ჯანდაცვა

ტოცილიზუმაბით COVID-19-ის მკურნალობის გამოწვევები საქართველოში




იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 7 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით, კლინიკური მართვის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ქართველ ექიმებს მწვავე პაციენტების სამართავად მედიკამენტ ტოცილოზუმაბის "ფართოდ" გამოყენებას ურჩევს

“მოვუწოდებთ COVID კლინიკებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენების და უკუჩვენების, აგრეთვე ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ზედმიწევნით გათვალისწინებით,” - განაცხადა 26 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ.  

მედიკამენტი ტოცილიზუმაბი, სავაჭრო დასახელებით აქტემრა, ადამიანის ინტერლეიკინ 6-ის [IL-6] რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულია, რომელსაც აქამდეც იყენებდნენ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. 

2021 წლის 24 ივნისს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] საგანგებო რეჟიმში დაუშვა აქტემრა [ტოცილიზუმაბი] COVID-19-ის ინფექციის მქონე ჰოსპიტალიზებული ზრდასრული და პედიატრიული პაციენტებისთვის [2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებითვის]. 

საქართველოში ტოცილიზუმაბი 17 მაისიდან არის COVID-19-ის მწვავე ფორმების მკურნალობის პროტოკოლშიც, მაგრამ რეგიონულ კლინიკებს და იქ მომუშავე ექიმებს, ნაკლები გამოცდილებისა გამო, ტოცილიზუმაბი აქამდე არ გამოუყენებიათ. 

ტოცილიზუმაბის გამოყენების შესახებ ზუსტი მითითება COVID-19 პაციენტების მართვის ერთ-ერთ პროტოკოლში - “ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში” არის გაწერილი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 6703 ფლაკონი ტოცილიზუმაბი შემოვიდა, მათ შორის 2020 წელს - 2928 ფლაკონი, ხოლო 2021 წელს - 3775 ფლაკონი ტოცილიზუმაბი. 

728 ფლაკონი ტოცილიზუმაბი 2021 წლის 26 აპრილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა, “იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის”, “იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის” ფარგლებში. 

"კაქტუსი" საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ რამდენი ფლაკონია ხელმისაწვდომი მხოლოდ COVID-19-ის სამკურნალოდ. 

ტოცილიზუმაბი პაციენტს წონის მიხედვით ენიშნება და როგორც წესი, ერთ გადასხმაზე რამდენიმე ფლაკონი 80 მილიგრამიანი ტოცილიზუმაბი სჭირდება. უმეტესად, ერთხელ გადასხმა საკმარისია, თუმცა, თბილისში იყო ერთ პაციენტზე ტოცილიზუმაბის ორჯერ გადასხმის შემთხვევებიც. 

მწარმოებლის ინფორმაციით, პანდემიისა და F.D.A.-ის მიერ ამ მედიკამენტის COVID-19-ის სამკურნალოდ დაშვების გამო, ტოცილიზუმაბზე გლობალური მოთხოვნა გაიზარდა. საქართველოში ამჟამად მხოლოდ 80 მილიგრამიანი დოზირების ტოცილიზუმაბი შემოდის.

 

 COVID-19 კლინიკები & ტოცილიზუმაბი

კლინიკა LG, ქუთაისი

კლინიკა LG-ში COVID-19-ის სამკურნალოდ 99 საწოლი აქვთ. მათგან 10 - ინტენსიური განყოფილებისთვის, 30 - ბავშვებისთვის და დანარჩენი - მოზრდილებისთვის. 

დარეჯან ხაჭაპურიძე, კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი, ამბობს, რომ მათ კლინიკაში ტოცილიზუმაბი არ გამოუყენებიათ.

"ეგ პრეპარატი ჩვენ არ გადაგვისხია. შესაბამისად, მაგაზე დადებითი თუ უარყოფითი კუთხით საუბარი გამიჭირდება," - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, ტოცილიზუმაბის გამოყენებაზე ტრენინგებიც არ გაუვლიათ და არც სამინისტრო დაკავშირებია რამენაირი ფორმით.

