ჯანდაცვა

ნიშნავს თუ არა COVID-19-უარყოფითი სრულფასოვან გამოჯანმრთელებას?




ახალი კორონავირუსის პანდემიის მერვე თვეს ამ ინფექციის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გავლენას ჯერ კიდევ მხოლოდ სიკვდილობის მაჩვენებლით ვზომავთ. იმ პაციენტების ჯანმრთელობას  კი, რომლებიც კლინიკებში არ მიჰყავთ და რომლებიც ‘მსუბუქ’ შემთხვევებად ითვლებიან, არავინ ადევნებს თვალს. 

გამოჯანმრთელებად ითვლება ჰოსპიტლიდან გაწერა და ახალი კორონავირუსის ტესტირების უარყოფითი პასუხი.  არავინ ზომავს იმას, თუ როგორ მიმდინარეობს პაციენტის ჯანმრთელობის შემდგომი მდგომარეობა.  და ასევე, მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი პაციენტები, რომლებისთვის არც ტესტი გაუკეთებიათ, არც კლინიკებში წაუყვანიათ და ასე გადაიტანეს ახალი კორონავირუსის ინფექცია. 

პაციენტები, რომლებსაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მიმდინარეობის დროს გულ-მკერდის სიმძიმის შეგრძნება, სუნთქვის შეკავება, კუნთების ტკივილი, არეული გულისცემა, დაღლილობის შეგრძნება აქვთ და რის გამოც სამსახურს ან ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვერ უბრუნდებიან, ჯერ კიდევ COVID-19-ის მსუბუქ შემთხვევებად ითვლებიან. 

დიდ ბრიტანეთში ტელეფონებიდან ამოღებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ასეთი პაციენტების ყოველი მეათედან, სულ მცირე ერთი, ავადაა სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ სიმპტომები რამდენიმე კვირას გრძელდება და ადამიანს ჩვეულებრივ საქმიანობას წყვეტს, ამას არ უნდა ეწოდოს “მსუბუქი” მდგომარეობა. 

ახალი კორონავირუსისგან განკურნება უფრო ყოვლისმომცველი უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ ჰოსპიტლიდან გაწერა, ტესტერის უარყოფითი პასუხი ან ანტისხეულების გარკვეული რაოდენობა სისხლში. როცა უკეთესად განვსაზღვრავთ, რას ნიშნავს ამ ინფექციისგან გამოჯანმრთელება, შევძლებთ განვასხვაოთ ინფექციის ის ფორმა, რომელიც სწრაფად იკურნება ისეთი ფორმისგან, რომელიც უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმში და სავარაუდოდ, განგრძობით ცუდ გავლენას ახდენს მასზე.

მარტის ბოლოს, მეც მქონდა ახალი კორონავირუსის ინფექციის სიმპტომები: ცხელება, ხველება, გამიღიზიანდა კუჭ-ნაწლავი, მტკიოდა მკერდის არე და ფეხები. იმ დროს არა-ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ტესტირებას არ უკეთებდნენ.  მას შემდეგ, არაერთგვაროვანი პერიოდები გავიარე: მქონდა ძალიან ცუდი დღეები, შემდეგ უკეთესი დღეები, ზოგჯერ ძალაგამოცლილი ვიყავი და ვნანობდი, რომ წინა დღეს გარეთ ვისეირნე და ფეხების კუნთები დავიღალე.

ასეთი გაურკვევლობა ცუდი იყო ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერებაში მოღვაწე ადამიანისთვის,  რომელიც დაავადებას ებრძოდა. არ ვიცი, რა კვალი დატოვა ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობაზე, საერთო ჯამში.  ეს მაფიქრებს, რადგან მყავს შვილები, რომლებსაც უნდა მოვუარო და რომლებზეც პასუხს ვაგებ. 

მცირე შვებას მგვრის ის ფაქტი, რომ მარტო არ ვარ.  არსებობენ სხვებიც, რომლებიც ვერ დაუბრუნდნენ ჯანმრთელობის იმ მდგომარეობას, რაც პირველი სიმპტომების გამოჩენამდე ჰქონდათ.  მათთანაც ჩვეულებრივია ისეთი ცვალებადი სიმპტომები, როგორიც მე მქონდა. 

ექიმებმა და მკვლევრებმა დაახლოებით იციან, რომელი COVID-19 პაციენტია გარდაცვალების რისკის ქვეშ, მაგრამ არ ვიცით, რომელ სიმპტომებიან თუ უსიმპტომო პაციენტებს გაუგრძელდებათ დაავადება და რა კუმულაციური გავლენა იქონია ვირუსმა მათ ჯანმრთელობაზე.  თუ იმ ფაქტს ვაღიარებთ, რომ დაავადება საზოგადოებაში მალულადაც მიმდინარეობს და თუ მხოლოდ ყველაზე სუსტებს ვიცავთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რა შედეგებს ტოვებს ახალი კორონავირუსი შედარებით ჯანმრთელ პოპულაციაზე და  როცა ამ ინფექციის ზიანზე ვსაუბრობთ, ეს ტვირთიც, სიკვდილობის მაჩვნებელთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ.

