ჯანდაცვა

ვაქცინების განაწილების გლობალური სცენარი & საქართველო




ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა [WHO] და ვაქცინების გლობალური ალიანსის [GAVI] ახალი კორონავირუსის დისტრიბუციის ინიციტავია COVAX-ის პლაფტორმის მედია-ოფიცრების მიერ “კაქტუს-მედიისთვის” გაზიარებული ინფორმაციით, ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის მიიღებს საქართველო ახალი კორონავირუსის ვაქცინებს.

“COVAX პლატფორმის საშუალებით საქართველო მალე მიიღებს ვაქცინას, - მომავალი კვირების განმავლობაში. საქართველოსთვის განკუთვნილი სავარაუდო ალოკაციებია Pfizer-ის 29.250 დოზა ვაქცინა და AstraZeneca-ს 184.800 დოზა ვაქცინა. დანარჩენი დეტალებისთვის, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებს,” - ნათქვამია ე-მეილით მოწოდებულ ინფორმაციაში, რომლითაც “კაქტუს-მედიის” წერილს  COVAX-ის პლატფორმის მედია ოფიცერი, ანა პიზონერო-ჰერნანდესი გუშინ გამოეხმაურა, ინფორმაციის მოთხოვნიდან 3 კვირის შემდეგ.

მედია-ოფიცრის საპასუხო წერილში საქართველოსთვის გამოყოფილი მარაგი შემდეგი სიტყვებით არის მოხსენიებული: “დაგეგმილი ალოკაცია” [indicative allocations], რაც ნიშნავს, რომ, მონაცემები უფრო არსებული ცვლადებიდან დათვლილი სცენარია, ვიდრე დამტკიცებული, ფაქტობრივი მოცემულობა.

მედია ოფიცრებისგან “კაქტუს-მედიამ” ასევე გამოითხოვა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და COVAX პლაფტორმას შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

ანა პიზონერო-ჰერნანდესმა გვირჩია, რომ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია თუ მონაცემი, მათ შორის, ლეგალური დოკუმენტები, საქართველოს მთავრობას უნდა მოვთხოვოთ.


 

რას ნიშნავს ტერმინი “indicative allocations”?

დოკუმენტში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა და რომელიც ბოლოს სამ თებერვალს განახლდა, ახსნილია, რომ indicative distribution აღნიშნავს ვაქცინების განაწილების შუალედურ გეგმას, რომელიც COVAX-ის პლატფორმის მონაწილე ქვეყნებისთვის ამ ეტაპზე შეიქმნა. შუალედური დოკუმენტი საბოლოო დოკუმენტისა და გეგმის გარკვეული წინაპირობაა, საბოლოო არაა და არ შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც დამტკიცებული ფაქტი ან ვაქცინების მიღების ლეგალური მექანიზმი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ვაქცინების განაწილების შუალედურ გეგმას არ აქვს იურიდიული ძალა და შესაძლოა, შეიცვალოს, ვაქცინების წარმოებიდან ან ვაქცინების ადმინისტრირების თვალსაზრისით ქვეყნების მზადყოფნიდან გამომდინარე. 

ვაქცინების განაწილების შუალედური გეგმა [indicative distribution] ემყარება ამჟამად მიმდინარე კომუნიკაციას მწარმოებლებთან და ამჟამად არსებულ საწარმოო სიმძლავრეებსა და წარმოებულ ან უახლოეს მომავალში საწარმოებელ მარაგს. 

ვაქცინების გავრცელების რეალური პრაქტიკა კი კონკრეტულ მომენტში არსებულ მდგომარეობას თუ ფაქტორს დაექვემდებარება, ეს ფაქტორები კი მუდმივად იცვლება და მათი ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელია. 

 

რომელი კომპანია აწარმოებს საქართველოსთვის განკუთვნილ AstraZeneca-ს ვაქცინებს?

ანა პიზონერო-ჰერნანდესის თქმით, საქართველოსთვის გადმოსაცემ AstraZeneca-ს ვაქცინას სამხრეთკორეული ბიოტექნოლოგიური კომპანია SK Biopharmaceutical აწარმოებს. 

