"> კაქტუსი | ხმამაღალი მუსიკის ზეგავლენა ყურთასმენაზე
 ხმამაღალი მუსიკის ზეგავლენა ყურთასმენაზე





ჯანდაცვა

ხმამაღალი მუსიკის ზეგავლენა ყურთასმენაზე




 აკადემიური ნაშრომი: Effects of Loud Music on Hearing ავსტრალიურ ორგანიზაცია Victorian Deaf Society-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამჟამად ორგანიზაციის სახელია Expression Australia, რომელიც სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს უჭერს მხარს

 

ხმამაღალი მუსიკის ზეგავლენა ყურთასმენაზე

თუ სმენა გაგიუარესდათ ან ყურებში შუილის შეგრძნება გაქვთ [რომელიც თითქოს გაბმულად ისმის], ვერც მუსიკის მოსმენით მიიღებთ სიამოვნებას. თუ მუსიკის ინდუსტრიაში მუშაობთ, შესაძლოა, ეს სამსახურით მიღებულ კმაყოფილებაზე და საჭირო თანხის გამომუშავების უნარ-ჩვევებზეც აისახოს.

ნებისმიერი პირი, ვისაც მაღალი რეგისტრის ხმების [რომლებიც 80 დეციბელს აჭარბებს] მოსმენა უწევს, სმენის დაზიანების რისკი აქვს. მათ შორის:

  • ღამის კლუბების/სასტუმროების თანამშრომლები და მუდმივი კლიენტები

  • პერსონალური მუსიკის მოსასმენი მოწყობილობების მქონეები

  • მუსიკოსები [კლასიკური და როკ მუსიკის სფეროში მოღვაწე ადამიანები]

  • აუდიო-ინჟინრები

  • მოცეკვავეები და აერობიკის ინსტრუქტორები

                                                               

რა არის ხმაური?

როდესაც ჰაერში რხევის მექანიკური წყარო ჩნდება, ბგერითი ტალღები  წარმოიქმნება. ბგერითი ტალღები ყურის სასმენ მილში აღწევს და დაფის აპკისა [eardrum] და შუა ყურში მდებარე სამი პატარა სასმენი ძვლის ვიბრაციას იწვევს. წარმოქმნილი ვიბრაცია შუა ყურში კიდევ უფრო ღრმად გადაიცემა იმ ადგილამდე, რომელიც სითხით არის სავსე და რომელსაც ყურის ლოკოკინა ჰქვია. სითხის ვიბრირებისას ყურის ლოკოკინაში [cochlea] პატარა თმების უჯრედები ირხევა და იხრება, რის შედეგადაც ელექტრონული იმპულსები წარმოიქმნება, რომლებიც სმენის ნერვის მეშვეობით თავის ტვინს გადაეცემა. თავის ტვინი ამ ნერვულ იმპულსებს ინტერპრეტირებს, როგორც ბგერას და მას ორ ძირითად მაჩვენებელში აღიქვამს; ესენია ბგერების სიხშირე [frequency] და ხმაურის ინტენსივობა [intensity].

ავტორი © ექიმი თამარ ობგაიძე 

ხმურის გავლენა სასმენ ორგანოზე

ადამიანის სასმენი ორგანო: ყური ისეა მოწყობილი, რომ ის საშუალო დონის ხმები დაამუშავოს, რომელიც ჩვენს ბუნებრივ გარემოში მუდმივად ისმის [მაგალითად, მშვიდი საუბარი]. თუმცა, დღეს ხშირად იქმნება ისეთი გარემოებები, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვიწევს ხმამაღალი ბგერების მოსმენა [მაგალითად, როკ-კონცერტები, ელექტრო-ინსტრუმენტები/დანადგარები, კლუბური გარემო, კაფე-რესტორნები და ა.შ.].

მაღალი ხმის დროებითი ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა, გადაიტვირთოს ადამიანის სასმენი სისტემა, რის შედეგადაც, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სმენის დაკარგვა ან წუილი ყურებში, რაც, ხშირად, ღამის განმავლობაში გადის.

თუ ადამიანი  მაღალი სიხშირის ხმებთან დიდ დროს ატარებს, სასმენი სისტემისთვის მიყენებული ზიანი სამუდამოა, შეუქცევადია და საბოლოოდ, არანაირ სამედიცინო თუ ქირურგიული ჩარევას არ ექვემდებარება.

