მიუხედავად იმისა, რომ კანაფის პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია საქართველოში, გერმანული წარმოების ნერწყვის სწრაფ ტესტერებს, რომელთა შეძენაშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, კანაბინოიდების მიმართ დაბალი მგრძნობელობა აქვს.
როგორც შარდით, ასევე ნერწყვით ნარკოტესტირების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწრაფი ტესტერების პასუხებს სჯერდება და შედეგებს, უმეტესად, სიღრმისეულად არ ამოწმებს. გადამოწმების გარეშე კი, შესაძლოა, მოქალაქის ადმინისტრაციულად დასჯა შეცდომით მოხდეს, რადგან, პაციენტის სხვა ქცევითი თავისებურებებიდან გამომდინარე, ტესტერების ცრუ-დადებითი ან ცრუ-უარყოფითი პასუხების რისკი მაღალია.
გადამოწმების სტატისტიკა
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ნერწყვის სკრინინგული ტესტის საშუალებით შემოწმება 346 პირს ჩაუტარდა. მათი მხოლოდ ნაწილი - 231 მოქალაქე გადაიყვანეს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ნაწილი კი [115 მოქალაქე] - გაათავისუფლეს.
მოქალაქეების იმ ნაწილიდან, რომლებიც სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაიყვანეს, ნერწყვის წრაფი ტესტირების პასუხი მხოლოდ 183 პირს გადაუმოწმეს სიღრმისეულად, დანარჩენი 48 პირის ტესტირების პასუხი კი არ გადამოწმებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ყველა სწრაფი ტესტირება ქრომატოგრაფიულად მოწმდება, თუმცა, საწინაამდეგოს მეტყველებს მათივე მოწოდებული მონაცემები როგორც ნერწყვის, ასევე შარდის სწრაფი ტესტერების გადამოწმების შემთხვევაში.
სამინისტროს მიერ მოწოდებულ ამ მონაცემებში ჩანს, რომ 2006-2010 წლების პერიოდში, სწრაფი ნარკოტესტერების შედეგები საერთოდ არ მოწმდებოდა სიღრმისეულად. ამ პერიოდში 138 064 ადამიანს ჩაუტარეს შარდით ტესტირება.
რატომ არის სწრაფი ტესტირების გადამოწმება მნიშვნელოვანი?
ირმა კირთაძე, დამოკიდებულების კვლევით ცენტრ “ალტერნატივა ჯორჯიას” მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ შარდის და ნერწყვის სწრაფი ტესტები არ არის საბოლოო, სადიაგნოსტიკო საშუალება, არამედ ისინი პირველად, სკრინინგულ შედეგებს იძლევა.
“სკრინინგის პასუხი, შეიძლება, იყოს არაზუსტი და ის გადამოწმებას ექვემდებარება,”- განმარტავს კირთაძე. - “ნერწყვის ტესტი, შარდის ტესტი, ყველა ეს სწრაფი სკრინინგული ტესტია, რომელიც გაძლევს საშუალებას გაიგო, იმ წუთას, იმ მომენტში რა ხდება. თვითონ ამ ტესტების მწარმოებლებსაც უწერიათ, რომ ამ ტესტების საფუძველზე მიღებული პასუხი არ უნდა იყოს გამოყენებული პირის სადამსჯელო ღონისძიებისთვის და ის აუცილებლად უნდა დაზუსტდეს კლინიკულ-ლაბორატორიული, შედარებით უფრო ღრმა კვლევით, მათ შორის ექიმის კონსულტაციით და გაზ-ქრომატოგრაფიული კვლევით, ან თმის ანალიზით და ასე შემდეგ.”
ევალება თუ არა სამინისტროს პასუხების გადამოწმება?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტესტირების პირველადი ანალიზის სიღრმისეული გადამოწმება კანონით არ ევალება.
კითხვაზე, თუ რომელი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს სწრაფი ტესტირების გადამოწმების საკითხს, პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაზე” მიგვითითა.
ამ ბრძანებაში არსად არის მითითებული, რომ სამინისტროს ნერწყვის სწრაფი ტესტირების ყველა პასუხის სიღრმისეული მეთოდებით - გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიით - გადამოწმება ევალება.
