როგორ მთავრდება პანდემიები





ჯანდაცვა

როგორ მთავრდება პანდემიები




ისტორიკოსები ამბობენ, რომ ინფექციური დაავადების აფეთქებას, შეიძლება, მრავალნაირი დასასრული ჰქონდეს. ვისთვის მთავრდება დაავადება და ვინ წყვეტს, თუ როდის დგება დასასრული?

როდის და როგორ დასრულდება COVID-19 პანდემია?

ისტორიკოსების აზრით, პანდემიებს, როგორც წესი, ორგანზომილებიანი დასასრული აქვს: სამედიცინო - როცა დაავადების გავრცელების და სიკვდილის მაჩვენებელი იკლებს და სოციალური - როცა დაავადების მიმართ შიში მცირდება და ქრება.

„როცა ადამიანები კითხულობენ ‘როდის დასრულდება ეს ყველაფერი?,’ ისინი სოციალურ დასასრულს გულისხმობენ“ - ამბობს დოქტორი ჯერემი გრინი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიკოსი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასასრული დგება არა იმიტომ, რომ დაავადება რეალურად დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა პანიკაში ცხოვრებით და დაავადებასთან თანაარსებობა ისწავლა. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, ალან ბრანტის, თქმით, რაღაც მსგავსი ხდება COVID-19 თან მიმართებაშიც: “ეკონომიკის გახსნა-არ გახსნის თაობაზე  გამართული დისკუსიებიდან გამოჩნდა, რომ ბევრი კითხვა ე.წ. დასასრულთან დაკავშირებით განისაზღვრება არა სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების მიხედვით, არამედ სოციო-პოლიტიკური პროცესებით.” 

დასასრულები  “ძალიან, ძალიან უწესრიგოა,” ამბობს დორა ვარგა, ექსეტერის უნივერსიტეტის ისტორიკოსი. “წარსულს თუ გადავხედავთ,  არასტაბილური  ქრონიკა დაგვხვდება. ვისთვის მთავრდება ეპიდემია და ვის ეკუთვნის ამაში ბოლო სიტყვა?” 

 

იშის კვალდაკვალ 

შიშის ეპიდემია დაავადების ეპიდემიის გარეშეც შეიძლება გავრცელდეს. ამის მოწმე გახდა სუზან მიურეი, ქირურგიის სამეფო კოლეჯის ექიმი დუბლინში. სუზანმა ეს მოვლენა 2014 წელს, ირლანდიის სოფლის საავადმყოფოში მუშაობისას, შენიშნა. 

მაშინ,  რამდენიმე თვით ადრე, 11 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა დასავლეთ აფრიკაში ებოლასგან, საშიში ვირუსული დაავადებისგან, რომელიც ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა და ხშირად მომაკვდინებელი იყო. ეპიდემია უკვე ცხრებოდა და ირლანდიაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ შიში საზოგადოებაში მაინც შესამჩნევი იყო.

“ქუჩებსა და საავადმყოფოებში ხალხი ღელავს,” იხსენებს ექიმი მიურეი ამერიკულ სამედიცინო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. განსხვავებული კანის ფერის ქონა უკვე საკმარისია, რომ ავტობუსისა თუ მატარებლის მგზავრებმა საეჭვო თვალით შემოგხედონ. ერთი დახველებაც კი საკმარისია, რომ მგზავრები უმალვე გაგეცალონ და ადგილი შეიცვალონ.” 

“დუბლინის ჰოსპიტლის თანამშრომლები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ყველაზე უარესი შემთხვევისთვის კი ყოფილიყვნენ მზად. დაზაფრულები იყვნენ და ღელავდნენ, რომ არასაკმარისი დამცავი აღჭურვილობა ჰქონდათ. როცა აფრიკიდან, სადაც დაავადება იყო გავრცელებული, ახლახან ჩამოსული, ახალგაზრდა მამაკაცი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გამოცხადდა, არავის უნდოდა მასთან მიკარება; მედდები დაიმალნენ და ექიმები სამსახურის დატოვებით იმუქრებოდნენ. 

მხოლოდ ექიმმა სიუზან მიურეიმ გაბედა მისი მკურნალობა, თუმცა მისი სიმსივნე ისე შორს წასული იყო, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლო, მისი მდგომარეობის ოდნავ შემსუბუქება იყო. 