კვლევები და ცოდნის მოგროვება ისეთ პაციენტებზე, რომლებიც ჰოსპიტლიდან გაწერეს, ახლა იწყება. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ჩავარდნაა ისეთი პაციენტების კვლევისა, რომლებიც კლინიკაში არ წაუყვანიათ და სათვალავში არც ჩააგდო სისტემამ.  ეს მონაცემები მნიშვნელოვანია და გამოტოვება შეცდომა იქნებოდა. 

პაციენტების ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ჯანმრთელები, არ ფიქრობენ, რომ საჭიროა პრევენცია, რადგან ყველაზე უარესი, რასაც ამ ვირუსისგან ელოდებიან, არის გრიპისმაგვარი სიმპტომები და ეს არ აშინებთ.  მსუბუქად ავადმყოფი ხალხი არ მიიღებს ისეთ დახმარებას, როგორიც საჭიროა და ამ პანდემციის რეალური ადამიანური და ეკონომიკური ზარალი ზუსტად დათვლილი ვერ იქნება. 

იქიდან გამომდინარე, რომ “დიდხანს გაგრძელებული COVID-19” არასერიოზულად აღიქმება ან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აღიწერება, არც ამ ფაქტს მიიღებს სერიოზულად საზოგადოება.  ეს ყველაფერი სწორად და ზუსტად უნდა დავითვალოთ.  უნდა გავზომოთ დანარჩენი საზოგადოების გამოჯანმრთელების მაჩვენებლები.

ახალი კორონავირუსი -  SARS-CoV-2 ელექტრონული მიკროსკოპიდან,  ყვითლად შეფერილი, უჯრედზე, რომელიც ცისფრად ჩანს © NIAID/NIH/SPL

მარტივით დავიწყოთ.

სხვა ვირუსული ინფექციების დროს, ისეთების შემთხვევაში, როგორებიცაა გრიპის ვირუსი, გამოჯანმრთელებას ვეძახით ცხოვრების ფუნქციისა და ხარისხის იმ დონეზე დაბრუნებას, რაც დაავადებამდე იყო.  ეს ნიშნავს, რომ ყველა პაციენტს საბოლოოდ, ტესტი უნდა ჩავუტაროთ და გავზომოთ სიმპტომები და შევადაროთ სიმპტომების დადგომამდე არსებულ მდგომარეობას.  

“გამოჯანმრთელების” დეფინიციაში უნდა შევიდეს  დაავადების ხანგრძლივობა, სიმწვავე და სიმპტომების ცვალებადობა, ასევე ცხოვრების ხარისხის შეფასება და ფუნქციურობის დონე. ყველა, რომელსაც სიმპტომები აქვს, ითვლება, როგორც დაავადების ერთი შემთხვევა მანამ, სანამ ის სრულად გამოჯანმრთელდება ან გარდაიცვლება. ეს ეპიდემიოლოგიის ანა-ბანაა. უბრალოდ, ეს ამ პანდემიასთან მიმართებაშიც უნდა გამოვიყენოთ.  

გამოჯანმრთელების გაზომვა და ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი მარტივი არ არის. ალბათ, კარგი იქნებოდა, შეიქმნას რეესტრი, რომლის ფარგლებშიც პაციენტების ჯანმრთელობას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დააკვირდებიან და შეაფასებენ - ისე, როგორც სიმსივნის შემთხვევაში ხდება.  ეს, შესაძლოა, იყოს თვიური და შემდეგ უკვე წლიური შემოწმებები რეგისტრირებული პაციენტებისთვის.  თუ ასეთი ეროვნული რეესტრები ჯერ-ჯერობით არ არსებობს, შეიძლება, პატარა, ლოკალურმა სერვისის მიმწოდებელმა კლინიკებმა იყოჩაღონ და წამოიწყონ ეს ინიციატივა. 

ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ჯანდაცვის მიმწოდებლები უნდა შეთანხმდნენ გამოჯანმრთელების კრიტერიუმზე. ფაქტია, რომ მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს მათზე, ვისაც დიდხანს აქვს ეს ინფექცია.                      

არასწორია ახალი კორონავირუსის ინფექციის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე დატვირთვის მხოლოდ სიკვდილობით გაზომვა.  ეს დეფინიცია უნდა გაფართოვდეს და მოიცვას ის ხალხი, ვინც არცთუ ისე ჯანმრთელია, ნაკლებად პროდუქტიული გახადა ამ ინფექციამ და მეტი ტკივილით ცხოვრობს ამის გამო.

ამისთვის საჭიროა ინდივიდუალური შემთხვევების შესწავლა.  ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნებოდა შევთანხმებულიყავით მკაფიო და უნივერსალურ დეფინიციაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ COVID-19-სგან გამოჯანმრთელებაში.

 

♦ მოსაზრების ავტორია ნაისრინ ალვანი. ალვანი დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ასოცირებული პროფესორია. მისი მოსაზრება A negative COVID-19 test does not mean recovery სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში 11 აგვისტოს გამოქვეყნდა

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>