უნდა გადამოწმდეს თუ არა კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტული საქმის ექსპერტი წყვეტს. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის ანალიზი გადამოწმებას საჭიროებს, ხარჯებს სამინისტრო იხდის, ხოლო თუ მოქალაქე პასუხს გაასაჩივრებს და სხვაგან მოინდომებს გადამოწმებას, გადახდაც თვითონ უწევს.
პრაქტიკაშიც ასე ხდება: სწრაფი ნარკოტესტერების პასუხების მხოლოდ მცირე ნაწილი მოწმდება სიღრმისეულად, უმეტესი წილი გადაუმოწმებელი რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებისთანავე შემოგთავაზებთ პასუხს კითხვაზე, რა რეაგირება მოჰყვა ზემოთ ნახსენები 48 პირის ნერწყვით სწრაფ ტესტირებას: გადასცეს თუ არა სასამართლოს მათი საქმეები და დაჯარიმდნენ თუ არა ისინი ნერწყვით ნარკოტესტირების საფუძველზე.
რამდენად ზუსტია DrugWipe?
კვლევა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Drug Testing and Analysis-ში გამოქვეყნდა, აღწერს უშუალოდ იმ ტესტერს, რომელიც სამინისტრომ შეიძინა - DrugWipe5S®.
კვლევას ბრიუსელის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ოთხი მეცნიერი აწერს ხელს. მათი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ კანაფი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია, მის თრობაზე ადამიანების შემოწმების დროს სიზუსტის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
იმისთვის, თუ როგორ მუშაობს DrugWipe5S® ტესტერი, მათ პატარა კვლევა ჩაატარეს. ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობა ათმა სუბიექტმა მიიღო. მათი ნაწილი კანაფის პროდუქტების ქრონიკული მომხმარებელი იყო.
“DrugWipe5S® ტესტერმა დადებითი პასუხი აჩვენა [მარიხუანის] უშუალოდ მოწევის შემდეგ [მგრძნობელობა 90%], თუმცა [ტესტის] მგრძნობელობა სწრაფად შემცირდა [მარიხუანის მოწევიდან] საათნახევრის შემდეგ (50%). საჭიროა DrugWipe5S® ტესტერის მგრძნობელობის გაუმჯობესება,” - წერენ მკვლევრები.
მეორე კვლევა, რომელიც
Journal of Analytical Methods in Chemistry-ში
გამოქვეყნდა, ნერწყვის სწორედ იმ ტიპის ტესტერის - DrugWipe 5A-ს სანდოობის დონეს აღწერს, რის
შეძენაშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
კვლევისთვის მეცნიერებმა სხვადასხვა ქიმიკატები, რეაქტივები და მოწყობილობები შეისყიდეს. ნერწყვის ტესტერების - DrugWipe 5A მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანია Securetec-ი იყო: სწორედ ის კომპანია, რომლისგანაც ტესტები ქართულმა მხარემაც შეისყიდა მიმდინარე წელს.
კვლევის მეთოდები
კვლევის ჩატარების პროცესში, ადამიანები ნერწყვის ტესტის DrugWipe 5A-ს საშუალებით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე, კერძოდ, მარიხუანის, ამფეტამინების, კოკაინის და ოპიატების მოხმარებაზე შეამოწმეს.
კვლევისთვის მონაწილეების პირის ღრუების ნაცხის ნიმუშები იტალიის დედაქალაქ რომის დისკოთეკებში, ლუდისა და მუსიკალური ბარებში მოაგროვეს. ოთხმოცდასამმა [83] ქლაბერმა ადგილზე თითო სკრინინგული ტესტით გაიარა შემოწმება.
სწრაფი ტესტერებიდან მოპოვებული შედეგისგან დამოუკიდებლად, პირის ღრუს ნაცხის ასაღებად, მეორე მოწყობილობა გამოიყენეს და ამჯერად ნიმუშების გადამოწმება ლაბორატორიაში მოხდა, სადაც მოხდა გაზ-ქრომოტოგრაფიული გამოყოფა კაპილარული სვეტისა და ელექტრონული ზემოქმედების იონიზაციის მეთოდის გამოყენებით.
