მონაცემები, რომელიც სამედიცინო ონლაინ პლატფორმა medRxiv -ში ქართველი ექიმებისა და მკვლევრების: მაია ბუწაშვილის, ლაშა გულბიანის, გიორგი კანჩელაშვილის, მარიკა კოჭლამაზაშვილის, გიორგი ნიორაძისა და გიორგი კამკამიძის ავტორობით დღეს გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობაში ახალი კორონავირუსის შესახებ ცნობიერების დონეს იკვლევდა.
შესავალი
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა; 31 მარტისთვის ლაბორატორიულად სულ 110 შემთხვევა იყო დადასტურებული.
ავტორების აზრით, პანდემიის დროს დაბალი ცნობიერება, შესაძლოა, პანიკის საფუძველი გახდეს და ვირუსის შეკავების საზოგადოებრივი მცდელობების წარმატებულ განხორციელებას ხელი შეუშალოს.
მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების დონე დაავადებაზე მაღალი იყოს.
ეს კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების დონეს, ახალი კორონავირუსის მიმართ მათ დამოკიდებულებებსა და დეტალების ცოდნას.
გამოკითხულებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მოქალაქეებიც.
მასალები და მეთოდები
რეკლამირების [FB boost] საშუალებით ონლაინ გამოკითხვა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა. გეოგრაფიული თვალსაზრისით რეკლამის სამიზნე იყო მთელი საქართველოს მოსახლეობა და გამოკითხვის ენა იყო ქართული.
კვლევის ფაგლებში შეგროვდა ინფორმაცია კვლევაში მონაწილე მოქალაქეების დემოგრაფიული მაჩვენებლების, დაავადებაზე ინფორმაციისა და ახალ კორონავირუსსა და ინფლუენზას ვირუსებს შორის განსხვავებაზე მოსახლეობის მოსაზრებაზე.
კითხვარებში ასევე ჩართული იყო საკითხები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა მთავრობის მომზადების დონეზე ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად.
შედეგები
კვლევა ღია იყო სამი დღის განმავლობაში [2020 წლის 2-4 მარტი].
ონლაინ კვლევაში მონაწილეობა 5 228 ადამიანმა მიიღო. მათგან 40% იყო 25-45 წლის, 58.2% იყო ქალი, 20.7%-ს ჰქონდა უნივერსიტეტის ხარისხი და 10.3 % სამედიცინო სფეროში იყო დასაქმებული.
კვლევის მონაწილეთა 25.8% რესპონდენტების აზრით, ახალი კორონავირუსი და ინფლუენზა ერთი და იგივე ვირუსებია; 10.9 %-მა კი არ იცოდა ამ ორი ტიპის ვირუსის განსხვავების შესახებ.
კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობამ სწორად დაასახელა ახალი კორონავირუსის გადაცემის გზები და სიმპტომები [96.9% და 98.0%, შესაბამისად]. 19.1 % ფიქრობს, რომ საქართველო მზადაა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად, 55%-ს ჰგონია, რომ ქვეყანა არაა მზად, თუმცა, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები შეძლებისდაგვარად კარგად ართმევენ თავს ამ კრიზისს.
კვლევაში მონაწილეთა 18%-ის პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი.
ცნობიერების დონის თვალსაზრისით, განსხვავება არ იყო ჯანდაცვის სფეროში მომუშავე, ჯანდაცვის სფეროში არმომუშავე და მოსახლეობის დაუსაქმებელ ნაწილს შორის.
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების 20% ფიქრობდა, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები ზოგადად არსებობს, მაგრამ ისინი საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი.
დასკვნა
იქიდან გამომდინარე, რომ ახალ კორონავირუსზე ცოდნა განუწყვეტლივ იცვლება, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მუდმივად განახლება და პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გავრცელება.
medRxiv-ის შესახებ
medRxiv არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც სამედიცინო, კლინიკურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების წინარე ვერსიებს [pre-prints] აქვეყნებს. კვლევის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნების წინარე ეტაპი ის პერიოდია, როცა მონაცემებს პროფესიული რეცენზირების ეტაპი არ გაუვლია.
medRxiv 2019 წლის ივლისში დააარსეს ლაბორატორია Cold Spring Harbor Laboratory [CSHL]-მ, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და სამედიცინო კვლევასა და განათლებას ემსახურება, იელის უნივერსიტეტმა და BMJ-მ, ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა, რომელიც 1840 წლიდან გამოდის.
პლატფორმა medRxiv მეცნიერებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ საკუთარი ნაშრომი და მიიღონ კომენტარები, სანამ კვლევა უკვე რედაქტირებული და რეფერირებული სახით რომელიმე სამედიცნო ჟურნალში გამოქვეყნდება.
პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს სამედიცინო მონაცემების ღიაობას, სამეცნიერო აღმოჩენების გამჭვირვალობას, მეცნიერებს შორის თანამშრომლობას და დაინტერესებული საზოგადოების ადრეულ ჩართულობას მიმდინარე სამეცნიერო პროცესებში. medRxiv არის დამოუკიდებელი პლატფორმა და რომელიმე გამოცემელს ან სამედიცინო ჟურნალს პირდაპირ არ უკავშირდება.