|
ჯანდაცვა
კანაბიდიოლის ძალა [მეხუთე ნაწილი]
მედიკამენტების უმეტესობას გვერდითი ეფექტები აქვს. წამლის დამტკიცების სტანდარტულ პროცესში, ბაზარზე დაშვების მომენტში წამლის ცნობილი უარყოფითი გვერდითი ეფექტების მითითება შეფუთვაზე ხდება. თუ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის [F.D.A.] მიერ მედიკამენტების დამტკიცებისა და ბაზარზე გასვლის შემდეგ დამატებით გვერდითი ეფექტები გამოაშკარავდება, მათი მითითება/დამატება მოგვიანებითაც შეიძლება.
ინდიანას უნივერსიტეტის თანამშრომელმა, კენ მაკიმ, მითხრა, რომ ამის შესაძლებლობა ნაკლებად არის ხალხური მეთოდებით მარიხუანის მოხმარების მოძრაობის ფარგლებში, სადაც არ არსებობს ურთიერთქმედებისა და გვერდითი ეფექტების მონაცემთა ბაზა.
CBD-ის გვერდითი ეფექტებიც ცნობილია. ელიზაბეტ თილი, ეპილეპტოლოგი ჰარვარდიდან, ამბობს, რომ ზოგიერთ ბავშვს გაურკვეველი მიზეზების გამო აღენიშნება გუნება-განწყობილების ცვლილება CBD-ს ზოგიერთი ზეთის მოხმარების შემთხვევაში, რომელთა შეძენაც ურეცეპტოდ არის შესაძლებელი. [ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სხვადასხვა კანაბინოიდისა და ტერპენების გამო. ტერპენები მცენარეების მიერ გამომუშვებულ კიდევ ერთ ბიოლოგიურად აქტიურ მოლეკულებს წარმოადგენენ.] CBD-ს აგრეთვე შეუძლია ორგანიზმის მიერ სხვა წამლების ათვისების დინამიკა შეცვალოს.
თუმცა, ყველაზე დიდი წუხილი, რომლის შესახებაც მშობლებისა და ექიმებისგან არა ერთხელ მსმენია, არის ხარისხის კონტროლი. 2015 წელს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] აღმოაჩინა, რომ ბევრი პროდუქტი, რომლის ეტიკეტირებაზე მითითებული იყო CBD, სინამდვილეში მას ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავდა. F.D.A.-მ კომპანიებს წერილები გაუგზავნა და გააფრთხილა, სამედიცინო კუთხით მცდარი ინფორმაცია არ გაევრცელებინათ.
ორი წლის შემდეგ, [სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალ] JAMA-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ონლაინ გაყიდული კანაფის 84 პროდუქტიდან 26 პროცენტს CBD-ის შემცველობა იმაზე ნაკლები ჰქონდა, ვიდრე ამას რეკლამაში ამბობდნენ, ხოლო 43 პროცენტის შემთხვევაში CBD-ს შემცველობა მეტი იყო.
კანაფს შეუძლია მძიმე მეტალებისა და პესტიციდების მსგავსი ტოქსიკური სუბსტანციების შეწოვა, ასევე ინფექციების გადატანა. 2017 წელს კალიფორნიელი კაცი, რომელიც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა და ვისი იმუნური სისტემაც დასუსტებული იყო, სოკოვანი ინფექციისგან გარდაიცვალა. მისი ექიმის ვარაუდოთ, პაციენტს ინფექცია იმ კანაფისგან გადაედო, რომელსაც ის [დაავადების] სიმპტომების შესასუსტებლად ეწეოდა.
გასულ წელს კალიფორნიამ რეკრეაციული მარიხუანა ლეგალური გახადა და ხარისხის კონტროლის მკაცრი ზომები ეტაპობრივად მიიღო, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა მიკრობების, პესტიციდებისა და მძიმე მეტალების შემოწმებას. მომხმარებლებს, რომლებიც კანაფს კალიფორნიის ლიცენზირებულ აფთიაქებში [dispensaries] ყიდულობენ, შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ იღებენ ზუსტად იმას, რასაც ეტიკეტირებაზე წერია და რომ ის უსაფრთხოა მოხმარებისთვის. ეს სხვა რამდენიმე შტატზეც ვრცელდება.
