გარემო

ხორცით კვების დასასრული




თუ ღარიბი კლასის ბედი, რასობრივი სამართლიანობა და კლიმატის ცვლილება გაღელვებთ, ცხოველების ჭამა უნდა შეწყვიტოთ.

არაფერია ადამიანში ისეთი პრიმიტიული და საბაზისო, ვიდრე პროდუქტების დაცარიელებულ თაროებზე გაფიქრებით გამოწვეული პანიკა და ცხოველური კმაყოფილება, რომელიც საყვარელი კერძის დაგემოვნებისთანავე გვეუფლება.

ახალი კორონავირუსის დროს, სახლში ყოფნის პერიოდში, თითქმის ყველა უფრო მეტს მზარეულობდა, ყველაფერს დოკუმენტურად ასახავდა და, ზოგადად, საჭმელზე ჩვეულებრივზე მეტს ფიქრობდა. ხორცის უკმარისობამ და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ გაეხსნათ ცხოველთა სასაკლაოები [იქ მომუშავეთათვის საფრთხის შექმნით და მათივე პროტესტის მიუხედავად], ბევრი ამერიკელი დააფიქრა ხორცის მნიშვნელობაზე. 

ნუთუ, ხორცი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ღარიბ ადამიანთა სიცოცხლე, ვინც მის საწარმოებლად მუშაობს? ასე გამოდის. ათიდან ექვსი ოლქი, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა სასაკლაოს გახსნა ბრძანა,  თეთრმა სახლმა კორონავირუსის ცხელ წერტილად გამოაცხადა.

სიუ ფოლი, სმიტფილდის ღორის ხორცის საწარმო, რომელიც ქვეყნის ღორის ხორცის 5 პროცენტს აწარმოებს, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. აიოვას შტატში, ქალაქ პერიში, ტაისონის საწარმოში კორონავირუსის 730 შემთხვევა დაითვალეს, რაც ამ საწარმოში მომუშავეთა 60%-ს უდრის. ტაისონის მეორე საწარმოში, ვატერლოოში, იმავე შტატში, 2 800 იქ მომუშავე ადამიანიდან 1 031-ს ახალი კორონავირუსი ვირუსი დაუდგინდა.

ავადმყოფი მუშები ფერმების დახურვას ნიშნავს, რამაც ცხოველების მართვა გაართულა. ზოგი ფერმერი იძულებული გახდა მაკე ღორებისთვის აბორტი გაეკეთებინა. ზოგმა კი ცხოველებს ევთანაზია გაუკეთა  - ზოგმა გაზის კამერაში გაგუდა ან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამ ყველაფერმა ისეთი საშინელი სახე შეიძინა, რომ აიოვას რესპუბლიკელმა სენატორმა ჩაკ გრესლიმ, ტრამპის ადმინისტრაციას ღორის ფერმერებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფი დამატებითი კადრების გამოყოფა სთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფერმერული ინდუსტრიის ცუდი შედეგები საყოველთაოდ ცნობილია, ამერიკელების მხოლოდ ნახევარი ამბობს, რომ ხორცის მოხმარების შემცირებას ცდილობენ. არადა, ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე იყო ცნობილი, თუ რა გავლენა აქვს ფერმერული მეურნეობის ინდუსტრიას ამერიკის მიწა-წყალზე, იქ მცხოვრებ თემებზე, ცხოველებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ხორცი ჩვენი კულტურის და პერსონალური ისტორიის  ნაწილია და მას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც მადლიერების დღეს მომზადებული ინდაური და ბეისბოლის მოედნის ჰოთ დოგი. ხორცის კერძს თან ახლავს უნიკალური სურნელი და გემო, რაც ისეთი სიამოვნებისა და კმაყოფილების გრძნობას გვანიჭებს, რომ თავს სახლში გვაგრძობინებს.  ვერც გაიმტყუნება: განაა რაა სახლში ყოფნის კომფორტის შეგრძნებაზე უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი? 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ უფრო მეტი ადამიანი მაინც გრძნობს, რომ ცვლილება გარდაუვალია.

