♦ აპურვა მანდავილის სტატია “კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ადამიანთა უმეტესობაში ანტისხეულები რჩება” ამერიკულ გაზეთ The New York Times-ში 7 მაისს გამოქვეყნდა ♦
ახალი კვლევა, რომელიც გუშინ სამედიცინო პლატროფმა medRxiv-ზე გამოქვეყნდა, იმედის მომცემია: თითქმის ყველა, ვინც ახალი კორონავირუსი მოიხადა - ასაკის, სქესისა და დაავადების სიმწვავის მიუხედავად, გამოიმუშავებს ანტისხეულებს.
ეს კვლევა სამშაბათს, 5 მაისს, გამოქვეყნდა ონლაინ. კვლევას პროფესიული რეფერირება / peer review ჯერ არ გაუვლია.
ღიად რჩება საკითხი: ვირუსის გაქრობიდან ან შესუსტებიდან, რამდენი ხანი აგრძელებენ ანტისხეულები ორგანიზმში არსებობას და რამდენი ხანი არის დაცული ადამიანი მეორედ ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან.
ანტისხეულები იმუნური მოლეკულებია, რომლებიც ორგანიზმში პათოგენებთან საბრძოლველად წარმოიქმნებიან. სისხლში ანტისხეულების არსებობა, ორგანიზმის, სულ მცირე, რაღაც დონის დაცულობას მაინც ნიშნავს.
ჯანდაცვის სფეროს მმართველები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმედებს ანტისხეულების ტესტერებზე ამყარებენ. მათი აზრით, იმ ადამიანებს, ვისაც ორგანიზმში ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, შეეძლებათ სამსახურში დაბრუნება და ერთგვარი “იმუნური დამცავი ფარის” გამომუშავება.
თუმცა, ანტისხეულის ბევრი ტესტერი ცრუ-დადებითია - იქაც კი იღებს “დადებით სიგნალებს, ”სადაც ანტისხეული, რეალურად, არ არის. ახალი კვლევა [რაზეც ზემოთ არის საუბარი] ფლორიან კრამერის მომზადებულ ტესტერს ეყრდნობოდა. ფლორიან კრამერი ნიუ-იორკის კლინიკა მაუნთ საინაის იკანის სამედიცინო სკოლის ვირუსოლოგია და მის მიერ შემუშავებულ ტესტერის ცრუ-დადებითი პასუხის მიღების რისკი ერთ პროცენტზე დაბალია.
არაერთი აქამდე გამოქვეყნებული მცირე კვლევა ამტკიცებს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსის ინფექცია გაიარეს, უკვე აქვთ გარკვეული პერიოდულობის იმუნიტეტი. ეს კვლევა კი აქამდე ჩატარებულებს შორის ყველაზე დიდია: მასში ნიუ-იორკში მცხოვრები 1,343 ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევამ ასევე დააზუსტა ორჭოფული საკითხი: თითქოს დაავადების მხოლოდ მწვავე ფორმების მქონე ადამიანებს გამოუმუშავდებათ ანტისხეულები. სინამდვილეში, ანტისხეულების რაოდენობა ასაკისა და სქესის მიხედვით არ იყო განსხვავებული; მათაც კი, ვისაც მსუბუქი სიმპტომი ჰქონდა, გარკვეული ოდენობის ანტისხეული გამოუმუშავდა.
თუმცა, საყურადღებოა, რომ:
სისხლში ანტისხეულების არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანი იმუნურია ამა თუ იმ ვირუსის მიმართ. თუმცა, კრამერის წინა კვლევით გამოჩნდა, რომ ანტისხეულების რაოდენობა ვირუსის დამარცხებასთან პირდაპირ კავშირშია.
“ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ პაციენტების უმრავლესობა ნამდვილად გამოიმუშავებს ანტისხეულებს და პირდაპირი კავშირი არსებობს ვირუსის დამარცხებასა და ანტისხეულების რაოდენობას შორის,” თქვა ექიმმა რასმუსენმა.