იმის მიუხედავად, რომ მეწარმეებმა დააფუძნეს კომპანიები, რომელთა ღირებულება უკვე მილიონებს აღწევს და კანაფთან დაკავშირებული ბიზნესის ბუმს ხშირად “the green rush”-ს [კანაფის ციებ-ცხელებას] უწოდებენ, ბევრი ფერადკანიანი ადამიანი მარიხუანასთან დაკავშირებული დანაშაულებებისთვის კვლავ პატიმრობაში რჩება. ზოგიერთი შტატი და ქალაქი ამ ვითარების გამოსწორების გზაზეა. მაგალითად, გასულ წელს დენვერის მერმა გამოაცხადა, რომ 2001 წლიდან დღემდე მარიხუანასთან დაკავშირებული მცირე დანაშულებებისთვის გასამართლებულ 10 000-ზე მეტ პირს ნასამართლეობის მოხსნის უფლება ექნება.
ფედერალურ დონეზე CBD-ის პროდუქტებით ვაჭრობის კანონიერებასთან დაკავშირებული დაბნეულობა კვლავაც ფართოდ გავრცელებული რჩება. 2018 წლის Farm Bill-მა კანაფის ნაირსახეობა [hemp] გამოუშვა. ამ პროდუქტში THC-ს დაბალი და CBD-ს მაღალი შემცველობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, თეორიულად, hemp-ისგან მიღებული CBD მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ლეგალური.
არსებობს სხვა დეტალიც: სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია [F.D.A.] ამას იმიტომ ამბობს, რომ მართალია, CBD-ს შემცველი პრეპარატი დამტკიცებული წამალია ფედერალურად [ეპიდიოლექსი], მცენარე კანაფი, ზოგიერთების მტკიცების მიუხედავად, ვერ იქნება განხილული, როგორც პროდუქტი, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დანამატებს ან როგორც დიეტური დანამატი.
კომპანიები, რომლებიც CBD-ს შემცველი პროდუქტების გადაზიდვას ეწევიან შტატებს შორის, შესაძლოა ამას არალეგალურად აკეთებენ. ამ ქმედების კონტროლი F.D.A.-ის აღსრულების კომპეტენციის ფარგლებში შედის. იმის მიუხედავად, რომ F.D.A.-ს აქვს უფლებამოსილება შეაჩეროს CBD-ის შემცველი პროდუქტების შტატებს შორის ვაჭრობა, მას ასევე აქვს უფლება, საწინააღმდეგოდ მოიქცეს. F.D.A.-ს სააღსრულებო ქმედება, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია ხელმისაწვდომ რესურსებზე და გარკვეულ საფრთხეებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას უკავშირდება. [F.D.A.-ს სპიკერმა კომენტარზე უარი თქვა].
ჯ. მაიკლ ბოსტვიქი, როჩესტერში, მინესოტის შტატში მდებარე მეიოს კლინიკის ფსიქიატრი, ვინც კანაფის შესახებ წერს, მცენარის გარშემო არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო წესების შესახებ ატეხილ დავიდარაბას “იდიოტიზმს” უწოდებს. მან მითხრა, რომ იმ ექიმებსაც კი, რომლებიც ცხოვრობენ იმ შტატებში, სადაც ის ლეგალურია, შესაძლოა, არ მოისურვონ კანაფის სამკურნალოდ დანიშვნა, რადგან მარიხუანა ფედერალური კანონმდებლობის დონეზე არალეგალური რჩება. ექიმს წამლის გამოწერაზე ლიცენზია შტატისგან ენიჭება, თუმცა თავად ექიმად ფუნქციონირების მთავარი ლიცენზია ფედერალურია, კანაფთან კავშირი კი, შესაძლოა, ამ ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზი გახდეს.
“ბუნდოვანია, რა თამაშს ვთამაშობთ,” ამბობს ბოსტვიკი.
ერთადერთი აშკარა გამოსავალი იმ გაუგებრობებთან დაკავშირებით, რომლებიც CBD-ის პროდუქტების კანონიერების, ხარისხისა და უსაფრთხოების ირგვლივ არსებობს, იქნებოდა F.D.A.-ს მიერ მისი ისეთ მედიკამენტად დამტკიცება, რომელიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
კეტრინ ჯეიკობსონს არ სურს, რომ ეს მოხდეს. შვილის ავადმყოფობის გამო, მისი მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა. საწყის ეტაპზე ის ფიქრობდა, რომ სამედიცინო კანაფის ყველა პროდუქტს უნდა გაევლო საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მხრიდან დამტკიცების პროცესი. მან გააცნობიერა, რომ უპირველესი საზრუნავი - ხარისხი, შესაძლოა, გარანტირებული ყოფილიყო ამ ძვირადღირებული, დროში გაწელილი პროცედურის გარეშეც.
