ჯანდაცვა

რეალობა კომფორტის ზონის გარეთ




მარიხუანა

- რა ინფორმაცია გაქვთ მარიხუანაზე? 

- ვიცი, რომ სხვა ნარკოტიკებთან შედარებით, მისი მოხმარება იმდენად ცუდ შედეგებს არ იწვევს. ასევე ვიცი, რომ ტვინის გარკვეულ ადგილებს გვიზიანებს.  ლოგიკურიც არის: მდგომარეობა, რასაც ის იწვევს, ჰაერზე არ მოვა.  

- თქვენთვის რას იწვევს?

- ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, უფრო სიმსუბუქეა. საღამოს, სახლში მისულზე, განტვირთვის საშუალებაა. ზოგში ღრმა ფიქრებს იწვევს, ჩემში ამაზე მეტი ფუნქცია არ აქვს.  პირველად რომ გავსინჯე, მომეწონა და ფაქტია, რომ დღემდე მოვიხმარ. 

- რამდენად ხშირად?

-  ბოლო პერიოდია კვირაში ერთხელ მაინც, საერთო ჯამში. არის მომენტები, შეიძლება, 3-4 კვირა გავიდეს და არ მოვწიო, ეგ პრობლემას არ მიქმნის.  არ მივესალმები, რომ ადამიანმა ნაადრევ ასაკში დაიწყოს მიღება. პირველად რომ გავსინჯე, 20-21 წლის ვიყავი. ახლა 26 წლის ვარ. 

ბიო [სინთეზური ნარკოტიკი]

მდგომარეობა, რასაც ეგ ნარკოტიკი ადამიანს უკეთებს, ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა.  თუ გავითიშე, რა აზრი აქვს რამეს? მე ვინც მინახავს, ვინც ბიო მიიღო, ადამიანებს აღარ ჰგვანან. რამის მიღების დროს გათიშვა არ არის ჩემი მოტივი. აქედან გამომდინარე, არც მაქვს სურვილი, რომ გავსინჯო.  


შემადგენლობის გადამოწმება

კითხვა: როგორც ვიცი, მარიხუანის ტესტერი არ არსებობს, არა?

პასუხი: შესაძლოა, ქიმიურად შემოწმდეს, მაგრამ მარტივი ტესტერით [რეაგენტით] - ვერა. 

MDMA

2018 წელი იყო. პირველად წავედი კლუბში. ბასიანზე მომიწია. იქაც ცნობისმოყვარეობის გამო მივედი. მომეწონა იქ ყოფნის მდგომარეობა. თავიდან ვერ გავიგე, რას იწვევდა MDMA. ვიდექი უბრალოდ და ვცეკვავდი. მერე-მერე უფრო მივხვდი: შეგიძლია, შენც მართო, რაღაცები სპეციალურად გამოაწვევინო.

პირველად, როდესაც ნარკოტიკი მივიღე, უბრალოდ ინტერესის დაკმაყოფილება იყო. არც კი ვიცოდი, რა უნდა მექნა, უბრალოდ, მივყევი მუსიკას და იმ შეგრძნებებს, რაც გამოიწვია. პირველ ჯერზე მხოლოდ ენერგია ვიგრძენი, ბევრი ენერგია. მომეწონა. მეორე და უკვე შემდეგ მიღებებზე სხვა ბევრ რამეს დავაკვირდი: ენერგიასთან ერთად, მოვიდა ემოციები: ის ემოციები, რომლებიც თითქოს ღრმად იყო მიძინებული და გარეთ გამოსვლა უნდოდათ. 

ბევრი კარგი ემოციისა და ენერგიის შეგრძნება ძალიან სასიამოვნო იყო. თითქოს, ზუსტად მასწავლიდა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, ვისთან რა უნდა გამომეხატა. მოკლედ, ალღო ავუღე. ახლა ფხიზელს რისი კეთებაც შემიძლია, მის მოქმედებაში მოყვანასაც შეუწყო ხელი. კომპლექსები მომიხსნა და ის ქცევები მასწავლა, რომლებსაც ახლა სიფხიზლეშიც ძალიან კარგად ვიყენებ. ეს ყველაფერი დალექილი იყო და [ნარკოტიკმა] გარეთ გამოუშვა. 

ახლა, როდესაც ვიღებ ხოლმე, მახსნედება ის ბიჭი, პირველად რომ შევიდა [კლუბში]. არ იცოდა, რა ექნა. ახლა ბევრი რამ იცის. ძალიან სასიამოვნოა ამის შეგრძნება … წარსულის კარგი შეგრძნებების გახსენება მომწონს!

