ჯანდაცვა

მუსიკის ხმამაღლა მოსმენა vs. სმენის დაქვეითება




დავითი 13 წლის ასაკიდან უსმენს მუსიკას. მის ყურსასმენებში მუსიკის ხმის დონე ყოველთვის მაქსიმალური ან მასთან მიახლოებული იყო: სიამოვნებას მხოლოდ ხმამაღალი მუსიკა ანიჭებდა. ღამის კლუბიდან გამოსულს, ყურები მუდმივად უწუოდა და სმენის დაქვეითებაც იგრძნო. როცა ექიმთან მისვლა და მკურნალობა გადაწყვიტა, სასმენი ორგანო შეუმოწმეს და უთხრეს, რომ დაზიანებული ყური მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. ამიერიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდა: მუსიკის ხმისთვის უნდა ჩაეწია და დარჩენილი ყურთასმენაც შეენარჩუნებინა.  

“გამუდმებით მესმის წუილის ხმა, გაბმულად, სიჩუმეში ვიქნები თუ ხმაურში. სიჩუმეში განსაკუთრებით ხმამაღლა მესმის. თანდათან შევეგუე, მაგრამ ძალიან მაწუხებს,” - ამბობს დავითი, რომლის სახელი, მისი თხოვნით, შეცვლილია. “21 წლის ვარ და არ მეგონა, რომ ამ ასაკში პრობლემა შემექმნებოდა. გამოუცდელობის გამო მომივიდა.” 

 

ხმაურის რეგულირება შენობებში საქართველოში

2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებში ხმაურს არეგულირებს. სწორედ ამ ტექნიკურ რეგლამენტზე მოგვითითა თბილისის მერიამ წერილობით, როდესაც ვკითხეთ, რომელი წესი არეგულირებს თბილისის ღამის კლუბებსა და დახურულ დაწესებულებებში ხმაურის მაქსიმალურ დონეს.

ამ რეგლამენტის დანართის მიხედვით, რესტორნებში, ბარები და კაფეების დარბაზებსა და მსგავს სივრცეებში როგორც დღისით, ასევე ღამით ხმის მაქსიმალური სიმძლავრე 50 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. 50 დეციბელი დაახლოებით შხაპუნა წვიმის ან დიდი ელექტროგადამცემის მიერ გარემოში გამოცემული ხმის დონის ხმაურია. ღამის კლუბებში, სადაც დავითი და მისი მეგობრები, ასევე ათასობით სხვა ახალგაზრდა დადის, მუსიკის სიმძლავრე ან/და ფონური ხმაური ყოველთვის აღემატება 50 დეციბელს. 

 

თბილისის ღამის ეკონომიკა

თბილისის ღამის ეკონომიკა - ასე ჰქვია ფეისბუქ გვერდს პროექტისა, რომელსაც, სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, თბილისში მომუშავე ღამის კლუბების მხარდაჭერა და რეგულირება ევალება.

ილუსტრაცია აღებულია პროექტის ოფიციალური ფბ გვერდიდან

ჟურნალისტი და მუსიკალური პროდიუსერი სერგი გვარჯალაძე თბილისის მერის ერთ-ერთი მრჩეველი და ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერია. სერგიმ ღამის კლუბებში ხმის რეგულირებაზე და დასაშვებ დეციბელებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

 

 ორი ტენდერი "ღამის ეკონომიკის" სტრატეგიის შექმნაზე

თბილისისი ღამის ეკონომიკის კონცეფციის მოსამზადებლად საჭირო კომპანიის ასარჩევად ტენდერი თბილისის მერიამ ორჯერ გამოაცხადა. ორივე ტენდერის შემთხვევაში, დავალება თბილისის ღამის ეკონომიკის კონცეფციისა და გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა იყო, რომელიც ერთ-ერთი [და არა ერთადერთი] მნიშვნელოვანი ნაწილი “საკლუბო სცენის” კვლევა და მისი მართვის ხედვების ჩამოყალიბება უნდა ყოფილიყო. 

ორივე ტენდერის შემთხვევაში, მერიამ მონაწილე კომპანიები დაიწუნა.  

