2013 წლის დასაწყისში, როდესაც სემ ვოგელსტინი ბრიტანეთიდან რამდენიმე კვირის დაბრუნებული იყო, კეტრინ ჯეიკობსონმა ნიუ იორკის უნივერსიტეტში ბრეინსტორმინიგის სესია მოაწყო. მას ჯეფრი გაი, ეპილეფსიის მკვლევრები და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე ერთი კონსულტანტი ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ როგორ მომხდარიყო საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის [F.D.A.] მიერ სანქცირებული კლინიკური კვლევის ჩატარება. ჯეიკობსონის მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა. თავდაპირველად სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გამოყენების შესაძლებლობა გააფართოვა: ექიმებს საშუალება მიეცათ, რომ CBD დაენიშნათ, რასაც მალევე დამტკიცების პროცესი მოჰყვა.
კლინიკურ ცდებს უძღვებოდნენ შემდეგი ნევროლოგები: ორინ დევინსკი ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან, ელიზაბეტ თილი ჰარვარდიდან, ერიკ მარში ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტლიდან და პენსილვანიის უნივერსიტეტიდან.
2018 წელს ივნისში, ამ შეხვედრიდან ხუთი წლის შემდეგ, წამლის წარმოებისთვის გადამწყვეტ მომენტში, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ეპილეფსიის ორი იშვიათი ფორმის: ლენოქს-გასტავური სინდრომისა და დრავეტის სინდრომის სამკურნალოდ GW Pharmaceutical-ს CBD-ის ექსტრაქტისგან მედიკამენტის დამზადების უფლება მისცა.
სამი თვის შემდეგ ნარკოტიკების რეგულირების ადმინისტრაციამ [D.E.A] CBD-ს ბუნებრივი ექსტრაქტისგან დამზადებულ ამ პირველ წამალს კატეგორია შეუცვალა [თუმცა არა THC-ის] და მას მე-5 კატეგორია მიანიჭა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ დროიდან მიიჩნეოდა, რომ CBD-ს ბოროტად მოხმარების პოტენციალი დაბალი იყო.
მედიკამენტი სახელწოდებით ეპიდიოლექსი/EPIDIOLEX®, კანაფთან დაკავშირებული პირველი პრეპარატი არ არის ბაზარზე. მარინოლი [Marinol], რომელიც გულისრევის მოსახსნელად და მადის სტიმულერიბისთვის გამოიყენება, ხელოვნურ THC-ს შეიცავს. მაგრამ ეპიდიოლექსი პირველი მედიკამენტია, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ CBD-ს შეიცავს: პირველია, რომელიც უშუალოდ კანაფის მცენარისგან არის მიღებული. თილმა მითხრა, რომ როგორც მედიკამენტის ახალი კლასი, ეპიდიოლექსი იმ მიზეზების გამო არის მნიშვნელოვანი, რომლებიც ჯეიკობსონმა წლების წინ ამოიცნო.
ის, ამჟამად ხელმისაწვდომი მედიკამენტებისგან გასხვავებთ, ნეირონების სხვა გზებზე ზემოქმედებს, და ამგვარად, აფართოებს ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებათა რიცხვს ბავშვებში რთულად სამკურნალო/სამართავი ეპილეფსიებისთვის.
ეპიდიოლექსის შექმნის ისტორია აღსანიშნავია თავისი უჩვეულო ისტორიითაც. მედიკამენტები, როგორც წესი, ლაბორატორიაში იქმნება და შემდეგ გადის კლინიკურ ცდებს, ვიდრე პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ეპიდიოლექსის შემთხვევაში პირიქით მოხდა: ორმა დედამ, რომელთა ბავშვებიც ეპილეფსიით იყვნენ დაავადებულნი, ექსპერიმენტები საკუთარ ვაჟებზე ჩაატარეს და შემდეგ შეეცადნენ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში გაეტანათ მედიკამენტის ის ვერსია, რაც მათ აღმოაჩინეს.
