გარდამავალი პერიოდი
2025 წლიდან, “შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი” საქართველოდან გადის. საქართველოს ზიანის შემცირების ქსელს, რომლის ბიუჯეტის 90 პროცენტზე მეტი ამ დონორიდან მოდის, ბიუჯეტისა და მთელი რიგი მომსახურებების შეკვეცა მოუწია. ფონდის სრულად გასვლის შემდეგ პროექტების მთლიანი დაფინანსება სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, მანამდე კი ზიანის შემცირების ქსელის ორგანიზაციებს, რომლებიც აივ პრევენციული სერვისების მიმწოდებლები არიან, გარდამავალი ეტაპი უდგათ.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის 2018 წლის საერთო ბიუჯეტი 3,060,780 ლარი იყო, 2020 წელს კი, - შემცირების შემდეგ, 2,414,136 ლარი გახდა.
გარდამავალი პერიოდი შარშან დაიწყო და 2022 წელს უნდა დასრულდეს. ამ პერიოდისთვის უნდა მოწესრიგდეს კანონმდებლობა, გაუმჯობესდეს სამთავრობო უწყებებში ინფექციური დაავადებების აღრიცხვისა და მონაცემების შეგროვების ხარისხი და შიდსთან და ტუბერკულოზთან ბრძოლა, სულ მცირე, ისევე ეფექტურად უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს გლობალური ფონდის არსებობის პერიოდში იყო.
გარდამავალი პერიოდის შეფასების დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” მოამზადა, სხვა პრობლემებთან ერთად, მოხსენიებულია საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, როგორც ზიანის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი საქართველოში: “უნდა აღინიშნოს, რომ რეპრესიული ნარკოპოლოტიკის გაგრძელება ქვეყანაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი პირობა გახდეს აივ/შიდსის ეროვნული პასუხის ეფექტური განხორციელებისათვის … მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზით მანამ, სანამ გლობალური ფონდის დაფინანსება შეწყდება.”
მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების დირექტორი
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში დასაქმებული ადამიანების 69 პროცენტი თვით თემის წევრია: პირებს, რომლებსაც წარსულში ნარკოტიკებთან ჰქონიათ შეხება, ყველაზე მეტი ნდობა აქვთ ნარკომომხმარებელთა თემში, ახლოს იცნობენ მათ საჭიროებებს, ნარკოსცენას, აქვთ კავშირები უფრო დახურულ ისეთ ჯგუფებთან, როგორებიცაა ქალები ან ნარკოტიკების ახალგაზრდა მომხმარებლები.
2006-2012 წლების განმავლობაში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა 4,5 მილიონზე მეტი შპრიცი დაარიგა და აივ, B და C ჰეპატიტების ათასობით ახალი შემთხვევა გამოავლინა.
რა არის ზიანის შემცირება/Harm Reduction?
ზიანის შემცირების/Harm Reduction იდეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 1990-იან წლებში გაჩნდა. ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა იყო. არსებობდა მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც: ნარკოტიკების მოხმარების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირება. ამ მიზნით იდეის ავტორები ნარკოტიკების მომხარებლებს ახალ, უხმარ შპრიცებსა და ნემსებს ურიგებდნენ, რადგან აივ და სხვა სისხლით გადამდებ ვირუსებსა და ინფექციებს ადამიანები ერთმანეთს სწორედ ნარკოტიკების ინექციით მიღების დროს, ნემსის გაზიარების დროს, გადასცემენ.