კვლევის შედეგები
ადგილზე [სწრაფი] ტესტირებისას DrugWipe 5A-მა აჩვენა, რომ 54 ნიმუში [65.1%] დადებითი იყო ერთი ან მეტი ნარკოტიკის მიმართ, მაშინ როდესაც გაზ-ქრომოტოგრაფი/მას სპექტრომეტრის გზით, შემოწმების შედეგად ერთი ან მეტი ნარკოტიკული საშუალების მიმართ დადებითი პასუხი 75 ნიმუშის [90.4%] შემთხვევაში დაფიქსირდა.
მოპოვებული შედეგების შედარებით გაირკვა, რომ ნერწყვის ტესტის მოწყობილობამ მგრძნობელობა და სიზუსტე ამფეტამინების კლასის 80 პროცენტის შემთხვევაში აჩვენა. მოწყობილობას მაღალი მგრძნობელობა აღმოაჩნდა [67 და 50%] კოკაინისა და ოპიატების მიმართაც.
თუმცა, ამ ტიპის ტესტერის მგრძნობელობა და სიზუსტე დაბალი [29 და 53%] აღმოჩნდა კანაბინოიდების [კანაფის პროდუქტების, მათ შორის მარიხუანის] მიმართ, რაც ხაზს უსვამს მოწყობილობის შეზღუდულ შესაძლებლობებს ამ კლასის ნარკოტიკების მიმართ.
წარმოდგენილი კვლევის დახმარებით მოპოვებული შედეგების მიხედვით, DrugWipe 5A მოწყობილობა, ზოგადად, პრაქტიკული აღმოჩნდა: მისი საშუალებით ადვილია სინჯების აღება და გამოყენების პროცედურები დიდ დროს არ საჭიროებს. თუმცა, მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ტესტერების მგრძნობელობა კანაბინოიდების შემთხვევაში დაბალია.
“დამტკიცდა, რომ მოწყობილობა არ არის მგრძნობიარე და საკმარისად ზუსტი კანაბინოიდებთან მიმართებაში, თუმცა მისაღებია სხვა არალეგალურ ნარკოტიკებთან სამუშაოდ. მიუხედავად იმისა, რომ ნერწყვი, შესაძლოა, იყოს სასარგებლო მატრიცა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების ადგილზევე შემოწმებისთვის, ცხადია, რომ მას მგრძნობელობა მაინც აკლია და ნერწყვის სკრინინგული ტესტების შედეგის სანდოობაში დასარწმუნებლად საჭიროა შედეგების გადამოწმება გაზ-ქრომოტოგრაფიული-მას სპექტრომეტრიის ან თხევადი-ქრომოტოგრაფიული-მას სპექტრომეტრიის გზით. ამის აუცილებლობა განპირობებულია ცრუ-დადებითი და ცრუ-უარყოფითი პასუხების მნიშვნელოვანი სიმრავლით, იმ ვითარებაშიც კი, როცა საუკეთესოდ მომუშავე კომერციული [ტესტების] ნაკრების გამოყენება ხდება,” - ნათქვამია კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტერები დროთა განმავლობაში იხვეწება, საერთაშორისო აკადემიური ლიტერატურა ხაზს უსვამს, რომ ხშირად მწარმოებლები ტესტერის სანდოობის ხარისხს უფრო მაღალი ნდობით წარმოაჩენენ, ვიდრე რეალობაა. ტესტერების ალტერნატიული, სიღრმისეული გადამოწმება კი საწინააღმდეგოს აჩვენებს.
ნერწყვის ტესტერების ღირებულება
ელექტრონულ ტენდერებში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, სკრინინგულ ტესტებს შორის შსს-მ ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა ნერწყვის ტესტების შესყიდვაში გადაიხადა: 550 000 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული თანხით “შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად პორტატული ნარკოტესტერების, პორტატული ნარკოტესტერის შესანახი სპეციალური ყუთების და სპეციალური საბეჭდი ხელსაწყოების შესყიდვა” მოხდა.