გერმანიაში, მაგალითად, ექიმებს 2017 წლიდან აქვთ შესაძლებლობა, კანაფი რეცეპტით დანიშნონ და პაციენტები იღებენ ფარმაცევტულ პროდუქტს, რადგან ფედერალური სააგენტო მკაცრად აკონტროლებს სამედიცინო მარიხუანის ინდუსტრიას [პროდუქტის შემადგენლობასა და ხარისხიანობას].
ჯეიკობსონი, რომელიც მილ ველიში, კალიფორნიის შტატში, ცხოვრობს, ახლა დისტანციურად მუშაობს კანადაში დაფუძნებული კომპანიისთვის, რომელმაც, მისი აზრით, ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვარა. ის კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Tilray-ს მარეგულირებელი და სამედიცინო საქმეების ვიცე პრეზიდენტია, რომელიც სამედიცინო კლასის კანაფის პროდუქტებსა და ყვავილებს აწარმოებს და აგზავნის მათ იქ, სადაც ისინი ეროვნულ დონეზე კანონიერია [შესაბამისად, არა ამერიკის შეერთებულ შტატებში].
ჯეიკობსონი და სხვა მშობლები, რომლებსაც ვესაუბრე, ამტკიცებენ, რომ რთულ სამედიცინო შემთხვევებში ექიმები უკვე მიმართავენ პოტენციურად ტოქსიკურ მედიკამენტებს. რატომ არ შეუძლიათ მშობლებს და პაციენტებს ექსპერიმენტები გაცილებით ნაკლებად ტოქსიკური პროდუქტებით ჩაატარონ? რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება ყველას? ეს მეცნიერებს მეტ მინიშნებას მისცემდა ამჟამად არსებულ თვით-ექსპერიმენტების ზღვაში.
Realm of Caring-ი, რომელსაც კვლავაც ჰისერ ჯექსონი უძღვება, ამას უკვე აკეთებს აკადემიურ მკვლევარებთან პარტნიორობით. ის ყველას უზიარებს მონაცემებს 55 000 ადამიანის რეესტრიდან, რაც მოიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რისთვის მოიხმარენ ეს ადამიანები კანაფს და რა უკუჩვენებებს და სარგებელს ხედავენ ამ მცენარეში.
ერთი მეცნიერი ცდის პირი თვითონ ხდება. 2017 წელს დიანა მარტინესმა, კოლუმბიის უნივერსიტეტში ფსიქიატრიის პროფესორმა, აღმოაჩინა, რომ ძუძუს კიბო ჰქონდა და ქიმიოთერაპიის ჩატარება დაიწყო ტაქსანით, მედიკამენტის კლასით, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს. მარტინესს ზარისმაგვარი ხმა ჩაესმოდა ყურებში, ხელში თითქოს ქინძისთავები და ნემსები ერჭობოდა და ქვედა კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა დაეწყო. საბოლოოდ, იქამდე მივიდა, რომ ძლივს ყლაპავდა, სიარულის დროს ეცემოდა და საბოლოოდ, ტვინის შერყევა დაემართა.
ქალების 80 პროცენტს, ვინც ტაქსანს მოიხმარს, ეს სიმპტომები აქვს. მარტინესმა გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მედიკამენტი დაავადების დამარცხებაში დაეხმარებოდა, სიმპტომები, რომლებიც სავარაუდოდ გაუარესდებოდა, ისედაც აუტანელი იყო. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ქიმიოთერაპიის კურსი შეწყვიტა.
