იმუნიზაციის მიმართ ნაკლები ნდობის გამო, საქართველო ბევრად ჩამორჩება ვაქცინაციის გამოცხადებულ სასურველ გეგმას - 3-4 ათას აცრას დღეში, წლის ბოლოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის და საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით.
ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით მაღალია თბილისში, მაგრამ ძალიან დაბალია საქართველოს რეგიონებში. რეგიონულ მუნიციპალიტეტებში ვაქცინირებულების რაოდენობა, უმეტესად, არ აღემატება რამდენიმე ასეულს, ზოგ მათგანში კი - მხოლოდ რამდენიმე ათეულია.
15 მარტიდან 4 აპრილის შუალედში დაკარგულია 232 ვაქცინა. ისინი იმიტომ გადაყარეს, რომ ასაცრელ პუნქტებში საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები არ გამოცხადდნენ.
გუშინ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პორტალი შექმნა, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება, ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ და სამი ყველაზე სასურველი ვაქცინა აირჩიონ. ამ დროის მდგომარებით, პორტალზე 35 437 მოქალაქე დარეგისტრიდა. უმეტესობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მიღება სურს. ბოლო ადგილებზეა ორი ჩინური ვაქცინა: კომპანიების - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ წარმოებული ვაქცინები. სწორედ „სინოფარმზე“ გაიხსნება რეგისტრაცია ერთ კვირაში.
ამჟამად საქართველოს მოქალაქეებისთვის ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი: ამერიკულ კომპანია პფაიზერის მიერ წარმოებული ვაცინა, რომლის დიზაინიც გერმანულმა კომპანია BioNTech-მა შექმნა და შვედური კომპანია ასტრაზენეკას წარმოებული ვაქცინა, რომლის დიზაინიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს. 27 აპრილიდან საქართველოში შესაძლებელი იქნება ჩინური კომპანია სინოფარმის წარმოებულ ვაქცინაზე რეგისტრაცია, ხოლო ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება.
სინოფარმის ვაქცინას ჯერ არ აქვს მიღებული ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მანამდე პასუხისმგებელი პირები აცხადებდნენ, რომ ჩინური ვაქცინის ადმინისტრირება საქართველოში ჯანმოს პრეკვალიფიკაციის გარეშე არ დაიწყებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ ვაქცინები აქამდე 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, ვაქცინაციის ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის უფრო ახალგაზრდა ნაწილისთვის სხვა არჩევანიც შეეთავაზებინა.
16 აპრილს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა, რომ სინოფარმის ვაქცინის მიღებისთვის იარსებებს ინფორმირებული თანხმობის ფორმაც, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ჩინური ვაქცინის შესახებ და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა ეს ფარმაცევტული პროდუქტი პანდემიის დროს.
ჩინური სინოფარმის ვაქცინა მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გამოიყენეს, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში: თურქეთსა და აზერბაიჯანში. მისი კლინიკური კლევების მესამე ფაზა მიმდინარეობდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც, სადაც ზოგ მოქალაქეს მესამე დოზაც დასჭირდა, არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებული ანტისხეულების გამო.
ვაქცინაციის დინამიკა
27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალებამ საკუთარი როლი ითამაშა ასტრაზებეკას ვაქცინაზე შიშის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. მეგი ბაქრაძემ ვაქცინა ახალციხის კლინიკაში 18 მარტს მიიღო, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს. როგორც წინასწარი ინფორმაციით ჩანს, მას მალევე განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი - მწვავე ალერგიული რეაქცია. ის მალევე გადაიყვანეს თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მეორე დღეს, 19 მარტს, გარდაიცვალა.
ამ შემთხვევის შემდეგ ბევრმა მოქალაქემ გააუქმა ჯავშანი ასტრაზენეკას ვაქცინაზე და პფაიზერზე გადაერთო, რომელიც მაშინ მეორე არჩევანი იყო მოსახლეობისთვის. თბილისისა და რეგიონული კლინიკების დირექტორები ადასტურებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალება უნდობლობის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ჯერ ზუსტად არაა გარკვეული, თუ რატომ გარდაიცვალა 27 წლის მეგი ბაქრაძე ან იყო თუ არა მიზეზი დაგვიანებული სასწრაფო და რეანიმაციული ღონისძიებები. მედიის გარდაცვალებაზე უტყუარი და დასაბუთებული სამედიცინო დასკვნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა გამოაქვეყნოს, რომელიც ასევე მოიცავს გარდაცვლილის სხეულიდან აღებული სხვადასხვა ტიპის სინჯების დასკვნებსა და ინტერპრეტაციებს.