რამდემინე დღის შემდეგ, ტესტმა აჩვენა, რომ ავადმყოფს ებოლა არ ჰქონდა; ერთ საათში ის გარდაიცვალა.  ამ შემთხვევიდან სამ დღეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზამიამ ებოლას ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა. 

ექიმი მიურეი წერს: “თუ შიშთან და გულგრილობასთან აქტიურად და გააზრებულად საბრძოლველად ისევე არ ვართ მზად, როგორც სხვა ვირუსებთან ბრძოლის შემთხვევაში, შესაძლოა, რომ შიშმა საზარელი ზიანი მოუტანოს მოწყვლად ადამიანებს, იქაც კი, სადაც ეპიდემიის დროს, ინფექციის გავრცელების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა.  

შიშის ეპიდემია შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს, როცა ამას ემატება რასასთან, პრივილეგირებულობასთან და ენასა და კომუნიკაციის განსხვავებულ საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემები.” 

 

ავი სიკვდილი და საზარელი მოგონებები 

აგიდის დეზინფექცია გვამის გაკვეთამდე შავი ჭირის სამკურნალო ერთ-ერთ კლინიკაში მუკდენში, ჩინეთში, 1910 წელს, პნევმონიური ჭირის ერთ-ერთი აფეთქების დროს, რომელსაც ბაქტერია Yersinia pestis იწვევს. კონგრესის ბიბლიოთეკა © Library of Congress/Corbis/VCG, via Getty Images

ბუბონური ჭირი გასული 2 000 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაგვატყდა თავს, რამაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი და ისტორიული ცვლილებები გამოიწვია. თითოეული ეპიდემია მომავალი დაავადების აფეთქებისადმი შიშს აძლიერებდა. 

ამ დაავადებას იწვევს ბაქტერიული შტამი Yersenias pestis, რომელიც იმ რწყილებშია გავრცელებული, რომლის მატარებელიც ხშირად ვირთხაა. მაგრამ ბუბონური ჭირი, რომელიც შავი ჭირის სახელით გახდა ცნობილი, შეიძლება ამიტომ, ამ დაავადების შეჩერება მხოლოდ ვირთხების მოკვლით შეუძლებელია. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, მარი ფისელის, თქმით, ისტორიკოსები აღწერენ შავი ჭირის სამ დიდ აფეთქებას - იუსტინიანეს ჭირს, VI საუკუნეში; შუა საუკუნეების ეპიდემიას XIV საუკუნეში და პანდემიას, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში  გავრცელდა. 

შუა საუკუნეების პანდემია 1331 წელს  დაიწყო ჩინეთში. ავადმყოფობამ, სამოქალაქო ომთან ერთად, რომელიც იმ დროს მძვინვარებდა, ჩინეთის  მოსახლეობის ნახევარზე მეტი შეიწირა.  ჩინეთიდან ჭირი, სავაჭრო გზების გავლით, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აზიაში გავრცელდა. 1347-1351 წლებში, შავმა ჭირმა ევროპის მოსახლეობის მესამედი მოკლა. იტალიის ქალაქ სიენას მოსახლეობის ნახევარი გაწყდა. 

“რთულია ამ ენით აღუწერელი საშინელი სიმართლის გადმოცემა,” წერს XIV საუკუნის ჟამთააღმწერელი, ანოლო დი ტურა. “ვისაც ეს საშინელება არ უნახავს, დალოცვილია.” ინფიცირებულები, წერს ის, “იღლიის ქვეშ და საზარდულთან სივდებიან და საუბრისას, მოულოდნელად, მოცელვით ძირს ვარდებიან.” 

გარდაცვლილებს ორმოში მასობრივად მარხავდნენ. 

ფლორენციაში, წერდა ჯოვანი ბოკაჩო, “დღეს გარდაცვლილ ადამიანებს იმაზე მეტ პატივში არ ამყოფებენ, ვიდრე მკვდარ თხებს.” 

ზოგი სახლში იმალებოდა. სხვები საფრთხის არსებობას არ აღიარებდნენ. საფრთხესთან მათი გამკლავების გზა იყო, წერს ბოკაჩო, “ბევრი სმა, სიცოცხლით ტკბობა, სიმღერა, მხიარულება, შესაძლებლობისთანავე,  ყველა საწადელის დაკმაყოფილება და რეალობის ხუმრობაში გატარება.” 