პირველი ტენდერი 2018 წლის 14 სექტემბერს გამოცხადდა და მისი ღირებულება 172`616.00 ლარი იყო. ამ ტენდერში ოთხმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა: ერნსტ & იანგმა [ხედვა და შეთავაზება], შპს კონსალთიმმა [ხედვა და შეთავაზება], ეისითისიმ და შპს Innova-მ. ოთხიდან ორი კომპანიის - ეისითისა და  შპს Innova-ს ხედვები ღამის ეკონომიკაზე სატენდერო ვებ-გვერდზე ატვირთული არ არის.

მეორე ტენდერში, რომელიც 2019 წლის 16 მაისს გამოცხადდა და რომლის ღირებულება 135`000.00  ლარი იყო, ერთადერთმა პრეტენდენტმა: “დელოიტი და ტუში” მიიღო მონაწილეობა. მერიისთვის ამ კომპანიის ღამის ეკონომიკის იდეური შეთავაზება 15 გვერდს მოიცავს, რომელიც, წინა შემთხვევის მსგავსად, დისკვალიფიკაციით დამთავრდა. 

შეთავაზებებში, რომელთაგანაც მერიის ტენდერში არც ერთს არ გაუმარჯვია, პრეტენდენტების დეტალური ხედვა ღამის კლუბებზე, იქ ხმის რეგულირებაზე ან/და სხვა დეტალებზე წარმოდგენილი არ ყოფილა.  სატენდეროდ წარმოდგენილი ხედვის ყველა დოკუმენტი ზოგადია.  

ფაქტობრივი ინფორმაცია იმაზე, თუ რომელ კლუბში ხმის სიმძლავრეების/დეციბელების რა ლიმიტები არსებობს, თბილისის მერიას ამ ეტაპზე არ აქვს.   

თბილისის ღამის ეკონომიკის გუნდის ერთ-ერთი წევრი, თიკო ჭუმბურიძე, ამბობს, რომ თბილისის ღამის ეკონომიკის სტრატეგიის დაწერილი ვერსია მერიაში არსებობს, მაგრამ ის ჯერ დამტკიცებული და გამოქვეყნებული არ არის. მისივე თქმით დოკუმენტი, დაახლოებით, 50-გვერდიანია, მისი გამოქვეყნებისა და პრეზენტაციის პროცესი კი ახალი კორონავირუსის პამდემიამ შეაფერხა. 

“ახალი კორონავირუსის გამო, მასში ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს. რაც შეეხება კლუბებში ხმაურის რეგულირებას - ჩემი აზრით, ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება და ჯანდაცვის სფერო უფროა. შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე აქცენტი [სტრატეგიის დოკუმენტში] არ გვქონია. ზოგადად, რაც კანონის კუთხით არსებობს,  ყველაფერი იმ რეგლამენტშია გაწერილი,” - ამბობს ჭუმბურიძე.

 

ხმაურის დონე თბილისის ღამის კლუბებში 

ნოდარ ბერიძე [ბერო] კლუბის “მტკვარზე” თანადამფუძნებელი და დიჯეია. კლუბის “მტკვარზე საცეკვაო მოედანი დაახლოებით 90 კვადრატულ მეტრამდეა. ხმის სიმძლავრის დეციბელმზმომი კი, რომელიც, ნოდარის თქმით, კლუბის მენეჯმენტმა თვითონ დააყენა, დიჯეის მაგიდის წინ დგას. ნოდარის თქმით, ხმის სიმძლავრის მრიცხველს დიჯეი და ხმის ოპერატორი მუდმივად აკონტროლებენ.  

“100 დეციბელს არ ვაცილებთ,” - ამბობს ნოდარ ბერიძე.

ნოდარ ბერიძე აღნიშნავს, რომ კლუბის მენეჯმენტმა ხმის დონის ლიმიტი თვითონ დააყენა. “თბილისის ღამის ეკონომიკის” გუნდიდან ან სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლიდან კლუბის მენეჯმენტს ამაზე მოლაპარაკება და შეთანხმება არ ჰქონიათ. 

