ჯანდაცვა

COVID-19 - WHO გლობალურ კლინიკურ კვლევას იწყებს




18 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ მასშტაბურ კლინიკურ კვლევას იწყებს, რომელშიც არაერთი ქვეყანა იქნება ჩართული.  

ორგანიზაციის ინიციატივას “სოლიდარობის კლინიკური კვლევა / Solidarity Trial” ჰქვია. მედიკამენტების კლინიკურ კვლევაში 10 ქვეყანა ერთიანდება: ტაილანდი, არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთი აფრიკა, ესპანეთი და შვეიცარია. 

კვლევის მიზანია ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური მედიკამენტების არჩევა და უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო რეჟიმის შედგენა. 

აქამდე ამ ვირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა არსებობს და არც - სამკურნალო საშუალება. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, აქამდე ყველა ქვეყანა თუ ინდივიდუალური მკურნალი ექიმი საკუთარ რეჟიმს ცდიდა.

“სოლიდარობის კლინიკური კვლევის” პროექტი ოთხი წამლის კომბინაციას გააერთიანებს. ესენია: რემდესივირი, ორი წამალი ერთად - ლოპინავირი და რიტონავირი [იგივე კალეტრა], ინტერფერონ ბეტა და ქლოროქინი -  და შეადარებს მათ ეფექტურობას სტანდარტულ მკურნალობას - ჩვეულებრივ, სიმპტომურ კლინიკურ მართვას სამედიცინო დაწესებულებაში. 

23 მარტს გამართულ პრეს ბრიფინგზე, WHO-ს დირექტორმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი კვლევებით დაუდასტურებელი მედიკამენტების გამოყენება ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ საშიშია.

ამან, შესაძლოა, ცრუ იმედები გააჩინოს და უფრო ცუდი შედეგები მოიტანოს, ვიდრე კარგი. ასევე დეფიციტი შექმნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე,” - განაცხადა ღებრეისუსმა პრესკონფერენციაზე.

მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელი მედიკამენტების დეფიციტი გააჩინა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის უსისტემო და არეულმა მკურნალობამ. თვით ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის კლინიკური მენეჯმენტის გაიდლაინი 13 მარტს გამოაქვეყნა. 

The New York Times-ის ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში მეცნიერები 69 სხვადასხვა მედიკამენტს იყენებენ ამ ვირუსის სამკურნალოდ. მედიკამენტებს შორისაა ქლოროქინი, ჰალოპერიდოლი [რომელიც შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოიყენება], მეტფორმინი [რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება], ანტიბაქტერიული და იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალებები.

20 მარტს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამერიკის წამლისა და სურსათის მარეგულირებელ ადმინისტრაციას მალარიის საწინააღმდეგო წამლების ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ დაჩქარებული დამტკიცებისკენ მოუწოდა.

იმავე დღეს, იმავე ტრიბუნიდან, ტრამპის ეს ინიციატივა არ მოიწონა ანტონი ფაუჩიმ, ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ცნობილმა და ავტორიტეტის მქონე მეცნიერმა.

იმავე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ქლოროქინი ეფექტური ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, ანტონი ფაუჩიმ უპასუხა:

"არა. თქვენ რა მტკიცებულებებზეც ლაპარაკობთ, ეს არის ე.წ. ცალკეული შემთხვევები [anectodal evidence]. --- ეს კონტროლირებადი კლინიკური ცდების შედეგი არ არის. შესაბამისად, ამაზე დაზუსტებული მოსაზრების გამოთქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია." 

აქამდე ამ და სხვა მედიკამენტების ეფექტურობა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კვლევებით დამტკიცებული არ არის. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოს 190 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 332,935 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის, გარდაცვალების 14,510 შემთხვევა.   

 

იხილეთ სხვა მასალები ამავე თემაზე:
 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>