ჯანდაცვა

ახალი საშუალება შაკიკის სამკურნალოდ




2018 წლის 17  მაისს ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტომ [Food and Drug Administration, FDA] შაკიკის  პრევენციული მკურნალობისთვის ახალი ფორმულის წამალი - Aimovig - დაუშვა ამერიკულ ბაზარზე.

 

Aimovig შაკიკის მართვის სფეროში პირველი პრევენციული წამალი იქნება, რომელიც დაავადების დასაწყის ეტაპზე მიიღება და ხელს შეუშლის დაავადების გართულებასა და ქრონიკული ფორმების განვითარებას. სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მოზრდილებისთვის. ის პაციენტებმა თვეში ერთელ, ინექციის სახით, უნდა მიიღონ.

 

ახალი ფორმულის წამალი კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდის გააქტიურებას აფერხებს; სწორედ ამ პეპტიდის მოლეკულა თამაშობს დიდ როლს შაკიკის შეტევების დროს.

 

პაციენტები აღწერენ, რომ შაკიკის შეტევის დროს თავის არეში ინტენსიურ, ძლიერი პულსაციის მსგავს ფეთქვას გრძნობენ; აქვთ გულისრევის შეგრძნება და მომატებული მგრძნობელობა შუქისა და ხმების მიმართ.  პაციენტების ნაწილი შაკიკის შეტევას წინასწარ გრძნობს: ეწყებათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ეჩვენებათ დაკლაკნილი ხაზები და ასე შემდეგ.

 

Aimovig-ის ეფექტურობა პრევენციული მკურნალობისთვის სამი კლინიკური კვლევით გადამოწმდა.

 

  • პირველი კვლევა მოიცავდა 955 პაციენტს, რომლებსაც შაკიკის ეპიზოდური შეტევები ჰქონდათ.  მათ Aimovig-პლაცებოს კურსი გაიარეს. 6 თვის განმავლობაში, იმ პაციენტებს, ვინც Aimovig-ს იღებდნენ, თვეში 1-2-ჯერ ნაკლები შეტევა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც პლაცებოს იღებდა; 
  • კლინიკური კვლევის მეორე ფაზა 577-მა პაციენტმა გაიარა. მათ ქრონიკული შაკიკი აწუხებდათ. ისევე როგორც წინა კვლევაში, მათი ნაწილი Aimovig-ს იღებდა, ხოლო ნაწილი - პლაცებოს. სამი თვის შემდეგ, ის პაციენტები, ვინც Aimovig-ს იღებდა, თვეში ერთხელ ნაკლები შეტევა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც პლაცებოს იღებდა.  
  • მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში ქრონიკული შაკიკის მქონე 667 პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ამ კვლევაში, სამი თვის შემდეგ Aimovig-ით ნამკურნალევ პაციენტებს 2 ½-ით ნაკლებად ჰქონდათ შაკიკის შეტევები პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებთან შედარებით.  

 

გვერდით მოვლენებს შორის პაციენტებმა აღწერეს ინექციის  დროს რეაქციები და კუჭის შეკრულობა.

 

Aimovig-ის წარმოების უფლება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Amgen Inc-ს მიეცა, რომელიც 1980 წელს დაარსდა კალიფორნიაში.

 

პრობლემის მასშტაბურობა

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თავის ტკივილის სხვადასხვა სახის აშლილობა ნევროლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში.  ორგანიზაციის ინფორმაციით, პლანეტის მცხოვრებთა მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს ადექვატურ დიაგნოზსა და შესაბამის მკურნალობას ამ მიმართულებით.  

 

შაკიკი ერთ-ერთი მათგანია, რომლის შეტევა, შესაძლოა, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღესაც გაგრძელდეს. 

 

 

 

ტერმინების განმარტება

*პლაცებოს უშუალო სამკურნალო თვისებები არ გააჩნია. 

ხშირად პლაცებოს საცდელი სამკურნალო საშუალების ახალი ფორმულის გამოსაცდელად იყენებენ – ახალი წამლის შემოღებისას, კლინიკური კვლევის დროს, პაციენტთა ნაწილს პლაცებოს ასმევენ, ნაწილს – ნამდვილ წამალს და შედეგებს აკვირდებიან. პაციენტებმა არ იციან, პლაცებოს იღებენ თუ სამკურნალო საშუალებას. მხოლოდ მაშინ, თუკი წამალს გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე პლაცებოს, ხდება მისი აღიარება ვარგისად. 

ხშირად კლინიკურ ცდებში არის ორმაგი მოტყუების ტესტი [double blind test], როცა არც ექიმებმა იციან, თუ რომელი პაციენტი იღებს პლაცებოს და რომელი - ნამდვილ წამალს. ეს ახალ წამალთან დაკავშირებით ექიმების წინასწარი განწყობების თავიდან ასაცილებლად და უფრო ობიექტური შედეგების მიღების მიზნით ხდება. 

*კალციტონინი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც არეგულირებს სისხლში კალციუმის შემცველობას. 

*პეპტიდი არის მოლეკულა, რომლის სტრუქტურა ორიდან 50-მდე ამინომჟავისგან შედგება; პეპტიდი სტრუქტურულად ცილას ჰგავს, მაგრამ მასზე ბევრად პატარა ზომისაა. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>