წლების განმავლობაში ზიანის შემცირების იდეას რამდენიმე უნივერსალური პრინციპი და მიზანი ჩამოუყალიბდა:
► ნარკოტიკები კაცობრიობის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ამ რეალობის არსებობაზე თვალის დახუჭვა უფრო მავნებელია, ვიდრე იმის აღიარება და გააზრება, რომ საჭირო და აუცილებელია ნარკოტიკების უარყოფითი გავლენის შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა;
► ნარკოტიკების მიღების ჩვევა რთული, მრავალფაქტორული ფენომენია და გულისხმობს როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდმივ/სტაბილურ მოხმარებას, ასევე სრული აბსტინენციის მიღწევას [ანუ უარის თქმას]; გარკვეული ჩვევების გამომუშავება და უფრო უსაფრთხო მიღება შესაძლებელი და სასურველია;
► სასურველია ისეთი თემის შექმნა, სადაც ნარკოტიკების მიღების შეწყვეტის მიღწევა არ იქნება წარმატების მთავარი საზომი: ადამიანები გააგრძელებენ ნარკოტიკების მიღებას, მაგრამ ისე, რომ მათ ჯანმრთელობას მაქსიმალურად მინიმალური ზიანი მიადგეს;
► ისეთი საზოგადოებისა და სერვისების შექმნა, სადაც არ განსჯიან და არ გარიყავენ იმ ადამიანს, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს;
► ნებისმიერ პროგრამაში, რომელიც ზიანის შემცირებისთვის შეიქმნება, ნარკოტიკების მომხმარებლებს ექნებათ ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ხმა და ძალა;
► აღიარებს ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებს, როგორც ერთმანეთის დამხმარე ყველაზე ძლიერ და საიმედო ძალას ნარკოტიკების ზიანის შემცირების საქმეში;
► აღიარებს და არ ამსუბუქებს ნარკოტიკების რეალურ ზიანს ჯანრთმელობაზე, იაზრებს მთელ მის ტვირთსა და საფრთეებს;
► აღიარებს, რომ სიღატაკე, სოციალური უთანასწორობა, რასიზმი, სოციალური იზოლაცია, წარსულის ტრავმები, სექსუალური დისკრიმინაცია და სხვა სოციალური უსამართლობები, დიდწილად, განაპირობებენ ადამიანის უნარს გაუმკლავდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
საქართველოში ზიანის შემცირების ქსელი 2006 წელს შეიქმნა. ქსელის დაარსების დღისთვის ზიანის შემცირების პროგრამის გეოგრაფიული მოცვა მცირე იყო: მხოლოდ ერთი ცენტრი არსებობდა თბილისში და ორი-სამი - რეგიონებში. ზიანის შემცირების იდეის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც ისეთივე შეზღუდული იყო, როგორიც ქსელის მაშინდელი რესურსები: თავიდან ორგანიზაცია ფრთხილად მუშაობდა. ახალი და უსაფრთხო შპრიცების და ნემსების დარიგება, რომელიც რეალურად სისხლით გადამდები დაავადებებისგან ადამიანების დაცვას ემსახურებოდა, ზოგისთვის ისე აღიქმებოდა, როგორც “ნარკომანიის ხელშეწყობა”.
ქსელმა მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოში მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებამდე გრძელდებოდა: ბორჯომისა და ახალციხის ცენტრები 2018 წელს გაიხსნა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის მთავარი დონორი შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი იყო.
რა გააკეთა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა?
ამჟამად ზიანის შემცირების ქსელს საქართველოს მასშტაბით 16 სტაციონარული ცენტრი აქვს [4 ცენტრი თბილისში, დანარჩენები - თელავში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში]. ქსელი, 9 მობილური ბრიგადის დახმარებით, 55 ქალაქს ემსახურება საქართველოში. იმ ადგილებში, სადაც სტაციონარული ცენტრები არ არის, მობილური ბრიგადები მიდიან.
2006-2012 წლების განმავლობაში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა 4,5 მილიონზე მეტი შპრიცი დაარიგა და აივ და B და C ჰეპატიტების ათასობით შემთხვევა გამოავლინა. ქსელი უფასოდ არიგებდა სპირტიან ტამპონებს, კონდომებს, ასწავლიდა ადამიანებს ინფექციის გადადების გზებს, უწევდა იურიდიულ კონსულტაციებს. ასობით ადამიანი გადაურჩა ზედოზირებით გარდაცვალებას ჯადოსნურ პრეპარატ ნალოქსონის დახმარებით, რომელსაც ქსელი 2009 წლიდან დღემდე უფასოდ არიგებს.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ბენეფიციარების რაოდენობა
სიცოცხლის მომნიჭებელი ნალოქსონი
ნალოქსონის ჰიდროქლორიდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების/WHO Model List of Essential Medicines სიაშია, განყოფილებაში “ანტიდოტები და სხვა სუბსტანციები, რომლებიც მოწამვლის/ზედოზირების დროს გამოიყენება.”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ნალოქსონი [ბრენდდასახელებით 'ნარკანი'] ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოპიოიდების მომხმარებლებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. ზოგი მედიკოსის აზრით, სასურველია მისი ურეცეპტოდ გაცემაც.
