ორი კვირის გამოშვებით ორმა ქართულმა COVID-19 კლინიკამ სამკურნალო მედიკამენტი ტოცილიზუმაბი [სავაჭრო დასახელებით აქტემრა] განსხვავებულ ფასად შეისყიდა. ფასები თითქმის ორჯერ განსხვავდება.
აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა COVID-19-ის სამკურნალოდ 500 ფლაკონ “ტოცილიზუმაბის” [აქტემრა] შეისყიდვას აპირებს. ერთი ფლაკონი ტოცილიზუმაბი ამ კლინიკამ 334.2 ლარად უნდა შეისყიდოს, ხოლო ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა" - 612.46 ლარი უნდა გადაიხადოს ერთ ფლაკონ “აქტემრაში.”
საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ ფარმაცევტული პროდუქციის შენაძენის საერთო ღირებულება 167 100 ლარია, რომლის ფარგლებშიც 500 ფლაკონი, 80 მილიგრამიანი, მედიკამენტი უნდა შეისყიდონ. “ინფექციურის” კლინიკამ კი 80 ფლაკონ ტოცილიზუმაბში 48 996.80 ლარი უნდა გადაიხადოს.
COVID-19 კლინიკები მკურნალობის, მათ შორის მედიკამენტების, ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენენ. პაციენტების მკურნალობის ჯამურ ღირებულებას სახელმწიფო იხდის.
“ამ ფასებს, რა თქმა უნდა, ადგენს ფარმაცევტული კომპანია და შემომტანები. იმ დროისთვის ეს მედიკამენტი 900 ლარი ღირდა [ერთი ფლაკონი]. ფასის დაკლება მოვითხოვეთ და ტენდერით ჩვენ შევიძინეთ იმისგან, ვინც ყველაზე იაფად შემოგვთავაზა - 612.46 ლარად, რითაც ვიყიდეთ. როგორც კი COVID-19 პაციენტებში ამის მოთხოვნა გაჩნდა, მომწოდებლებმა უკვე დაწიეს ფასი. ორ კვირაში პირველმა საუნივერსიტეტომ 334.2 ლარად იყიდა. დღეიდან ჩვენც მაგ ფასად ვიყიდით,” - განუცხადეს “კაქტუსს” “ინფექციურ” კლინიკაში.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელობას, რომ ფასი ორ კვირაში თითქმის ორჯერ გაიაფდებოდა, ასე უპასუხეს:
“ინფორმაცია გაჩნდა, მოთხოვნაც გაჩნდა. თენგიზ ცერცვაძემ, თავისი კავშირებით, მოახერხა ის, რომ ფასი თავიდან დაწეულიყო და მაშინდელ ფასთან შედარებით იაფად ვიყიდეთ.”
თენგიზ ცერცვაძე ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრის" კლინიკური დირექტორია. ცერცვაძე ასევე არის საქართველოში COVID-19-ის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.
სააქციო საზოგადოება ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა" ტენდერი 5 ივნისს გამოაცხადა, რომლის სასტარტო ღირებულება 78 585 ლარი და მიზანი კი 50 ფლაკონი [80- და 200 მილიგრამი] ტოცილიზუმაბის შესყიდვა იყო.
სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 29 ივლისს გაფორმდა "ინფექციურსა" და ტენდერში გამარჯვებულ სააქციო საზოგადოება “გეფას” შორის, 80 ფლაკონ ტოცილიზუმაბში 48 996.80 უნდა გადაიხადოს.
ორივე კლინიკის ტენდერში გამარჯვებული სააქციო საზოგადოება "გეფაა," რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.
ხელშეკრულება საუნივერსიტეტო კლინიკასა და "გეფას" შორის ტოცილიზუმაბის შესყიდვაზე ჯერ-ჯერობით არ გაფორმებულა. 16 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული
ოქმის თანახმად, კლინიკამ ერთადერთ მომწოდებელს უკვე შესთავაზა ხელშეკრულების დადებაზე მოწვევა.
