ჯანდაცვა

ევროკავშირის ნარკოტიკების ბაზარი & COVID-19 პანდემია




ახალი კორონავირუსის გამო გლობალური გადაადგილების შეუზღუდვამ ევროკავშირის ქვეყნებში ნარკოტიკების ბაზარზეც მოახდინა გავლენა. 

ცვლილებებსა და მიმდინარე ტენდენციებზე ანგარიში ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ცენტრმა [European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction, EMCDDA] და ევროკავშირის პოლიციის სააგენტომ [ევროპოლი, Europol, European Union Agency for Law Enforcement Cooperation] მოამზადეს.

დასკვნები ეყრდნობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მათ შორის ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, კვიპროსიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ლუქსემბურგიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, ასევე ნორვეგიიდან, უკრაინიდან და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან მიღებულ მონაცემებს. 

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ზოგ ნარკოტიკზე დეფიციტი შეიქმნა და თითქმის ყველა მათგანი გაძვირდა. სიტუაცია დღემდე განუწყვეტლივ იცვლება; 

  • სოციალური დისტანცირების დროს, ნარკოტიკების მიწოდების წყაროსა და ლოჯისტიკის სხვა დეტალების ცვლილებამ გავლენა ყველაზე მეტად დისტრიბუციის ნაწილზე მოახდინა;

  • საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ნარკოტიკების დიდი პარტიების მიმოქცევა გრძელდება, რაც კომერციული ტვირთის გადაზიდვის ტრადიციულ გზებს უწყობს ფეხს და მასთან ერთად მოძრაობს;

  • კოკაინთან მიმართებაში, საბითუმო იმპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა; თუმცა, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ექსპერტი ამბობს, რომ ფასები გაიზარდა და კოკაინის ხარისხი დაეცა, რომელიც თვალსაჩინოა მომხმარებლების შეფასებით და რომელიც, სავარაუდოდ, მიწოდების შემცირებას/შეზღუდვას უკავშირდება;

  • ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები კარგად უღებენ ალღოს არსებულ სიტუაციას და შეცვლილ რეალობასთან ერთად, სწრაფად ცვლიან მუშაობის პრინციპებს: ნარკოტიკების გადატანის ახალ და უფრო უსაფრთხო გზებს ეძებენ, ითვისებენ და ტრანსპორტირების ხერხებსაც ცვლიან, ხვეწენ ნარკოტიკების გადამალვის მეთოდებსაც;

  • არსებულმა არასტაბილურმა ეკონომიკურმა გარემომ კიდევ უფრო გააუარესა უკანონო ბიზნესის მუშაობის პრინციპები; იზრდება ძალადობის შემთხვევები საშუალო რგოლის მიმწოდებლებსა და დისტრიბუტორებს შორის;

  • ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ვებ- და დარქნეთ პლატფორმებმა, სოციალურმა მედიამ და უსაფრთხო და დაცულმა საკომუნიკაციო აპლიკაციებმა უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინეს. გაიზარდა ნარკოტიკების სახლში მიტანის სერვისებიც, ნაკლებია პირისპირ შეხვედრები ნარკოტიკებისა და ფულის გაცვლის დროს; ინდივიდუალურ დონეზე ნაღდი ფულით გადახდის პრაქტიკაც შემცირდა. ნარკოტიკების  ყიდვის ქცევების ეს ცვლილება, თუ ერთხელ ჩამოყალიბდა, შესაძლოა, ცვლილებებს რთულად დაექვემდებაროს მომავალში;

  • შეინიშნება კანაფის ფისის დეფიციტი. ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანაში ზოგმა მომხმარებელმა კანაფი სახლში დააგროვა დიდი რაოდენობით, რამაც კანაფსა და კანაფის ფისის საცალო ფასის ინფლაცია გამოიწვია. ჩანს, რომ სახლში კანაფის მოყვანის ჩვევებსა და კულტურაზე ახალი კორონავირუსის პერიოდს გავლენა დიდად არ მოუხდენია;

  • ჰეროინის გადატანის სულ უფრო ახალი და აქამდე უცნობი გზები ჩნდება და ვითარდება. ჰეროინის მარაგები ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში შემცირდა, ზოგ ქვეყანაში კი ის გაძვირდა, ეს კი დამოკიდებული იყო ქვეყნების მიერ დაწესებულ დაგაადგილების შეზღუდვაზე. ნარკოტიკების თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და სპეციალისტები აღწერენ მარაგების შემცირების ტენდენციას და იმ ფაქტსაც, რომ ჰეროინი სხვა ნივთიერებებით ჩანაცვლდა. ის ჩანაცვლდა სინთეტური ოპიოიდებით [სამკურნალო საშუალებების დერივატები ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები] ან ალტერნატიული ნარკოტიკებით [მაგალითად, ე.წ. “კრეკი”, ამფეტამინი, სინთეტური კათინონები]; შესაძლოა, რომ ეს სიტუაცია დიდხანს შენარჩუნდეს ისეთ ადგილებში, სადაც მსგავსი ცვლილებები უკვე ადგილზეა;