მიუხედავად იმისა, რომ ნალოქსონს ადამიანის სიცოცხლის ხსნა შეუძლია, ის ჯერ კიდევ რეცეპტით გაიცემა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, გარდა იტალიისა; ამერიკის უმრავლეს შტატში კი - ურეცეპტოდ.
ნალოქსონი რეცეპტით გაიცემა საქართველოშიც, ხოლო ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი მას საკუთარ ბენეფიციარებს უფასოდ გადასცემს.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ გაცემული ნალოქსონების რაოდენობა
ამჟამად საქართველოში კორეული წარმოების, კანქვეშ შესაყვანი საინექციო ნალოქსონი - BC NALOXONE-HCl შემოდის, რომლის კონცენტრაციის დონეა 2 მილიგრამი 2 მილილიტრში.
მაკა გოგიას თქმით, საქართველოში ნალოქსონი საკმარისი რაოდენობით შემოდის და თუ სახელმწიფო შესყიდვების დროს მცირე შეფერხებებს არ ჩავთვლით, ის შეუზღუდავად და საკმარისად არსებობს. ცხვირის სპრეის სახით ეს პრეპარატი უფრო მარტივი და მოსახერხებელი მოსახმარია, თუმცა ის საქართველოში, გოგიას თქმით, სიძვირის გამო არ შემოდის.
ნარკოტიკებთან ბრძოლა vs ზიანის შემცირება
მიუხედავად იმისა, რომ ზიანის შემცირების პროგრამა საქართველოში პირველად 2006 წელს შეიქმნა, ხოლო ევროპასა და ამერიკაში - 30 წლის წინ, ამ იდეის მნიშვნელობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დღემდე ბუნდოვანია და უახლოეს წარსულში, ხშირად, დანაშაულებრივ საქმიანობადაც კი აღიქმებოდა.
2016 წელს ქობულეთში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მობილური ლაბორატორია პოლიციამ გააჩერა და ყველა შიგ მსხდომი ყველა ადამიანი დააკავა. მანქანაში მსხდომებს ჰკითხეს, რატომ ეკრათ მაჯასთან პლასტირი, რატომ ეტყობოდათ ნანემსარი კვალი, რა გაიკეთეს და ასე შემდეგ.
საქმეში ზიანის შემცირების ქსელის პროგრამის დირექტორიც ჩაერია.
“ისედაც ძალიან გვიჭირს პროგრამაში ახალი ადამიანების ჩართვა. ვუთხარით, რომ ასე არ შეიძლება, რომ ამ მიდგომით ხალხს დაგვიფრთხობდნენ. აქტიური მიმოწერა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ სამინისტრო ძალიან პასიური იყო. არადა, პირიქით, ჩვენი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო: ჩვენთვის უნდა ეთხოვათ თანადგომა. მე იქით ვახსენებდი, ჩვენ ვინ ვიყავით და რას ვაკეთებდით,” - ამბობს მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დირექტორი.
საჭირო იყო შეთანხმება იმაზე, რომ ზიანის შემცირების პროგრამას პოლიცია ხელს არ შეუძლიდა მუშაობაში. მაშინ საქმეში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე და არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსანი ჩაერივნენ.
მაკა გოგია ამბობს, რომ სამინისტროებსა და ქსელს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ტექსტიც კი დაწერა, რომელიც მხარეებს გარკვეულ პასუხისმგებლობებს ანიჭებდა პროგრამის ეფექტურ განხორციელებაში და რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზიანის შემცირების ქსელის მუშაობის თავისებურებები უნდა დაერეგულირებინა. ამ პერიოდში, 2016 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ახლად დაწყებული იყო და მნიშვნელოვანი იყო მასში ზიანის შემცირების პროგრამების წვლილი.
ამ მემორანდუმზე ხელი არასოდეს მოწერილა.
“კანომდებლობა უშლიდა ხელს. ნარკომომხმარებლების დევნა მაშინ ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ თუ მათ ექნებოდათ ეჭვი, რომ მობილურ ამბულატორიაში ასული ადამიანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, მისი დაკავების უფლება ჰქონდათ. გვეუბნებოდნენ, ისეთ რამეს გვთხოვთ, რაც კანონთან წინააღმდეგობაშიაო,” - იხსენებს გოგია.
2015 წელს, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც დაეხმარა: მობილური ჯგუფები ამჟამად აივ ინფექციის სწრაფ ტესტთან ერთად, მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო ტესტებსაც სთავაზობენ, რაც მოსახლეობის სკრინინგის - C ჰეპატიტის ვირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის ერთ-ერთი გზაა. პროგრამის დაწყების დღიდანვე, ზიანის შემცირების ქსელი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო.