აღნიშნული დაზიანება ყურის ლოკოკინაში არსებული თმის პაწაწინა უჯრედების დონეზე ხდება და ცნობილია, როგორც სმენის დაკარგვა [სასმენი ორგანოს ნერვის დაზიანება].

თავდაპირველად მაღალი სიხშირის ბგერების აღქმადობის უნარი ქვეითდება. თუ ადამიანი ხმამაღალ ბგერებს განმეორებით და დიდხანს უსმენს, შემდეგ უკვე ზიანდება უფრო დაბალი სიხშირის ბგერების აღქმის უნარიც.

 

სმენის დაზიანების სიმპტომები

სასმენი ორგანოს დაზიანების სხვადასხვა დონეები არსებობს. როგორც წესი, ადამიანები აღწერენ შემდეგ სიმპტომებს:

  • ცუდად ესმით ტელევიზორის ხმა

  • მკაფიოდ არ ესმით თანამოსაუბრის ნათქვამი

  • დამახინჯებულად ესმით მუსიკის ხმა

  • ცუდად იტანენ დაბალ ხმებსაც კი

  • აქვთ ტინიტუსი ანუ ხმაური/შუილი ყურებში [განმარტება იხილეთ ქვემოთ]

 

რამდენად მაღალია ზედმეტად ხმამაღალი? 

საქმიანობების მიხედვით, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციები წესდება მძიმე ინდუსტრიაში მომუშავე პირებისთვის, რომელთა სამსახური ნიშნავს ხმამაღალ გარემოში მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ყურისთვის სულ ერთია, “სამსახურის ხმაური” აწუხებს თუ “მუსიკის ან სხვა სასიამოვნო გარემოსი,” არსებობს კლასიფიკაცია, რომლებიც ხმაურის უსაფრთხო დონეებს გამოყოფენ.


ოკუპაციური ჯანმრთელობისა და უსაფრთოების რეგულაციები

აღნიშნული რეგულაციები ადგენს შემდეგს:

  • დასაქმების ადგილას 8 საათის განმავლობაში ხმაურის საშუალო დონე 85 დეციბელს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო ხმაურის ყველაზე მაღალი დონე - 140 დეციბელს

  • ვითარებაში, როდესაც ხმაურის დონე 3 დეციბელით იზრდება, უსაფრთხოდ ყოფნის პერიოდი ½-ით მცირდება

  • 88 დეციბელ ხმაურში ყოფნის დრომ 4 საათს არ უნდა გადააჭარბოს; 91 დეციბელ ხმაურში ყოფნამ 2 საათს და ასე შემდეგ.  


ხმაურის ლიმიტები

ხმის დონე დეციბელების / dB მიხედვით  ხანგრძლივობა
94 dB 1 საათი
91 dB 2 საათი
88 dB 4 საათი
86 dB 6 საათი
85 dB  8 საათი

წყარო: Victorian Workcover Authority

ქვემოთ მოყვანილ დეციბელების (dB) ცხრილში შედარებულია ზოგიერთი ჩვეულებრივი ხმა და ნაჩვენებია მათი რიგითობა იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ მათ პოტენციურად სმენის დაზიანება.   

 

ხმის დონეები და ადამიანის რეაქცია მათზე

სხვადასხვა სახის ხმები ხმაურის დონე   შედეგი / ზემოქმედება
საჰაერო იერიშის სირენა 140 დეციბელი მტკივნეულად ხმამაღალი

თვითმფრინავის აფრენა, რომელიც ისმის 100 მეტრის დაშორებით

130 დეციბელი მტკივნეულად ხმამაღალი 

პნევმატური საბურღი 3, 048 მეტრის დაშორებით. iPod-ი ჩართული ყველაზე მაღალ ხმაზე

110  დეციბელი

 

ძალიან/უკიდურესად ხმამაღალი 

ღამის კლუბის საცეკვაო მოედანი 90-105  დეციბელი ტელეფონით სარგებლობა რთულდება
გადატვირთული/ინტენსიური საგზაო მოძრაობა 85  დეციბელი სმენა დაზიანდება, თუ ასეთ ვითარებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა 8 საათს გადააჭარბებს
ხმაურიანი რესტორანი 70  დეციბელი ტელეფონით სარგებლობა რთულდება
ნორმალური საუბარი 60  დეციბელი შემაწუხებელი
წყნარი ოფისი 40 დეციბელი მშვიდი