  • ზღვა კოკაინის გადატანის ერთ-ერთ მთავარ გზად რჩება; გადატანილი კოკაინის რაოდენობა იგივე იყო ან ოდნავ მეტია, ვიდრე 2019 წელს. ევროპული და კამბოჯიდან მომავალი მონაცემებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკები უკანონო გადამზიდავებისგან 2020 წლის პირველ ნახევარში დიდი რაოდენობით ამოიღეს, მიუხედავად  COVID-19-ს გამო არსებული შემზღუდავი ზომებისა. გასაკვირი არაა, რომ პანდემიის გამო საჰაერო გზების ჩაკეტვამ ნარკოტიკების საჰაერო გზებით გადატანა შეამცირა;  

  • სინთეტური ნარკოტიკების წარმოება გრძელდება ევროპაში, მათ შორის, ნიდერლანდებსა და ბელგიაში, სადაც ნარკოტიკების წარმოების არაერთი უკანონო ლაბორატორია და საწარმოო ნარჩენების ნაგავსაყრელი აღმოაჩინეს. თუმცა, ევროპაშიც და გლობალურადაც, ე.წ. რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარება შემცირდა ღამის კლუბების დაკეტვისა და მუსიკალური ფესტივალების გადადების გამო. ამფეტამინისა და MDMA-ს საბითუმო ფასები გაიზარდა არაერთ ევროპულ ქვეყანაში; თუმცა, ნიდერლანდებში პირიქითაა: ფასები შედარებით შემცირდა, რაც გაყიდვის ზრდის ტენდენციას უკავშირდება. 


ანგარიში მოამზადეს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ცენტრმა [European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction, EMCDDA] და ევროკავშირის პოლიციის სააგენტომ [ევროპოლი, Europol, European Union Agency for Law Enforcement Cooperation]. ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ - EU Drug Markets Impact of COVID-19. 

 

ქეთრინ დე ბოლი, ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორი: პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე, შეანელა ეკონომიკა. ყურადსაღებია, რომ ეკონომიკის დაღმავალი მრუდი არ ვრცელდება ნარკოტიკების უკანონო ბიზნესზე: კანონიერი საქმიანობების დაზარალების ფონზე, ნარკოტიკების ბაზარი უკუპროპორციულად გაზრდილ შემოსავლებს იღებს. 2020 წლის პირველ ნახევარში სამართალდამცავებმა ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მეტი ნარკოტიკები ამოიღეს, ვიდრე წინა წლების ამავე პერიოდში.  სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩვენი მოტივაცია საერთაშორისო კანონმდებლობის სამართლიანი აღსრულების კუთხით უფრო მკაცი და პრინციპული უნდა იყოს, ვიდრე ოდესმე აქამდე. ყველა ჩვენგანმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნარკოტიკების გამყიდველებმა ამ სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირით ბოროტად სარგებლობა არ გააგრძელონ. 

ალექსის გუსდილი, EMCDDA-ს დირექტორი: COVID-19-მა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დაძაბული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობა გამოიწვია, რამაც სრულიად შეუცვალა ჩარჩო ჩვენს ცხოვრებას. ეკონომიკური კრიზისი მტკივნეულად შეეხო ევროკავშირის ქვეყანებს, რაც ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უფრო სუსტს გახდის ნარკოტიკების მოხმარებისა და ბაზრის ცვლილებების თვალსაზრისით და დააზარალებს მას. უფრო მეტიც: ნარკოტიკების ონლაინ გაყიდვები და დაცული საკომუნიკაციო აპლიკაციები უფრო შეუძლის ხელს სამართლის აღსრულებას მომავალში. პოსტ-პანდემიურ პერიოდში კონკურენცია გაიზრდება და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ძალადობა უფრო მოიმატებს. თუ ამ შედეგებსა და მოვლენებს ახლა გავიაზრებთ, ახლო მომავალში უფრო სწრაფად და ეფექტურად უპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც, დიდად სავარაუდოდ, შევეჩეხებით. 

 

EMCDDA-ს შესახებ

ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ცენტრი ევროპაში ნარკოტიკებზე ინფორმაციის მთავარი შემგროვებელი ორგანოა. 25 წელზე მეტია, ევროპის მასშტაბით EMCDDA აგროვებს, აანალიზებს და ავრცელებს სამეცნიერო ინფორმაციას ნარკოტიკებსა და მათზე დამოკიდებულებაზე, დამოკიდებულების გავლენაზე ჯანმრთელობაზე და დაინტესებულ საზოგადოებას აწვდის მონაცემებით გამყარებულ ინფორმაციას ევროპის მასშტაბით ნარკოტიკების გავრცელების ფენომენზე. EMCDDA-ს ოფისი ლისაბონშია და ის წარმოადგენს ევროკავშირის დეცენტრალიზებული სააგენტოებიდან ერთ-ერთს. მისი ამჟამინდელი დირექტორია ალექსის გუსდილი.  

 

ევროპოლის / Europol შესახებ

ევროპოლი არის ევროკავშირის ერთ-ერთი სააგენტო, რომლის მისიაა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარება უსაფრთხოებისა და სამართლის აღსრულების საკითხებში. ევროპოლის სათავო ოფისი ჰააგაშია, სადაც ამჟამად 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ევროპოლი უნიკალურ და განახლებად ინფორმაციას აგროვებს და ამუშავებს ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულებზე, კიბერდანაშაულსა და ტერორიზმზე.  ევროპოლი ევროკავშირის უსაფრთოხების ერთ-ერთი მთავარი ღერძია და იქ იყრის თავს ევროპაში მიმდინარე დანაშაულებრივი სქემები, მათი ანალიზი და ხელს უწყობს ქვეყნებს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროპოლის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორია ქეთრინ დე ბოლი.

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>