“თანამედროვე ეპოქაში ეს ყველაზე გასაოცარი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადაინაცვლა მედიკამენტმა პაციენტიდან საკუთრივ წამლის განვითარების ეტაპზე,” მითხრა კენ მაკიმ, ინდიანას უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეპიდიოლექსი ბოლო ასეთი მაგალითი იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს კანაფს და ფიქრობს, რომ ის მისი დაავადების სიმპტომებს შველის, შედეგად პაციენტებმა შესაძლოა, საკუთარ თავზე ჩაატარონ ექსპერიმენტები და ასე აღმოაჩინონ ახალი სამკურნალო საშუალებები.
ეს ტენდენცია ბევრ ექიმს აშფოთებს. ისინი წუხან, რომ პაციენტებს შეცდომაში შეჰყავთ საკუთარი თავი. მაგრამ კანაბინოიდებით დაინტერესებულმა ზოგიერთმა მეცნიერმა ამ ტენდენციას სხვა კუთხითაც შეხედა: წამლების გამოცდის ეს არატრადიციული, ექსპერიმენტული გზა მათ ახალი, ინოვაციური კუთხის წარმოჩენაში და ფორმალურად ახალი კვლევის წამოწყების იდეის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ამავდროულად, მომხმარებლები გამოქვეყნებულ ლიტერატურას ეცნობიან, იმ მითითებების მსგავსს, როგორიც ჯეიკობსონმა გააკეთა კანაბინოიდების გამოყენებაზე.
საბოლოო შედეგი ის არის, რომ სამეცნიერო გზით დამტკიცებული კანაფის მოხმარება და კანაფის ხალხური მეთოდებით გამოყენება რთულად თანაარსებობენ. “სრულიად უპრეცენდენტო ვითარება გვაქვს,” ამბობს ჯეიკობსონი. “არა მგონია არსებობდეს სხვა ისეთი პროდუქტი, რომელიც ერთდროულად იქნება wellness drug, ფარმაცევტული მედიკამენტიც და რეკრეაციული ნარკოტიკიც.”
CBD, ზოგადად, უსაფრთხო ნივთიერებად არის მიჩნეული, დიდი დოზების შემთხვევაშიც კი, რომელთა ტესტირებაც მოხდა. მისი რაოდენობა შოკოლადში, ჩაისა და სხვა საკვებ პროდუქტებში, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია იმ კონცენტრაციასთან შედარებით, რომლიც ექსპერიმენტულად დაიტესტა.
იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კანაფის შესახებ რეგულაციები ამერიკის შტატების მიხედვით განსხვავდება, მეცნიერები და პაციენტების უფლებადამცველები სწუხან იმაზე, რომ, შესაძლოა, მომხარებლები იმას არ იღებენ, რასაც ჰგონიათ, რომ იღებენ.
ბევრი ადამიანი, ვისაც CBD-სთან უშუალო შეხება ჰქონდა, მათ შორის მეცნიერებიც, მიიჩნევენ, რომ ის მხოლოდ რეცეპტით არ უნდა გაიცემოდეს. ისინი მიუთითებენ, რომ დიდი ხნით ადრე, ვიდრე 1970 წლის სუბსტანციების კონტროლის აქტი გამოიცემოდა, რომლითაც მარიხუანა არალეგალური გახდა, ადამიანები მცენარეს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ კანაფმა საკუთარი ადგილი არა მხოლოდ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მედიკამენტის სახით უნდა დაიკავოს, არამედ თავისი პირვანდელი დანიშნულება დაიბრუნოს, როგორც ძველმა ხალხურმა სამკურნალო საშუალებამ.