გასული წლის ნოემბერში SK Biopharmaceutical-ს სამედიცინო მარეგულირებელმა მისცა ნებართვა, ეწარმოებინა კლინიკური კვლევა COVID-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე. გასული წლის ივლისში ამ მწარმოებელს შვედური კომპანია AstraZeneca-ც შეუთანხმდა ვაქცინების მასობრივ წარმოებაში პარტნიორობაზე. 

ამავე მიზნით, სამხრეთკორეულ SK Biopharmaceutical-ს ახალი კორონავირუსის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Novavax-იც შეუთანხმდა, გლობალური მარაგში წარმოების მხარდაჭერისთვის. 


 

ფაქტორები, რომლებიც ვაქცინების განაწილების შუალედურ გეგმაზე იმოქმედებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ მომავალში ვაქცინების ალოკაციისა და დისტრიბუციის სცენარები წარმოვიდგინოთ, შემდეგი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ:

  • ვაქცინების დისტრიბუციის შუალედური გეგმა ამჟამინდელ მარაგებს და კონტრაქტებს ეყრდნობა; მარაგებზე გავლენას ახდენს წარმოების დროს შეფერხებები, რაც გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რომელ ქვეყანას რამდენი დოზა შეხვდება, საბოლოო გეგმის მიღების დროს;

  • არც ერთ დოზას ქვეყანა არ მიიღებს, თუ COVAX ჩათვლის, რომ ქვეყანა მზად არ არის ვაქცინის მისაღებად და ადმინისტრირებისთვის, რაც თავისთავად, შეცვლის სხვა ქვეყნებისთვის გამოყოფილ რაოდენობას;

  • მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაწყდება, რომელ ქვეყანას რამდენი ვაქცინა შეხვდება და როდის, ქვეყნებამდე მიტანა დამოკიდებული იქნება ტრანსპორტირების გეგმაზე და შესაბამისი ლეგალური დოკუმენტების/მოვალეობების მომზადების სისწრაფეზე;

  • თუ ამ პერიოდში სხვა ვაქცინებიც გახდა ხელმისაწვდომი COVAX-ისთვის, დისტრიბუციის გლობალური გეგმაც შეიცვლება და ასევე შეიცვლება AstraZeneca-ს მისაწოდებელი დოზების რაოდენობაც.



როდის დაიწყო აპლიკაციის მიღება COVAX-ში და როგორ შეფასდნენ აპლიკანტები?

22 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVAX-ის პლატფორმის საშუალებით ვაქცინების განაწილების გლობალური პროგნოზი გამოაქვეყნა. ეს პროგნოზი მიმდინარე ცვლადებისგან აგებულ სცენარებს ეყრდნობა და ცვლადების ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა, შეიცვალოს. 

COVAX-ის პლატფორმის საშუალებით ვაქცინების მიღებაზე განაცხადის გაკეთება ქვეყნებს 6 იანვრიდან შეეძლოთ. დედლაინი 18 იანვარს იყო. პირველ ჯერზე, COVAX-მა 72 განცხადება მიიღო. 

ქვეყნების განაცხადები რეგიონულმა კომიტეტმა განიხილა, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO], გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF], ვაქცინების ალიანსის [GAVI] კომიტეტის დამოუკიდებელი წევრები შედიოდნენ, რომლებმაც აპლიკაციები ტექნიკურად განიხილეს.