 

ხმაურის დონე ცოცხალი მუსიკის შესრულების ადგილებში 

ცოცხალი შესრულებისას ხმაურის დონე, რომელიც ყურს აღწევს განსხვავებული იქნება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • გამოყენებულია თუ არა ხმის გამაძლიერებელი და რამდენად არის მუსიკა გაძლიერებული მისი მეშვეობით

  • ღონისძიების ადგილის ფართობი და სხვა ფიზიკური/აკუსტიკური მახასიათებლები;

  • რამდენად ახლოს დგას პირი დინამიკებთან/ ცოცხალ ინსტრუმენტთან

 

როგორ მოვუფრთხილდეთ ყურთასმენას

მას შემდეგ, რაც იცით, რა სიმძლავრის ხმაურში იმყოფებით და რა ხანგრძლივობით, საკმარისია იმის გამოანგარიშება, თუ რამდენად უნდა დაუწიოთ ხმას იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ მოექცეთ. ეს დაგეხმარებათ სმენის დაცვის შესაბამისი მოწყობილობის შერჩევაში. 

მაგალითი: ტოდი როკ-ბენდში დღეში საშუალოდ 4 საათის განმავლობაში უკრავს. ხმაურის დონე დაახლოებით 110 დეციბელს აღწევს. ხმაურის უსაფრთხო დონე 4-საათიანი პერიოდისთვის 88 დეციბელია [იხილეთ ცხრილი ზემოთ]. ამიტომ მას სჭირდება მოიძიოს სმენის ისეთი დამცავი, რომელიც ხმაურს შეამცირებს მინიმუმ შემდეგ მაჩვენებლამდე, 110-88=22 დეციბელი. 


სმენის დამცავი მოწყობილობები 

სმენის დამცავი ბევრი მოწყობილობა კომერციულად ხელმისაწვდომია. 

ბევრი მათგანი სპეციალურად შემუშავდა მძიმე ინდუსტრიაში მომუშავე პირებისთვის და შესაძლოა, ამიტომ გამოუსადეგარი იყოს მუსიკოსების განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, მუსიკოსების ყურში მოსათავსებელი ხმაურის დამხშობი მოწყობილობები (Musicians’ Earplugs) სპეციალურად მუსიკოსთა მოთხოვნილებების შესაბამისად შეიქმნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შემთხვევაში ბგერის ხარისხი აღქმადი უნდა იყოს, რომ სიამოვნება მიიღოს მუსიკოსმაც და მისმა მსმენელმაც. 

მუსიკოსებისთვის განკუთვნილი ხმაურის დამხშობი საცობები/ყურსასმენები კომფორტული და მოსახერხებელია, თუმცა, ის იმ ადამიანის აღქმის ხასისხაც ახშობს, ვინც მას ატარებს [რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს "ოკლუზიის ეფექტთან"].  [ხმის] სიხშირეების შედარებით თანაბრად შემცირების მიზნით, მოწყობილობაში სპეციალური ფილტრი თავსდება. შედეგად, ყურსასმენი ხმებს ისე აბალანსებს, რომ მხოლოდ ხმის დონეს ეწევა, მაგრამ მისი ხარისხი არ მცირდება და ის ჯეროვნად აღიქმება. 

მუსიკოსებისთვის განკუთვნილ ხმის დამხშობ ყურსასმენებს ბგერების სიხშირის შესუსტების სხვადასხვა ვარიანტები აქვთ, თუმცა ისინი ხმებს იმდენად ვერ ახშობენ/ასუსტებენ, როგორც მაგალითად სამრეწველო წარმოებაში მომუშავე პირებისთვის განკუთვნილი სმენის დამცავი მოწყობილობები [იხილეთ ქვემოთ]. თუმცა ერთჯერადი ყურის დამხშობი მოწყობილობებისგან განსხვავებით, შედარებით ძვირადღირებული მოწყობილობები მუსიკოსებისთვის ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისთვის - 12 თვემდე. ამის შემდეგ საჭიროა ფილტრების შეცვლა. 