ცხოველების მეურნეობა გლობალური დათბობის წამყვან მიზეზად არის მიჩნეული. ჟურნალ ეკონომისტის მიხედვით, 25-34 წლის ამერიკელების მეოთხედი ამბობს, რომ ვეგეტარიანელი ან ვეგანია. ალბათ, ამიტომაც არის, რომ მცენარისგან დამზადებული “ხორცის” გაყიდვებმა მნიშვნელოვნად იმატა და ახლა Impossible და Beyond Burgers-ის შეძენა შესაძლებელია Whole Foods-ისა და White Castle-ის ქსელებში.

რამდენიმე წელია ამ მიმართულებით კარის შეღებას ვცდილობთ.  COVID-19-მა კი კარი ფართოდ გაგვიხსნა.

ახალმა კორონავირუსმა დაგვაფიქრა. როცა საქმე ისეთ უხერხულ თემას ეხება, როგორიც ხორცის ჭამაა, მარტივია მეცნიერების პროპაგანდად გასაღება, მცირე მიზეზების მოშველიება, რომელიც განზოგადებადი არ არის და თავის იმით დამშვიდება, რომ თითქოს ეს ყველაფერი თეორიაა.

ზოგი ჩემი მოაზროვნე და ფიქრის მოყვარული ნაცნობიც კი ცდილობს, არ იფიქროს ცხოველთა მეურნეობის პრობლემებზე ისევე, როგორც მე გავურბივარ კლიმატის ცვლილებაზე და დედამიწაზე შემოსავლების უთანასწორობაზე ფიქრს, არაფერი რომ აღარ ვთქვა ჩემს საკუთარ ჭამის კულტურაში არსებულ პარადოქსებზე. ამ თვეების განმავლობაში ერთ ადგილას გამოკეტილობის ერთ-ერთი მოულოდნელი გვერდითი ეფექტი არის ის, რომ რთულია არ იფიქრო ისეთ რამეებზე, რომლებიც კაცობრიობის იდენტობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია.

ილუსტრაცია © Jun Cen, The New York Times  

ხორცის რეგულარულად ჭამის პირობებში გარემოს ვერ დავიცავთ. ეს საკამათო საკითხი კი არაა, არამედ ბანალური ჭეშმარიტება. ძროხები, საბოლოოდ Whopper-ის სენდვიჩებად იქცევიან თუ ბალახით ნაკვებ სტეიკებად, ფაქტია, ატმოსფეროში დიდი მოცულობით სათბურის აირს გამოყოფენ. ძროხა რომ ერთ ისეთ ქვეყანას შევადაროთ, რომელიც გარემოს არასაჭირო აირებით აბინძურებს, ის სათბურის გაზების მესამე ყველაზე დიდი გამომფრქვევი იქნებოდა მსოფლიოში.

კლიმატის ცვლილების  პრობლემის გადაჭრის მოდელირებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაიცია Project Drawdown-ის კვლევის დირექტორის თქმით, „მცენარეულ კვებაზე გადართვა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი, რაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გლობალური დათბობის შეჩერებაში შეიტანოს.“

ამერიკელები სულ უფრო მეტად იღებენ და ეთანხმებიან კლიმატის ცვლილების მეცნიერებას. რესპუბლიკელების და დემოკრატების უმრავლესობა ამბობს, რომ ამერიკა პარიზის კლიმატის შეთანხმების ჩარჩოდან არ უნდა გამოსულიყო. არ გვჭირდება ახალი ინფორმაცია და ახალი ფასეულობები. კარი ღიაა, შესვლაღა დაგვრჩენია.

ხორცის ჭამა და ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობა ერთად ვერ თავსდება: თუ ხორცს ვჭამთ, გამოდის, ცხოველების ტანჯვას ვკვებავთ. ფერმების დღევანდელი სისტემა, რომელიც ბაზარზე გამზადებულ ხორცს გვაწვდის, სატანჯველადაა განწირული. დღეს ფერმებში გამოყვანილი წიწილები იმდენად გენმოდიფიცირებულები არიან, რომ ისინი საკუთარ სხეულში გამომწყვდეული ტკივილის პატიმრებად იქცნენ, რასაც მათი გალიიდან გაშვებაც კი ვერ უშველის. ინდაურები ისეთი მძიმეწონიანები გამოჰყავთ, რომ ბუნებრივად გამრავლება არ შეუძლიათ და ხელოვნურად ანაყოფიერებენ. დედა ძროხებს ხბოებს ძუძუს წოვის დაწყებამდე აცლიან, რაც მათში მწვავე ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. მარტო დარჩენილი ხბოები ბღავიან და მათ სხეულში ჰორმონ კორტიზოლის დონე მაღლა იწევს. 