საქართველოში ვაქცინაციის რაოდენობა მკვეთრად დაეცა მედდის გარდაცვალების შემდეგ - 19 მარტიდან. დაბალი მაჩვენებლები შენარჩუნდა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში: დღეში აცრილთა რაოდენობა 200-საც არ აღწევდა. ვაქცინირებულმა რაოდენობამ მოიმატა 30 მარტის შემდეგ. ამჟამად დღიურად 1500-მდე ან ოდნავ მცირე ოდენობის მოსახლეობა იცრება.
"ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქციაციასთან მიმართებაში. ახლა მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს ნდობა აღდგეს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ 23 მარტის ბრიფინგზე.
ვაქცინაციის მიმართ საქართველოში ნდობა მაღალი არ იყო მედდის გარდაცვალებამდეც. NDI-ის ჩატარებული და 22 მარტს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 53% ამბობს, რომ COVID-19-ის ვაქცინას არ გაიკეთებდა. გამოკითხულების 20%-ს კი სჯერა, რომ პანდემიის დამთავრება ვაქცინაციის გარეშეც შეიძლება.
იმუნიზაციის მედია-კამპანიის ბიუჯეტი
საქართველოს მთავრობამ იმუნიზაციის ეროვნული გეგმა 2021 წლის 21 იანვარს დაამტკიცა. სხვა კომპონენტებთან ერთად, გეგმა მოიცავს პუნქტს „მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია,“ რომლის ბიუჯეტად განსაზღვრულია 1,662,800 ლარი.
კითხვაზე, დაიწყო თუ არა ამ ბიუჯეტის ათვისება ან რა მიმართულებით და ფორმებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „კაქტუსს“ უპასუხა, რომ „ვაქცინებზე მოთხოვნის შექმნისა და კომუნიკაციის მიმართულებით ღონისძიებებს ახორციელებს სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციით. თანხის ნაწილის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან [ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა], ხოლო უმეტესი ნაწილის დაფინანსების წყაროს წარმოადგენენ თავად დონორი ორგანიზაციები.“
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ფეისბუქის გვერდს, სადაც ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, 53 425 მიმდევარი ჰყავს.
NCDC-ს ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე სოციალური მედიის პროდუქტი ნამდვილად არის განთავსებული ვაქცინაციაზე, თუმცა, მათი მოწონება, უმეტესად, არ აღწევს რამდენიმე ათეულს, და ბევრად ნაკლებია გაზიარების რეიტინგი.
ამირან გამყრელიძემ, ცენტრის დირექტორმა, 23 მარტის ბრიფინზე გამოაცხადა, თუ რატომ არ იყო მედია-კამპანია იმუნიზაციაზე უფრო „აგრესიული.“
"გასაგებია, რომ ძალიან აგრესიული არ იყო. ერთი მიზეზის გამო - გარანტირებული ვაქცინების მოწოდება არ იყო, მიუხესავად იმისა, რომ "კოვაქსთან" ახლო ურთიერთობა იყო," - განმარტა გამრელიძემ.
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და დანაკარგები
ვაქცინაციის დასაწყისში პასუხისმგებელმა საჯარო უწყებებმა 87 კლინიკა გამოყვეს, სადაც თავიდან უნდა მომხდარიყო ახალი კორონავირუსის ვაქცინების ადმინისტრეირება. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ ეს რიცხვი სასწრაფოდ შემცირდა 41-მდე.
ულტრა-ცივი ჯაჭვის შენარჩუნების გამო, საქართველოში პფაიზერის ვაქცინაცით იმუნიზაცია მხოლოდ 6 კლინიკაში ხდება. 4 მათგანი თბილისშია, ხოლო დანარჩენი ორი: ბათუმსა და ქუთაისში.
დღემდე საქართველოში აცრილია 31 019 მოქალაქე. 4 აპრილის მონაცემებით, ვაქცინების დანაკარგი მთელი საქართველოს მასშტაბით არის 232 – 2%.