ხმის სიმძლავრესთან ერთად, მნიშვნელოვანია პერიოდი, რომლის განმავლობაში მსმენელი ამა თუ იმ სიმძლავრის ხმის ფონზე ატარებს დროს. ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ მის კლუბში მუსიკალური ღონისძიებები შუაღამის 12 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. 

Dance floor-ზე, ვინც ახლოს მიდის დინამიკთან, იქ მთელი ღამე არ ჩერდება. ხალხის ნაწილი კი dance floor-ის ისეთ ნაწილში არის, რომელიც დიდად [ხმის სიმძლავრით] გადატვირთული არ არის ხოლმე,” - ამბობს ბერიძე. - “დიჯეები ყურის დამცავებს თავისთვის ყიდულობენ. დიდი სტაფი გვყავს: ბარმენები, დაცვა; მათ არ აქვს დამცავი საშუალებები, რადგან ისინი არ არიან სისტემატურად [დინამიკებთან] ახლოს.”

 

საერთაშორისო რეგულაციები

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, 15 წუთზე მეტხანს 100 ან 115 დეციბელის სიმძლავრის ხმაურის ფონზე ყოფნა, თუ სასმენი ორგანო შესაბამისად დაცული არ არის,  ყურისთვის მავნებელია და შესაძლოა, მისი დაზიანება გამოიწვიოს. 

წყარო: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, CDC; პირდაპირი წყარო - CDC Noise Regulations


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, დღეში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 85-110 დეციბელი სიმძლავრის ხმაური, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ, ყურის დაზიანებას გამოიწვევს. იგივე ეხება ყურსასმენებით მუსიკის მოსმენასაც. 

წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, WHO, პირდაპირი წყარო - WHO Noise Recommendations

ხმაური და სმენის ორგანო 

როდესაც ჰაერში რხევის მექანიკური წყარო ჩნდება, ბგერითი ტალღები  წარმოიქმნება. ბგერითი ტალღები ყურის სასმენ მილში აღწევს და დაფის აპკისა [eardrum] და შუა ყურში მდებარე სამი პატარა სასმენი ძვლის ვიბრაციას იწვევს. წარმოქმნილი ვიბრაცია შუა ყურში კიდევ უფრო ღრმად გადაიცემა იმ ადგილამდე, რომელიც სითხით არის სავსე და რომელსაც ყურის ლოკოკინა ჰქვია. სითხის ვიბრირებისას ყურის ლოკოკინაში [cochlea] პატარა თმების უჯრედები ირხევა და იხრება, რის შედეგადაც ელექტრონული იმპულსები წარმოიქმნება, რომლებიც სმენის ნერვის მეშვეობით თავის ტვინს გადაეცემა. თავის ტვინი ამ ნერვულ იმპულსებს ინტერპრეტირებს, როგორც ბგერას და მას ორ ძირითად მაჩვენებელში აღიქვამს; ესენია ბგერების სიხშირე [frequency], რომლის საზომი ერთეულია ჰერცი და ხმაურის ინტენსივობა [intensity], რომლის საზომი ერთეულია დეციბელი.

ადამიანის სმენის ორგანო: ყური ისეა მოწყობილი, რომ ის საშუალო დონის ხმები დაამუშავოს, რომელიც ჩვენს ბუნებრივ გარემოში მუდმივად ისმის.  

ყურთასმენის დაზიანება სამუდამოა.

თუ ადამიანის სასმენი ორგანო - ყური დაზიანდა, დაკარგული სმენა ვერ აღდგება. აღნიშნული დაზიანება ყურის ლოკოკინაში არსებული თმის პაწაწინა უჯრედების დონეზე ხდება და ცნობილია, როგორც სმენის დაკარგვა [სასმენი ორგანოს ნერვის დაზიანება]. თავდაპირველად მაღალი სიხშირის ბგერების აღქმადობის უნარი ქვეითდება. თუ ადამიანი ხმამაღალ ბგერებს განმეორებით და დიდხანს უსმენს, შემდეგ უკვე ქვეითდება უფრო დაბალი სიხშირის ბგერების აღქმის უნარიც.

