ჯანდაცვა

მარიხუანა. კრიზისი. გამოსავალი




19 წლამდე არაფერს მოვიხმარდი. ერთ დღესაც ბიჭი გავიცანი. მითხრა, მოსაწევი [მარიხუანა] მაქვსო. ცოტა გაუკვირდა, როცა ვუთხარი, რომ იქამდე გასინჯული არ მქონდა. თავიდან ცუდი არაფერი უქნია. მომწონდა. მამხიარულებდა. ხასიათს მისწორებდა. ვერანაირ ცუდ გავლენას ვერ ვხედავდი.  

კვირაში 2-3-ჯერ მოვიხმარდი, შემდეგ - ყოველდღე. ზოგჯერ დღეში ორჯერაც. შემდეგ წავედი ჩეხეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამით: იქ საერთოდ არაფერს ვიღებდი. ყიდვის შანსები იყო, მაგრამ როგორც სტუდენტი, ფულს ვზოგავდი. ჩეხეთიდან რომ დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ საერთო ნაცნობს მოჰყავდა მარიხუანა. “სასტავში” აღმოგვანჩდა ბევრი, უფასოდ და მაშინ, როცა გვინდოდა.  

პრაღიდან ჩამოსვლის შემდეგ ორი თვე არ ვმუშაობდი. სახლში ვიჯექი. დღეში ორჯერ  ვეწეოდი მარიხუანას. მოწევიდან მეორე დღეს რომ გავიღვიძებდი, თავი მტკიოდა ან მოთენთილობის შეგრძნება მქონდა. ფიქრი ისევ იქით მიდიოდა: ‘მარიხუანა მიშველის’. 

ისევ მოვწევდი. მიშველიდა. დავიძინებდი.

საშინელი უძილობა დამეწყო. ხანდახან, როცა ვერ ვიძინებდი, მოვწევდი და ისევ ჩამეძინებოდა. ზოგჯერ დოზაც არ მყოფნიდა. დავამატებდი. მოვწევდი. ისევ ვიძინებდი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ორი თვე ასე ვიყავი. ის ფაქტი მომწონდა, რომ პირდაპირ და კარგად ვიძინებდი, მაგრამ მეორე დღეს რომ ვიღვიძებდი, ძალიან ცუდად ვიყავი: 

გაბრუებული, არაფრისმაქნისი, უხალისო. 

საშინელი უძილობა დამეწყო. ამან კიდევ უფრო მეტად იმოქმედა ჩემს ნევროზზე. არ ვკითხულობდი, არაფერს არ ვუყურებდი. საერთოდ არაფერს ვაკეთებდი.  

მოწევის შემდეგ უფრო მწვავედ ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, ვიდრე სიფხიზლეში. 22 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ არ მქონდა ნორმალური ხელფასი და სამსახური. ვნერვიულობდი იმაზე, რომ ჩემს შეყვარებულთან ვცხოვრობდი და ამას ჩემს მშობლებს ვუმალავდი. მივხვდი, რომ ამის გამო ძალიან ბევრს ვიტყუებოდი. შემდეგ ამ ყველაფერს განვიცდიდი. ვფიქრობდი, რომ ამაში არაფერი არ იყო დასამალი.

ახლაც ასე ვფიქრობ. 

ჩემს შეყვარებულსაც ვერ ველაპარაკებოდი ამ ყველაფერზე. ჩავიკეტე. ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ  ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ვფიქრობდი, მინდოდა კი ეს ადამიანი? მის მიმართ ჩემი გრძნობები ეჭვქვეშ დავაყენე. სრული ქაოსი მქონდა თავში.  

მარიხუანის მოწევამ ძალიან იმოქმედა ჩემს მეხსიერებაზეც. [რესპონდენტის] ჩაწერაზე რომ მივდიოდი, ხომ ვიცოდი, რომ რესპონდენტს სახელი და გვარი უნდა ჰკითხო, რომ ტიტრზე დაადო? - მავიწყდებოდა. 

სამსახურში შენიშვნას მაძლევდნენ. ოპერატორს ვთხოვდი, რომ თუ მე დამავიწყდებოდა, შეეხსენებინა. სამჯერ, ოთხჯერ ასე დამავიწყდა. შემდეგ უკვე ყველაფერს ვინიშნავდი.

სამსახურში დამტენი ტელეფონზე მქონდა შეერთებული. გარეთ რომ გავდიოდი, შესაძლოა, ჩანთაში ჩამედო, მაგრამ მაგიდიდან კარამდე მისვლამდე მავიწყდებოდა, ჩავიდე თუ არა ჩანთაში. შევამოწმებდი და იდო. მივიდოდი სამსახურის ჭიშკრამდე და ისევ მავიწყდებოდა, ჩავიდე თუ არა.  

ავტობუსში რომ ავდიოდი და ბარათს ვადებდი, ხუთ წუთში მავიწყდებოდა.  მეორედ მივადებდი და ვხედავდი, რომ უკვე შევასრულე ეგ ოპერაცია. ჩემივე თავის მრცხვენოდა.  