შესყიდული ნარკო-ტესტერების მწარმოებელი ქვეყანა გერმანიაა. კომპანია Securetec-ის აღმასრულებელი დირექტორის წერილში ცალკე პუნქტადაა მითითებული DrugWipe 5S-ის მიერ ნერწყვში THC-ის დაფიქსირების პერიოდი და ის 8 საათს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა ნივთიერებებს: სკრინინგული ტესტი ადგენს შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების კონცენტრაციას ნერწყვში: Cannabis (THC) - მარიხუანა, ჰაშიში, THC. Amphetamines - ამფეტამინები (d-amphetamine, methampetamine), ამფეტამინი და მეტანმეტამინი (მათ შორის ექსტაზი); Cocaine - კოკაინი; Opiates - ოპიატები [მორფი, ჰეროინი].
რატომ არის მნიშვნელოვანი კანაბინოიდების მიმართ მეტად მგრძნობიარე ტესტერები საქართველოში?
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მასშტაბების კვლევები საქართველოში აჩვენებს, რომ კანაფის პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ფსიქოაქტიური ნივთიერებებია საქართველოში, მათ შორის არასრულწლოვან მოქალაქეებში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული სასკოლო გამოკითხვის დროს [European School Survey Project on Alcohol and Other Drugs, ESPAD] მოსწავლეებმა საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფსიქოაქტიურ საშუალებად კანაფი დაასახელეს [გამოკითხულების 21%]. [მსგავსი კვლევა ყოველ 4 წელში ერთხელ ტარდება. 2019 წელს ჩატარებული ESPAD-ის კვლევის შედეგები ამჟამად დამუშავების პროცესშია.]
2018 წელს დამოკიდებულების კვლევით ცენტრ “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ ჩატარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ონლაინ კვლევის [კვლევაში მონაწილეობა 321-მა ადამიანმა მიიღო] მიხედვით, ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალებისა და ღამის კლუბების ხშირ ვიზიტორებში ბოლო 30 დღეში მოხმარებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის კანაფი ყველაზე გავრცელებული აღმოჩნდა [81.5 %].
2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ივნისის პერიოდში, ჯვარედინ-სექციური კვლევის ფარგლებში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა ბენეფიციარებს შორის გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს 11 ქალაქში [თბილისი, ბათუმი, ახალციხე, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ოზურგეთი, სამტრედია, ფოთი, ბორჯომი]. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,820-მა რესპონდენტმა. კვლევის მონაწილეთა უმეტესობა მამაკაცი იყო [1,695 რესპონდენტი, 93.1%], ქალები მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ [125 რესპონდენტი, 6.9%].
რესპონდენტების მიერ ბოლო 30 დღეში მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებების სურათის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა არაინექციურად სწორედ კანაფის პროდუქტებს მოიხმარს [1 076 პირი, 59%].
სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარების ზოგადი მოსახლეობის ეროვნული მასშტაბის პირველი [და აქამდე ერთადერთი] კვლევა საქართველოში 2015 წელს ჩატარდა [ავტორები: კირთაძე, ოთიაშვილი, ტაბატაძე, 2016].
კვლევის ფარგლებში გამოკითხული იყო 18-64 წლის 4,805 ადამიანი. კვლევა ჩატარდა ინოვაციური მეთოდის − რანდომიზებული პასუხის ტექნიკის [RRT] გამოყენებით, რამაც მკვლევართა გუნდს მისცა საშუალება, რომ არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების გავრცელებაზე უფრო სანდო შედეგი მიეღო, ვიდრე ეს იქნებოდა სტანდარტული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში [რომლის დროსაც გულწრფელი პასუხების სიხშირე უფრო მცირეა].
კანაფი [მარიხუანა] გასინჯული ჰქონდა რესპონდენტთა 15%-16%-ს. კანაფის მოხმარება კაცებში უფრო გავრცელებული იყო [32%], ვიდრე ქალებში [2.9%]. კონკრეტულ რეგიონებში, კანაფი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხმარებული ჰქონდა გამოკითხული მამაკაცების 70%-ზე მეტს.
♦ სტატიის ავტორია ნანა ნასყიდაშვილი. ნანა “სტუდია მონიტორში” მუშაობდა გამომძიებელ ჟურნალისტად, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.