ნიუ-იორკის კლინიკა მაუნთ საინაის მკვლევრები სისხლის პლაზმას ისეთი პაციენტებისგან აგროვებენ , რომლებმაც უკვე გაიარეს ინფექცია და რომლებსაც სისხლში აქვთ ანტისხეულები. ამ პროექტში აქამდე 15 000 ადამიანი ჩაერთო, პროექტის ხელმძღვანელის, ექიმ ანია ვანბერგის თქმით.
ამ პროექტის ექიმებმა 624 ადამიანი გატესტეს, რომელთაგანაც ყველა დადებითი და გამოჯანმრთელებული იყო. მათ შორის, სულ მცირე, 511 ადამიანს ანტისხეულების მაღალი რაოდენობა ჰქონდათ; 42-ს - დაბალი რაოდენობა; 71 ადამიანს - საერთოდ არ ჰქონდა გამომუშავებული ანტისხეული ამ ვირუსის წინაამღდეგ.
64 ადამიანს ანტისხეულები ჰქონდა ან ძალიან მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ ჰქონდა. ისინი ერთი კვირის შემდეგ ისევ გატესტეს და სამის გარდა, რაღაც ოდენობის ანტისხეული ყველას ჰქონდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადების საზოგადოებაში კვლევის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ანტისხეულების გაკეთების დრო. “ჩვენი კვლევის მიზანი ეს არ იყო, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მე-14 დღე ცოტა ადრეა ანტისხეულების გაკეთების თვალსაზრისით,” თქვა ექიმმა ვანბერგმა.
ვანბერგის თქმით, მე-20 და 24-ე დღეებში მიღებულ პასუხებს შორისაც იყო განსხვავება სისხლში ანტისხეულების კონცენტრაციის თვალსაზრისით; ვანბერგის თქმით, ანტისხეულის ტესტერის გაკეთების ოპტიმალური პერიოდის ათვლა იწყება სიმპტომების დადგომის მომენტიდან. “ახლა ვამბობთ, რომ ეს პერიოდია სიმპტომების დაწყებიდან მესამე კვირა,” ამბობს ანია ვანბერგი.
იქიდან გამომდინარე, რომ ნიუ-იორკში მარტში დიაგნოსტიკის ტესტერები საკმარისი რაოდენობით არ არსებობდა, მვლევრებმა ამ ჯგუფს კიდევ 719 ადამიანი დაამატეს. ეს ადამიანები საეჭვო სიმპტომებისა და ვირუსთან შესაძლო ახლო კონტაქტის ქონის კრიტერიუმებით აარჩიეს, თუმცა, მათ ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხები არ ჰქონიათ.
ამ ჯგუფში, მკვლევრებმა ოდნავ სხვა სურათი დაინახეს. ამ ხალხის უმრავლესობას - 62 პროცენტს არ ჰქონდა სისხლში ანტისხეულები.
შესაძლოა, ეს იმიტომ იყო, რომ მათ საჭიროზე ადრე გაიკეთეს ტესტირება და მათ სისხლში ანტისხეულები ვერ აღიბეჭდა. ან შესაძლოა, ზოგს ახალი კორონავირუსის სიმპტომები ინფლუენზაში ან ალერგიაში აერია, ამბობს ანია ვანბერგი.
“მე მგონია, რომ ნიუ-იორკში ყველას ჰგონია, რომ ეს დაავადება გადაიტანა. ხალხს არ უნდა ეგონოს, რომ ეს ზუსტად ასეა და რომ ისინი ძლიერად იმუნურები არიან ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.”
მეცნიერთა ნაწილს გაუკვირდა ისიც, რომ ბევრად უფრო მეტ ადამიანს აღმოაჩნდა ანტისხეულები, ვიდრე ისინი ელოდნენ.
ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა იყო ისიც, რომ პაციენტი, შესაძლოა, ინფექციის დაწყებიდან 28-ე დღესაც კი იყო PCR დადებითი. ტესტერი ვირუსის ფრაგმენტებსაც პოულობს ნიმუშში, მათ შორის, გაქრობის პირას მყოფი ვირუსის ბოლო ნაწილაკებს.
“SARS-CoV-2-ის შესახებ უცნობ ფაქტებს შორის ერთ-ერთი ესაა: ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ორგანიზმს რამდენი ხანი სჭირდება ამ დაავადებისგან გათავისუფლებისთვის. შეყრიდან რამდენი ხანია ის გადამდები და საშიში სხვის მიმართ,” ამბობს ტაია ვანგი, სტენფორდის უნივერსიტეტის ვირუსული იმუნოლოგი.
