ჯანდაცვა

მარიხუანის მოწევისთის დასჯილი




პირველი ნარკოტესტირება

ირაკლი 24 წლის არის. პირველად ნარკოლოგიურში 4 თუ 5 წლის წინ მოხვდა - ზუსტად არ ახსოვს. უნივერსიტეტში მისვლისას გააჩერა პოლიციამ და გაყოლა სთხოვა. “ წვიმდა, კაპიშონი მქონდა მოხურული, ანუ შანსი არაა ვინმეს ვეცნე. იცოდნენ, ალბათ, რომ მივდიოდი. საიდან, რანაირად - ეგ დღემდე უცნობია ჩემთვის,” იხსენებს ირაკლი. მაშინ მან არ იცოდა, რომ შარდის ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო და გაჰყვა.  

“ნუ, რომ მცოდნოდა, რომ  ნებაყოფლობითია, რა თქმა უნდა, წამოვიდოდი ჩვეულებრივად. მოხდა ეგრე, დამიწერეს 500-ლარიანი ჯარიმა,” - ამბობს ირაკლი. შარდის ტესტმა მის ორგანიზმში THC-ის [ტეტრაჰიდროკანაბინოლი] არსებობა აჩვენა [ირაკლის მარიხუანა ერთი კვირის მოწეული ჰქონდა]. პოლიციამ ის აღრიცხვაზე აიყვანა. 

ამ შემთხვევის შემდეგ, საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ირაკლი მარიხუანას თვეების განმავლობაში აღარ ეწეოდა. პირველი დაჯარიმების შემდეგ, პოლიცია მას ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილებში აჩერებდა და ნარკოშემოწმებაზე სისტემატურად გადაჰყავდა.

“ხან გაჩერებაზე ვიდექი, ხან მეგობართან ვიყავი იქიდან გამოვდიოდი, ეგეთ მომენტებში რა. ეგრევე მსვავდნენ, მივყავდით. მეც არ ვეწინააღმდეგებოდი. მივყვებოდი, ვაბარებდი, მოვდიოდი ჩვეულებრივად,” - ამბობს ირაკლი. 

ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ ნარკოტესტირებაზე ის 8-ჯერ გადაიყვანა. თუმცა მარიხუანის მოხმარების ფაქტი ამ დროის განმავლობაში მას არც ერთხელ არ დაუდგინდა. 

ირაკლი ფიქრობს, რომ ნარკოტესტისთვის უშუალოდ შარდის ჩაბარების პროცედურა ადამიანის ღირსებისთვის შემლახავია. შარდის აღება უცხო პირის თანდასწრებით ხდება, რომელიც იქვე დგას და უყურებს პროცესს. 

მეორე ამბავი - “ერთი ჩაყრა მოსაწევი”

ირაკლი მეგობრებთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, როდესაც პატრულმა ისინი შემოწმების მიზნით გააჩერა და მანქანა გაჩხრიკა. პოლიციამ მანქანაში მარიხუანა იპოვა.

“გვქონდა ერთი ჩაყრა მოსაწევი. ერთი ჩაყრა მოსაწევი არის დაახლოებით 0,3 გრამი ან 0,4 გრამი, მაქსიმუმ. ნუ, მეთქი, ჩემია ეს მოსაწევი, მეთქი, მე დამიწერეთ ისევ ჯარიმა. ჩემი მეგობარი, ვინც იჯდა საჭესთან, ის მიყავდათ, იდეაში. არ არის მაგისი, ჩემია და წამიყვანეთ კაპეზეზე,” ყვება ირაკლი, “ჩემი არ იყო, სიმართლე რომ ვთქვა. იმ მეგობარს… ჰქონდა პირობითი და არ მინდოდა, რომ პრობლემა შეჰქმნოდა და ავიღე ჩემ თავზე. წამიყვანეს კაპეზეზე.” 

ირაკლის თქმით, იქ მას სამი დღის განმავლობაში მოუწია ყოფნა. მიზეზი ის იყო, რომ მის დაკავებას შაბათ-კვირა დაემთხვა და სასამართლო ასეთ დღეებში არ მუშაობს. სამი დღის შემდეგ კი მისი ადვოკატის მეშვეობით შეიტყო, რომ თითქოს ის მარიხუანა, რომელიც პოლიციამ მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღო, ბიო ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა.

