ჯანდაცვა

ტამპონები: ფაქტები და გამოყენების წესები




თუ მენსტრუაციის დროს ტამპონი თქვენთვის მოსახერხებელია, მისი უსაფრთხოდ გამოყენებაც არ დაგავიწყდეთ. ამერიკის საკვები პროდუქტებისა და სურსათის რეგულირების ადმინისტრაციამ [F.D.A.] 30 სექტემბერს საკუთარ ვებ-გვერდზე გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომელიც ტამპონების სწორად გამოყენების წესებს აღწერს.

 

რა არის ტამპონი -  და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად? 

ტამპონი მენსტრუალურ სისხლს შეიწოვს. ის ისეა მომზადებული, რომ მარტივად მოთავსდეს ვაგინაში, აპლიკატორების საშუალებით თუ უმაგისოდ.  

ამერიკის საკვები პროდუქტებისა და სურსათის რეგულირების ადმინისტრაციის [F.D.A.] კლასიფიკაციით, ტამპონი სამედიცინო საშუალებაა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევე რეგულირდება და მოწმდება, როგორც სხვა სამედიცინო საშუალებები.

ტამპონი მხოლოდ ერთხელ უნდა გამოვიყენოთ და გადავაგდოთ. ტამპონი ჰიგიენის მრავალჯერადი საშუალება არ არის. 

ტამპონები მენსტრუაციის დროს ჰიგიენის ერთჯერადი საშუალებებია; photo © F.D.A. 

 

რისგან მზადდება ტამპონი?

F.D.A.-ს შემოწმებაგავლილი ტამპონები ბამბის, რეიონის ან/და ამ ორი შემადგენლის სინთეზური პროდუქტია.  ტამპონის სითხის შთამთქმელი ბოჭკოები ქლორინს არ შეიცავენ [ქლორინი გათეთრების პროცესში, ტამპონის სტერილიზების დროს, გამოიყენება, რათა მასში არ დარჩეს დიოქსინის საშიში კონცენტრაცია [დამაბინძურებელი, რომელიც გარემოში გვხვდება].

 

როგორ აფასებს F.D.A. ტამპონების უსაფრთხოებას?

სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონიერად გაიყიდება, ტამპონმა მარეგულირებლის შემოწმება უნდა გაიაროს იმის დასამტკიცებლად, არის თუ არა ის უსაფრთხო და ეფექტური.  

F.D.A.-სთან შესაბამისი აპლიკაციის წარდგენის დროს, მწარმოებლემა უნდა წარადგინონ საკუთარი პროდუქციის შემოწმების შესახებ მონაცემები, რომელიც ამტკიცებს, რომ როგორც ტამპონები, ასევე მათი აპლიკატორები [თუ ახლავს პროდუქციას] უსაფრთხო მასალითაა დამზადებული; ასევე მონაცემები ტამპონების შეწოვის უნარის, შესაწოვი სითხის მოცულობისა და სიზუსტის შესახებ; ასევე ინფორმაცია იმაზე, უწყობს თუ არა ესა თუ ის ტამპონი ვაგინაში ამა თუ იმ საშიში ბაქტერიის გამრავლებას ან ცვლის თუ არა ვაგინაში ბაქტერიების ნორმალურ, ბუნებრივ რაოდენობასა და მრავალფეროვნებას.  

 

არის თუ არა მრავალჯერადი ტამპონები უსაფრთხო?

მრავალჯერად ტამპონებს საფუარის, სოკოს და სხვა ბაქტერიული ინფექციების რისკები ახლავს. შესაძლოა, გაგიგიათ მრავალჯერადი ტამპონების შესახებ, მაგრამ ისინი F.D.A.-ს არ დაუმტკიცებია.  

F.D.A. მკაცრად არ გირჩევთ მრავალჯერადი ტამპონების გამოყენებას. მარეგულირებელს მხოლოდ ერთჯერადი ტამპონები აქვს დამტკიცებული.

 

რა უნდა ვიცოდეთ ტოქსიკური შოკის სინდრომის შესახებ? 
 
ტოქსიკური შოკის სინდრომი [Toxic shock syndrome, TSS] იშვიათი სამედიცინო მოვლენაა და მას ტოქსიკური ნივთიერება იწვევს, რომელსაც რომელიმე ბაქტერია წარმოქმნის. ტოქსიკურმა ნივთიერებამ, შესაძლოა დააზიანოს ორგანოები [მათ შორის, თირკმელები, გული და გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა] და სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. 
 
ტამპონებით გამოწვეული ტოქსიკური შოკის სინდრომი ბოლო დროს იშვიათად გვხვდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ F.D.A. მკაცრად აკონტროლებს პროდუქციას მანამ, სანამ ის ბაზარზე კანონიერად მოხვდება. პროდუქციას, რომელიც ბაზარზე კანონიერად არის მოხვედრილი, აქვს ანოტაცია, სადაც აღწერილია მისი სწორად გამოყენების წესები, რომლის ზუსტად შესრულებაც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. 
 
 
 
ტამპონების უსაფრთხოდ გამოყენების წესები
 
 
ტამპონის გამოყენების წინ:
  • მიჰყევით ინსტრუქციებს. შეიძლება, ტამპონები აქამდეც გამოგიყენებიათ, მაგრამ მაინც, კიდეც ერთხელ წაიკითხეთ ინსტრუქცია.
  • დაიბანეთ ხელები ტამპონის გამოყენების წინ. ხელების დაბანა ვაგინაში არასაჭირო ბაქტერიების მოხვედრის რისკს მნიშვნელოვად ამცირებს
  • ტამპონი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა მენსტრუაცია გაქვთ. ტამპონები სხვა დროს და სხვა მიზეზებით არ გამოიყენოთ.
  • ტამპონი ყოველ 4-8 საათში ერთხელ გამოიცვალეთ.  არასოდეს ატაროთ ერთი ტამპონი 8 საათზე მეტხანს.
  • გამოიყენეთ ყველაზე დაბალი შემწოვუნარიანობის ტამპონი. თუ ერთ ტამპონს რვა საათამდე პერიოდის განმავლობაში ატარებთ, მისი შემწოვუნარიანობა მაღალია.
  • თუ ტკივილს, ცხელებას ან სხვა უჩვეულო სიმპტომებს იგრძნობთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.  თუ უჩვეულოდ დიდი რაოდენობით წამოგივიდათ მენსტრუალური სისხლი ან ალერგიული რეაქცია გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან/და აღარ გამოიყენოთ ტამპონი მომავალში.
  • იცოდეთ ტოქსიური შოკის სინდრომის სიმპტომები და შეამცირეთ რისკი. ტოქსიური შოკის სინდრომებია მოულოდნელი ცხელება [სხეულის ტემპერატურა 38.8 C ან მეტი], გულისრევა, დიარეა, გულისწასვლის შეგრძნება, გამონაყარი ან მზის დამწვრობისმაგვარი ცხელება. თუ მენსტრუაციის დროს ან მის შემდეგ ასეთი სიმპტომები გაქვთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ტამპონების გამოყენება და ეძიეთ სამედიცინო დახმარება. 

 

გამაფრთხილებელი წერილი → Facts on Tampons - and How to use Them Safely F.D.A.-ს ვებ-გვერდზე 30 სექტემბერს გამოქვეყნდა.

♦ Photo Credit © Josefin via Unsplash 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>