“არაერთი მაღალი დონის შეხვედრაზე განვაცხადეთ: თუ გინდათ, რომ ელიმინაციის პროგრამა მაღალ დონეზე განხორციელდეს, ზიანის შემცირების პროგრამას ხელი არ უნდა შეგვიშალოთ,” - ამბობს გოგია.
საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დათმობებზე წავიდა. მემორანდუმზე ხელი არ მოწერილა: ზეპირ მოლაპარაკებას სამინისტრომ “ჯენტლმენური შეთანხება” უწოდა. ზიანის შემცირების ქსელმა სამინისტროს მათი სამუშაო მანქანების: 9 მობილური ლაბორატორიისა და მსუბუქი ავტომანქანების სერიული ნომრები გადასცა იმ მიზნით, რომ ისინი პოლიციას არასოდეს გაეჩერებინა. შინაგან საქმეთა მინისტრის ორივე მოადგილე ქსელის დირექტორს, მაკა გოგიას, დაჰპირდა, რომ მათ ქვედანაყოფებში შიდა შეტყობინებებს გააგზავნიდნენ და თუკი კანონდარღვევის განსაკუთრებული საფუძვლიანი ეჭვი არ ექნებოდათ, ქსელის მანქანას არც გააჩერებდნენ და არც შიგ მყოფებს დააკავებდნენ.
მაკა გოგია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინსტრომ ეს შეთანხმება შეასრულა. შიდა ბრძანების საფუძველზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა და საკუთარ ქსელში გაავრცელა [და რომლის ასლიც ქსელის დირექტორისთვის არ გაუზიარებიათ], ზიანის შემცირების მობილური ლაბორატორიები არ გაუჩერებიათ და შიგ მსხდომი ექიმებისა და მომხმარებლების თანამშრომლობაში 2016 წლის შემდეგ არ ჩარეულან.
Hepa +
2010 წელს, როდესაც ზიანის შემცირების ორგანიზაცია “ჰეპა პლიუსი” დაარსდა, საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა ჯერ კიდევ არ იყო ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის თბილისის ოთხი ცენტრიდან ერთ-ერთია და თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩა #75-ში მდებარეობს.
“[დაარსების დროს] იდეა ის იყო, რომ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ჩვენ პირველად დავიწყეთ ხმაური ამის შესახებ, პირველი თავის ტკივილი მაშინ ჩვენმა ორგანიზაციამ გაუჩინა სახელმწიფოს: 200 ათასი C ჰეპატიტით ინფიცირებული მოქალაქე გვყავდა, 2002 წლის კვლევის შედეგებს ვეყრდნობიდით,” - ამბობს მანანა სოლოღაშვილი, ჰეპა პლუსის ხელმძღვანელი.
Hepa+ & პოლიცია
სოლოღაშვილის თქმით, 2013-2015 წლებში მათაც უშლიდა ხელს პოლიცია მუშაობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არაერთხელ შესულან ორანიზაციაში, როგორც დაწესებულებაში, რომელიც ნარკოტიკებთან იყო დაკავშირებული. სოლოღაშილის თქმით, პოლიციელებს უჭირდათ იმის გაგება, რომ ორგანიზაციის საქმიანობა არა დანაშაულს, არამედ ადამიანების დახმარებასა და გადარჩენას ემსახურებოდა.
“გვივარდებოდნენ, სოციალურ მუშაკებს აკავებდნენ. მე კარებში ვიდექი, პოლიციელებს არ ვუშვებდი, ვამაგრებდი ტერიტორიას. ერთხელ ერთ სოციალურ მუშაკს დაავლეს ხელი და წაიყვანეს,” - იხსენებს სოლოღაშვილი.
თბილისის მოცვა
ჰეპა პლიუსს მუდმივი ბენეფიციარები ჰყავს: სტაბილურად 80-100-მდე ადამიანი. ეს ადამიანები წლობით დადიან ცენტრში. ორგანიზაციის ბენეფიციარების ნაწილი ჰეპა პლიუსის ოფისამდე არც კი მიდის. ასეთებთან ოფისის სოციალური მუშაკები, მობილური ამბულატორიებით, იქით დადიან და ადგილზე აწვდიან სერვისს.