დღითი-დღე ჩნდება და ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ახალ-ახალი ტექნიკური საშუალებები სმარტფონებისა და MP3 მუსიკალური ფაილების ფლეერების სახით, რომელიც მუსიკის მოსმენის სიამოვნებასთან ერთად, სმენის დაქვეითების ან მისი სამუდამო დაკარგვის რისკის წინაშე გვაყენებს; იმართება ივენთები ღამის კლუბებში, ბარებსა და სპორტულ ივენთებზე, სადაც ხმაურის დონე ხშირად უსაფრთხო ლიმიტებს აღემატება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებით, უსაფრთხო სმენის უნარ-ჩვევების ნაკლებობის გამო, მსოფლიოში 1.1 მილიარდი ადამიანი სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. 

“ზოგადად, მიყვარს მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, მაგრამ ვიცი, რომ საზიანოა და ვცდილობ, მოვარიდო ჩემი თავი მაგ ყველაფერს. ყველას ვერ მივახვედრებთ იმას, რომ ყურსაცავი გაიკეთონ: უნდათ, ბოლომდე შეიგრძნონ vibe და განიცადონ ყველაფერი, მაგრამ მაგ vibe-ებში საკუთარ ჯანმრთელობას ცვლიან. რთული იქნება, რომ ყველას მიაწვდინოთ ხმა, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი პროცედურაა,” - ამბობს 21 წლის დავითი.

22 წლის ეკა ხმის ინჟინერიას სწავლობს და ღამის კლუბებშიც ხშირად დადის. 

“განსაკუთრებით მაშინ, როცა კლუბიდან გამოვიდოდი, სახლში მივიდოდი და დავწვებოდი, ხმა ჯერ კიდევ წუოდა ყურში,” - ამბობს ეკა, რომლის სახელი, მისი თხონით, შეცვლილია. 

უფრო ფრთხილი ეკა მას შემდეგ გახდა, რაც მუსიკის ინჟინერიის კურსებზე, მასწავლებელმა უთხრა, რომ თუ ყურს არ გაურთხილდებოდა, მუსიკის სფეროში ვერ იმუშავებდა.

“აუცილებლად, ყოველთვის იხმარე დამცავები, როდესაც კლუბში წახვალო, მითხრა  მასწავლებელმა,” - ამბობს ეკა.

მაღალი ხარისხის ყურის დამცავები, ეკას თქმით, ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, არსებობს შუალედური და უფრო მცირებიუჯეტიანი საშუალებებიც.

“დამცავების ყველაზე კარგ ვარიანტს შენი ყურის ფორმას არგებენ. მასეთი მოწყობილობის ფასი რამდენიმე ასეული დოლარია. არის უფრო ბიუჯეტურები, 20-25 დოლარის ღირებულების, მაგრამ თუ ვინმეს არც მაგდენის საშუალება აქვს, ბიუჯეტური ვარიანტები არის თბილისშიც, აფთიაქებში და დაახლოებით 5 ლარი ღირს,” - ამბობს ეკა. 

 

უსაფრთხო მოსმენა

2015 წლის 3 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Make Listening Safe / გახადე მოსმენა უფრო უსაფრთხო ინიციატივა წამოიწყო და ტექნიკური დეტალები ამსახველი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც აღწერს სასმენ აპარატურას, რომლებიც ხმის სიმძლავრის მარეგულირებლებითა და ფილტრებითაა აღჭურვილი და რომლებიც სასმენ ორგანოს იცავს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უსაფრთხო მოსმენა არის კვირის განმავლობაში მუსიკის ან აუდიოს მოსმენა 40 საათის განმავლობაში გადანაწილებულად, რომლის სიმძლავრე არ აჭარებებს 80 დეციბელს.  მნიშვნელოვანია მცირე პერიოდში დიდი სიმძლავრის მუსიკის დატვირთვით გამოწვეული გავლენაც: 16 წუთის განმავლობაში 100 დეციბელი სიმძლავრის აუდიოს თუ მუსიკის მოსმენას იგივე გავლენა აქვს სმენაზე, როგორც 80 დეციბელი სიმძლავრის მუსიკის ან ხმაურის მოსმენას 40 საათის განმავლობაში. 