აჭარა
მთელს აჭარაში ახალი კორონავირუსის ვაქცინაცინით იმუნიზაცია მხოლოდ ორ კლინიკაში ხდება. მათგან ერთში - პფაიზერით, ხოლო მეორეში - ასტრაზენეკათი.
ჯუმბერ ბოლქვაძე, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის სასწრაფო დახმარების უფროსი, სადაც პფაიზერით ცრიან მოქალაქეებს, ამბობს, რომ დღეში 84 ადამიანს უკეთებენ ვაქცინას. კლინიკაში ორი ასაცრელი კაბინეტი სრული დატვირთვით მუშაობს. ბოლქვაძის თქმით, მათ პფაიზერის დანაკარგები საერთოდ არ ჰქონიათ: აჭარაში 5 ათეული ვაქცინის დანაკარგი ასტრაზენეკას ეხება.
NCDC-ს ინფორმაციით აჭარაში, 4 აპრილის მონაცემებით, 50 ვაქცინის დანაკარგი იყო. ცენტრს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი ვაქცინა დაიკარგა.
ასტრაზენეკას ვაქცინის ადმინისტრირება ბათუმში კლინიკა „მედცენტრში“ ხდება. ამ კლინიკას დღეში 40 ადამიანის აცრის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ კლინიკის დირექტორის, დეა ქაჯაიას თქმით, ამდენი ხალხი არასოდეს ცხადდება: დღეში, მაქსიმუმ, 35 ადამიანი ცხადდება, ან ნაკლები, როგორც წესი.
„ზოგჯერ, ხალხი ჯავშნის ვიზიტებს, მაგრამ მერე ყველა არ მოდის. ვურეკავთ და ვუხსნით, რომ იმიტომ ვურეკავთ, რომ ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. ზოგჯერ მაინც გვღალატობს ჩვენი მომხმარებელი. ზოგს კოვიდი დაემართა, ზოგმა კონსულტაცია გაიარა ექიმთან და დროებით გადადო, ზოგი ქალაქიდან გავიდა, ზოგი ვერ ხვდება იმუნიზაციის შინაარსს - მიზეზებს რა გამოლევს,“ - ამბობს ქაჯაია, რომელიც, მისივე თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და კლინიკის მენეჯერი, რომელმაც საკუთარ სამედიცინო დაწესებულებაში ასობით კოვიდპაციენტი გაატარა.
მისი თქმით, დასაწყისში დღეში 1-2 ვაქცინა ნამდვილად იკარგებოდა, რადგან კლინიკაში სჯეროდათ, რომ ყველა მოვიდოდა, ვინც ვაქცინის დოზა დაჯავშნა. ხალხი განსაკუთრებით მას მერე ქრებოდა, რაც მედდა გარდაიცვალა. მოქალაქეების ნაწილი არ მოდიოდა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მენეჯმენტს მოსვლას ჰპირდებოდა. მას შემდეგ კლინიკის მენეჯმენტმა ცალკე თანამშრომელი გამოყო, რომელიც მოქალაქეებს ურეკავს და დამატებით აზუსტებინებს, მოვლენ თუ არა ნამდვილად დაჯავშნილი დოზით ასაცრელად.
ასტრაზენეკას ვაქცინის ერთი ფლაკონი 10 დოზას შეიცავს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ფლაკონი, მაქსიმუმ, 6 საათში უნდა მოიხმაროს. შემდეგ უვარგისია.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 მუნიციპალიტეტი შედის და ქალაქისა და სოფლის დასახლებებში ჯამურად 351 900 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. 4 აპრილის მონაცემებით, აქედან სულ 1079 მოქალაქე იყო აცრილი ახალი კორონავირუსის ვაქცინით.
„რა თქმა უნდა, ეს ცოტაა. იმ უბედურმა შემთხვევამ ძალიან ცუდად იმოქმედა: ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა პროცესს,“ - ამბობს ქაჯაია. – „საკმარის აქტივობას ვერ ვხედავ [კამპანიის კუთხით]. ტელევიზიებით გადის რამე? შესაძლებელია, ისეთივე კამპანია იყოს, როგორც ღვედებზე იყო. სასწორზე უნდა დავდოთ სარგებელი და ზიანი. თუ ამ ტემპებით წავიდა ვაქცინაცია, ჩავარდება პროცესი. კოლექტიურ იმუნიტეტს ჩვენ ასე ვერ შევქმნით. ან ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაწიოს ასაკობრივი ზღვარი და ვისაც უნდა, გაიკეთოს.“
მედია-კამპანიის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს ჯუმბერ ბოლქვაძეც.
„კამპანია უნდა გაძლიერდეს და უფრო ინტენსიური გახდეს: უნდა იყოს ვიდეორგოლები ყოველდღიურად ტელევიზიაში, უნდა იყოს აღწერილი სარგებელი და უარყოფითი ჩვენებები და მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია.“
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტში 107 000 მოქალაქე ცხოვრობს. 4 აპრილის მონაცემებით, მთელ ქვემო ქართლში მხოლოდ 200 მოქალაქე იყო აცრილი და 9 დოზა ვაქცინა დაიკარგა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეში 10 ვაქცინას აკეთებენ. იოსებ მგალობლიშვილი, იმ კლინიკის დირექტორი, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ამბობს, რომ კვირაში სამი დღეა გამოყოფილი ვაქცინაციისთვის.
„ამ ეტაპზე დღეში მხოლოდ 10 ვაქცინაზეა მოთხოვნა,“ - ამბობს მგალობლიშვილი. – „სავარაუდოდ, უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი თბილისშიც მიდის. ზუსტ მონაცემს ვერ გეტყვით, თუ რამდენი მარნეულელია ამჟამად აცრილი,“ - ამბობს მგალობლიშვილი.
მგალობლიშვილის თქმით, რომ მის კლინიკაში ვაქცინის დანაკარგი არ ყოფილა.
დმანისის მუნიციპალიტეტი
სანამ ვაქცინაცია შეწყდებოდა, მედდის გარდაცვალების გამო, დმანისის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 10 დოზა ვაქცინის, ანუ ერთი ფლაკონის, ადმინისტრირება მოახერხეს.
ამჟამად დმანისში ვაქცინაცია დროებით შეწყვეტილია.
NCDC-მ დმანისის ცენტრში 180 დოზა ვაქცინა შეიტანა. ვაქცინაცია 18 მარტს დაიწყო, მაგრამ მედდის გარდაცვალების გამო ისევ შეწყდა. NCDC-მ უკან გაიწვია დარჩენილი 170 დოზა და იმ კლინიკებში გადაანაწილა, რომლებიც, ცენტრის აზრით, კვალიფიციური და აღჭურვილი იყო რეანიმაციისთვის.
ნინო ონანაშვილი, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ამჟამად დმანისში ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, მაგრამ განახლდება, როგორც კი NCDC ისევ შეიტანს ვაქცინებს და მისცემს კლინიკებს ვაქცინაციის უფლებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც 311 100 მოქალაქე ცხოვრობს, 4 აპრილის მონაცემებით, 158 მოქალაქე იყო აცრილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ვაქცინაცია ამჟამად მხოლოდ ერთ ცენტრში მიმდინარეობს: ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნიკა ჭეჟია, ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ COVID-19-ის ვაქცინაციისთვის კვირაში ორი დღეა გამოყოფილი: ხუთშაბათი და შაბათი და დღეში მხოლოდ 10 ან 20 დოზა ვაქცინა ტარდება.
„თუ დღეში 15 ადამიანი რეგისტრირდება, ვურეკავთ და ვიწვევთ მომავალ დღეს ჩაწერილ პაციენტებს, რადგან არ გვქონდეს ვაქცინის დანაკარგი და ვატარებთ დღეში ოცს,“- ამბობს ნიკა ჭეჟია. – „ვცდილობთ, ავიცილოთ დანაკარგები. მაგალითად, დღეს 20 ადამიანს ვცრით.“
კლინიკის დირექტორის თქმით, ეს არაა სრული დატვირთვა: კლინიკას ვაქცინაციისთვის ერთი ბრიგადა ჰყავს და დღეში 40 ადამიანის აცრა შეუძლია, თუმცა, როგორც წესი, ამდენი მოთხოვნა თითქმის არასოდეს ყოფილა.
„დაბალი აქტივობა რომ იქნებოდა მოსახლეობაში, ეს იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი. ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის, სამედიცინო საზოგადოებას, აქვს ძალიან დაბალი მიმღებლობა ვაქცინების მიმართ. ეს ასევე განაპირობა იმან, რომ ხედავთ, როგორი არაერთგვაროვანი ინფორმაცია მოდის თითოეულ ვაქცინაზე. სამეცნიერო საზოგადოებაში იდება შერეული დასკვნები, სხვადასხვა კვლევების საფუძველზე. მედია-კამპანია კი არ არის საკმარისი,“ - ამბობს ნიკა ჭეჟია.