მარცხნიდან: მარგარიტა სანჩესი, ბენის ძიძა, ბენი და კეტრინი სახლში. ბენს ქამარი უკეთია, რომელიც მას კრუნჩხვების დროს დაცემისა და ფიზიკური დაზიანებისგან იცავს. სეფთემბერ დონ ბოთომსის ფოტო ნიუ იორკ თაიმსისთვის. Photo Credits © September Dawn Bottoms for The New York Times
თუ არსებობს პაციენტი, რომელიც ხალხური მეთოდებით მარიხუანის მკურნალობის მოძრაობაში შეიძლება პირველ პაციენტად ჩაითვალოს, ეს არის გოგონა კოლორადოდან, სახელად შარლოტა ფიჯი. მას კრუნჩხვები სამი თვის ასაკიდან დაეწყო, ისევე, როგორც ბენ ჯეიკობსონს. მის შემთხვევაში ექიმებმა დრავეტის სინდრომის დიაგნოზი დასვეს, რომელიც გამოწვეული იყო სპონტანური გენეტიკური მუტაციით.
5 წლის ასაკიდან ეტლს მიჯაჭვული, შარლოტა საკვებს მილით იღებდა, კრუნჩხვები კი კვირაში დაახლოებით 350-ჯერ ემართებოდა. რამდენჯერმე გულიც გაუჩერდა და სასიცოცხლო ფუნქციების დასაბრუნებლად ელექტროსტიმულაციის გამოყენება გახდა საჭირო. ერთხელ ექიმებმა მისი ხელოვნურ კომაში ჩაგდების რეკომენდაციაც კი გასცეს, რათა მის სხეულს ცოტა ხანი ოდნავ მაინც დაესვენა.
2011 წელს შარლოტას დედამ, პეიჯმა უკანასკნელ ზომას მიმართა და ხელოვნური კვებისთვის განკუთვნილი ზონდის საშუალებით შვილს CBD-ით გაჯერებული ექსტრაქტი მისცა. მასალა [ერთ-ერთი] ადგილობრივის მოყვანილი იყო და მისგან შეიძინა. [სამედიცინო მარიხუანა კოლორადოში 2000-ი წლიდან არის ლეგალური.] კრუნჩხვები თითქმის მთლიანად გაქრა. მომხდარი წარმატების შესახებ ამბავი სამედიცინო მარიხუანის პროფესიონალთა ქსელში მალევე გავრცელდა.
2013 წლის დასაწყისში CNN-ის კორესპონდენტის, სანჯაი გუფთას, სახელით პეიჯს ტელეფონით დაუკავშირდნენ. გუფთა, ჟურნალისტთან ერთად, ნეიროქირურგიც იყო და ადრე მარიხუანის ლეგალიზების წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა ახლა გოგონას შესახებ სატელევიზიო შოუს მომზადება სურდა. დიდი განხილვის შემდეგ, პეიჯი ფიჯიმ და ჯოლ სტენლიმ გადაწყვიტეს მოეწვიათ გუფთა და მოეყოლათ საკუთარი ამბავი. ჯოლ სტენლი ქალაქ ბოულდიდან იყო, კანაფი მოჰყავდა და ექსტრაქტი შარლოტასთვი [სწორედ] მან დაამზადა. თუ მომხდარის შესახებ სანჯაი გუფთას მსგავსი სკეპტიკოსი [და ამავე დროს რეპუტაციის მქონე] ისაუბრებდა, ხალხსაც, შესაძლოა, ამ ამბის უფრო ერწმუნა.
გუფთა ფიჯის სახლს ესტუმრა, შარლოტას კრუნჩხვის ვიდეოებს უყურა, ოჯახის ფოტოები დაათვალიერა, 6 წლის ცელქი პატარა გოგო - შარლოტა გაიცნო. ფიჯიმ მითხრა, რომ რაღაც მომენტში, გუფთამ, რომელსაც თავადაც ჰყავდა პატარა გოგოები, კამერების გათიშვა ითხოვა და იტირა.
