ჯანდაცვა

ორგანოების დაზიანება ხანგრძლივ კოვიდ-19 პაციენტებში




ზოგადი ინფორმაცია: კვლევამ, რომელიც სამედიცინო ონლაინ პლატფორმა Medrxiv-ში 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა, გამოავლინა, რომ ახალი კორონავირუსი ახალგაზრდა და თანხმლები დაავადებების არმქონე ადამიანების ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვნად აზიანებს.

კვლევას 9 ავტორი ჰყავს. ის დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და მას ორი ცენტრი ჰქონდა: ერთი ქალაქ ოქსფორდში და მეორე - მეიოს კლინიკის ლონდონის ცენტრში.

კონტექსტი: მწვავე სუნთქვითი უკმარისობის სინდრომის გამომწვევმა ინფექციამ, COVID-19-მა მეტად ცუდი გავლენა მოახდინა ასაკოვან ადამიანებზე და მათზე, ვისაც თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდათ. 

აქამდე COVID-19-ის კონტექსტში ჩატარებული კვლევები საავადმყოფოში ყოფნის დროს მოკლევადიან შედეგებსა და მხოლოდ ერთი ორგანოს დაზიანებაზე იყო ორიენტირებული. შედეგად, ხანგრძლივი  COVID-ის  [განგრძობადი სიმპტომები ინფექციიდან სამი თვის შემდეგ] გავლენა პაციენტის სხვადასხვა ორგანოზე დაბალი რისკის მქონე ინდივიდებში ჯერ კიდევ შესაფასებელია.

ქვემოთ განხილულმა კვლევამ სწორედ ეს საკითხი გამოიკვლია: რა ხანგრძლივვადიანი გავლენა აქვს COVID-19-ს დაბალი რისკის ჯგუფის ადამიანებში?

მეთოდები: პერსპექტიული, ხანგრძლივი, ორი ცენტრის მქონე, დაკვირვებითი კვლევა ჩაუტარდათ პაციენტებს, რომელთაც მწვავე COVID-19-გან გამოჯანმრთელების შემდეგაც აღენიშნებოდათ სიმპტომები. 

სიმპტომები და ორგანოების ფუნქციონირების ხარისხი [გული, ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი] შეფასდა სტანდარტული კითხვარებით [EQ-5D-5L, Dyspnoea-12], სისხლის კვლევით და რაოდენობრივი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, რის შემდეგაც ცალკეული ან მრავლობითი ორგანოს დაზიანება შეთანხმებული კრიტერიუმებით შეფასდა.

დასკვნა: 2020 წლის აპრილსა და სექტემბერს შორის შუალედში, 201 ინდივიდის [საშუალო ასაკი - 44 წელი, 70% ქალი, 87% თეთრკანიანი, 31% ჯანდაცვის მუშაკები] მდგომარეობა შეფასდა COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ [საშუალოდ, პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 140 დღის შემდეგ]. 

გამოკვლეულ ადამიანებში თანმხლები დაავადებების რაოდენობა არ იყო მაღალი [ჭარბწონიანობა - 20%, ჰიპერტენზია 6%, დიაბეტი 2%, გულის დაავადება 4%].  COVID-19-ის გამო, ამ პაციენტების მხოლოდ 18% იყო ჰოსპიტალიზებული. 

ეს ინდივიდები ყველაზე ხშირად უჩიოდნენ: დაღლილობას [98%], კუნთის ტკივილს [88%], სუნთქვის უკმარისობას [87%[ და თავის ტკივილს [83%]. პაციენტებს ასევე ჰქონდათ მიმდინარე კარდიოპულმონალური [92%] და კუჭ-ნაწლავთან [73%] დაკავშირებული სიმპტომები და აღენიშნებოდათ ათი ან მეტი სიმპტომი  [42%]. 

კვლევამ აჩვენა ორგანოების მსუბუქი დაზიანება. დაზიანებები ეხებოდა: გულს [32%], ფილტვებს [33%], თირკმელებს [12%], ღვიძლს [10%] , კუჭქვეშა ჯირკვალს [17%] და ელენთას [6%]. 

სხვადასხვა ორგანოს დაზიანებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაბალი რისკის მქონე პაციენტებში [წითლად აღნიშნული ფიგურები აღნიშნავს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას].  გამოკვლეულ 201 პაციენტში ყველაზე ხშირად დაზიანებული ორგანოები იყო: გული, ფილტვები, ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი © კვლევის ინფოგრაფიკა

ერთეულ [66%] და მრავლობით ორგანოთა [25%] დაზიანება უმეტესწილად ისეთ პაციენტებს ჰქონდათ, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.

ინტრპრეტაცია: ახალგაზრდა და დაბალი რისკის მქონე ინდივიდების თითქმის 70%-ს, რომელთაც COVID-19-მდე თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდათ, დაუდგინდათ ერთი ან მეტი ორგანოს დაზიანება მას შემდეგ, რაც COVID-19-ის სიმპტომები პირველად გამოუვლინდათ. 

ეს კვლევა იძლევა მინიშნებებს, რომ ახალგაზრდა, თანმხლები დაავადებების არმქონე, ადამიანების დაბალი რისკის ჯგუფში მოქცევა, შესაძლოა, არ იყო მართებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან. ახალგაზრდებში, რომლებიც, თეორიულად, დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ, მაინც ჰქონდათ განგრძობითი სიმპტომები; 67 ადამიანის 70%-ს ჰქონდა ერთი ან მეტი ორგანოს დაზიანება, პირველი სიმპტომების გამოჩენიდან თვეების შემდეგაც კი. 

 

 კვლევის ლინკი ⇒ Multi-organ impairment in low-risk individuals with long COVID 

♦ მასალა მოამზადა თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>