რელიგიური ლიდერები მორალურად ვალდებულნი არიან თავიანთი მიმდევრები სიკეთისკენ წაიყვანონ. თუმცა, ისინი ხშირად უგულებელყოფენ ამ ვალდებულებას, და შეგნებულად ან გაუცნობიერებლად, ავრცელებენ დეზინფორმაციას ვაქცინის შესახებ.
ზოგიერთი რელიგიური ლიდერი ქადაგებს და არწმუნებს მრევლს, რომ არ მიიღონ ვაქცინა, რადგან ამან შეიძლება “ჰომოსექსუალური მიდრეკილებები” და ა.შ. გამოიწვიოს. ანალოგიურად, ზოგიერთი რელიგიური ლიდერი თავის რელიგიურ და მორალურ სწავლებას ვაქცინაციის წინააღმდეგ წარმართავს.
ამ რელიგიურ დეკლარაციებს სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვთ, მაგრამ ეს შეტყობინებები ძირს უთხრის ვაქცინის სანდოობას და ხალხში დაბნეულობას იწვევს, რადგან ამ რელიგიური ლიდერების მიმდევრები ამ დეზინფორმაციას სახარებისეულ ჭეშმარიტებად აღიქვამენ.
რელიგიურმა ლიდერებმა თვალყური უნდა ადევნონ ყველაზე მისაღებ სამეცნიერო დეკლარაციებს ვაქცინებზე, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან მათი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სანდო ინფორმაციას.
რწმენა და რელიგია აუცილებელია პანდემიის კრიზისის დასაძლევად. თანაბრად აუცილებელია რელიგიური ლიდერების მოსაზრებები დაეყრდნოს სამეცნიერო ინფორმაციას.
პანდემიის დროს მსოფლიოს კრიზისიდან გამოსაყვანად საზოგადოებრივი ჯანდაცვა უნდა იყოს ლიდერი გამოსავლის ძიების თვალსაზრისით, მაგრამ რელიგია მას მხარდამხარ უნდა ედგეს და ეხმარებოდეს იქ, სადაც საჭიროა.
უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური ლიდერები, რომლებიც უარყოფითად საუბრობენ ვაქცინის შესახებ, მხოლოდ უმცირესობაა. ბევრი სხვა რელიგიური ლიდერი საპირისპიროს ამბობს.
ვაქცინა იმედის გზავნილია.
რომის პაპი ფრენცისკე ამბობს, რომ ვაქცინაცია მორალურად ყველას მოვალეობაა, რადგან ის იცავს არა მხოლოდ აცრილი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ სხვებსაც.
გასული წლის ივლისში, როდესაც ვაშინგტონის შოლომის სინაგოგის მართლმადიდებელი რაბინი შმუელ ჰერცფელდი მოდერნას ვაქცინის კლინიკურ კვლევაში ჩაერთო, მას სურდა საკუთარი წვლილი შეეტანა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მას შემდეგ ჰერცფელდი სამაგალითო გახდა.
მისი ცნობილი ვიდეოები Tik-Tok-ზე აჩვენებს, რომ ივლისში მიიღო ვაქცინა, შემდეგ კი - იმავე თვეში, - სამედიცინო გმირის ჯილდო გადასცეს ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. მან ასევე დაარწმუნა, მინიმუმ, ერთი სხვა რაბინი მერილენდში, რომ ვაქცინის კლინიკურ კვლევაში მიეღო მონაწილეობა.
სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები მწვავე მოსაზრებებს გამოთქვამენ კოვიდ ვაქცინის შესახებ. მაგალითად, კონსერვატიული კათოლიკეები და ევანგელისტები არ იცრებიან, თუკი ესა თუ ის ვაქცინა ემბრიონულ ქსოვილებს ან უჯრედებს შეიცავს. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა რელიგიური ლიდერები საჯაროდ უჭერდნენ მხარს ვაქცინაციას.