ნიკა ჭეჟიას თქმით, მის კლინიკაში ვაქცინის დანაკარგი არ ყოფილა. მისი თქმით, NDCD-ს მონაცემი 2 ვაქცინის სამეგრელო-ზემო სვანეთში დანაკარგი, სავარაუდოდ, ეხება კიდევ ერთ კლინიკას ზუგდიდში, სადაც დაიწყო ვაქცინაცია, მაგრამ შემდეგ შეწყდა.
ეს სამედიცინო დაწესებულება ზუგდიდში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკა იყო, სადაც ახალციხელი მედდის გარდაცვალების შემდეგ ვაქცინაცია შეწყდა და ამ დრომდე არ განახლებულა.
გურია
გურიაში, რომელიც სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს და სადაც 108 100 მოქალაქე სახლობს, 13 აპრილის მონაცემებით 205 ადამიანი იყო აცრილი.
ვაქცინაცია თავდაპირველად გურიის სამივე მუნიციპალიტეტში: ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩუთში დაიწყო 17 მარტს, მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა. ახალციხელი მედდის გარდაცვალების შემდეგ, პროცესი სამივე მუნიციპალიტეტში 18 მარტს შეწყდა და მხოლოდ 26 მარტს განახლდა, მხოლოდ ოზურგეთის ერთ კლინიკა „მედალფაში.“
ვაქცინაცია დღემდე დროებით შეჩერებულია დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში და იქ მცხოვრებელებს სხვაგან გამგზავრება უწევთ, თუკი სურთ ვაქცინაცია.
არჩილ მჟავია, NCDC-ს წარმომადგენელი გურიაში, ამბობს, რომ უკვე „მედალფას“ ორივე კლინიკა დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში გადაიარაღდა, მოამზადა რეამინაციის განყოფილებები და საბოლოო დადასტურებას ელოდება მარეგულირებლისგან, რომ ვაქცინაცია განაახლოს. მჟავიას თქმით, ისინი მზად არიან ვაქცინაციისთვის.
არჩილ მჟავიას თქმით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ბარიერია და მოსახლეობისთვის დამატებით დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ სოფლებიდან გვირეკავენ ლანჩხუთიდანაც და ჩოხატაურიდანაც. რომ ჩამოვიდნენ, უნდა იქირაონ მანქანა, 45 წუთი დაელოდონ. შესაბამისად, ამ დაბრკოლებების გამო, მხოლოდ ოზურგეთში მცხოვრებლები სარგებლობენ ამ სერვისით. თუ სასწრაფოდ არ აღდგა ეს პროცესი, გურიაში ვაქცინაცია ვერ წავა წინ.“
არჩილ მჟავიას თქმით, მოქმედ „მედალფას“ კლინიკას ოზურგეთში 40 ადამიანის გატარება შეუძლია დღიურად, მაგრამ მსურველების რაოდენობა დღეში, უმეტესად, არ აღემატება ოცს.
„არასოდეს იტვირთება. დღეში, მაქსიმუმ, ატარებს 25 მოქალაქეს. თავიდან ასეთი მიდგომა გვქონდა, რომ დანაკარგი არ ყოფილიყო, მაგრამ თუ 18 ადამიანი მოდის, უნდა გავხსნათ, აბა რა ვქნათ - თქვენ რას გვირჩევთ? მერე მეორედ ის ხომ აღარ მოვა?“ - ამბობს მჟავია.
13 აპრილის მონაცემებით, გურიაში 24 დოზა ვაქცინა დაიკარგა, რომელიც ამავე პერიოდში გახსნილი ვაქცინების 11.7%-ია - ვაქცინის დანაკარგების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში.
„გუშინ 5 ვაქცინა დავკარგეთ. გუშინ, მაგალითად, ერთმა ამცრელმა კაბინეტმა თავი შეიკავა ვაქცინირებისგან: მანდ ხომ გამოკითხვა ხდება,“- აღნიშნა მჟავიამ. – „ზოგადად, ბევრად მეტი ადამიანი უნდა მოსულიყო და ჩვენი მარაგები მალევე ამოწურულიყო, მაგრამ არ მოდიან.“
არჩილ მჟავიას თქმით, მოსახლეობის დასარწმუნებლად, ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანლები პირდაპირ ეთერში აიცრნენ.
