როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გროვდება ათეულობით შემთხვევები, როდესაც Covid-19-ით დადებით ბავშვებს აქვთ უცნაური სინდრომი, რომელიც შესაძლოა, იყოს დაკავშირებული ახალ კორონავირუსთან.
მსგავსი სიმპტომებით, ნიუ-იორკის სხვადასხვა საბავშვო კლინიკაში გუშინ 64 ბავშვი შეიყვანეს.
ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებმა სიმპტომების ჯგუფს, რომლებიც ბავშვებს აღენიშნებოდათ, გააერთიანეს სახელში “პედიატრიული მულტისისტემური ანთების სინდრომი”; ლაბორატორიული ტესტებით ამ სიმპტომების მქონე ბავშვებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.
სიმპტომები, ნიუ-იორკის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ნაწილობრივ ჰგავს ტოქსიური შოკის სინდრომს და კავასაკის დაავადებას.
კავასაკის დაავადება აქამდეც ცნობილი და აღწერილია. ის მხოლოდ ბავშვებშია გავრცელებული და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.
სიმპტომებს შორისაა ცხელება, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში და გამონაყარი. ახალი მოვლენის სიმპტომთაგანია სხეულში ანთებითი მოვლენების განვითარება, რასაც ბავშვების გულზე ცუდი გავლენები აქვს. თუმცა, ექიმების თქმით, მათი უმრავლესობა კარგად დაექვემდებარა მკურნალობას.
ახალი კორონავირუსის პანდემიის დასაწყის ეტაპზე ბავშვებს, უფროსებისგან განსხვავებით, რესპირაციული გზების გართულებები არ აღენიშნებოდათ და რისკ-ჯგუფად არ ითვლებოდნენ. ბოლო კვირების განმავლობაში გაჩენილმა უცნაურმა სინდრომმა ბავშვებში შეცვალა მდგომარეობა და ექიმებს ახალი საფიქრალი გაუჩინა ბავშვებზე.
ექიმმა სტივენ კერნიმ, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის მორგან სტენლის საბავშვო ჰოსპიტლის მთავარმა კარდიოლოგმა, თქვა, რომ ახალი სინდრომები გულზე ოდნავ სხვანაირად მოქმედებს, ვიდრე აქამდე აღწერილი კავასაკის დაავადება.
მაშინ, როცა, - თუ სათანადოდ არ მიმდინარეობს მკურნალობა, კასავაკის დაავადება კორონარულ ანევრიზმს იწვევს, ახალი სინდრომი, რაც Covid-19-ის მქონე ბავშვებში გაჩნდა და აღიწერა, კორონარული არტერიის, სხვა არტერიებისა და ვენების ანთებას იწვევს.
მონაცემები იმაზე, თუ რამდენ ბავშვს განუვითარდა მსგავსი სიმპტომები, ჯერ-ჯერობით ზუსტად არ არსებობს. მსგავსი სიმპტომები ბავშვები აღირიცხა ნიუ-იორკის, ლუიზიანას, მისისიპისა და კალიფორნიის შტატებში.
სულ მცირე, 50 ასეთი შემთხვევა აღირიცხა ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და იტალიაში.
ბავშვების ასაკი განსხვავებულია: ექიმები აღწერენ, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვებს შორის არიან როგორც თოთო, ასევე გვიანი-თინეიჯერობის ასაკის ბავშვები.
აქამდე მხოლოდ ერთი - 14 წლის მოზარდის სიკვდილობა აღირიცხა ინგლისში და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” დღეს, 7 მაისს, გამოქვეყნდა.