მან აზრი შეიცვალა და დარწმუნდა სამედიცინო კანაფის ეფექტურობაში. შოუმ, რომელიც CNN-ის ეთერში 2013 წლის აგვისტოში გავიდა, შარლოტას ამბავი ეროვნულ დონეზე, ხოლო ფიჯის ცხოვრება მისთვის მოულოდნელ ეტაპზე აიყვანა. შოუს ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში, ფიჯის სახლის კართან ადამიანებმა დაიწყეს მისვლა. ისინი ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების მშობლები იყვნენ, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ და სამედიცინო კანაფის შეძენის იმედით, კოლორადოში საცხოვრებლად გადმოდიოდნენ.
ფიჯი მათ აპურებდა კიდეც. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ღამით მასთან დარჩა სახლში. ერთმა ოჯახმა კი მათთან ერთად მთელი ერთი წლის განმავლობაში იცხოვრა. შედეგად, კოლორადო სფრინგში თემმა დაიწყო ჩამოყალიბება, რომელიც ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისგან შედგებოდა.
დაახლოებით იგივე დროს, ფიჯიმ, სტენლიმ, ჰეზერ ჯეკსონმა და კიდევ ერთმა დედამ, ვისმა ბიჭმაც სარგებელი მიიღო CBD-სგან, არასამთავრობო ორგანიზაცია Realm of Caring ჩამოაყალიბეს. ორგანიზაცია ოჯახებს კოლორადოში საცხოვრებლად გადმოსვლაში ეხმარებოდა და სთავაზობდა მათ რჩევებს, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ მოლაპარაკებები სამედიცინო კანაფის ირგვლივ სახელმწიფოს მიერ შექმნილ გარემოსთან დაკავშირებით.
ასე დადგა გარკვეული დაძაბულობისა და დაბნეულობის პერიოდიც. სტენლი ვერ უმკლავდებოდა [კანაფზე] მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რიგში უამრავი მშობელი ჩადგა, ვისაც იმედი გაუნჩდა. ქალაქ დენვერში გამომავალმა გაზეთმა, ვესტვორდმა, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მშობლები საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ თავს იგნორირებულად გრძნობდნენ.
მშობელთა ნაწილი ვერ აცნობიერებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია Realm of Caring-ი კანაფის პროდუქტების მიმწოდებელი არ იყო. ერთი მამა, რომლის მძიმედ ავადმყოფი ვაჟიც სტენლის კანაფის ექსტრაქტით სარგებლობდა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა, ორაზროვნად კითხულობდა, სტენლის ხომ არ მიუძღოდა წვლილი მისი შვილის სიკვდილში. [სტენლის კომპანიამ განცხადებით უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ ვესტვორდის სტატიის ელემენტები არასწორი იყო.]
საბოლოოდ, ფიჯიმ და სტენლიმ ორგანიზაცია Realm of Caring დატოვეს, რათა ინტერესთა კონფლიქტი აერიდებინათ. 2017 წელს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ სტენლის და Realm of Caring-ს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რათა მათ შეეწყვიტათ იმის განცხადება, რომ გარკვეულ აშლილობებს მკურნალობდნენ. (ორივე მათგანი ამბობს, რომ საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია განაახლა.) დღეს სტენლი Charlotte’s Web-ის თავმჯდომარეა, კომპანიის რომელსაც სახელი შარლოტა ფიჯის საპატივცემულოთ დაარქვეს.
გასულ შემოდგომას ბიზნესი კანადაში ამოქმედდა: საჯარო კომპანია გახდა. მიმდინარე წელს [2019] ისინი ელოდებიან, რომ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 120 მილიონს აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც სამჯერ იმაზე მეტია, რაც კომპანიამ გაყიდვებით 2017 წელს მიიღო.