შემდეგ კოლეგამ შეახსენა, რომ მას ყოველთვის უნდოდა შეესწავლა CBD-ს გავლენა ნერვულ სისტემაზე და მისი დაზიანებით გამოწვეულ ტკივილზე. საკუთარ თავზე რატომ არ ეცადა? მარტინესმა CBD-ის ექსტრაქტი კოლორადოში ისეთ მწარმოებელს შეუკვეთა, რომელიც რეპუტაციის მქონე ჩანდა. ეს შარლოტას ვებ-გვერდი აღმოჩნდა. CBD-ს შემცველი ზეთის გამოყენებიდან ექვსი კვირის შემდეგ, ყურებში ზარისმაგვარი ხმა გაუქრა და სხვა სიმპტომებმაც დაიწყო გაუჩინარება. “ყლაპვის უნარი დამიბრუნდა”, მითხრა მან. “შემეძლო ქუჩაში გამესეირნა, კომპიუტერზე მებეჭდა, ის [სიმპტომები] გაქრა. ეს სასწაულს ჰგავდა და დღემდე ასეა.”
საბოლოოდ, მარტინესმა მაინც დაასრულა ქიმიოთერაპიის კურსი, ამჯერად გაცილებით ნაკლები გვერდითი ეფექტებით. შემდეგ, საკუთარი გამოცდილებით შთაგონებულმა, საკუთარ კოლეგასთან, მარგარეტ ჰანისთან ერთად, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ნევროლოგია, სამედიცინო ცდის ჩატარება დაიწყო, რომლიც ტაქსანით გამოწვეულ ნეიროპათიას ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში სწორედ ამ პრეპარატს ამატებს, რომლის შემცველობაში არის ორივე: THC და CBD.
ზოგიერთი [სამედიცინო/კლინიკური] მდგომარეობის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც [ერთ-ერთი] ფაქტორი ტკივილია, კანაბინოიდებმა, შესაძლოა, ერთად უკეთ იმუშაონ. [ჯეიკობსონის კულუარული გავლენა აქაც ჩანს. Tilray-მ მარტინესის ცდებისთვის ფორმულა შექმნა.] თუ ეს იმუშავებს, კანაბინოიდებმა, შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინონ, არა იმიტომ რომ მათ კიბოს განკურნება შეუძლიათ - თუმცა ამ შესაძლებლობას სხვა მკვლევარები სწავლობენ - არამედ იმიტომ, რომ ისინი, შესაძლოა, ქალებს სხვაგვარად აუტანელი ქიმიოთერაპიის კურსების დასრულებაში დაეხმარონ.
მარტინესი აღნიშნავს, რომ მიზეზი, თუ რატომაც მოსწონს ეს მწარმოებელი, არის ის, რომ როდესაც მას დასჭირდა, CBD-თ მდიდარი, ხარისხიანი კანაფის ექსტრაქტი, მყისვე ხელმისაწვდომი გახდა მისთვის.
“Charlotte’s Web-ის მადლობელი ვარ. მომხმარებელი, რომელიც მას იყენებს, ცხადია, ხარისხი/კონცენტრაცია ცალკე უნდა გადაამოწმოს, ამაზე იფიქროს და იზრუნოს. მაგრამ თუ ვინმეს CBD-ს გამოყენება უნდა, მე ვეუბნები: ‘გამოიყენეთ.’
ყველაზე კარგად ცნობილი კვლევების შემთხვევებშიც კი, CBD უპირობო წარმატების მომტანი არ არის. წლების განმავლობაში სემ ვოგელშტეინს ეპიდიოლექსი კრუნჩხვების კონტროლში დაეხმარა და მათი რაოდენობა დღეში დაახლოებით ექვსამდე შემცირდა.
2015 წლის შემოდგომაზე სემს კრუნჩხვების ახალმა ტიპმა შეუტია. ეს უფრო ძლიერი იყო: ბავშვი ძირს ეცემოდა, სხეული ეკლაკნებოდა. ასეთი რამ მას წარსულში არასდროს დამართნია. “კრუნჩხვა რომ ნახოთ, მაშინვე მიხვდებით, ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებზე რატომ ამბობდნენ წარსულში, შეტევის დროს ისინი ეშმაკს ჰყავს შეპყრობილიო,” მითხრა სემის მამამ, ფრედმა. “თითქოს რაღაც გარე ძალის კონტროლის ქვეშ ექცევა ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი.”
