ჯანდაცვა

COVID-19 - მონაცემთა კვლევის ჯგუფი




მონაცემთა კვლევის ჯგუფმა [Data Research Group, DRG] კლინიკა "ნეოლაბის" დაკვეთით 17 აპრილს მოსახლეობის ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, საქართველოში  ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ცნობიერებაზე, განსაკუთრებით კი დამდეგ მართლმადიდებლურ დღესასწაულებში მათ მოსალოდნელ დასწრებასთან დაკავშირებით. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1 469 ადამიანმა. კვლევის თანაავტორის, ექიმ მაია ბუწაშვილის თქმით, ამ მონაცემების შეჯამების შედეგად მთავარი აღმოჩენა ისაა, რომ ჯანდაცვის მუშაკების 13.3% თვლის, რომ ზიარების დროს ვირუსის გადაცემა არ ხდება, ხოლო 22.5%-მა არ იცის, ამ გზით ვირუსი გადაეცემა თუ არა. 

კვლევა ფეისბუქ გამოკითხვის შედეგად შედგა. მაია ბუწაშვილის თქმით, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იყო გავრცელებული. 

სქესი

მონაწილეთა უმეტესობა [78.8%, n=1157] ქალია.

ასაკი

კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი - 38.09 წელია; 38.1% [n=559] 16-30 წლამდე ასაკისაა, 38.9% [n=571] 31-50 წლის, ხოლო 23.1% -ს ასაკი (n=339) აღემატება 50-ს. 

 
სოციალური მდგომარეობა
 
გამოკითხულთა მესამედი [31.9%, n=469] დაუსაქმებელია, 12.8% [n=188] განათლების სფეროშია დასაქმებული, 9.7% [n=142] ეკონომიკა/ტურიზმის სფეროში, 8.2% [n=120] ჯანდაცვის სფეროში, 2.7%-2.7% [n=39] იურიდიულ სფეროსა და კულტურა/სპორტის სფეროში, ხოლო დარჩენილი 32.1% [n=472] ხვადასხვა სფეროშია დასაქმებული.
 

კვლევის ძირითადი შედეგები ასე გამოიყურება:

♦ 62.4% ყოველთვის იცავს ფიზიკურ დისტანცირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, 18.6% შეძლებისდაგვარად იცავს, 18.1% არ დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო 0.9% არ იცავს ფიზიკურ დისტანცირებას

♦ გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ ახალი კორონავრიუსით ინფიცირება შესაძლებელია ზედაპირებთან შეხებით, თუმცა მხოლოდ 60% ფიქრობს, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ზიარების დროს.

♦ რეგულაციების შემოღებამდე ჯგუფურად [მაგ.: ოჯახის/სანათესაოს რამდენიმე წევრთან ერთად] სასაფლაოზე გასვლას გეგმავდა თითქმის ერთი მესამედი [29.3%].

♦ რესპონდენტთა 87.1% არ აპირებს სააღდგომო წირვაზე დასწრებას, 7.5% აპირებდა, მაგრამ ხელი შეუშალა გამკაცრებულმა რეგულაციებმა, 4.6% კი აპირებს, მიუხედავად რეგულაციებისა.

♦ 74.3%-ს აზრით სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ეკლესიებში თავშეყრის საკითხს.

♦ რაც შეეხება ჯანდაცვის მუშაკებს, 6% აპირებდა წირვაზე დასწრებას და ხელი შეუშალა რეგულაციებმა, ხოლო 2% მაინც აპირებს დასწრებას.

♦ ჯანდაცვის მუშაკების 13.3% თვლის, რომ ზიარების დროს ვირუსის გადაცემა არ ხდება, ხოლო 22.5%-მა არ იცის, ამ გზით ვირუსი გადაეცემა თუ არა. ეს მაჩვენებლები მცირედით ჩამორჩება სხვა პროფესიის ადამიანებისას.

მონაცემთა კვლევის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამედიცინო სფეროს იკვლევს საქართველოში. ორგანიზაციის კონსულტანტები არიან ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და ინფექციონისტი და იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>