„მაინც არ იმუშავა და კიდევ არის მოსაფიქრებელი რაღაც. ოჯახის ექიმები იკავებენ თავს არ ვიცი, რატომ და რა ხდება. სოფელში ოჯახის ექიმი რომ თავს შეიკავებს, მისი პაციენტი რას იზამს, მითხარით?! სოფლის მოსახლეობა უყურებს ექიმს, ხომ სწორია?“
„დღეს 18 ვაქცინა ჩავატარეთ და ორი დავკარგეთ,“ - ამბობს თინათინ მეგრელაძე, ოზურგეთში მდებარე კლინიკა „მედალფას“ მენეჯერის მოადგილე. – „ძალიან გვიჭირს ხალხის მოძიება. მედდა რომ არ გადაცვლილიყო, ბევრად მეტი ადამიანი აიცრებოდა. მას მერე ჯავშნები გააუქმეს. სამედიცინო პერსონალის ნახევარმა გადაიტანა კოვიდი და ელოდება 120 დღის გასვლას, მაგრამ დარჩენილი ნაწილიც თავს იკავებს. თუკი ასაკი დაიწევს, ალბათ, მოიმატებს მსურველების რაოდენობა.“
მეგრელაძის აზრით, სასურველი იქნებოდა, რომ პროგრამა არა ყოველ ათ წუთში ერთხელ, არამედ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არეგისტრირებდეს ყოველ მომდევნო მსურველს, ვინაიდან ყოველ ათ წუთში ერთხელ მოსული ადამიანები კლინიკაში გროვდებიან, მათ ნაწილს კონსულტაცია სჭირდება, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარება და ათი წუთის ინტერვალი ერთი პაციენტის სრულად მომსახურებისთვის არ არის საკმარისი.
„ეს ნაწილიც უნდა დაიხვეწოს,“ - ამბობს მეგრელაძე.
მისივე აზრით, კარგი იქნებოდა, რომ ასაკობრივმა შეზღუდვამ დაიწიოს, რადგან მოქალაქეების უფრო ახალგაზრდა ნაწილსაც სურს ვაქცინაცია.
„ჩვენ დღეს იმდენ ადამიანს შევეხმიანეთ, რომ ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ ადამიანები, მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც ითხოვს და ამბობს, რომ მისი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები რომ იცრებოდეს, მოვიდოდა. ძალიან კარგი ინიციატივაა და ფაქტობრივად, არ გვექნებოდა ვაქცინების დანაკარგი,“ - ამბობს მეგრელაძე.
პეტიცია სარეზერვო ჯგუფის შესახებ
გასული თვის ბოლოს ჟურნალისტმა ანუკა გოგოსაშვილმა პეტიცია შექმნა ვაქცინაციის სარეზერვო ჯგუფის შესახებ. პეტიციას ამჟამად 529 ხელმომწერი ჰყავს. ხელმომწერები ითხოვენ, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე შეიქმნას დამატებითი ფანჯარა, სადაც დარეგისტრირდება მსურველთა სარეზერვო ჯგუფი, ასაკის მიუხედავად და დღის ბოლოს მორჩენილ და გადასაგდებ ვაქცინას მიიღებს იმ ცენტრში, სადაც ვაქცინა მორჩება.
ანუკამ ეს პეტიცია და შესაბამისი წერილი 30 მარტს გაუგზავნა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს [NCDC], ასევე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
პასუხი ამ ინიციატივაზე ანუკას ჯერ-ჯერობით არ მიუღია.
არც სარეგისტრაციო პორტალზე გაჩენილა ახალი ფანჯარა სარეზერვო ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში ვაქცინების დანაკარგს შეამცირებდა და რომლის ეროვნული მაჩვენებელი, 4 აპრილის მონაცემებით, 2% იყო.
სტატია მომზადდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის [IWPR] პროექტის "ხმის მიცემა, ცვლილებების ინიცირება - დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ სტეპებამდე" მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული აზრები და შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ასახავდეს IWPR-ის ან მისი პარტნიორების პოზიციებს.