აპლიკანტები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით შეფასდნენ: 

  1. კომიტეტის წევრებმა ჩათვალეს, რომ აპლიკანტების უმრავლესობა მეტ-ნაკლებად მზად იყო ვაქცინების მისაღებად;

  2. თუ რომელიმე ქვეყანას 29 იანვრის მდგომარეობით უკვე ჰქონდა დაწყებული ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადმინისტრირება საკუთარი მოქალაქეებისთვის, ისინი ვერ მიიღებენ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას;

  3. ფასები: ვაქცინების სასურველი ფასები, რომლებიც ქვეყნებმა მიუთითეს [აპლიკანტების შეთავაზებული ფასები, მათი ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა იყო], ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ვაქცინების რაოდენობის ალოკაციის დროს;

  4. ჯანდაცვის მუშაკების საფრთხის ანალიზი: ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო, რის მიხედვითაც ვაქცინები გამოიყო. თუ ქვეყანას ამის ზუსტი მონაცემები არ ჰქონდა, ითვალისწინებდნენ ქვეყნის სიკვდილიანობის დონეს.


 

ვაქცინების დოზების რაოდენობა 

COVAX-ის ვაქცინების განაწილების შუალედური გეგმა 240 მილიონ დოზა ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინის დოზის დისტრიბუციას ითვალისწინებს. ამ რაოდენობას ვაქცინების ალიანს GAVI-სა და AstraZeneca-ს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს და 2021 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის არის განკუთვნილი. 

გეგმა ასევე ითვალისწინებს 1.2 მილიონი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის განაწილებას, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში [Q1 - იანვარი-მარტი] უნდა მოესწროს.

დოკუმენტის მიხედვით, ამ ორი მწარმოებლიდან 2021 წელს COVAX-ისთვის დამატებითი დოზების მიღებაც მოსალოდნელია. 

ამ ეტაპზე COVAX პლატფორმა მოიაზრებს, რომ ვაქცინების განაწილების არსებულმა შუალედურმა გეგმამ 2021 წლის ორი კვარტლის განმავლობაში უნდა იმუშაოს. პირველ კვარტლად [Q1] ითვლება იანვრიდან მარტამდე პერიოდი, ხოლო მეორე კვარტლად [Q2] - აპრილიდან ივნისამდე პერიოდი.  


 

რამდენი ქვეყანა ელოდება ვაქცინებს?

ამჟამად COVAX-ის პლატფორმიდან 141 ქვეყანა ელოდება ვაქცინებს. მომლოდინე ქვეყნები ოქსფორდის ჯგუფი/AstraZeneca-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებს მიიღებენ.

არსებული სცენარით, ყველა აპლიკანტი მიიღებს ოქსფორდის ჯგუფი/AstraZeneca-ს ვაქცინების გარკვეულ ოდენობას, მაგრამ ყველა მათგანი ვერ მიიღებს  Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებს.

3 თებერვალს გამოქვეყნებული სასცენარო გეგმის მიხედვით, საქართველო 141-დან იმ 18 ქვეყანას შორისა, რომლებიც  Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებს მიიღებენ. დოკუმენტის მიხედვით ნათელი არაა, საქართველო როგორ ან რატომ მოხვდა 18 ქვეყნის სიაში.

საქართველოს მეზობლებიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების COVAX-იდან მიმღები ქვეყნების სიაში არ არიან სომხეთი და აზერბაიჯანი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ამ სიაშია უკრაინა, რომელმაც, წესით, Pfizer/BioNTech-ის 117,000 დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს. 


რომელი კომპანიები აწარმოებენ COVAX-ის პლატფორმის ვაქცინებს?

COVAX-ის პლატფორმიდან  Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას თვით Pfizer აწარმოებს, ხოლო ოქსფორდის ჯგუფი/AstraZeneca-ს ვაქცინას ორი მწარმოებელი ჰყავს - ინდური სერუმის ინსტიტუტი და სამრეთკორეული კომპანია SK Biopharmaceutical. 

ამჟამინდელი სცენარით, სწორედ სამხრეთკორეული კომპანიის წარმოებულ ოქსფორდის ჯგუფი/AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს საქართველო.

AstraZeneca-ს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საჭირო ვაქცინებს AstraZeneca-ს ევროკავშირის ფარგლებში არსებულ ქარხნებში აწარმოებენ. ეს საკითხი ევროკავშირსა და კომპანია AstraZeneca-ს შორის დადებული ხელშეკრულებით რეგულირდება. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>