♦ ნაშრომი Antibodies in Infants Born to Mothers With COVID-19 Pneumonia ამერიკულ სამედიცინო ჟურნალ JAMA Network-ში გამოქვეყნდა ♦
მეთოდები
უჰანის უნივერსიტეტის ჟონიანის ჰოსპიტალში, 2020 წლის 16 თებერვლიდან 6 მარტამდე მიღებულ ექვს [6] მშობიარე ქალს დააკვირდნენ: დედები ახალ კორონავირუსზე დადებითები იყვნენ, ჰქონდათ სხვა სიმპტომებიც და გულ-მკერდის ტომოგრაფიამაც დაადასტურა ახალი კორონავირუსის ინფექცია.
დედებს სისხლის ანალიზი მშობიარობის შემდეგ აუღეს, ხოლო ახალშობილებს: ნეონატალური სისხლის შრატი და ყელის ნაცხის ნიმუშები. რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით [RT-PCR] ტესტირების საშუალებით, ახალშობილების სასუნთქი გზების ნაცხში ახალი კორონავირუსის ნუკლეიდური მჟავების არსებობა შეამოწმეს.
ახალშობილების სისხლში ასევე გაიზომა ანთების გამომწვევი ციტოკინების კონცენტრაცია.
დედებისა და ახალშობილების სისხლში ასევე შეამოწმეს ანტისხეულების: იმუნოგლობულინ G-სა და იმუნოგლობულინ M-ს რაოდენობა. გადამოწმებისა და შეცდომის გამორიცხვის მიზნით, ყველა ტესტირება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორმა მკვლევარმა ჩაატარა.
ნიმუშების შეგროვებისა და დამუშავების დროს მკვლევრებმა ისარგებლეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებით. ტესტერების მგრძნობიარობა და სპეციფიკის დონე, მწარმოებლების მტკიცებით, იმუნოგლობულინ M-ს შემთხვევაში იყო 88.2% and 99.0% შესაბამისად, და იმუნოგლობულინ G-ს შემთხვევაში - 97.8% and 97.9% შესაბამისად.
კვლევის მონაწილეებისგან აიღეს ინფორმირებული თანხმობა.
შედეგები
ექვსივე ქალს ახალი კორონავირუსის მსუბუქი კლინიკური გამოხატულებები ჰქონდა. ყველა მათგანმა ბავშვები მესამე ტრიმესტრში, საკეისრო კვეთით, უარყოფითი წნევის პალატაში, გააჩინა. მშობიარობის დროს ექვსივე ქალი ატარებდა ნიღაბს, სამედიცინო პერსონალს ეცვა დამცავი ტანსაცმელი და ორმაგი ნიღბები.
გაჩენის შემდეგ, ბავშვები და დედები მალევე გააცალკევეს ერთმანეთისგან.
ახალშობილების ყელის ნაცხსა და სისხლის ანალიზში, რომელიც რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის [RT-PCR] მეთოდით ჩატარდა, ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის არსებობაზე პასუხები უარყოფითი იყო.
ყველა ახალშობილს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა.
ორ მათგანს იმუნოგლობულინი G და იმუნოგლობულინი M ნორმაზე მაღალი ჰქონდა [ნორმა: <10 ერთეული/მილილიტრზე]. ერთ ახალშობილს იმუნოგლობულინ G 125.5 ჰქონდა, ხოლო იმუნოგლობულინი M - 39.6; მეორე ბავშვს იმუნოგლობულინ G - 113.91, ხოლო იმუნოგლობულინი M - 16.25. მათ დედებს ასევე ჰქონდათ ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი.
დანარჩენ სამ ბავშვს იმუნოგლობულინი G ჰქონდა მაღალი კონცენტრაციით, ხოლო იმუნოგლობულინ M - ნორმაში; სამივე დედას - იმუნოგლობულინ G მაღალი და ორს - იმუნოგლობულინ M.
ანთებითი ციტოკინ - cytokine IL-6 კონცეტრაცია ყველა ახალშობილს მნიშვნელოვნად მაღალი ჰქონდა. თუმცა, არც ერთ ჩვილს შესამჩნევი სიმპტომები არ ჰქონია.
დისკუსია
SARS-CoV-19-დადებითი ექვსი ქალის გაჩენილი ახალშობილების სასუნთქი გზების ნიმუშში ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალა ვერ აღმოაჩინეს. თუმცა, ახალშობილების სისხლის შრატში ვირუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ანტისხეულები აღმოჩნდა. ექვსიდან ხუთ ახალშობილს იმუნოგლობულინ G-ს მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა.
იმუნოგლობულინი G, პლაცენტის საშუალებით, დედიდან ნაყოფს მეორე ტრიმესტრიდან გადაეცემა და უმაღლეს ნიშნულს დაბადების მომენტში აღწევს. თუმცა, იმუნოგლობულინ M, რომელიც ორ ჩვილს აღმოაჩნდა, ჩვეულებრივ, დედიდან ნაყოფს არ გადაეცემა, რადგან მისი მოლეკულური სტრუქტურა უფრო დიდია იმუნოგლობულინ G-სთან შედარებით.
ამ კვლევას ბევრი შეზღუდვა აქვს: ის მცირე ზომისაა, კვლევაში არ იყო გამოყენებული ჭიპლარის სისხლი, ამნიოტური [სანაყოფე] სითხე, დედის რძე; ახალშობილებზე ინფორმაცია დაბადების შემდეგ არ განახლებულა.
ეს აღმოჩენა მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოადგენს ახალშობილების პირველ სეროლოგიურ კვლევას, როცა მათ სისხლის შრატში აღმოჩნდა ანტისხეულები, მაგრამ არა ვირუსის გენეტიკური მასალა.
ამ მხრივ საჭიროა დამატებითი კვლევები.