ეპიდიოლექსის გაზრდილმა დოზებმა სემს ვერ უშველა, ასე რომ მისმა ექიმმა, ნევროლოგმა რობერტა ჩილიომ რეკომენდაცია მისცა კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტი, დეპაკოტე, მიეღო. სემი ამ წამალს წარსულში იღებდა, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეპიდიოლექსთან კომბინაციაში, ამ მედიკამენტმა სასწაულები მოახდინა. სამწელიწადნახევარზე მეტი ხანია, სემი კრუნჩხვებისგან სრულიად თავისუფალია. ის მაღალი, თხელი, 17 წლის ბიჭია, რომელსაც უყვარს ფარიკაობა, სირბილი და სრულად არის ჩართული “ისეთ ოხუნჯურ აქტივობებში, რომლებიც ნორმალურია თინეიჯერი ბიჭისთვის,” ამბობს მისი მამა. “ეს კი ჩვენი დღესასწაულის მიზეზია,” ამბობს ორივე მშობელი.
ბენ ჯეიკობსონის მდგომარეობა გაცილებით გაურკვეველია, ვიდრე სემ ვოგელშტეინის. 2015 წელს, კრუნჩხვების შეჩერების მიზნით, ექიმებმა ოპერაციული ჩარევის გზით, ბენს თავის ტვინის თხემის წილის ნახევარი ამოაჭრეს. არც ამ პროცედურამ შეასუსტა ბენის ეპილეფსია. ბენის ექიმი, ბატონი ჩილიო, ფიქრობდა, რომ ეპიდიოლექსი მას განკურნებაში ვერ ეხმარებოდა და მისი შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა. ჯეიკობსონი ისევე, როგორც ეპილეფსიით დაავადებული ბევრი ბავშვის დედა, შეტევების დეტალურ დღიურს აწარმოებდა, ჩილიოს არ დაეთანხმა. მისი გათვლებით, ეპიდიოლექსის მიღების პერიოდში, ბენის კრუნჩხვები 40 პროცენტით შემცირდა, განსაკუთრებით კრუნჩხვების ის მძიმე ფორმა, რომელიც ბენს სუნთქვაში უშლიდა ხელს.
ამ უთანხმოების გამო, ჯეიკობსონმა ახალი ნევროლოგის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდევაც ახალი ექიმი, რომელმაც ერთხელ შეხედა ბენს და დედამისს ურჩია, გაეკეთებინა ის, რასაც სწორად ჩათვლიდა საკუთარი შვილისთვის. ბენი, რომელიც ახლა 10 წლის არის და დახმარების გარეშე სიარული არ შეუძლია, ეპიდიოლექსზე რჩება, მაგრამ მისი პროგნოზი იმედის მომცემი დიდად არ არის. “მდგომარეობა კვლავაც უარესდება,” მითხრა ჯეიკობსონმა. “მისი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა იმდენად მოკლეა, რომ ამაზე ფიქრიც აღარ გვინდა.”
შარლოტა ფიჯი, რომელიც ახლა 12 წლისაა, კრუნჩხვებისგან თავისუფალია. მისი განვითარება შეფერხებულია, მითხრა პეიჯ ფიჯიმ, ბავშვის დედამ. გოგონა ოსტეოპოროზით იტანჯება, რომელიც ფიჯის აზრით, სტეროიდების დიდმა დოზებმა განაპირობა, რასაც გოგონა კრუნჩხვების გასაკონტროლებლად იღებდა ადრეულ ასაკში. სხვა მხრივ, შარლოტა ბედნიერი, ლაღი გოგონაა, ამბობს ფიჯი.
CBD სასარგებლო აღმოჩნდა შარლოტას ტყუპი დისთვის, ჩეისისთვისაც.
ორი წლის წინ ჩეისის, რომელსაც მანამდე პრობლემები არ ჰქონია, სრულიად მოულოდნელად, კრუნჩხვები დაეწყო. ფიჯიმ ამჯერად ალოპათიური მედიკამენტებით თავი არ შეიწუხა. მან მაშინვე Charlotte’s Web-ს მიმართა CBD-ის ექსტრაქტისთვის. ჩეისის კრუნჩხვები შეჩერდა. “ეს რომ არ გამეკეთებინა, შარლოტა მკვდარი იქნებოდა და ჩეისი ყველა იმ მედიკამენტის მიღებას ახლაღა დაიწყებდა.”
სანამ მეცნიერება ნელი ნაბიჯებით მიიზლაზნება, CBD პოპ-კულტურის ფენომენად იქცა. კიმ კარდაშიანმა ცოტა ხნის წინ მომავალი ბავშვისა და დედად გახდომის აღსანიშნავად, CBD-ის თემატიკით გაფორმებული წვეულება გამართა. აპრილში რესტორნების ქსელმა Carl’s Jr.-მ კოლორადოში CBD-ის შემცველი ბურგერი გატესტა.