"თუ არ გაგვაცნეს კარგად, ასე იოლად პაციენტებში ვერ გამოვიყენებთ. თუკი ჩაგვიტარებენ ტრენინგებს და მოგვახსენებენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, კი ბატონო - ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ  პრაქტიკას," - ამბობს ხაჭაპურიძე.

 

კლინიკა “მედალფა”, ჩოხატაური

ანტონ ხუნდაძე, ჩოხატაურის კოვიდ კლინიკის დირექტორი, ამბობს, რომ პანდემიის დაწყებიდან მათ კლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა [4 აგვისტოს მონაცემებით]. ხუნდაძის თქმით, ჩოხატაურის კლინიკაში ტოცილიზუმაბი პაციენტებისთვის ჯერ არ დაუნიშნავთ. 

“სჯობს, მასეთი მედიკამენტები თბილისში დიდმა კლინიკებმა გამოიყენონ, პრაქტიკა ნახონ. ჩვენ კი არ შეგვრცხვება, მათ აზრი ვკითხოთ მოგვიანებით. 

რაც შეეხება ტოცილიზუმაბს - ახლა ვამუშავებთ ამ საკითხს: წამალი თუ არასწორად დანიშნე, საწამლავია, მოგეხსენებათ,”  - ამბობს ხუნდაძე. - “მივესალმები იმ ფაქტს, რომ ეს მედიკამენტი სახელმწიფო დაფინანსებაში ჩაჯდა და ეს არც კლინიკის საყიდელია და არც პაციენტის: ძალიან ძლიერი კლინიკა უნდა იყო, რომ ეს მედიკამენტი იყიდო და შეძლო მისი გამოყენება.”

ანტონ ხუნდაძე იხსენებს პანდემიის დასაწყისს: დაიწყო და ექიმებმა არ იცოდნენ, როგორ ემკურნალათ პაციენტებისთვის.

“თავიდან ჩვენ ვიყავით შიშველი ხელებით: არც ერთ კლინიკას არ ჰქონდა ცალკე განყოფილებები. არც ერთ ექიმს აქამდე ამის გამოცდილება არ გვქონია. არა მხოლოდ ტოცილიზუმაბი, სხვა მედიკამენტების გამოყენების საკითხიც დგას. მხოლოდ პროტოკოლიც არ არის გამოსავალი: ექიმი უნდა აზროვნებდეს და კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ჩემი ექიმები დააკვირდნენ COVID-19 მედიკამენტებს - ჯერ თეორიულად, შემდეგ სხივისი გამოცდილებაც გაითვალისწინეს და დაიწყეს დანერგვა. ეს ყველაფერი პესონალმა თანდათან ისწავლა,” - ამბობს ხუნდაძე. 

 

კლინიკა "მედალფა," ოზურგეთი

ჯანდაცვის სამინისტროდან მედიკამენტის შესახებ წერილი მიიღეს ოზურგეთის კლინიკა "მედალფაშიც," თუმცა, მისი გამოყენება არ დაუწყიათ.

"თქმით დიდად ვერაფერს გეტყვით, რადგან კორონავირუსი დაიწყო და მძინვარებს სულ რაღაც წელიწადნახევარია," - უთხრა "კაქტუსს" დავით მდინარაძემ, "მედალფას" დირექტორმა ოზურგეთში. - "ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ COVID-19 განყოფილებაში ჯერ არ ვიყენებთ იმიტომ, რომ სრულად არ არიან ჩამოყალიბებულნი რა როგორ უნდა გავაკეთოთ.

თუ ჩვენ მოგვივა ეს პრეპარატი და გვექნება შესაბამისად პროტოკოლი, თუ სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწოდებს და ჩათვლის საჭიროდ, რომ ეს პრეპარატი იქნას გამოყენებული ამ დაავადების დროს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ."


 

რესპუბლიკური კლინიკა, ბათუმი 

ტოცილიზუმაბი ჯერ არ გამოუყენებიათ არც ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში.  

2020 წელს ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკამ 7681 COVID-19 პაციენტი გაატარა, მათგან 224 გარდაიცვალა, ხოლო 2021 წელს - 1136 პაციენტი, რომელთაგანაც 38 გარდაიცვალა [2021 წლის 4 აგვისტომდე მონაცემებით].