 დოზის შერჩევა

[MDMA] მათ [მეგობრებს] ჰქონდათ, მე არ მიყიდია.  აზრზე არ ვიყავი, სად უნდა მეყიდა. პირველად პატივი მცეს - უფასოდ დამპატიჟეს. “ნახევარი ხაზი” [დაახლოებით 100-200 მილიგრამი] იყო, ერთიც არა. ისიც [დოზა] მეგობრებმა შემირჩიეს, ნდობის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი.  

პირველად კლუბში წასვლის შემდეგ კარგა ხანი პაუზა მქონდა. ერთი წლის წინ ისევ დაიწყო ჩემი კლუბური ცხოვრება და აქტიურ ფაზაში შევიდა. დავაკვირდი იმ მდგომარეობას, რაც კლუბში  ყოფნის დროს მენიჭებოდა. ეს არის აბსოლუტური თავისუფლება. იქ რომ შევდივარ, ვარ ის, ვინც მინდა, რომ ვიყო. ყველა ყველასთვის ერთნაირია. არ აქვს მნიშვნელობა, საყურე გიკეთია თუ ცოტა სხვანაირად გაცვია. 

ჩვენი ის თავი, რასაც სხვა დროს არ ვუშვებთ ჩვენი თავებიდან, შეგვიძლია იქ გამოვუშვათ. კარგად მოგეხსენებათ, როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ხალხი ჩარჩოებშია მოქცეული. მე უკვე გადახარშული მაქვს ეს ყველაფერი, მივეჩვიე. დიდი ბიჭი ვარ იმისთვის, რომ ვიღაცას გამოვეკიდო, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრობლემები დღემდე არსებობს.  

ყველაფერი ჩემს თავში, არავის დახმარების გარეშე, გადავიტანე. გამზარდა ამ ყველაფერმა. ვიცი, რომ ამ ყველაფერს არ უნდა მიაქციო ყურადღება. მთელი ცხოვრება არ უნდა დაისტრესო. გავიარე ის გზა, რა გზასაც ახლა ბავშვები გადიან: როცა ვიღაცა ზურგს უკან მოგაძახებს არაფრის გამო, რომ შენი გარეგნობა არ მოეწონება. ვხედავ ახალგაზრდებს გარშემო, ვისთვისაც ეს ყველაფერი სტრესულია.  

ამ გამოცდილების საფუძველზე, ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს თავს. არავინ არ უნდა იდგეს შენს კარგ ყოფნაზე მაღლა. რაც უფრო მაღლა აყენებ შენს თავს, მით კარგად ხარ და უკეთ მიდის შენი ცხოვრება. ზოგს - სხვების დახმარებით ახერხებ, ზოგს - თვითონ და მარტო.  

გარეთ 

ვიცი, რომ კლუბში შესვლით, 12 საათი ცეკვით და გარეთ გამოსვლით რეალობა არ იცვლება.  ბედნიერი გამოვდივარ, რადგან ცუდი რაც იყო, იქ დავტოვე.  

ბევრი წლის განმავლობაში მქონია შემთხვევები, როდესაც ქუჩაში გასულს, ზურგს უკან, ხმები მესმოდა: ‘შეხედე როგორ აცვია, რას გავს, ქალია თუ კაცი? წითელი კურტკა აცვია, შეხედე!’

სკოლაშიც იყო ბულინგის ბევრი შემთხვევა, როგოროც ბავშვების, ასევე მასწავლებლების მხრიდან …  ამ დროს ძალიან ისტრესებიან ბავშვები, რა თქმა უნდა. მარტივად არც მე მიმიღია, მაგრამ ამ ყველაფრისგან სტრესს და საკუთარ თავში ჩაკეტვას ვამჯობინე, ძლიერება მესწავლა, ჩემს თავში საკმარისი ძალები აღმოვაჩინე საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი გადამეხარშა და არჩევანი გამეკეთებინა: ან ვყოფილიყავი ისეთი,  როგორსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვდა, ან ისეთი, როგორიც მე მინდოდა. 

რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი ვარჩიე, სხვაგვარად, ვიცოდი, რომ ვერ განვვითარდებოდი, ამიტომ მერჩივნა მტკენოდა, ვიდრე უმტკივნეულოდ ვიღაც სხვა ვყოფილიყავი.

