტეტრაჰიდროკანაბინოლი, THC პირდაპირ უერთდება CB1-სა და CB2 რეცეპტორებს; შედარებით ნაკლები ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ როგორ მუშაობს კანაბიდიოლი, CBD. როგორც ჩანს, ის ურთიერთქმედებს ორგანიზმის მრავალ სისტემასთან ერთდროულად, ზრდის ადამიანის ორგანიზმში არსებული, ბუნებრივი კანაბინოიდების კონცენტრაციას; ასევე, სავარაუდოდ, ებმის სეროტონინის რეცეპტორებს, რომელიც სტანდარტული სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების [Selective serotonin reuptake inhibitors, S.S.R.I.s]  სამიზნეა; აგრეთვე ასტიმულირებს GABA რეცეპტორებს, რომლებიც ნერვული სისტემის დაწყნარებაზე არიან პასუხისმგებელნი. მთლიანობაში 64 უჯრედოვანი სამიზნით, CBD-ს  მოლეკულურ დონეზე, მთელი სხეულისთვის ერთგვარი მასაჟორის ფუნქციის შესრულება შეუძლია. 

ნიუ იორკში, მაუნთ საინაის ჰოსპიტლის ნეირომეცნიერ იასმინ ჰარდის აზრით, ბიოლოგიური სამიზნეების სწორედ ასეთი მრავალფეროვნება აქცევს CBD-ს საიმედო და პერსპექტიულ მკურნალად. თანამედროვე ნეირომეცნიერება ხშირად ცდილობს მიზანში ამოიღოს [ნერვული სისტემის] მხოლოდ ერთი ნეიროგამტარი ან რეცეპტორი, ამბობს ჰარდი. ეს მიდგომა მეცნიერული შესწავლისთვის უფრო ადვილია; მაგრამ ერთი მიმართულებით კვლევამ ან  სამიზნის სიმწირემ, შესაძლოა, ქსელის მასშტაბით არსებული პრობლემები ვერ მოიცვას. “თავის ტვინის მუშაობა სიმფონიას ჰგავს,” ამბობს ჰარდი და იმედოვნებს, რომ CBD-ს შეუძლია “მთელი ეს სიმფონია ჰარმონიაში მოიყვანოს.”

 

♦ ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის ონლაინ პლატფორმაზე, 2019 წლის 14 მაისს,  სათაურით Can CBD Really Do All That? 

♦ სტატია თარგმნა ნანა ნასყიდაშვილმა. ნანა გამომძიებელი ჟურნალისტია. ის “სტუდია მონიტორში” მუშაობდა, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ნანამ სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>