კლინიკის დირექტორის, სოლომონ ფუტკარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ [4 აგვისტოს] 45 COVID-19 პაციენტი იწვა კლინიკის რეამინაციაში, ამ პრეპარატის გამოყენების საჭიროება არ დამდგარა.  

“თუკი საჭიროება დადგა, აუცილებლად დავნიშნავთ, არ ვერიდებით იმიტომ, რომ სახელმწიფო დააფინანსებს,” - ამბობს ფუტკარაძე. 

მისივე თქმით, მედიკამენტი უკვე არის ნაყიდი საჭირო ოდენობით და საჭიროების შემთხვევაში, ის კლინიკას ფიზიკურად შეუფერხებლად ექნება.  

სოლომონ ფუტკარაძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთმა პაციენტმა თვითონ მოითხოვა ტოცილიზუმაბის გადასხმა. 

“ეტყობა, ვიღაცამ ურჩია, ასეთი პრეპარატი არსებობს და გააკეთებინეო, მაგრამ ჩვენ არ გავუკეთეთ იმიტომ, რომ ეს საკითხი კონსილიუმს გავაცანით და არ იყო საჭიროება. მედიკამენტს ხომ პაციენტის მოთხოვნის მიხედვით ვერ გავაკეთებთ?  ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,” - ამბობს ფუტკარაძე.  

როგორც ტოცილიზუმაბის, ასევე რემდესირივის შემთხვევაში, პაციენტებისთვის მედიკამენტების მიცემა თბილისთან - კლინიკურ ჯგუფთან, თანხმდება. 

 

კლინიკა “მედცენტრი”,  ბათუმი 

“[ტოცილიზუმაბი] არ არის ეს ადვილი პრეპარატი, ბევრი უკუჩვენება აქვს. გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების ბათუმში არავის არ აქვს, - ახლახანს ბათმელ კოლეგასაც ველაპარაკე და იგივე დამიდასტურა,” - ამბობს დეა ქაჯაია, ბათუმში კლინიკა “მედცენტრის” დირექტორი. - “ვიცით გაიდლაინი, ვიცით რა არის გამოყენების ჩვენება, მაგრამ ჯერ არ გამოგვიყენებია იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ექიმებმა ჯერ არ ჩათვალეს საჭიროდ. თუ პაციენტებისთვის საჭირო გახდა, გამოვიყენებთ.”

დეა ქაჯაიას თქმით, ტოცილიზუმაბი ფიზიკურად არსებობს ბათუმში, თუკი საჭირო გახდა. როგორც ტოცილიზუმაბის, ასევე რემდესივირის გამოყენების წინ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფის წევრს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტს, მარინა ეზუგბაიას, ურეკავს და მასთან ათანხმებს ამ გადაწყვეტილებას. 

“ქალბატონი მარინა ეზუგბაია ჩემი პირადი კონსულტანტია. რემდესივირთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაცია გვქონდა და აქტიურად ვიყენებთ მას. ამ პერიოდში, ალბათ, 30 პაციენტთან გამოვიყენეთ, ბოლო ტალღის დროს. ექიმები კმაყოფილები არიან, “ - ამბობს ქაჯაია. 

რემდესივირისა და ტოცილიზუმაბის მიღებამდე კლინიკის ხელმძღვანელი კლინიკურ ჯგუფს თბილისში უგზავნის დოკუმენტაციას განსახილველად. მათი თანხმობის შემდეგ, რომელიც ქაჯაიას თქმით, დაახლოებით 12 საათის შემდეგ მოდის,  წყდება პაციენტისთვის ამ ორი მედიკამენტის მიღება-არმიღების საკითხი. 

 

რუხის კლინიკა, ზუგდიდი

ტოცილიზუმაბი ჯერ არც რუხის კლინიკაში გაუკეთებიათ, რომელიც ზუგდიდთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარეობს.

რუხის კლინიკის ინტენსიური თერაპიის COVID-19 განყოფილებას 22 საწოლი აქვს. კლინიკა გასული წლიდან იღებს COVID-19 პაციენტებს და აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც ემსახურება. 