როდესაც ჯეიკობსონმა და ნუსენბაუმმა დაინახეს საკუთარი როლი სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ კანაფისგან მიღებული მედიკამენტის დამტკიცებაში, ფიჯიმ გადაწყვიტა, კანონმდებლობაზე ფოკუსირებულიყო და CBD-ის ერთგვარი ელჩი გამხდარიყო. მან სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ჩვენება მისცა და 2017 წლის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გახდა. [ეს კანონპროექტი] რომ არ ჩამკვდარიყო, CBD ეროვნულ დონეზე ლეგალური იქნებოდა.
ფიჯიმ, მისი თქმით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რესპუბლიკელებიდან დემოკრატებში გადაინაცვლა და არჩევნებში მონაწილეობასაც კი განიხილავდა, რათა საკუთარი პლატფორმიდან CBD-ზე ხელმისაწვდომობის კუთხით ემუშავა. ფიჯი ფიქრობს, რომ ფარმაცევტული სარგებლის გათვალისწინებით, ეს კონკრეტული კანაბინოიდი ლეგალურად, რეცეპტის გარეშე, უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობა მის ლეგალურობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. “ვცდილობ ამ ბავშვებს დავეხმარო: სულ ეს არის,” მითხრა მან გასულ ზამთარს. “დღესვე უნდა დავეხმაროთ ბავშვებს. როდემდე უნდა გვყავდეს მძევლებად?”
ერთი მიზეზი, რატომაც ზოგიერთი მედიკოსი ეჭვით უყურებს კანაფის მოძრაობის შესაძლო სამომავლო წარმატებას, არის ის, რომ ამ მცენარისადმი კვაზი-რელიგიური დამოკიდებულებით, მისი გაკერპება ხდება. კოლორადოში, Children’s Hospital-ის ეპილეპტოლოგმა კრისტენ პარკმა მითხრა, რომ CNN-ის ეთერში გუფთას სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჰოსპიტალი გაივსო სამედიცინო მარიხუანის მაძიებელი მშობლებით, მთელი ქვეყნიდან. იმ დროისთვის მას მცენარის ეფექტურობასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ ჰქონდა და ის მისი გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემდა. პარკმა მითხრა, რომ ეპიდიოლექის თაობაზე კლინიკურმა ცდებმა [კანაფის] ეფექტურობის შესახებ გარკვეული მტკიცებულება წარმოადგინა, თუმცა ის მაინც არ არის ბოლომდე დარწმუნებული ამ ფენომენში.
მისი თქმით, ზოგჯერ პაციენტების მშობლები ეპილეფსიის ტრადიციული მეთოდებით მკურნალობაზე უარს ამბობენ კანაფის პროდუქტების სასარგებლოდ, რადგან ის ბუნებრივად მიიჩნევა და ამრიგად, აღემატება სტანდარტულ მედიკამენტებს. ზოგიერთი მშობელი ირწმუნება, რომ კანაფი შველის მათ შვილებს, მაშინ, როდესაც ექიმის [პარკის] აზრით, აშკარაა, რომ არ შველის.
მშობლები უარს აცხადებენ კანაფის გამოყენების შეწყვეტაზე მაშინაც კი, როდესაც საჭიროა სხვა სამკურნალო მედიკამენტებზე გადასვლა. “მთელი ამ პოპულარიზაციის გამო, ადამიანები ფიქრობენ, რომ ის ყველაფერს კურნავს და რომ მას ყველაფრის მოგვარება შეუძლია,” მითხრა მან.
მისი აზრით, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ CBD სასარგებლოა, ის მაინც ნარკოტიკული საშუალებაა; მისივე აზრით, არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც უნივერსალურია და ყველას ყველაფრის მოგვარებაში დაეხმარება.
♦ ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის ონლაინ პლატფორმაზე, 2019 წლის 14 მაისს, სათაურით Can CBD Really Do All That? გთავაზობთ თარგმანის მხოლოდ ნაწილს. სტატიის მე-2 და
♦ სტატია თარგმნა ნანა ნასყიდაშვილმა. ნანა გამომძიებელი ჟურნალისტია. ის “სტუდია მონიტორში” მუშაობდა, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ნანამ სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.