ის პანდემია დასრულდა, მაგრამ შავი ჭირი განმეორდა.  მისი ერთ -ერთი ყველაზე საშინელი აფეთქება ჩინეთში 1855 წელს დაიწყო და მსოფლიოს მოედო. მაშინ მხოლოდ ინდოეთში 12 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ბომბეის ჯანდაცვის სისტემის მმართველებმა, ჭირის გავრცელების ასარიდებლად, მთელი უბნები გადაწვეს.  “არავინ იცის, ამან რამე შედეგი თუ გამოიღო”- ამბობს იელის უნივერისტეტის ისტორიკოსი, ფრენკ სნოუდენი.

ვირთხების გაკვეთა ახალ ორლეანში 1914 წელს იმის გასაგებად, არიან თუ არა ისინი ბუბონური ჭირის მატარებლები © Corbis, via Getty Images

დღემდე არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ბუბონური ჭირის ეპიდემიის დასრულება. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ცივმა ამინდმა გაანადგურა ინფექციის გადამტანი რწყილები, თუმცა ამას რესპირაციული გზით დაავადების გავრცელებაზე გავლენა ვერ ექნებოდა, აღნიშნავს დოქტორი სნოუდენი. 

ან, შეიძლება, ეს ვირთხების  სახეობების ცვლილების გამო მოხდა. XIX საუკუნისთვის, ჭირის გადამტანები იყვნენ არა შავი, არამედ ყავისფერი ვირთხები, რომლებიც უფრო ძლიერები და ამტანები არიან და ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრობა შეუძლიათ.  

“ნამდვილად არ მოგინდებოდა მის საყვარელ შინაურ ცხოველად ყოლა,” ამბობს დოქტორი სნოუდენი. 

კიდევ ერთი ჰიპოთეზაა, რომ ბაქტერიამ სახე იცვალა და ნაკლებად მომაკვდილებელ ფორმად ჩამოყალიბდა. შესაძლოა, ადამიანების მიერ მიღებულმა ზომებმა, როგორიცაა სოფლების გადაწვა, წვლილი  შეიტანა  ეპიდემიის ჩახშობაში. 

ჭირი არ გამქრალა. Ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ინფექცია დღემდე ენდემურია ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში გავრცელებულ მღრღნელებში [prairie dogs] და ის შეიძლება ადამიანებზეც გადავიდეს. 

დოქტორი სნოუდენი იხსენებს, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი დაინფიცირდა ნიუ მეხიკოში სასტუმროში გაჩერების შემდეგ.  ნომერში მის წინ მყოფ სტუმარს თან ეს მღრღნელი ჰყავდა, რომელიც მიკრობის მატარებელი რწყილების მასპინძელია. ასეთი შემთხვევები იშვიათია და ახლა ანტიბიოტიკებით წარმატებით იკურნება, მაგრამ ცნობა ჭირის თითოეული ახალი შემთხვევის შესახებ მაინც  შიშის ზარს სცემს ყველას. 

 

 ერთი დაავადება, რომელიც ნამდვილად დასრულდა 

ედუარდ ჯენერმა, ყვავილის ვაქცინის ერთ-ერთმა ადრეულმა გამომგონებელმა, 1796 წელს ერთი ბავშვი იმუნური გახადა ყვავილის წინააღმდეგ ©  Hulton Archive/Getty Images

სამედიცინო თვალსაზრისით სრულად აღმოიფხვრა ინფექცია, სახელად ყვავილი / smallpox. Მაგრამ ყვავილი, რამდენიმე მიზეზის გამო, გამონაკლისს წარმოადგენს: არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე იცავს ადამიანს ვირუსისგან; ვირუსს, სახელად Variola minor, არ ჰყავს შუალედური მასპინძელი ცხოველი; ამიტომ დაავადების ადამიანებში ელიმინაცია, სრულ ელიმინაციას უდრიდა; ყვავილის მისი სიმპტომები იმდენად უჩვეულო და სპეციფიურია, რომ ინფექციის არსებობა ადვილი შესამჩნევია, რაც ეფექტური კარანტინის და კონტაქტების იდენტიფიკაციის და კონტროლის საშუალებას იძლევა. 