სხვა რაბინებმაც გაიმეორეს ჰერცფელდის სიტყვები: აიცერით. ულტრა-მართლმადიდებლური იუდაიზმის სამმა ყველაზე მაღალი იერარქიის რაბინებმა - ჩაიმ კანიევსკიმ, გერშონ ედელშტეინმა და შალომ კოენმა - განაცხადეს, რომ „ვაქცინა ყველამ უნდა მიიღოს, როგორც კი ექნება ამის საშუალება.“
ისინი აცხადებენ, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და მისაღები სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით არის წარმოებული. ეს კომენტარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ულტრა-მართლმადიდებლურ თემებში, რადგან რაბინების შეხედულებები განსაზღვრავს საზოგადოებრივ აზრს და ქცევებს.
პასტორი მარშალ მიტჩელი ბაპტისტური ეკლესიიდან [პენსილვანიის შატატი], ასევე აძლევს მაგალითს ადგილობრივ მოსახლეობას. მან Pfizer-ის წარმოებული COVID-19 ვაქცინა გასულ თვეში მიიღო, რათა ვაქცინებისადმი ნდობის აღდგენაში დაეხმაროს აფრო-ამერიკულ თემს.
მორალური დილემები და რელიგიური სწავლებები
ზოგიერთი რელიგიური ლიდერი მიიჩნევს, რომ ვაქცინა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ჯანმრთელობისთვის, არამედ მორალური მოვალეობაა, როგორც სხვების საჭიროებების გახსენება და მათი ინტერესების გათვალისწინება.
ვირჯინიის შტატის რიჩმონდის ისლამური ცენტრის იმამი ამმარ ამონეტი ამბობს, რომ მუსლიმური სწავლება მხარს უჭერს ვაქცინაციას.
"ეპიდემიის შემთხვევაში, ვაქცინაციაზე უარს ვერ იტყვით, მაშინაც კი, თუ უკუჩვენების მცირე რისკი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მკურნალობაზე, როდესაც ავად ხართ, თუ საზოგადოების სხვა წევრებს საფრთხეს არ შეუქმნით. ჩვენ გვაქვს რელიგიური მოვალეობა და ვაქცინაციის ვალდებულება, თუკი ამაში კომპეტენტური სამეცნიერო და სამედიცინო ორგანოები არიან ჩართულები."
ვატიკანმა და კათოლიკე ეპისკოპოსებმა ა.შ.შ.-ში გამართულ კონფერენციაზე საჯაროდ განაცხადეს, რომ მორალურად მისაღებია Pfizer-BioNTech-ისა და Modernna-ს ვაქცინების მიღება მაშინაც კი, ვაქცინის შესწავლაში ემბრიონების უჯრედებიც რომ ყოფილიყო გამოყენებული.
"მიმდინარე პანდემიის სიმძიმისა და ალტერნატიული ვაქცინების არარსებობის გათვალისწინებით, Pfizer-BioNTech-ისა და Modernna-ს გამოყენება ახალი COVID-19 ვაქცინების მიღების მიზეზები საკმარისად სერიოზულია მათი გამოყენების გასამართლებლად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, შესაძლოა, შეიცავდნენ მორალურად გაუმართლებელი გზებით მიღებულ უჯრედებს," - განაცხადეს ეპისკოპოსებმა დეკემბერში.
ეპისკოპოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ვაქცინის მიღებას "საზოგადოების სხვა წევრების მიმართ ქველმოქმედების აქტი" უწოდეს.
"მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უკიდურესად მრავალფეროვანი საზოგადოების განათლება, მათ შორის ლტოლვილების და აფრო- ამერიკელების. ჩვენ გვყავს ბევრი მოქალაქე, რომლებმაც ზეწოლა და დისკრიმინაცია განიცადეს. გასაკვირი არ არის, რომ ისინი გარკვეულწილად სკეპტიკურად უყურებენ ხელისუფლებას და შესაძლოა, დეზინფორმაციული კამპანიებისკენ და შეთქმულების თეორიებისკენ იყონ მიდრეკილნი," - აღნიშნა ამონეტემ.