“ეს იყო როგორი აბსურდი, იცით? ჩემი მეზობლის გაზრდილი იყო. თვითონ მოიყვანა კუსტარულად და ვიცოდით, რომ სუფთა იყო. ყველამ ვიცოდით,” - ამბობს ირაკლი. 

ირაკლის იმ მარიხუანის შავ-თეთრი ფოტო აჩვენეს, რომელიც მის საქმეში იდო. “თვითონ სურათზეც ეტყობოდა. დაფშვნილი იყო, აი, რაღაცნაირად. სხვა რამე იყო რა, რაც მანახეს, ჯერ ერთი. ქაღადზე ეყარა, მაგრამ აშკარად ჰქონდა ახალი რაღაც დამატებული. შანსი არაა, ვერ გაჩნდებოდა იქ,” ამბობს ირაკლი.  

- ანუ თქვენ თვლით, რომ სავარაუდოდ დაამატეს სხვა რაღაცა, რაც თქვენს ნარკოტიკში არ იყო?

- ვთვლი, რომ ეგრე იყო. თუ დამიჯერებთ, ეგრე იყო. 

სასამართლო განაჩენში, რომელიც მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა გამოიტანა, წერია, რომ ბრალდებული პირისგან “ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული, ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა, ADB-FUBINACA, რომელიც ახალ ფსიქოაქტიური ნივთიერებებს შეიცავს ---.”

განაჩენს არ ახლავს ნარკოტიკების შემოწმების ქიმიური ექსპერტიზის პასუხის რამენაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი: ქიმიური ექსპერტიზის ნომერი, ან/და ა.შ., [რომელიც ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველთვის არის მითითებული სასამართლო განაჩენებში] და მიანიშნებდა, რომ ნარკოტიკები, რომელიც ირაკლის ამოუღეს, ნამდვილად ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი იყო და არა ბუნებრივი კანაფი, როგორც ამას ირაკლი ამბობს. 

ირაკლის ვკითხეთ, შეეცადა თუ არა, თვითონ გადაემოწმებინა ნივთიერება ალტერნატიული ქიმიური ექსპერტიზით და საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ირაკლი ამბობს, რომ იმ მასაში, რაც მისგან ამოიღეს, სავარაუდოდ, მალევე შეურიეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და უკვე მაგ მასიდან სინჯის აღებას და შემოწმებას აზრი არ ჰქონდა.  

ირაკლის სასამართლომ პირობითი 3 წელი მიუსაჯა და 100 საათის გამოსასწორებელი სამუშაოები დააკისრა. ამ სამუშაოების ფარგლებში, ირაკლი ეკლესიაში სასულიერო პირს ეხმარებოდა.  

მესამე ამბავი - ერთი შეხედვით ჩატარებული კლინიკური შემოწმება

2017 წლის ზაფხულში ირაკლი პოლიციამ, მორიგ ჯერზე, გააჩერა. მას თან პირადობა არ ჰქონდა. თუმცა, სამართლდამცავებს საკუთარი სახელი და გვარი და აგრეთვე პირადი ნომერი დაუსახელა, მაგრამ პოლიციელები უმტკიცებდნენ, რომ სისტემაში მისი გადამოწმება ვერ ხერხდებოდა. 

“წყობიდან არის გამოსული ეს აპარატიო და თქვენს სურათს არ აგდებსო და არ ვიცით ნამდვილად [ირაკლი] ბრძანდებით თუ არაო და წამობრძანდით განყოფილებაში და იქ კომპიუტერში ვნახავთ თქვენს სურათსო,” - ამბობს ირაკლი.

პოლიციის განყოფილებაში მისი გადაყვანის და იდენტობის გადამოწმების შემდეგ ვითარება შეიცვალა.