ჰეპა პლიუსი ამჟამად თბილისში 13 გეოგრაფიულ არეალში მუშაობს [გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღურეთი, კუკია, სვანეთის უბანი, ვორონცოვი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ვარკეთილი, თემქა, მუხიანი, ზაჰესი, ავჭალა და დიღმის რაონი].
ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, თბილისის ამ ტერიტორიებზე მოხმარების სიხშირის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა ნარკოტიკი “ვინტი” - ე.წ. წიწვების ეფედრა; მეორეზე - სუბოტექსი; მესამეზე - “სირეცი”, მეოთხეზე - სუბუქსონი და ჰერიონი; მეხუთეზე - კოკაინი, მარიხუანა, ექსტაზი, LSD და პრეგაბალინი [“ლირიკა”].
გასულ თვეს ზედოზირების 2 შემთხვევა იყო ვაკისა და ვერის უბნებში. სოციალურმა მუშაკებმა ნალოქსონი გამოიყენეს და ორივე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
“შპრიცებისა და ნემსების გაცვლის” პროგრამის ფარგლებში, ქსელის ცენტრები ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებლებს ნემსებს უფასოდ ურიგებენ. შპრისებისა და ნემსების გაცვლა გულისხმობს, რომ ნახმარი სამედიცინო იარაღები ქსელის ბენეფიციარებმა ისევ ორგანიზაციაში უნდა დააბრუნონ, როგორც საშიში სამედიცინო ნარჩენი, რომ ისინი გარემოში არ მოხვდნენ და ადამიანი ან ცხოველი არ დააინფირიცირონ. მანანა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ბენეფიციარებს ნახმარი შპრიცები უკან არ მოაქვთ. თვით ორგანიზაციას კი ხელშეკრულება აქვს კომპანიასთან, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით, საშიში სამედიცინო ნარჩენები ცენტრიდან გააქვს.
კრიზისი
ანგარიშში, რომელსაც მანანა სოლოღაშვილი ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დირექტორს, მაკა გოგიას, ყოველთვე უგზავნის, აღნიშნულია ის სამედიცინო იარაღები და საშუალებები, რომლებსაც ბენეფიციარები ითხოვენ, მაგრამ ბიუჯეტის შემცირების გამო, ორგანიზაციას არ აქვს: “სოციალური მუშაკების უმრავლესობა აღნიშნავს ბენეფიციარების უკმაყოფილებას 1.0-იანი შპრიცებით. ბენეფიციარები ითხოვენ საინექციო წყალს, ჟგუტს და კონდომს” - აღნიჩნულია 2020 წლის იანვრის თვის ანგარიშში.
“შეგექმნებათ წარმოდგენა, რა დღეში ვართ: რამდენი რამე არ გვაქვს, უკვე რამდენი თვეა. მე სულ ვწერ ხოლმე, რაც არ მაქვს და ვაგზავნი ანგარიშს. “გლობალური ფონდი” რომ ქვეყნიდან გავა, ვნახოთ, სახელმწიფო როგორ გადაიბარებს ამ ყველაფერს. თუ ნარკოტიკებზე კანონმდებლობა უფრო ლიბერალური არ გახდა, როგორ უნდა გაამართლონ ის ფაქტი, რომ შპრიცებისა და ნემსების გაცვლის პროგრამებს დააფინანსებენ?” - ამბობს მანანა სოლოღაშვილი.
2014 წლიდან 2020 წლამდე [პირველი ექვი თვე] ჰეპა პლიუსის ჯამური ბიუჯეტის [1 693 474 ლარი] 82,5 %-ის [1 398 178 ლარი] დონორი გლობალური ფონდი იყო, დანარჩენი დონორების კონტრიბუციამ კი 17,4 % [ჯამში 295 296 ლარი] შეადგინა.
ბიუჯეტის შემცირების გამო, ორგანიზაციამ გააუქმა ქალების დღე და არტთერაპია, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა; სამსახურიდან ორი სოციალური მუშაკი გათავისუფლდა.
“გარდამავალი პერიოდის დაფინანსებისადმი მიძღვნილი შეხვედრებიდან სულ ყურებჩამოყრილი ვბრუნდები ხოლმე. შემდეგ პესიზმი გადამავიწყდება, მომდევნო შეხვედრამდე, სანამ ისევ ფაქტების წინაშე ისევ არ აღმოვჩნდები,” - ამბობს მანანა სოლოღაშვილი.