სამრეწველო დაწესებულებებში ყურში მოსათავსებელი ხმაურის დამხშობები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, ერთი ზომისაა, ერთჯერადია და ქაფპლასტისგან არის დამზადებული. მათ კეცავენ და ცილინდრის ფორმის მიღების შემდეგ, ყურში ღრმად ათავსებენ, რომ ხმა ჩაახშოს. მუსიკალური ყურის დამცავების გამოშვებამდე, ისინი გამოიყენებოდა მუსიკაშიც.  


ხმის ჩამხშობებს უარყოფითი მხარეები აქვთ, კერძოდ კი:

მაღალ სიხშირეებს გაცილებით მკვეთრად ახშობენ და ცვლიან, ვიდრე დაბალ სიხშირეებს. ამის შედეგად, მუსიკას უფრო “ბრტყელია”, თითქოს “ერთ განზომილებაში” ისმის და ბასის ჟღერადობას იძენს. 

დიდხანს ტარების შემდეგ, ყურის დამცავი ოკლუზიის ეფექტსაც იწვევს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ვოკალისტებისთვის. გარდა ამისა, მათი დიდხანს ტარება დისკომფორტსაც იწვევს. 

მათ უპირატესობებს შორისაა შემდეგი: ეფექტურად ამცირებენ ხმის დონეებს და ადვილად ხელმისაწვდომია აფთიაქების უმეტესობაში.

Earmuffs ხმაურის ისეთი დამხშობია, რომელიც მთელ ყურის ნიჟარას ფარავს და თავის გარკვეულ ნაწილს ეყრდნობა და დისკომფორტს იწვევს. რაც უფრო ძლიერად ახშობს Earmuff ხმას, მით უფრო მჭიდროდ ეკვრის ის თავს და შემაწუხებელია. 

                                                 

                                                         სასმენი საშუალება Earmuff

Earmuffs-სა და earplugs-ს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველი ყურის ნიჟარის გარედან იცავს სასმენ ორგანოს, ხოლო მეორე - შიგნით თავსდება. Earmuff, ზოგადად, ზედმეტად ახშობს მაღალ სიხშირეებს, რის შედეგადაც მუსიკის ხარისხი ეცემა. ხმაურის გარეგანი დამხშობები, ყურის შიგნით მოსათავსებელი დამხშობებისგან განსხვავებით, კოსმეტიკური თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა, ეფექტურად ამცირებს ხმაურს. 


პორტატული მუსიკალური მოწყობილობები

30 წელს ქვემოთ ასაკის სტუდენტთა 19 პროცენტს პორტატული მუსიკალური მოწყობილობები აქვს. კომპანია Access Economics-ის მიერ მომზადებული ანგარიშის ‘Listen Hear’-ის მიხედვით, ოთხიდან ერთ ახალგაზრდას, რომელიც პორტატულ მუსიკალურ მოწყობილობებს იყენებს, შესაძლოა, სამუდამოდ დაუქვეითდეს სმენა, რისი მიზეზიც აუდიოს “გადაჭარბებული და დამაზიანებელი” სიმძლავრეა.

დიდხანს გამძლე ელემენტები უფრო და უფრო ახალისებს მომხმარებელს, რომ მუსიკას დიდხანს უსმინოს, ყურები კი სათანადოდ ვერ ისვენებს.  

თუ 85 დეციბელით ხმის მოსმენა უსაფრთხოდ შესაძლებელია 8 საათის განმავლობაში, მაშინ ხმის რა სიმძლავრეა უსაფრთხო iPod-ის შემთხვევაში? ხმაურის დოზების ლიმიტი სხვადასხვაგვარია იმის მიხედვით, თუ რას უსმენთ iPod-ით. 

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია მითითებები ყურში მოსათავსებელი ყურსასმენებით სარგებლბისას iPod-ის უსაფრთხოდ სარგებლობის შესახებ. 