როცა გააცნობიერებ, რომ ტკივილს შეუძლია გაგაძლიეროს, მაშინ მიხვდები, რომ არ უნდა გაჩერდე. ბევრჯერ მეტკინა, თუმცა, დღეს ვარ ის, ვინც მინდა, რომ ვიყო, ვარ იქ, სადაც კარგად ვარ და კიდევ ბევრი გამოცდა მელის წინ… დღესაც მესმის ქუჩაში ბევრი არასწორი ფრაზა, მაგრამ ხასიათზე უკვე აღარ მოქმედებს… ‘გაიღიმე, და გზა განაგრძე წინ’ - ვეუბნები ჩემს თავს …

კვირიდან კვირამდე, როდესაც ბევრ ადამიანთან გიწევს შეხება, შეიძლება ბევრი უარყოფითი ენერგიით აივსო. ენერგიები გადამდებია, ამას ვერ გავექცევით… შეიძლება, ისე ვერ წავიდა ყველაფერი, როგორც დაგეგმილი გქონდა … დღის ბოლოს, კლუბში შედიხარ და ამ ყველაფერს მუსიკას ატან თან, ბევრ ენერგიას ხარჯავ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მიყვება ცუდი ენერგიები …  იცლები. მეგობრებს ნახულობ. თუნდაც, უცხო ადამიანებს, მათგან კარგ ენერგიებს იღებ, ახალ ინფორმაციებსაც. ცეკვავთ, პატივს სცემთ ერთმანეთს. ხედავ, თუ როგორ ზრუნავს ყველა ერთმანეთზე. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს და საკმარისია იმისთვის, რომ ახალი შემართებით დაიწყო

ახალი კვირა. აბალანსებ ცუდსა და კარგ ენერგიებს. მოკლედ, არ გაურბიხარ რეალობას, მაგრამ ახალი შემართებით ხვდები მას … თითქოს, ასეც უნდა იყოს. 

რამდენად ხშირად დადიხარ კლუბში? 

თვეში ერთხელ ან ორჯერ დავდივარ, ერთხელ მაინც აუცილებლად. თვეში ოთხჯერ უკვე ძალიან ბევრი იქნებოდა ჩემთვის.  

ნარკოტიკების ყიდვა 

არასოდეს მიყიდია ნარკოტიკი საიტიდან: ეს არ არის ჩემი სფერო. მეგობარს ფულს ვურიცხავ და მეგობარსვე მოაქვს. ყოფილა პერიოდი, ნაცნობსაც მოუტანია, მაგრამ ბოლო პერიოდია, ძალიან ახლო მეგობარს მოაქვს.  

ფასი 

მერყეობს 65-დან 120 ლარამდე.  მე საშუალოდ, 80-85 ლარს ვიხდი [ერთ აბ ექსტაზიში]. 

ინდივიდუალური დოზირება 

აბებია, როგორც იცით. შუაზე ვყოფ. გარეთ არ ვიღებ. შევდივარ კლუბში, 2-3 საათი ვცეკვავ და შემდეგ ვიღებ. ეგ დილის 12 საათამდე მყოფნის, კარგად ვარ. თუ იცი, რომ ძალიან  კარგი ივენთია და იცი, რომ დიდხანს დარჩები, შეგიძლია, მეორე ნახევარიც დაამატო და დილამდე კარგად იყო.  

ნარკოტიკების ტესტირება

მე არასოდეს დამიტესტავს. სანამ ჩემამდე მოსულა, ჩემს მეგობრებს დაუტესტავთ.  მაგათ აბსოლუტურად ვენდობი. თუმცა, ვიცი, რომ არსებობს სპეციალური ტესტერები.

კლუბებში ეს [ტესტირების საშუალება] არ არის, ჯერ-ჯერობით. ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ მე რაც ჯიბეში მიდევს, მე თვითონ გავტესტო.  დღეიდან თუ დაიწყებენ ამის გაკეთებას კლუბები, მივესალმები.  

ზედოზირება

არა, არასოდეს [მქონია]. ძალიან მიყვარს, როცა რაღაცები ჩემს კონტროლს ქვეშაა. ცუდად გახდომა ნიშნავს, რომ ცუდად მოიქეცი - “იღორე” და ბევრი მიიღე. ასეთ რამეს კი ჩემს თავს არ ვუკეთებ. 

ოჯახის დამოკიდებულება 

მოსაწევს რომ ვეწევი, იციან და მეც არ მქონია დამალვის სურვილი. სხვა დანარჩენი ზედმეტი ინფორმაციაა მათთვის და არ ვთვლი საჭიროდ, რომ იცოდნენ.  კლუბებში რომ დავდივარ, იციან. არ მოსწონთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს კლუბურ ცხოვრებას დეტალებში არ განვიხილავთ. მთავარია, ინფორმირება. მე რომ მათ მივაწოდე ინფორმაცია, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება, რომ არაფერი მჭირს, რომ არავითარი დაავადების მატარებელი არ ვარ და ასე შემდეგ, დამშვიდდნენ.  