მახვილი ვიზუალური მეხსიერება მქონდა: რასაც წავიკითხავდი ან ვნახავდი, მარტივად ვიმახსოვრებდი. ისიც კი მახსოვდა, რა რომელ გვერდზე იყო. ეგ თვისება საერთოდ დამეკარგა.   

ამ ყველაფერმა ჩემს აკადემიურ მოსწრებაზეც იმოქმედა: საერთოდ ვერ ვუდებდი გულს სწავლას. ძალიან დემოტივირებული გავხდი. იმ სემესტრში სპეციალურად მარტივ საგნებს ვიღებდი, რომ მსუბუქად გავმძვრალიყავი. 

მინდოდა სულ ვწოლილიყავი. მომეწია. მუსიკისთვის მესმინა. მეტი არაფერი. მინდოდა, მარიხუანის მოწევა შემემცირებინა და ალკოჰოლით ჩავანაცვლე. სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად არ მომწონდა, რომ ვთვრებოდი. გასულ ზაფხულს უკვე გადავედი იმ რეჟიმზე, რომ ყოველდღე ვსვამდი.

შესაძლოა, მეცადა და ერთი დღე არ მომეწია მარიხუანა, მაგრამ ვერ ვიძინებდი. ღამეებს ვათენებდი. ალკოჰოლმა გარეგნობაზეც იმოქმედა. 60 კილოდან 48-ზე ჩამოვედი. თმებიც დამცვივდა. ახლა ისე ვიყოფ ხოლმე თმებს, რომ სითხელე არ გამომიჩნდეს. წინ საშინლად დაცვენილი მაქვს.  

ვისკიზე გადავედი. სუიციდური ფიქრებიც გამიჩნდა. სხვათა შორის, მოწევაზე მეტად, ნასვამზე უფრო ვფიქრობდი ხოლმე სუიციდზე. ამას სტაბილურად ემატებოდა ოჯახური პრობლემები: ჩემი თინეიჯერი დის კრიზისები.  

შემდეგ ჩემს დას ჰქონდა სუიციდის მცდელობა. კლასში გარეგნობაზე დასცინოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ‘ძან დიდი ცხვირი ჰქონდა.’ ფიზიკა ან მათემატიკა რომ არ გამოსდიოდა კარგად, მასწავლებელი ეუბნებოდა: ‘დებილი ხარ. რა უნდა ამას, როგორ არ გესმის.’

შემდეგ ჩემი და მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე სცემა. ეს გადამწყვეტი იყო მისთვის: სახლში გაიქცა და იმ დღეს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო სახალხოდ ცემა. მეორე დღეს ყველა კლასელმა ჩვენება შეცვალა: არც ერთმა კლასელმა არ დაიცვა ჩემი და. მასზე ასე ლაპარაკობდნენ: ეს ხომ ისაა, სუიციდი რო სცადაო. ისე ექცეოდნენ და უყურებდნენ, როგორც ავადმყოფს. მასწავლებელი პოლიციის ნათესავი იყო და გამოძიება არ დაწყებულა. ამან კიდევ უფრო დათრგუნა ჩემი და.   

სკოლაში მარტოსული იყო, არავინ ემეგობრებოდა. მამაჩემი ადანაშაულებდა: როგორც ხდება ხოლმე. ჩემი და მწერდა, [მამა] ვითომ ჩემკენ არის, მაგრამ მაინც წამომაყვედრებს ხოლმეო. ’ნორმალური ბავშვი არ ხარ შენ. ის ნორმალურია,’ -  აყვედრიდა მამაჩემი. დედაჩემი უფრო მისმენდა, როცა ვეუბნებოდი, რომ ბავშვის დადანაშაულება არ ღირს.

შემდეგ სოციალური მუშაკი ჩაერია. ფსიქოლოგთან ჩაგვყავდა სენაკიდან ფოთში. შემდეგ ისევ ჰქონდა სუიციდის მცდელობა და უკვე მე, კატეგორიულად მოვთხოვე ჩემს მშობლებს, რომ საჭირო იყო მისი სენაკიდან წამოყვანა: გარემო პრობლემა იყო. 

თბილისში სკოლა ვიპოვეთ. იქ მასზე არავინ არაფერი იცის. ახლა ბევრად კარგად არის. ფსიქოთერაპევტიც ძალიან დაეხმარა. ახლა იმ ამბებზე ნაკლებად ფიქრობს.  ჩემი და ძალიან მიყვარს. მისი მდგომარეობა ძალიან განვიცადე. სუსტი რომ ვყოფილიყავი, მას ვერ დავეხმარებოდი. ყველა ის ფაქტორი, რაც ჩემს სისუსტეს იწვევდა, უნდა ჩამომეშორებინა. 