ვანგისა და სხვა მეცნიერების აზრით, სიმპტომების გასვლიდან დიდი ხნის შემდეგ PCR დადებითი ადამიანი, დიდად სავარაუდოდ, არ იქნება გადამდები. სამხრეთ კორეელმა მკვლევრებმა ახლახან გამოაცხადეს, რომ “რეინფიცირების”, ანუ PCR დადებითი პასუხების რამდენიმე საეჭვო შემთხვევა უკავშირდებოდა ორგანიზმში არა აქტიურ ვირუსს, არამედ მის უფუნქციო ნარჩენებს.
ექიმმა კრამერმა აღნიშნა, რომ წითელას ვირუსის გენეტიკური მასალა სისხლში დაავადების მოხდიდან 6 თვის შემდეგაც რჩება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ებოლასა და ზიკას ვირუსების ფრაგმენტები ორგანიზმში უფრო დიდხანაც რჩება.
ამჟამად მეცნიერების სამომავლო მიზანი არის იმის დამტკიცება, ორგანიზმში ანტისხეულების რა კონკრეტული კონცენტრაციაა საჭირო ახალი კორონავირუსისგან დასაცავად.
ორგანიზმს კონკრეტული ვირუსისგან გარკვეული ტიპის ანტისხეულები იცავს, - ესენია მანეიტრალიზებელი ანტისხეულები.
ექიმ კრამერის წინა კვლევის ფარგლებში, რომელიც მალე ჟურნალ Nature Medicine-ში უნდა გამოქვეყნდეს, კრამერი და მისი გუნდი შეედაცა გაეგო, აქვს თუ არა ამ ანტისხეულებს გამანეიტრალებელი ძალა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ათობით ადამიანში, მათ შორის ისეთებში, რომლებსაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ანტისხეულების კონცენტრაცია ისეთ დონეზე იყო, რომ გამანეიტრალებელი გავლენა ნამდვილად ჰქონდა.
ექიმ კრამერის აზრით, ყველა, ვისაც ანტისხეულების გარკვეული ოდენობა აქვს სისხლში, არის კიდევაც იმუნური ამ დაავადების მიმართ. ერთ-ერთი გზა, რითაც ეს თეორია უნდა დამტკიცდეს, არის ცხოველებში ამ იდეის გამოცდა.
თუმცა, დღეს დგას უფრო მნიშვნელოვანი კითხვაც, განსაკუთრებით მას მერე, რაც ვაქცინების წარმოების პროცესი წინ წავიდა. ესაა კითხვა იმაზე, თუ რამდენი ხანი გრძელდება ადამიანის იმუნიტეტი ამ ვირუსის წინააღმდეგ. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
მაშინაც კი, როდესაც სისხლში ანტისხეულების რაოდენობა ისე ეცემა, რომ მას ტესტერი ვერ იჭერს, ის გარკვეულ დაცვას მაინც წარმოადგენს ორგანიზმისთვის.
იმუნური T უჯრედები წარმოადგენენ ორგანიზმის დამცავს პათოგენების წინააღმდეგ. სულ მცირე, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი ძლიერ ანტისხეულებს წარმოშობს. ე.წ. მეხსიერების B უჯრედები, ასევე იმახსოვრებენ ახალ კორონავირუსს და მისი ხელახლა გამოჩენის შემთხვევაში, ანტისხეულებს “აღვიძებენ.”
საბოლოოდ, პასუხი კითხვაზე, თუ რამდენი ხანი რჩება ადამიანი იმუნური ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, უცებ არ გაჩნდება.
საჭიროა მოთმინება.
“ამის გაგების ერთადერთი გზაა, პაციენტებს დიდხანს მივყვეთ და სულ ვამოწმოთ [მათ სისხლში ანტისხეულების კონცენტრაციის დონე]”, ამბობს ექიმი რასმუსენი. “ - სანამ ვინმე უკეთეს თეორიას არ შემოგვთავაზებს ამ საკითხის უფრო ეფექტურად გადასაჭრელად.”