ზოგიერთი მეცნიერი შეშფოთებულია იმით, CBD-სთან დაკავშირებული სიგიჟე შორს წავიდა და მეცნიერებას გასცდა. თუმცა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის ასოცირებული პროფესორი სტაკი გრუბერი არ ფიქრობს, რომ ეს ორი მოვლენა [მეცნიერება და პოპკულტურა] ურთიერთკონფლიქტშია ერთმანეთთან. მისი ნაშრომის გათვალისწინებით, ეს შეიძლება უცნაური ჩანდეს: მან აღმოაჩინა, რომ რეკრეაციულ მომხმარებლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც კანაფის გამოყენება ადრეულ ასაკში დაიწყო, კოგნიტური სირთულეები აღენიშნებათ, ეცვლებათ თავის ტვინის სტრუქტურა და ფუნქციები.
2014 წელს გრუბერმა ნეირომეცნიერული აღმოჩენების გაკეთების მიზნით, მარიხუანის კვლევები დაიწყო [პროგრამის ზუსტი სახელწოდებაა - Marijuana Investigations for Neuroscientific Discovery, ან MIND]. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა სამედიცინო კანაფის ზემოქმედების/ეფექტების შესწავლას და ზუსტად საპირისპირო შედეგი აღმოაჩინა იმ ადამიანებში, ვინც კანაფს სამედიცინო მიზნით იყენებს. მათი კოგნიტური ფუქცია დროთა განმავლობაში უმჯობესდება და წინასწარი შედეგების მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამედიცინო კანაფით მკურნალობა დაიწყეს, მათი ტვინის აქტივობამ ნორმალიზება დაიწყო.
იმის მიუხედავად, რომ გრუბერი არ არის დარწმუნებული, თუ რა განაპირობებს ურთიერთსაპირისპირო შედეგებს, მას რამდენიმე თეორია აქვს. ეიფორიული თრობის ძიებაში რეკრეაციული მომხმარებლები ხშირად ისეთი პროდუქტებისკენ იხრებიან, რომლებშიც THC-ის შემცველობა მაღალია. ამავდროულად, პაციენტებს სიმპტომების გაკონტროლება სურთ და შედეგად, შესაძლოა მთლიან მცენარეულ პროდუქტებს ეძებდნენ, რომლებიც იმაზე მეტ CBD-ის შეიცავენ, ვიდრე პროდუქტები, რომლებსაც რეკრეაციული მომხმარებლები აწყდებიან ხოლმე, და აგრეთვე, სხვა პოტენციურად სასარგებლო კანაბინოიდებსაც.
სამედიცინო მომხმარებლები ასაკითაც უფრო დიდები არიან. ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ THC ნაკლებად ტოქსიკურია შედარებით ასაკოვანი ტვინებისთვის, ვიდრე უფრო ახალგაზრდებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, ზრდასრული ტვინებისთვის ის სასარგებლოც კი იყოს.
გრუბერმა ასევე შენიშნა, რომ სამედიცინო კანაფის მომხმარებელი პაციენტები დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი მედიკამენტების გამოყენებას ამცირებენ, რაც თავის მხრივ, შესაძლოა სასარგებლო იყოს ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციონირებისთვის. რა განმარტებაც არ უნდა იყოს, გრუბერს სჯერა, რომ მეცნიერული თვალსაზრისით უფრო მეტი ჩართულობა CBD-ს ფენომენის კვლევაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ძალიან ფრთხილი რეგულაციების არსებობა.
“ადამიანები კანაფს ყოველთვის მოიხმარდნენ,” მითხრა მან. “კითხვა, რომელიც ახლა არსებობს, შემდეგია: ჩვენ როგორც მეცნიერები, როგორ უნდა დავეწიოთ [პროცესს]?" [სტატიის დასასრული]
♦ ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის ონლაინ პლატფორმაზე, 2019 წლის 14 მაისს, სათაურით Can CBD Really Do All That?
♦ სტატია თარგმნა ნანა ნასყიდაშვილმა. ნანა გამომძიებელი ჟურნალისტია. ის “სტუდია მონიტორში” მუშაობდა, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ნანამ სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.
|