არანაირი იარლიყი ან სერთიფიკატი სისასტიკის შემცირების გარანტია არაა. აღარ გვჭირდება ცხოველების უფლებების დაცვის აქტივისტები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ. ყველაფერი ვიცით. აღარაფრის მტკიცება არ გვჭირდება. საკუთარ თავს უნდა მოვუსმინოთ.

პანდემიებისგან თავს იქამდე ვერ დავიცავთ, სანამ ხორცის რეგულარული მჭამელები ვიქნებით. დიდი ყურადღება ექცევა სველ/თევზის მარკეტებს, მაგრამ ფერმები, განსაკუთრებით კი მეფრინველეობის ფერმები, პანდემიების გავრცელების საშიში წყაროა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ცნობით, ოთხიდან სამი ახალი ინფექცია ცხოველური წარმოშობისაა და ცხოველიდან გადაეცა ადამიანს - რაც ჩვენი ცხოველებთან არასწორი ურთიერთობის შედეგია.

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ უსაფრთხოდ ყოფნა გვინდა. ვიცით, ამას როგორ მივაღწიოთ, მაგრამ ამისი ნდომა და ცოდნა საკმარისი არ არის.

ეს არ არის ჩემი ან ვინმე სხვისი აზრები, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია მოსაზრების სექციაში ქვეყნდება. პასუხები ცხოველთა მეურნებასთან დაკავშირებულ ყველა სერიოზულ კითხვაზე არის არა მოსაზრებები, არამედ ფაქტები.

გვჭირდება თუ არა ცხოველური ცილა სასიცოცხლოდ?  - არა.

ადამიანები ცხოველური ცილების გარეშეც უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ. ამერიკელების უმეტესობა იმაზე ორჯერ მეტ ცილას მიირთმევს, ვიდრე ეს რეკომენდებულია. ეს ეხება ვეგეტარიანელებსაც, რომლებიც ცილას  საკვებიდან 70 პროცენტით მეტს იღებენ, ვიდრე სჭირდებათ. ის ადამიანები, რომლებიც ცხოველური ცილით მდიდარ საკვებს მიირთმევენ, გულის დაავადებით, დიაბეტით ან თირკმლის პრობლემით სიკვდილის უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან. რა თქმა უნდა, ხორცი, ისევე როგორც ნამცხვარი, შეიძლება იყოს ჯანმრთელი დიეტის ნაწილი. მაგრამ არც- ერთი კვების სპეციალისტი არ გასცემდა ნამცხვრის ძალიან ხშირად ჭამის რეკომენდაციას.

თუ სწრაფი წარმოების ფერმერული მეურნეობის სისტემა ჩამოიშლება, ფერმერები დაზარალდებიან? - არა.

დაზარალდებიან არა თვით ცალკეული ფერმერები, არამედ კორპორაციები, რომლებიც მათი სახელით საუბრობენ და მათ ექპსლუატაციას ეწევიან.  დღეს ამერიკელი ფერმერების რაოდენობა ბევრად შემცირდა, ვიდრე თუნდაც სამოქალაქო ომის დროსთან შედარებით და იმის ფონზე, რომ ამერიკის მოსახლეობა ახლა 11-ჯერ მეტია. ეს არ არის შემთხვევითი, ეს სარფიანი ბიზნეს მოდელია. ცხოველების მეურნეობების საბოლოო ოცნება ფერმების სრული ავტომატიზაციაა. მცენარეზე დაფუძნებულ საკვებზე გადართვა და მდგრადი ფერმერობა  უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნიდა, ვიდრე შეამცირებდა. თუ გნებავთ, ნუ მენდობით. ჰკითხეთ ფერმერს, ბედნიერი იქნებოდა თუ არა სწრაფი წარმოების მეფერმეობის დასრულებით.

ეს იდეა ხორცისმჭამელი ელიტისგან შორს ხომ არაა? - არა.