მაკა ასათიანი, შპს “როშ ჯორჯიას” წარმომადგენელი საქართველოში, ამბობს, რომ ტოცილიზუმაბის მწარმოებელი კომპანია “ჰოფმან ლა როში” მუდმივად ანახლებს მედიკამენტების ფასთა პოლიტიკას.
ასათიანის თქმით, მედიკამენტზე ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება, - შემცირება წინ უსწრებდა ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრის” მიერ ტენდერის გამოცხადების თარიღს - 5 ივნისს.
მართალია, ფასის შემცირება წინ უსწრებდა “ინფექციურსა” და გამარჯვებულ კომპანია “გეფას” შორის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს - 29 ივლისს, მაგრამ ასათიანის თქმით, მედიკამენტი ტენდერის დასაწყისში გამოცხადებული ფასით იქნა შესყიდული და ის ვერ შეეხო გასული თვის შუა რიცხვებში მწარმოებლის მიერ განხორციელებული ფასთა ცვლილებას.
მაკა ასათიანის თქმით, ბოლო ცვლილება ივლისის მეორე ნახევარში განხორციელდა და ამ ეტაპზე 80მგ აქტემრას [ტოცილიზუმაბის სავაჭრო დასახელება] ფასი სააფთიაქო ქსელებში 360-370 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მედიკამენტი ტოცილიზუმაბი, სავაჭრო დასახელებით აქტემრა, ადამიანის ინტერლეიკინ 6-ის [IL-6] რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც აქამდე რევმატოიდული ართრიტის, ბავშვებში გავრცელებული პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, გიგანტური უჯრედების არტერიტის და მსგავსი მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
2021 წლის 24 ივნისს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] საგანგებო რეჟიმში დაუშვა აქტემრა [ტოცილიზუმაბი] COVID-19-ის ინფექციის მქონე ჰოსპიტალიზებული ზრდასრული და პედიატრიული პაციენტებისთვის [2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებითვის].
საქართველოში ტოცილიზუმაბი 17 მაისიდან არის COVID-19-ის მწვავე ფორმების მკურნალობის პროტოკოლშიც. მისი გამოყენების შესახებ ზუსტი მითითება COVID-19 პაციენტების მართვის ერთ-ერთ პროტოკოლში - “ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში” არის გაწერილი.
მტკიცებულებები აჩვენებს, რომ COVID-19-ით პაციენტებში დაავადების მიმდინარეობის დამძიმების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ციტოკინების გამოთავისუფლების [“ციტოკინური შტორმი”] სინდრომია, რომლის განვითარებაშიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერლეიკინ-6. ტოცილიზუმაბი სწორედ ინტერლეიკინ 6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულია და მის სწრაფ გამოყოფას არეგულირებს მწვავე და კრიტიკულ COVID-19 პაციენტებში.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 6 532 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით, კლინიკური მართვის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ქართველ ექიმებს მედიკამენტ ტოცილოზუმაბის აქტიურ გამოყენებას ურჩევს. თუმცა, რეგიონული კლინიკის ხელმძღვანლები და ექიმები ამბობენ, რომ ისინი ერიდებიან ტოცილიზუმაბის დანიშვნას, ნაკლები გამოცდილების გამო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 6 703 ფლაკონი ტოცილიზუმაბი შემოვიდა, მათ შორის 2020 წელს - 2 928 ფლაკონი, ხოლო 2021 წელს - 3 775 ფლაკონი.
2021 წლის 26 აპრილს 728 ფლაკონი ტოცილიზუმაბი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა, “იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის”, “იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის” ფარგლებში.
3 აგვისტოს "კაქტუსმა" წერილი გააგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმასთან დაკავშირებით, თუ 2021 საქართველოში იმპორტირებული 3 775 ფლაკონი ტოცილიზუმაბიდან რამდენი იყო განკუთვნილი COVID-19-ის სამკურნალოდ, ხოლო რამდენი - ართრიტისთვის. ამ კითხვაზე სამინისტროს დღემდე არ უპასუხია.