მაგრამ გავრცელების პერიოდში, ყვავილი შემზარავი იყო. 3 000 წლის მანძილზე ეპიდემიას ეპიდემია მოსდევდა. ვირუსით ინფიცირებული ადამიანებს უწევდათ სიცხე, შემდეგ ქავილი ეწყებოდათ, რაც ჩირქიან გამონაყარში გადადიოდა, შემდეგ ხმებოდა, ცვიოდა და შესამჩნევ იარებს ტოვებდა. დაავადება 10 პაციენტიდან, უაღრესი ტანჯვის შემდეგ, სამს კლავდა.   

1633 წელს, ადგილობრივ ამერიკელებში გავრცელებულმა ეპიდემიამ “ძირი გამოუთხარა ყველა ადგილობრივ თემს ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რის შემდეგაც ინგლისელები მასაჩუსეტში გადასახლდნენ,” ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, დოქტორი დევის ს. ჯონსი. 

პლიმუტის კოლონიის ლიდერი, უილიამ ბრედფორდი ადგილობრივ ამერიკელებში დაავადების გავრცელების შესახებ წერდა და ამბობდა, რომ გამსკდარი წყლულს გამო, პაციენტი კანით ეწებება ლეიბს, რომელზეც წევს. “გადაბრუნებისას, მთელი გვერდი სძვრებათ ხოლმე და სისხლად იღვრებიან, საშინელი საყურებელია.”

უკანასკნელი ადამიანი, რომელიც 1977 წელს ყვავილით დაინფიცირდა, სომალის საავადმყოფოს მზარეული ალი მაო მაალინი იყო. ის გამოჯანმრთელდა, თუმცა 2013 წელს მალარიით გარდაიცვალა. 

 

 ინფლუენზას დავიწყებული შტამები

1918 წლის გრიპი დღეს პანდემიის გამანადგურებელი ეფექტის და კარანტინის და სოციალური დისტანციის მნიშვნელობის მაგალითად არის მიჩნეული. მის დასრულებამდე, გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, 50-დან 100 მილიონ ადამიანამდე შეიწირა. ყველაზე მეტად ის ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებს ერჩოდა - აობლებდა ბავშვებს, მარჩენალის გარეშე ტოვებდა ოჯახებს, ანადგურებდა არმიას შუაგულ პირველ მსოფლიო ომში. 

1918 წლის შემოდგომაზე, ცნობილი  ექიმი, უილიამ ვონი, კემპ დევენსში, ბოსტონის მახლობლად, იქ მძვინვარე გრიპის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად გააგზავნეს. "ვიხილე," წერდა ის, “ათასობით ბრგე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი საავადმყოფოში მოდიან 10 ან მეტი კაცისგან შემდგარ ჯგუფებად. მათ საწოლებზე ათავსებენ იქამდე, სანამ ყველა საწოლი არ გაივსება, თუმცა, ნაკადი არ წყდება. მალე, მათ სახეს მოლურჯო ფერი ედება; მწვავე ხველის დროს, სისხლიანი ნახველი ამოსდით. დილით, მკვდარ სხეულებს მორგში მორებივით აწყობენ.”   

ვირუსმა, წერდა ის “გამოავლინა, რომ ადამიანის გამოგონილი მოსაკლავი საშუალებები ვირუსთან ახლოსაც კი ვერ მივა.”

წითელი ჯვრის მოხალისეები პიდმონში, კალიფორნიაში, ნიღბებს კერავენ, 1918 წელი © ედუარდ როჯერსი/მედია-ნიუს ჯგუფი/ოუკლენდის ტრიბუნა, Getty Images

მსოფლიოს მასშტაბით გავრცელების შემდეგ, გრიპი / ინფლუენზა შესუსტდა და შედარებით უწყინარ შტამად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლაც კი ყოველ სეზონზე ვრცელდება.

“შესაძლოა, გრიპი ცეცხლივით იყო, რომელიც არსებული და ადვილად ხელმისაწვდომი შეშის გადაწვის შემდეგ, მინავლდება ხოლმე და ქრება,”- ამბობს დოქტორი სნოუდენი. 