 2015 წლის კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანული დიეტა წელიწადში 750 დოლარით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ხორცზე დაფუძნებული დიეტა. ფერადკანიანი ადამიანები უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ვეგეტარიანელები არიან და, ამ დროს, უფრო ხშირად ხდებიან ფერმული ინდუსტრიის სისასტიკის მსხვერპლნი. სასაკლაოების მუშაკები, რომლებიც ახლა ჩვენი გემოვნების დასაკმაყოფილებლად რისკის წინაშე არიან, ძირითადად  შავი და ყავისფერკანიანი ადამიანებია. ის მოსაზრება, რომ იაფიანი, ჯანსაღი, ნაკლებად ექსპლუატირებადი ფერმული მეურნეობა ელიტურია, ფერმერული ინდუსტრიის პროპაგანდის ნაწილია. 

შეგვიძლია თუ არა ფერმერულ კორპორაციებთან თანამშრომლობა საკვები სისტემის ჯაჭვის გასაუმჯობესებლად და მის გასაჰუმანურებლად? - არა. 

ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დაიჯერებთ,  რომ მათ, ვინც ძალაუფლებას ექსპლუატაციით  მიაღწია, საკუთარი ნებით გაანადგურებს იმ მექანიზმს, რამაც სიმდიდრე მოუტანა. Სწრაფი წარმოების ფერმერული მეურნეობა რეალური ფერმერული მეურნეობისთვის ისეთივე მავნებელია, როგორც კრიმინალური მონოპოლია დამწყები მეწარმეობისთვის. მთავრობას მხოლოდ ერთი წლით რომ შეეწყვიტა 38 მილიარდზე-უფრო-მეტი ბიუჯეტის მქონე მხარდაჭერის პროგრამა და  ხორცის და რძის მწარმოებელი კორპორაციებისთვის ჩვეულებრივი კაპიტალისტური წესებით მუშაობა მოეთხოვა, მათ სამუდამოდ გაანადგურებდა. ფერმერობის ინდუსტრია თავისუფალ ბაზარზე ვერ გადარჩებოდა.

არც ერთი სხვა საკვები პროდუქტი ისეთ ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს, -  კომფორტს ან მძაფრ დისკომფორტს, არ  იწვევს, როგორც ხორცი. ეს ართულებს მის წინააღმდეგ გადამწყვეტ მოქმედებას იმაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ უკვე ვიცით და რისი გაკეთებაც გულით გვინდა. შესაძლებელია თუ არა, რომ ხორცი ჩვენი თეფშის ცენტრიდან გვერდზე გადავდოთ? ამ კითხვას შეუძლებლობის ზღვართან მივყავართ. მეორე მხარეს კი, გარდაუვალობის ზღვარია.

პანდემიის ზეწოლის საშინელებასთან ერთად და იმის კითხვის ქვეშ დაყენებით, თუ რა არის მნიშვნელოვანი, შეგვიძლია დავინახოთ ის კარი, რომელიც ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ძნელად თუ შეაღებდა ხოლმე ვინმე. სიზმარში ჩვენს სახლებს ოთახები აქვთ, რაც ღვიძილში ცნობიერებას ისინი არ ახსოვს. 

ზუსტად ასევე გვავიწყდება, რომ კვების უკეთესი გზები არსებობს, ვიდრე ტრადიციული ხორცით კვება. არსებობს ცხოვრება, რომელიც თანამედროვე ღირებულებებთან უფრო ახლოსაა. მეორე მხარეს რაღაც ახალი კი არ დგას, არამედ ის, რაც წარსულიდან გვიხმობს - სამყარო, სადაც ცოცხალი ფერმერები არ იყვნენ მითები, ნაწამები სხეულებით არავინ იკვებებოდა და კვების ბოლოს გამოწვდილ ქვითარს პლანეტა დედამიწის ფასი არ ედო.

ერთი საკვების მეორეზე წინ დაყენებით ზღვარს გადავლახავთ. მეორე მხარეს კი სახლი დაგვხვდება.

 

♦ სტატიის - The End of Meat Is Here ავტორია ჯონათან საფრან ფოერი, ამერიკელი მწერალი. ის ავტორია ორი წიგნისა: “ცხოველების ჭამა” და  “ჩვენ ვქმნით ამინდს: პლანეტა დედამიწაზე ზრუნვა საკუთარი თეფშიდან იწყება.” 

♦  მასალა თარგმნა თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>