უსაფრთხო სმენის გამაფრთხილებლით აღჭურვილი მუსიკის ან აუდიოს სასმენი საშუალება მსმენელს ან ეკრანზე უჩვენებს უსაფრთხო მოსმენის დღიურ დოზას, ან ხმით ამცნობს მას ყოველი დღისა და კვირის ბოლოს.  თუ მომხმარებელი ხმას უსაფრთხო ლიმიტზე მაღლა სწევს, მოწყობილობა ხმის აწევის საშუალებას არ იძლევა.  

 

ხმის სიმძლავრეები საკლუბო სივრცეში 

მუსიკის ხმის გამაძლიერებელ ლაუდსპიკერთან ახლო რადიუსი ის ადგილია, სადაც მუსიკა ყველაზე მძლავრია და ზოგიერთი მსმენელისთვის იქ დგომა განსაკუთრებით სასიამოვნოა, მუსიკის აღქმისა და სიამოვნების მიღების თვალსაზრისით.  

“რაც უფრო ახლოს ვარ დინამიკთან მით უფრო ჰედონისტური გრძობებით ვარ სავსე, თავისი ხიბლი აქვს მარჯვენა და მარცხენა დინამიკთან ცეკვას,” - ამბობს ესმა შონია, 22 წლის სტუდენტი, რომელიც ღამის კლუბებსა და მუსიკალურ ფესტივალებს 18 წლის ასაკიდან სტუმრობს. - “ივენთის შემდეგ, გარეთ რომ გავდივართ - მეც და ბავშვებსაც, ხმები ჩაგვესმის ხოლმე. აი, მეტროთი როცა ვმგზავრობ, თვითონ მეტროს ხმაც რაღაც ტრეკად ჩამესის და ვცდილობ ხოლმე, ამ ზუზუნში, ახალი მელოდია ავაწყო. გონებაში დაახლოებით იქამდე ჩამყვება ეგ ხმები, სანამ არ დავიძინებ.”

კითხვაზე, იყენებენ თუ არა მისი მეგობრები ყურების დამცავ მოწყობილობებს, ესმა პასუხობს: “ჩემი აზრით, მაგას იშვიათად თუ აკეთებს ვინმე, რადგან დინამიკებისკენ გავრბივართ, სადაც ხმა უკეთ ისმის.” 

სფეროს სისტემური მიმოხილვის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სახელმწიფო აღმასრულებლის [Health and Safety Executive, HSE] ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ლაუდსპიკერიდან 3 მეტრი ის ოპტიმალური მანძილია, რაც მსმენელმა უნდა დაიჭიროს, 1 მეტრზე ახლოს კი მასთან სტუმრების მიშვება სასურველი არ არის.  

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სასურველია, რომ კლუბში ხმა ისე იყოს გადანაწილებული, რომ არ იყოს ე.წ. “ცხელი წერტილები”, სადაც ხმა განსაკუთრებით მაღალია. ლაუდსპიკერები საცეკვაო მოედნისკენ უნდა იყოს მიმართული და კლუბისა თუ ბარის მუშაკები შედარებით დაცულნი იყვნენ. ავსტრალიური სახელმწიფო მარეგულირებლის, WorkSafe-ის რჩევით, ბარებსა და ხმაურიან ადგილებში სასურველია ხმის შთანმთქავი ფენების არსებობა, რომლებიც ხმას იწოვს და მის არეკვლასა და გადაცემას უშლის ხელს.  

“[თბილისის] კლუბებში ოთხწერტილოვანი საუნდ-სისტემაა მოწყობილი და ხმა მაინც იმ სიმძლავრით “ურტყამს” ყურს, ძალიან შორს თუ არ წახვედი, სადაც “ოთხი წერტილი” უკვე რჩება; შეიძლება, ყური მოარიდო ამ დატვირთვას. უშუალოდ დენსფლორს რაც ეხება, სადაც არ უნდა იდგე, ყველგან ერთი და იგივე ხმოვანი დატვირთვაა. შუაში - ნაკლები, ვიდრე წინ და უკან, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საზიანოა ყურისთვის. შემდეგ, კლუბიდან რომ გამოდიხარ, ხმა ჩაგესმის და გაწუხებს. ეგ სჭირს ყველას,” - ამბობს 21 წლის დავითი, რომელიც ღამის კლუბების ხშირი სტუმარია. 