“ნუ იქ გადავედი, ეგრევე დაიწყო სულ სხვა თემა. უნდა წახვიდე ნარკოლოგიურში, უნდა ჩააბარო შარდი… ერთი საათი ვეჭიდავე, არ მინდა, არ წამოვალ,” - იხსენებს ირაკლი. - “დავიღალე. რამდენჯერაც გამოგყევით, გამოგყევით. დამღლელი პროცედურაა. 1-2 საათი გიწევს, რაღაცა უნდა შეავსო, მერე უნდა გაგჩხრიკონ, მერე უნდა წაგიყვანონ იქ [ნარკოლოგიურში], ელოდო, რიგში იდგე, მერე ჩააბარო, მერე პასუხს დაელოდო.” 

წინააღმდეგობის მიუხედავად, ირაკლი ნარკოლოგიურში მაინც გადაიყვანეს. ირაკლის თქმით, ის თავისთვის იჯდა და დროის გასვლას ელოდებოდა, რათა ნარკოლოგიურიდან გასულიყო. სწორედ ამ ვითარებაში, მისთვის მოულოდნელად, ჩაუტარეს ეგრეთ წოდებული ‘კლინიკური შემოწმება.’

“ზოგადად, არც მქონდა გაგებული, ეს კლინიკური შემოწმება რა იყო. არ ვიცოდი არანაირად და ეს ექსპერტი, ვინც იბარებს შარდს, მოვიდა, ზედაპირულად, უბრალოდ შემომხედა, შემათვალიერა, შემომათვალიერა. ამას მოწეული აქვსო და რაღაცაზე ხელი მოაწერა, დამიდეს და მიწერენ 500 ლარიან ჯარიმას. ბოლოს ყელში ამომივიდა. ჯერ მაგაზეც ნებართვა უნდა აიღო, კლინიკურ შემოწმებაზე. შეგიძლია ჩვეულებრივ უარი განაცხადო ისევე, როგორც შარდის ჩაბარებაზე,” - ამბობს ირაკლი.

მისი თქმით, კლინიკური შემოწმების პროცესში მას არანაირი პროცედურა არ ჩატარებია.

“არაფერი არ ჩაუტარებიათ, მაგას ვიძახი. უბრალოდ შემომხედეს. თვალებში შემომხედა ექსპერტმა, მოაწერა რაღაცას ხელი და ეგ იყო.”

ირაკლიმ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლა დაიწყო. დაუკავშირდა ადვოკატ გიორგი მახარაძეს, ხოლო რამდენიმე დღეში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიაკითხა და შარდის ანალიზი ჩაიტარა. ტესტის პასუხის მიხედვით, ირაკლის მარიხუანის მოხმარების ფაქტი არ დაუდასტურდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხები ირაკლიმ სასამართლოში წარადგინა. ამის საფუძველზე მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა. 

- თქვენ რომ ამდენი დაგაზარალეს, მაგაზე რამე მოიმოქმედეს? 

- არაფერი, რა თქმა უნდა. უბრალოდ გაგამართლეს, ესე გამოვიდა. უბრალოდ გამამართლეს. 

მას შემდეგ, რაც მარიხუანის მოწევა კრიმინალი არ არის, ირაკლის პოლიცია აღარ აჩერებს და ნარკოტისტირებაზეც აღარ გადაჰყავთ.

- შემეშვნენ. არ შეუძლიათ. კანონი ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და თან მარიხუანას მოწევა არის დეკრიმინალიზებული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

- საჭესთან ხომ არ გიწევთ ჯდომა?

- საჭესთან არა. საჭესთან არ ვზივარ ზოგადად. მართვის მოწმობაც არ მაქვს. 

ირაკლი დედასთან ერთად ცხოვრობს. ამჟამად მუშაობს და პარალელურად მაგისტრატურაში სწავლობს. ირაკლი ამბობს, რომ ე.წ. “კლუბური ნარკოტიკები” არასდროს გაუსინჯავს და კლუბში სიარულის დროც არ აქვს.

მარიხუანას ამჟამადაც ეწევა, იშვიათად, დასვენების დღეებში.

 

► სტატიაში გმირის სახელი შეცვლილია, სხვა დეტალები კი გმირის ნაამბობიდან და სასამართლოს განაჩენიდან გამომდინარეობს.

► ირაკლის ნანა ნასყიდაშვილი ესაუბრა. ნანა გამომძიებელი ჟურნალისტია. ის “სტუდია მონიტორში” მუშაობდა, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>