გრიპი სოციალური თვალსაზრისითაც დასრულდა. პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა; ხალხი ყველაფრის თავიდან დასაწყებად და ახალი ეპოქისთვის მზად იყო: უნდოდათ დაავადება და ომი უკან მოეტოვებინათ. დღემდე 1918 წლის გრიპი, დიდწილად, დავიწყებული იყო.  

ამას მოჰყვა სხვა გრიპის პანდემიები, ისეთი მძლავრი არა, როგორც 1918 წლის გრიპი, თუმცა, მათაც  ჰქონდათ გარკვეული საზოგადოებრივ-გამომაფხიზლებელი დანიშნულება. 

1968 წელს, ჰონგ კონგის გრიპით, მსოფლიოს მასშტაბით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 100 ათასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უმეტესწილად 65 წელს გადაცილებული ადამიანები. 

ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახით ისევ ვრცელდება და მისი დესტრუქციისთვის თანმხლები შიში იშვიათად გვახსენდება. 

 

როდის და როგორ დასრულდება COVID-19?

ისტორიკოსების თქმით, შესაძლოა, რომ კორონავირუსის პანდემია სოციალური თვალსაზრისით იქამდე დასრულდეს, სანამ ის სამედიცინო კუთხით დამთავრდება.

შესაძლოა, ხალხი ისე დაიღალოს დაწესებული შეზღუდვებით, რომ, მოსახლეობაში მისი აქტიური გავრცელების მიუხედავად და ვაქცინის ან ეფექტური მკურნალობის საშუალების გამოგონებამდე, პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს.  

“ვფიქრობ, არსებობს ერთგვარი სოციალურ-ფსიქოლოგიური საკითხი/პრობლემა- დაღლის და იმედგაცრუების სახით,” ამბობს ნაომი როჯერსი, იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი. “შესაძლოა, ვიხილოთ სიტუაცია, როცა ხალხი იტყვის: ‘საკმარისია. Მე ვიმსახურებ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას.’” 

ამის მომსწრენი უკვე ვართ; ამერიკის ზოგიერთ შტატში, გუბერნატორებმა შეზღუდვები გააუქმეს და გახსნის ნება დართეს საპარკმახეროებს, მანიკურ-პედიკურის სალონებს და სპორტდარბაზებს, მიუხედავად  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანლების გაფრთხილებისა,  რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ნაადრევია. ჩაკეტვის შიშით და ეკონომიკური კატასტროფის მზარდ საფრთხესთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი იქნება მზად, რომ თქვას “საკმარისია.”

“ახლაც ასეთ კონფლიქტთან გვაქვს საქმე,” ამბობს დოქტორი სნოუდენი. Საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანლები სამედიცინო კუთხით უყურებენ დასასრულს, მაგრამ საზოგადოების ზოგიერთი წევრი სოციალურ დასასრულზე უფრო ღელავს.  

“ვის შეიძლება დასასრულის გამოცხადებაზე ჰქონდეს პრეტენზია?” ამბობს დოქტორი როჯერსი.  “თუ  დასასრულის ცნებას ეწინააღმდეგებით, კონკრეტულად რას ეწინააღმდეგებით?  რისი თქმა გინდათ, როცა ამბობთ,  ‘ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა?’”

დოქტორ ბრანდის თქმით, ახალ კორონავირუსზე უეცარ გამარჯვებას არ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ეპიდემიის დასრულება  “გრძელი და რთული პროცესი” იქნება.

 

სტატიის How Pandemics End ავტორია ჯინა კოლატა. ჯინა მეცნიერებასა და მედიცინას აშუქებს ამერიკულ გაზეთ The New York Times-ში. ის ორჯერ იყო პულიცერის პრემიის ფინალისტი და არის ექვსი წიგნის ავტორი, მათ შორის: "Mercies in Disguise: A Story of Hope, a Family's Genetic Destiny, and The Science That Saved Them.

მთავარ ფოტოზე: სიცილიური ფრესკა, 1445 წელი.  წინა საუკუნეში, შავმა ჭირმა ევროპის ერთი მესამედი შეიწირა.  ფოტო: ვერნერ ფორმანი  ©  Werner Forman / Universal Images Group/Getty Images.

სტატია თარგმნა თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>