“ძალიან ბევრი პაციენტი მოდის აფხაზეთიდან, რომელსაც გაკეთებული აქვს [ტოცილიზუმაბი] და ნახევარზე მეტი ცუდად მთავრდება,” - ამბობს მაკა მალანია, რუხის COVID-19 კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი. - “თუ პაციენტს, ვირუსულთან ერთად, ბაქტერიული ინფექციაც აქვს, შესაძლოა, უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს ამ პრეპარატმა - ძალიან რთული საკითხია. ამიტომ, მაქსიმალურად, თავს ვიკავებთ. თან, ძვირადღირებულია და ფაქტობრივად, თანხის გადაყრაა ეს ამ ავადმყოფებისთვის, სამწუხაროდ.”

ისევე, როგორც მედიკამენტ რემდესივირის შემთხვევაში, ტოცილიზუმაბის მიცემის საკითხიც თბილისთან თანხმდება: კლინიკა ადგილობრვად ამ ორი COVID-19 მედიკამენტის მიცემის გადაწყვეტილებას ვერ იღებს.  

რუხის კლინიკის COVID-19 თერაპიულ განყოფილებას 175 საწოლი აქვს. განყოფილების ხელმძღვამელი, მაია ჯანაშია, ამბობს, რომ ტოცილიზუმაბი არც მის განყოფილებაში გამოუყენებიათ აქამდე. 

“ადრე ეს ყველაფერი პაციენტის ფინანსებთან იყო დაკავშირებული. რთულია, როცა იცი, რომ პაციენტს არ აქვს ამის შესაძლებლობა, შესთავაზო ასეთი ძვირი მედიკამენტი. მათგანაც ინტერესი არ წამოსულა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს შევთავაზეთ. მართალია, ამას მკურნალი ექიმი წყვეტდა, მაგრამ ფინანსურად პაციენტს ხომ უნდა შეეძლოს, რომ გადაიხადოს,” - ამბობს მაია ჯანაშია. 

ტოცილიზუმაბის COVID-19 პაციენტისთვის მიცემის ერთ-ერთი [და არა ერთადერთი] ჩვენება ე.წ. “ციტოკინური შტორმია”, რომლის არსებობა ინტერლეიკინ 6-ის შემოწმებით იზომება. მაია ჯანაშიას თქმით, რომ ინტერლეიკინ 6-ის შემოწმება ამჟამად ზუგდიდში არ ხდება. 

მაკა მალანიასა და მაია ჯანაშიას აზრით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაგვიანებით შეყვანაა კლინიკაში, როდესაც, მათი თქმით, ინფექციური პროცესები შორს წასულია და პაციენტების ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანაა აუცილებელი.

თბილისში რამდენიმე ათეული პაციენტის შემთხვევაში გამოიყენეს ტოცილიზუმაბი.

 

“ნიუ ჰოსპიტალსი”, თბილისი

“ჩვენ მას მერე დავიწყეთ მისი გამოყენება, რაც კვლევებით დადასტურდა, რომ ტოცილიზუმაბი ამცირებს სიკვდილობას. დაახლოებით ათამდე პაციენტში გვაქვს გამოყენებული და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს: მწვავე და კრიტიკულ პაციენტებში, რომლებსაც ციტოკინური შტორმი ჰქონდათ,”- ამბობს ვახო კალოიანი, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი. - “მაგალითად, დღეს გამთენიას გურიიდან გადმოგვიყვანეს პაციენტი, რომელსაც, როგორც იქაური ექიმი გვეუბნებოდა, ჰქონდა ამის ჩვენება, მაგრამ რომ ჩამოვიდა, ვნახეთ, რომ შესაბამისი ჩვენება არ აქვს. შესაბამისად, ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, გამოვიყენებდით.”

კალოიაინის თქმით, როგორც კი ის გადაწყვეტს, რომ ტოცილიზუმაბი გამოიყენოს, კლინიკა უზრუნველყოფს მის სწრაფ შეძენას აფთიაქში და ექიმისთვის მიწოდებას. 

ვახო კალოიანის თქმით, ამ პრეპარატის რეგიონებში გამოყენების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონებში მომუშავე ექიმებს ცოდნა და გამოცდილება ნაკლები აქვთ და მნიშვნელოვანი მედიკამენტების მიცემამდე გადაწყვეტილება თბილისში უნდა შეუთანხმონ კლინიკური ჯგუფის წევრებს, რაც დროში იწელება და შესაძლოა, პაციენტისთვის გვიანი იყოს. 