 ხმის სიმძლავრის ლიმიტები iPOD-ისთვის

 
კონტროლის %-ის მიხედვით ცარიელი მოედნის ხმის ექვივალენტური ხმაური დეციბელებში ოპტიმალური ხანგრძლივობა დღის განმავლობაში
25 % 65 განუსაზღვრელი
30 % 68 განუსაზღვრელი
40 % 73 განუსაზღვრელი
50 % 81 განუსაზღვრელი
60 % 87 4.5 საათი
70 % 92 1.6 საათი
80 % 98 23 წუთი
90 % 106 4 წუთი
100 %  111 1 წუთი

წყარო: Fligor & Cox, მუსიკის მოსასმენი მცირე ზომის საშუალებები და ყურთასმენის დაზიანების რისკი

როდესაც iPod-ში ჩაწერილ მუსიკას ყურის შიგნით მოსათავსებელი ყურსასმენების [როგორებიცაა Etymotic ER-6-ის და Shure-ს ყურსასმენები] საშუალებით ვუსმენთ, აკუსტიკური მზომები აჩვენებს, რომ ყურის დაფის აპკთან ბგერის ინტენსივობის მაჩვენებელი 7 დეციბელით [dB] მაღალია. 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ სმენის დასაცავად?

  1. ყურებს რომ დასვენების საშუალება მისცეთ, რეგულარულად შეისვენეთ ყურსასმენებისგან;

  2. ერთი ნიშნულით მაინც ჩაუწიეთ ხმას. ხმის მცირედით შემცირებამაც კი შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ყურის დაზიანების რისკ-ფაქტორზე; 

  3. მოერიდეთ ხმის აწევას გარშემო არსებული სხვა ხმების, მაგალითად, მატარებლის ან საავტომობილო საცობის ხმების,  გადაფარვის მიზნით; 

  4. შეიძინეთ ხმაურის დამხშობი ყურსასმენები. ეს ხმის აწევის ცდუნებას დაგაძლევინებთ; 

  5. გაარკვიეთ თქვენი პერსონალური მოწყობილობისთვის [რომლითაც მუსიკას უსმენთ] ხმის დონის მაკონტროებელი პროგრამა [software] თუ არსებობს; 

  6. ნუ აუწევთ ხმას აიპოდს 60 პროცენტზე ზევით. 

გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს გარშემომყოფებს ყვირილი უწევთ, რათა ხმა გაგაგონონ, ე.ი. მუსიკა თქვენს სასმენ მოწყობილობაში ძალიან ხმამაღალია. 


რა შეიძლება გაკეთდეს სმენის  სენსონერვული დაქვეითების დროს?

თუკი სმენის დამცავ მოწყობილობას არასწორად იყენებენ ან საერთოდ არ იყენებენ,  დამდგარი ზიანი სამუდამოა.

იქიდან გამომდინარე, რომ მედიცინა ვერ კურნავს სასმენი ორგანოს ნევროლოგიურ დაზიანებას, სასმენი აპარატები სწორედ იმისთვის არის, რომ დაზიანებულმა ყურმა ნაწილობრივ მაინც შეძლოს გარკვეული ხმების მოსმენა და გარჩევა. სასმენი აპარატები ძველებურ, ჩვეულებრივ სმენადობას ვერ აღადგენს, თუმცა აძლიერებს სასმენი ორგანოს შერჩენილ უნარს გარკვეულწილად მაინც შეძლოს ბგერების აღქმა.


რა შეიძლება გაკეთდეს ტინიტუსთან [ყურებში ხმაურთან] დაკავშირებით?

ნებისმიერ ხმაურს, რომელიც ადამიანს ესმის ყურებში და რომელიც არ მომდინარეობს იმ გარემოდან, რომელშიც ის იმყოფება, ტინიტუსი ჰქვია, ანუ უცხო შუილი/ხმაური ყურებში. 

ტინიტუსს ბევრნაირად აღწერენ. მაგალითად, როგორც “რეკვის” ხმას, “ბზუილს”, “შიშინს”, “ზუზუნს”, დარტყმისას წარმოქმნილ ხმას ან ყველა ამ ხმის კომბინაციას. ტინიტუსი შესაძლოა იყოს სმენის დაზიანების სიმპტომი, რომელიც შემაწუხებელი ხმაურისგან არის გამოწვეული. არსებობს სხვადასხვაგვარი ტექნიკები, რომლებიც შესაძლებელია ასწავლონ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ ტინიტუსთან გამკლავებაში გარკვეული სირთულეები აქვთ. 

 

სტატია თარგმნა ნანა ნასყიდაშილმა. ნანა გამომძიებელი ჟურნალისტია. ის “სტუდია მონიტორში” მუშაობდა, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ნანამ სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>