მუსიკის უსაფრთხო სმენის სისტემური მიმოხილვის დოკუმენტში მოხსენებული რამდენიმე ავტორის აზრით, სასურველია, რომ ხმაურიანი გასართობი და დასასვენებელი ადგილების მთელი ფართობის დაახლოებით 25% შედარებით ჩუმი იყოს. ამ ადგილებში ხმაურის სიმძლავრის ნაკადი ყოველ 5 წუთში 85 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს [რომელიც დაახლოებით თმის საშრობის ხმის ექვივალენტურია]. ამ მაჩვენებელს არაერთი ავტორი და სპეციალისტი ეთანხმება. თუმცა, მათივე თქმით, ამ თეორიის პრაქტიკაში განხორციელება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით პატარა კლუბებში.  ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბევრი კლუბი თუ ბარი თავდაპირველად სხვა დანიშნულებით იყო აშენებული, მათი ცვლილება და გარდაქმნა კი მეპატრონეებისთვის დამატებითი და არაპრაქტიკული ხარჯებია.  

თბილისის ღამის გასართობი და საცეკვაო კლუბების შემთხვევაშიც ასეა: მათი უმეტესობა თავის დროზე სხვა დანიშნულებით აშენდა და მოგვიანებით გადაკეთდა გასართობ ადგილებად. მიღებისთანავე შემოგთავაზებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც თბილისის პოპულარული კლუბების - “ბასიანის,” “ხიდის,” “კაფე გალერისა” და “მტკვარზე” მენეჯმენტს და ქუთაისის კლუბ “რეფლექტორის” მენეჯერს 3 თვის წინ გავუგზავნეთ. 

კითხვებზე მხოლოდ კლუბის “მტკვარზე” მენეჯმენტმა გვიპასუხა. კლუბის თანადამფუძნებელმა და დიჯეიმ, ნოდარ ბერიძემ, გვითხრა, რომ მათთან კლუბის ხმის სიმძლავრე არასოდეს არავის შეუმოწმებია. 

დავითი, 21 წლის მსმენელი და ღამის კლუბების ხშირი სტუმარი, ამბობს, რომ საჭიროა რეგულაციების შემოღება და ყურთასმენის დაზიანებაზე ცნობიერების ამაღლება.  

“ჩემი აზრით, ყველა სივრცეში, სადაც მუსიკა იკვრება და ისმის, აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ლიმიტი. სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა სიმძლავრის ხმაა და მართლა ზიანდება ადამიანის ყური. ქართულ კლუბებში ჟღერადობა ძალიან მომწონს, მაგრამ ეს ეხება მუსიკის ხარისხს. სიმძლავრეს კი შეუწუხებივარ. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ კლუბიდან რომ გამოვდივარ, ეგრევე მაწუხებს. ჩემი აზრით, ყველა კლუბში ერთი სტანდარტი უნდა დაიჭირონ და იმას არ უნდა გადააჭარბონ,” - ამბობს ის. 

დავითი დიჯეობას აპირებს. სანამ კლუბები, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, დახურულია, ის სახლიდან მეცადინეობს.

“ყურსასმენებზეც და საუნდზეც ლიმიტი აყენია, რის შემდეგად ხმა არ იწევა. ყურის დამცავსაც შევიძენ აუცილებლად. აქამდე არ ვიყენებდი, არ ვუყურებდი სერიოზულად. პანდემია რაც დაიწყო, კლუბებიც დაიხურა და შესაბამისად, არსად ვყოფილვარ.” 

ანდროიდისა და აიოსის უფასო Decibel X ან სხვა მსგავსი აპლიკაციების ჩამოტვირთვით გარემოს ხმაურის დეციბელებში გაზომვა სმარტფონითაც შეიძლება. 

 

ამავე თემაზე:

♦  ხმამაღალი მუსიკის გავლენა ყურთასმენაზე

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>