“კაქტუს-მედიამ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა მონაცემები სამინისტროსა და ახალი კორონავირუსის ვაქცინების გლობალურ პლატფორმა COVAX-თან ქვეყნის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
სამინისტრომ საპასუხო წერილში ქრონოლოგიურად ჩამოაყალიბა საქართველოს მხარესა და COVAX-ის პლატფორმის თამამშრომლობის დაწყებისა და მოვლენების განვითარების ტაიმლაინი.
-
31 აგვისტო: სამინისტრომ ხელი მოაწერა COVAX ფონდის მიერ მოწოდებულ სტანდარტულ წერილს ფონდში ჩართულობის თაობაზე, რომელიც ასევე ითვალისწინებდა შესყიდვის მოდელის და ვაქცინების რაოდენობის წინასწარ არჩევას. სამინისტრომ არჩევითი შესყიდვის მოდელი [Optional Purchase] აირჩია, მათივე არგუმენტით, “მოქნილობის გამო.” მოსახლეობის მოცვის სავარაუდო მაჩვენებლად შეირჩა 20% [პლატფორმის ფარგლებში მაქსიმალური შესაძლო მოცულობა].
-
18 სექტემბერი: საქართველოს მთავრობასა და ვაქცინების გლობალურ ალიანსს [GAVI ALLIANCE] შორის ხელი მოეწერა ვალდებულებების შეთანხმებას [Commitment Agreement], რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის ვალდებულებების და ვადების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება დამოწმდა საქართველოს მთავრობის 15 სექტემბრის N1783 განკარგულებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა შეთანხმების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
-
9 ოქტომბერი: სამინისტრომ წინასწარ გადაიხადა ვაქცინის ღირებულების ე.წ. წინასწარ გადასახადი და რისკის გაზიარების გარანტიის თანხა [დაახლოებით 5 მლნ დოლარი].
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხარეს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, შემდეგი პირობით - "Covax Facility shareholders council confidentiality agreement", რომელიც კონფიდენციალურობის დაცვას გულისხმობს.
“ასევე, როგორც კარგად მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს,” - ნათქვამია სამინისტროს წერილში.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის სახელით, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან [GAVI] ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აწერს.
არსებობს თუ არა ხელშეკრულება საქართველოს მხარესა და კომპანია AstraZeneca-ს შორის?
სამინისტროს პასუხის მიხედვით, 16 თებერვლის მდგომარეობით, შეთანხმება საქართველოს მხარესა და ოქსფორდის სამეცნიერო ჯგუფის შექმნილი ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ს შორის ჯერ კიდევ გასაფორმებელი იყო: ის დასრულებული სახით არ არსებობდა.
16 თებერვლის მდგომარეობით AstraZeneca-სთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას შემდეგი სახელი ჰქონდა - ASTRAZENECA INDEMNIFICATION AGREEMENT [AZD1222].
წერილში, რომლის პასუხიც 1 მარტს მივიღეთ, დაზუსტებული არ არის, მოეწერა თუ არა ხელი ორმხრივად ამ ხელშეკრულებას, 16 თებერვლის შემდეგ.
რომელი სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ ვაქცინაციას საქართველოში?
“კაქტუს-მედიის” ერთ-ერთი მოთხოვნა იყო იმ სამედიცინო ცენტრების ჩამონათვალი საქართველოში, სადაც ახალი კორონავირუსის ვაქცინების ადმინისტრირება მოხდება, როცა მათ შემოიტანენ.
სამინისტროს პასუხის მიხედვით, ამ ეტაპზე ეს ცენტრები შერჩეული არ არის და ამ მიმართულებით სამინისტრო ახლა მუშაობს.
“ამჟამად, მიმდინარეობს განაცხადების მიღება იმ სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარებისთვის მოთხოვნილ პირობებს,” - ნათქვამია სამინისტროს საპასუხო წერილში.
წერილში არ იყო დაზუსტებული იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომლებმაც უკვე განაცხადეს მზადყოფნა ვაქცინების ადმინისტრირების მიმართულებით.
აწარმოებს ან აწარმოებდა თუ არა საქართველო მოლაპარაკებას რომელიმე მწარმოებელთან პირდაპირ?
ამ კითხვაზე სამინისტროს პასუხი არ გაუცია.
ამავე თემაზე:
♦ ვაქცინების განაწილების გლობალური სცენარი & საქართველო