 

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, თბილისი

ტოცილიზუმაბი ხუთ COVID-19 პაციენტს გადაუსხეს [ჯამში 52 ფლაკონი, დოზა - 80 მგ ], ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშიც, მათ შორის, ბოლო გასული თვის ბოლოს.

ამ ხუთი პაციენტიდან ერთი გარდაიცვალა. 

“ეს არ არის პანაცეა მედიკამენტი, რომელსაც გადაასხამ და პაციენტი ყველა შემთხვევაში უკეთ იქნება,” - ამბობს თათა ქაჩიბაია, ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილების უფროსი. - “ვისაც ჩავთვალეთ საჭიროდ, მათ გადავუსხით. ძალიან მძიმე პაციენტები გვყავდა. ერთ-ერთი პაციენტიდან, რომელსაც ტოცილიზუმაბი გადავუსხით, გარდაიცვალა, დანარჩენი პაციენტები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა, ცალსახაც ვერც იმას ვიტყვით, რომ მხოლოდ ტოცილიზუმაბის გადასხმაა მათი კარგად გახდომის მიზეზი. ერთი ბინაზე გაეწერა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები." 

 

განსხვავებული ფასები ტოცილიზუმაბზე

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა 500 ფლაკონი “ტოცილიზუმაბი” [აქტემრა] შეისყიდვას აპირებს COVID-19-ის სამკურნალოდ. ტენდერი 9 აგვისტოს დამთავრდა, თუმცა, მომწოდებელთან ხელშეკრულება ჯერ-ჯერობით არ გაფორმებულა.

ეს ფასი ორჯერ ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც სააქციო საზოგადოება ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა" 10 დღის წინ გადაიხადა. 

საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ ფარმაცევტული პროდუქციის შენაძენის საერთო ღირებულება 167 100 ლარია, ხოლო ერთი ფლაკონი, 80 მილიგრამიანი დოზა, ტოცილიზუმაბის ღირებულება - 334.2 ლარი.  

სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა", რომლის კლინიკური დირექტორი COVID-19-ის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძეა, 10 დღის წინ ორჯერ მეტი - 612.46 ლარი გადაიხადა იგივე დოზა ერთ ფლაკონ ტოცილიზუმაბში.

ორივე ტენდერში ტოცილიზუმაბის მიმწოდებელი სააქციო საზოგადოება “გეფაა”, რომლის დირექტორია ნიკოლოზ გამყრელიძე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის, ამირან გამყრელიძის, შვილი.

მაკა ასათიანი, შპს “როშ ჯორჯიას” წარმომადგენელი საქართველოში, ამბობს, რომ კომპანია “ჰოფმან ლა როში” მუდმივად ანახლებს მედიკამენტების ფასთა პოლიტიკას. მედიკამენტზე ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება, - შემცირება წინ უსწრებდა ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრის” მიერ ტენდერის გამოცხადების თარიღს - 5 ივნისს. 

მართალია, ფასის შემცირება წინ უსწრებდა “ცენტრსა” და გამარჯვებულ კომპანია “გეფას” შორის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს - 29 ივლისს, მედიკამენტი ტენდერის დასაწყისში გამოცხადებული ფასით იქნა შესყიდული და არა ხელშეკრულების გაფორმების დღის ფასით.

მაკა ასათიანის თქმით, ტოცილიზუმაბის ფასების ბოლო ცვლილება ივლისის მეორე ნახევარში [ხელშეკრულების გაფორმებამდე] განხორციელდა და ამ ეტაპზე ერთი ფლაკონი 80 მგ აქტემრას ფასი სააფთიაქო ქსელებში 360-370 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მანამდე ერთი ფლაკონი 80 მგ აქტემრას ფასი +- 600 ლარი იყო.

თენგიზ ცერცვაძე, ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” კლინიკური დირექტორი და საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, არ იყო ხელმისაწვდომი ამ სტატიის გამოქვეყნების დროისთვის როგორც კლინიკური მართვის შესახებ, ასევე ტოცილიზუმაბის ფასთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>