სწორი დიალოგი იწვევს სწორ შედეგს. მე ჩემი დაც მყოლია. მე და ჩემი და, კლუბში რომ მივდივართ, ოჯახს არ გავურბივართ.  ჩემი და ჩემთან კლუბში როა, მამაჩემს არ ვეუბნებით. ამაზე ვერც გავებუტები და ვერც ვეჩხუბები [მამაჩემს]. გულის სიღრმეში, ალბათ, იცის, სადაც ვართ, მაგრამ ზედმეტ შეკითხვებს არ სვამს. მამაჩემი მეუბნება, სხვები გაგლანძღავენო, მაგრამ მე მირჩევნია, მე ვიყო ბედნიერი და სხვა ილანძღებოდეს, ვიდრე სხვა არ ილანძღებოდეს და მე უბედური ვიყო. 

ყველაფერი, რაც გვინდა, უნდა გავაკეთოთ:  ამისთვის გავჩნდით, ბოლობოლო. ეს მხოლოდ ნარკოტიკებზე არაა. წლები რომ გავა და ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, მინდა ვთქვა, რომ სრული ცხოვრებით ვიცხოვრე: ყველაფერი, რაც მაინტერესებდა, გავაკეთე და მოხდა ჩემს ცხოვრებაში.  

ბედნიერება 

დიდი ხანია, ეს კითხვა არავის დაუსვამს: პატარა ემოციები წამოვიდა ორგანიზმიდან. სხვათა შორის, ბედნიერი ვარ, კი. თქვენ რომ შარშან ან შარშანწინ ეგ კითხვა დაგესვათ, შესაძლოა, დავფიქრებულიყავი. მეყოყმანა. ბევრ რამეზე დავიწყებდი ფიქრს: იქ ვარ, აქ ვარ თუ სად ვარ?

საბოლოო ჯამში, შენ ხდი შენს თავს ბედნიერს. მქონდა პერიოდები, როცა ვფიქრობდი, რომ ეს არ მაქვს, ის არ მაქვს: მატერიალურად. მორალურადაც. მაშინ ეს საფუძველს მაძლევდა, რომ ვყოფილიყავი ცუდად. შემდეგ მივხვდი, რომ ამ წვენით, ამ ყავით ან იმ წვრილმანებით, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში დღეს და ახლა,  შემიძლია ძალიან ბედნიერი ვიყო.  

ვცდილობ თანდათან მოვიყვანო სხვა თავისუფლებები, რაც მჭირდება, მაგრამ ახლა არ მაქვს. ახლა სახლში რომ ავდივარ, საყურეს ვიხსნი, იმიტომ, რომ მამაჩემმა არ ნახოს. ისე, იცის, რომ საყურეს ვატარებ. უბრალოდ, არ მოსწონს და პატივს ვცემ მის ამ აზრს: 55 წლისაა, სხვა თაობაა, სხვა აღზრდა აქვს. 

როცა დადგება დრო, რომ სახლში ავალ, საყურის მოხსნა დამავიწყდება და მამაჩემს რეაქცია არ ექნება, ვიტყვი, რომ წარმატებით  მიმუშავია. 


♦ სტატიის გმირი 26 წლის მამაკაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ნარკოტიკების მიღება კანონით აკრძალულია, მისი სახელიც ანონიმურია. სტატიის გმირი განათლებით ჟურნალისტია, ბაკალავრის ხარისხით, მაგრამ მუშაობის გაგრძელებას მოდისა და ესთეტიკის სფეროში აპირებს. 

♦ ფოტოები აღებულია გმირის პირადი არქივიდან და ქვეყნდება მისივე თანხმობით. 
 
♦ ნარკოტიკებზე გმირის გამოთქმული მოსაზრებები არ არის სამეცნიერო ან/და მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნები. ის ეკუთვნის მხოლოდ ამ სტატიის გმირს, ეფუძნება მის გამოცდლებას და ვერ განზოგადდება სხვა ადამიანებზე. თრობის ნებისმიერ საშუალებას ყველა ინდივიდზე სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს და დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკზე, მიღებული ნარკოტიკების რაოდენობაზე, ხარისხზე, აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე, სხეულის წონაზე, სითხის მიღების სიხშირეზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.  

წაიკითხეთ სამეცნიერო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია სტატიის გმირის ნახსენებ ნარკოტიკულ საშუალებებზე:

♦ კანაფი: მცენარის პროფაილი

♦ MDMA ან ექსტაზი: ნივთიერების პროფაილი 

♦  მარიხუანა ახალგაზრდების თავის ტვინს აზიანებს

♦  თავის ტვინი და ნარკოტიკები

♦  იწვევს თუ არა მარიხუანის მოხმარება შიზოფრენიას?

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>