ჯანდაცვა

ბავშვების COVID-19 ვაქცინას თვეები გვაშორებს




იმ ფონზე, როდესაც ახალი კორონავირუსის ვაქცინებს ამჟამად მხოლოდ მოზრდილები იღებენ, დედებს უჩნდებათ კითხვა: როდის აიცრება მათი ბავშვი?

მოკლე პასუხი ასეთია: სულ მცირე, ზაფხულამდე ვერა.

ამერიკულმა კომპანიებმა: Pfizer-მა და Moderna-მ უკვე ჩართეს საკუთარ კლინიკური კვლევებში 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და იმედი აქვთ, რომ პირველ შედეგებს მიმდინარე ზაფხულში გაიგებენ. სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას უფრო პატარა ასაკის ბავშვების ვაქცინებისთვისაც. ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას [F.D.A.] კი რამდენიმე კვირა სჭირდება, რომ კომპანიის მონაცემები გააანალიზოს და ვაქცინის ფართო გამოყენების უფლება გასცეს.

სამი კომპანია - Johnson & Johnson, Novavax and AstraZeneca - ასევე გეგმავს საკუთარი ვაქცინები 12 წლისა და უფრო ასაკის ბავშვებში გამოსცადოს. ეს კომპანიები ამჟამად ბევრად უკან არიან ამ საქმეში, ვიდრე Pfizer და Moderna.

უფროსებში ვაქცინის გამოცდის შემდეგ, მკვლევარები ასაკობრივად ქვემოთ ჩამოდიან, ეფექტურ საბავშვო დოზას არჩევენ და ვაქცინების მოულოდნელ გვერდით ეფექტებს აკვირდებიან. 

ვაქცინების წარმოების ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც ვაქცინები ჯერ ბავშვებში გამოსცადეს და არა მოზრდილებში, რადგან კონკრეტული ინფექციები სწორედ ბავშვებს უქმნიდა განსაკუთრებულ საფრთხეს, მათ შორის, მენინგოკოკური ბაქტერია და როტავირუსი.

ახალი კორონავირუსის ვაქცინის შემთხვევაში, ვირუსი ასაკობრივ ჯგუფს უფრო მეტ საფრთხეს უქმნიდა, ვიდრე ბავშვებს, ამბობს პოლ ოფიტი, პენსილვანიის უნივერსტიტეტის პროფესორი და F.D.A.-ს ვაქცინებისა და ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 

“ვცდილობთ, სიცოცხლეები ვიხსნათ, ხალხი არ მოხვდეს ინტენსიური მოვლის პალატებში და არ მოკვდეს,” - ამბობს პროფესორი ოფიტი. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფროსი ასაკის ადამიანები იყვნენ პირველი პრიორიტეტები.

მეცნიერების მოსაზრებით, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ გამომუშავდეს, მოსახლეობის 70-90 პროცენტი უნდა აიცრას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ახალი კორონავირუსის უფრო გადამდები ახალი შტამებიც ჩნდება. 

Pfizer-ისა და Moderna-ს მოზრდილების კლინიკურ კვლევებში დაახლოებით 50 000 მოხალისე იღებდა მონაწილეობას. ამხელა მაჩვენებელი საჭირო იყო იმისთვის, რომ ვაქცინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანი და საგრძნობი ყოფილიყო. 

ვინაიდან ბავშვები იშვიათად ხდებიან ავად COVID-19-ით, ასეთი სახის კლინიკური ცდების ჩატარება ბავშვებში უფრო რთული იქნება; საცდელი ვაქცინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის განსხვავების საჩვენებლად კი უფრო მეტი მონაწილის ჩართვა იქნება აუცილებელი. 

მეცნიერები ვაქცინირების შემდეგ ბავშვების იმუნური სისტემის პასუხს დაელოდებიან, რათა ვაქცინირებულ ბავშვებში განსხვავება გაზომონ. 

Pfizer-BioNTech-ის ამჟამინდელი ვაქცინა 16 წლისა და უფროსი ასაკისთვისაა განკუთვნილი, 12 წელს ქვემოთ ბავშვებისთვის კი ახალი კვლევა და დიზაინი გახდება საჭირო. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების [C.D.C.] ინფორმაციით, თინეიჯერებს დაინფიცირების ორჯერ მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე უმცროსი ასაკის ბავშვებს.

Pfizer-ის სპიკერის, კეანა ღაზვინის, თქმით, ამ კლინიკური კვლევების შედეგები ზაფხულისთვის გახდება ცნობილი.

“12 წელს ქვემოთ ჩამოსვლა ახალ დიზაინს, სავარაუდოდ შეცვლილ ფორმულასა და დოზებს მოითხოვს,” - ამბობს მის ღაზვინი. მან თქვა, რომ ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაიწყება, მას მერე, რაც კომპანიას უფროსი ბავშვებისგან ექნება პასუხები.

Moderna-მ ბავშვებში კვლევა დეკემბერში უკვე დაიწყო, სადაც 12-17 წლის ბავშვები ჩართეს და კიდევ აპირებენ 3 000 მოხალისის მიღებას ამ ასაკობრივ ჯგუფში. კომპანია 2021 წლის შუა პერიოდში მიიღებს შედეგებს. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, Moderna ამ წლის ბოლოსკენ უკვე 6-11 წლის ბავშვებში აპირებს ვაქცინის გამოცდას. 

თუ ორსულობის დროს დედა ან აიცრა ან გადაიტანა COVID-19 ინფექცია, ჩვილს უკვე ექნება გარკვეული რაოდენობის ანტისხეულები, მაგრამ ეს დაცვა ერთი წელი ვერ გასტანს. სუსტი იმუნური სისტემის გამო, ჩვილების დაინფიცირების რისკები მაღალია. 

კლინიკური კვლევების დროს შემოწმდება ამ ვაქცინების უსაფთხოება, რაც დედების შიშებს შეამცირებს. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის რისკი ბავშვებში დაბალია, ზოგმა მშობელმა, შესაძლოა, თავი შეიკავოს ვაქცინისგან. 

სწორედ ამიტომაც პროფესორ პოლ ოფიტის თქმით, ახალი ვაქცინების მომზადების დროს უსაფრთოების ძალიან მაღალი სტანდარტები იქნება შენარჩუნებული.

მედიკოსების თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვების აცრა სხვა ინფექციების წინააღმდეგაც, ისეთების, როგორებიცაა წითელა, პაპილომავირუსი, ტეტანუსი და პერტუსისი.

 

მასალა მომზადებულია სტატიის COVID Vaccines for Kids are Coming but Not for Many Months მიხედვით 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>