ჩემი დის კრიზისის პერიოდში, - დაახლოებით ერთი თვე, არ გავკარებივარ მარიხუანას.  დასალევს [ალკოჰოლს] ვსვამდი, მხოლოდ პარასკევს. მარიხუანა ჩვენი სამეგობროს შეკრების დროს განუყოფელი ნაწილია. მეგობრები გამუდმებით მთავაზობდნენ. ამიტომ [ერთ თვეზე] მეტი ვერ ჩავაგდე. 

როდესაც აქტიურად მოვიხმარდი: თვეები ყოველდღე, ისეთს ვეწეოდი, რომელიც ძალიან მსტრესავდა. მძიმე პარტია იყო.  ვიცი, რომ ჩემს მეგობარს იმ დროს ის ერთი ჯიში ჰქონდა მოყვანილი: ახლო წყარო იყო და გვიყვებოდა. სხვათა შორის, სხვა მეგობრებიც ამბობდნენ, რომ ის ჯიში ძალიან მძიმე იყო. 

[მარიხუანის] ჯიშების თემაც არის: მოხმარებაში მიხვდი, რომ არის მძიმე პარტია, რასაც ცუდი ფიქრებისკენ მივყავდი; იყო სხვა ჯიშები, რომლებსაც ენერგიაზე მოვყავდი. ლაპარაკი მინდოდა, ცეკვა მინდოდა, წერა მინდოდა. თავს უფრო ლაღად ვგრძნობდი.

ადრე ვამბობდი, რომ აი, რას უნდა ვნებდეს? - არაფერს. მაგრამ ჩემივე გამოცდილებიდან, ძალიან აქტიური მოხმარება საშინელ შედეგებს იწვევს. დარწმუნებული ვარ, რომ რომ გამეგრძელებინა - და შემეძლო, გამეგრძელებინა, იმიტომ, რომ უფასოდ მაწვდიდნენ, - ახლა კიდევ უფრო ცუდად ვიქნებოდი. 

დროზე გავჩერდი.  

თავიდან, მეგობრები რომ მოდიოდნენ, იკრიბებოდნენ და ეწეოდნენ ჩემთან. მე აღარ ვეწეოდი. მეუბნებოდნენ, ‘ვა, როგორ შეგიძლია მოთმენა?’ თავიდან მოთმების ხარჯზე ვიყავი მასე. ახლა უკვე აღარ მინდება. ახლა ისე ვარ, რომ სამ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ შეიძლება მოვწვიო.  მეტჯერ არა. დასალევზეც იგივე სიხშირით. 

საბოლოო ჯანმში, მარიხუანა თავის ტვინზე მოქმედებს. ძილის პრობლემა მქონდა საშინელი, შემდეგ - შფოთვები. ძალიან მიჭირდა დამშვიდება.  ფსიქოთერაპევტთან იმიტომ მივედი, რომ მივხვდი, დამშვიდება მჭირდებოდა. თერაპევტმა წამალი დამინიშნა, რამაც ძალიან გამომისწორა ძილი.  

ახლა საღამოს ადრე ვიძინებ. დილით ადრე ვიღვიძებ. ვარჯიშიც დავიწყე სახლში, რომ ფიზიკურად უფრო აქტიური ვიყო. ვთვლი, რომ ახლა მარიხუანაზე არ ვარ დამოკიდებული.  

ვისურვებდი, რომ მეტი ინფორმაცია მქონდეს იმ მარიხუანაზე, რასაც ვეწევი. რატომ არა? ახლა, რეალურად, არაფერი ვიცი. დილეტანტი ვარ. ვიცი, რომ სიძლიერის მხრივ, ჯიშებშია განსხავება. ზოგს აუცილებლად კარგ ხასიათზე მოჰყავხარ, ზოგს - აუცილებლად ცუდზე.  

სხვა არაფერი ვიცი.  

 

♦ კანაფის პროდუქტებსა და საკუთარ გამოცდილებაზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ამ ისტორიის გმირს, ეფუძნება მის გამოცდლებას, მიღების ჩვევებს და ვერ განზოგადდება სხვა ადამიანებზე. თრობის ნებისმიერ საშუალებას ყველა ინდივიდზე სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს და დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკზე, სხეულის წონაზე, სითხის მიღების სიხშირეზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.  

 სამეცნიეროდ დადასტურებული ინფორმაცია  კანაფი - მცენარის პროფაილი; წყარო: წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი, EMCDDA

♦ თარგმანი კანაფის ერთ-ერთ შემადგენელზე - კანაბიდიოლზე [CBD] ნახეთ ხუთ ნაწილად:

  1. კანაბიდიოლის ძალა [პირველი ნაწილი]

  2.  კანაბიდიოლის ძალა [მეორე ნაწილი]

  3.  კანაბიდიოლის ძალა [მესამე ნაწილი]

  4. კანაბიდიოლის ძალა [მეორე ნაწილი]

  5. კანაბიდიოლის ძალა [მეხუთე ნაწილი]

♦ ილუსტრაცია © თინა ჩერტოვა / Cactus Media

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>