ის ხალხს არწმუნებს, რომ ისლამი ვაქცინაციის წინააღმდეგ არ მიდის, თუნდაც ინგრედიენტები ღორის ხორციდანაც მოდიოდეს. "ყველაფერი, რაც სიცოცხლეს გადაარჩენს, უპირატესია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა კანონის ზოგიერთ სხვა დებულებაზე უფრო მაღლაც დგას."
აფრო-ამერიკელებს სამედიცინო კვლევის უნდობლობის დიდი ისტორია აქვთ, განსაკუთრებით ტუსკეგის ექსპერიმენტის შემდეგ, რომელიც 1932 წელს დაიწყო და 40 წელი გაგრძელდა. მკვლევარებმა შეცდომაში შეიყვანეს სიფილისით დაავადებული ფერადკანიანი პაციენტები და არ მისცეს მათ პენიცილინი მიუხედავად იმისა, რომ ეს წამალი ჯერ კიდევ 1947 წლიდან გამოიყენებოდა სიფილისის სამკურნალოდ. მკვლევარებს აინტერესებდათ დაავადების ბუნებრივი, მკურნალობის გარეშე, განვითარება.
როდესაც „როიტერის“ საინფორმაციო სამსახურმა დეკემბერში ათეულობით ფერადკანიანი ეკლესიის ლიდერი გამოკითხა, ყველამ აღნიშნა, რომ მათ სჯეროდათ, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო კრიზისის დასასრულებლად, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი აღმოჩნდა მზად, ამაზე საჯაროდ ესაუბრა და დაეჭირა მხარი. ბევრმა სასულიერო პირმა თქვა, რომ მათ სურდათ მეტი ინფორმაცია ვაქცინაზე, იმაზე, თუ როგორ მუშაობს ის ადამიანის ორგანიზმში, რა გავლენა აქვს, რა გვერდითი მოვლენები აქვს და ასე შემდეგ და მხოლოდ მას მერე იყვნენ მზად, რომ ეს ყველაფერი საკუთარი მრევლისთვის მოეყოლათ და ისინი ვაქცინაციის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ.
"როგორც პასტორს და ჯანდაცვის მუშაკს, მესმის, რატომ უნდა მიიღოს ხალხმა ეს ვაქცინა. ამ ინფექციის გამანადგურებელი შედეგებიც მინახავს. მაგრამ მე ასევე მესმის, რატომ არ ენდობა აფრო-ამერიკელი საზოგადოება კლინიკურ კვლევებს: იმიტომ, თუ როგორც ეპყრობოდნენ მათ წარსულში", - ამბობს პასტორი რეჯინალდ ბელტონი, რომელიც საავადმყოფოშიც მუშაობს და პაციენტებს ემსახურება.
ოჰევ შალომის სინაგოგა, რომელსაც ვაშინგტონსა და მერილენდში 250 ოჯახი მრევლი ჰყავს, ხშირად ამცნობს მის წევრებს, თუ როდის და სად არის ვაქცინა ხელმისაწვდომი.
"ჩვენ მოვუწოდებთ ხანდაზმულ ადამიანებს ფხიზლად იყვნენ და დაჯავშნონ ადგილები. მოვუწოდებ ყველას, მიიღონ ვაქცინის საკუთარი დოზა. თუ ამ ვირუსის დამარცხებას ვაპირებთ, სათითაოდ ყველას დახმარებაა საჭირო", - ამბობს ჰერცფელდი.
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ, რომელსაც იეზუიტური განათლება აქვს მიღებული, ცოტა ხნის წინ ისაუბრა COVID-19 ვაქცინების შესახებ.
"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით ვაქცინის კლინიკური კვლევების ფარგლებში, რათა დავეხმაროთ აფრო-ამერიკულ საზოგადოებას. რელიგიური ლიდერები თავიანთი ეკლესიების შიგნით მუშაობდნენ, რათა დაერწმუნებინათ ხალხი იმუნიზაციის საჭიროებაში", - განაცხადა ფაუჩიმ. "მოდერნას კლინიკურ კვლევაში მონაწილეთა 37% ფერადკანიანი იყო, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა."