გარემო

დამალული მონაცემები ფოთელი ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობაზე




ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფოთში მცხოვრები ბავშვების სისხლში მძიმე მეტალების შემცველობის გამოკვლევაზე ტენდერი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და საკრებულოს პეტიციით მიმართა. ლაბორატორიული კვლევები დასრულებულია, თუმცა, კვლევების შედეგები ჯერ-ჯერობით საჯარო არ არის.

მაია მაკალათია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, “კაქტუსთან” საუბარში ვერ აზუსტებს, როდის გახდება საჯარო ამ მონაცემების ანალიზი.

კვლევის ფარგლებში, რომელზეც ხელშეკრულება მიმდინარე წლის 17 ივნისს გაფორმდა მუნიციპალიტეტსა და სააქციო საზოგადოება  “ევექსის ჰოსპიტლებს” შორის, ბავშვების სისხლში ხუთი მეტალის - ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, მანგანუმისა და კალას კონცენტრაცია შეამოწმეს. 

 

რა ვიცით კვლევის მეთოდოლოგიაზე?

კვლევაში 104 ფოთელი ბავშვი იყო ჩართული. მაია მაკალათიას თქმით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან [NCDC] შეთანხმებით შედგა კვლევის მეთოდოლოგია და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ამით იხელმძღვანელა: აირჩა ბავშვების სისხლის ნიმუშების აღების ლოკაციები და სხვა დეტალები. 

NCDC-ის პასუხისმგებელი პირები არ ადასტურებენ, რომ მსგავსი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს. 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 41 500 მოქალაქე ცხოვრობს. რობინზონ წიკლაური, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამბობს, კვლევა რომ წარმომადგენლობითი იყოს, მთელი მუნიციპალიტეტი უნდა ჩაერთოს და კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია შეირჩეს.

“104 ბავშვი [რაოდენობრივად] ნამდვილად არ არის საკმარისი. თუკი ფოთის მუნიციპალიტეტზე წარმომადგენლობით კვლევაზეა საუბარი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კლასტერები უნდა შედგეს, მთელი ქალაქიდან,” - ამბობს წიკლაური. - “სხვადასხვა ლოკაციების შედარებაც შეიძლება: რომ სინჯები აიღონ დაბინძურებულ ადგილას მცხოვრები ბავშვებისგან და შედარებით “ნეიტრალურ” ადგილას მცხოვრებებისგან და ერთმანეთს შეადარონ.”

მაია მაკალათიას თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ განსაკუთრებით ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მშობლების მოთხოვნები გაითვალისწინა. მისივე თქმით, ჯავახიშვილის ქუჩიდან 52 ბავშვი ჩასვეს კვლევაში: არჩეული პოპულაციის თითქმის ნახევარი, დანარჩენი კი - მალთაყვის ტერიტორიიდან, რომელიც შედარებით “სუფთად” ითვლება. 

“გარდა ამისა, კლინიკების ბაზებიდან ავიღეთ მონაცემები ბავშვებისა, რომელთა მშობლებსაც ადრე დაურეკავს ჩვენთვის, ვინც აცხადებდა, რომ აინტერესებს, გამოიკვლიოს ბავშვის მდგომარეობა. მოვუსმინეთ ფოთის კლინიკების ექიმებსა და თერაპევტებსაც,” - უთხრა “კაქტუსს” მაია მაკალათიამ.

ლაბორატორიული კვლევის ოფიციალური შედეგები ბავშვების მშობლებს ჯერ არ მიუღიათ. მშობლები აგვისტოს ბოლოს ფოთის ევექსის პოლიკლინიკაში დაიბარეს და შედეგები ცალკე ფურცელზე დაუწერეს, რომელიც არ იყო ლაბორატორიის ოფიციალური, დამოწმებული დოკუმენტი.

“ფურცელზე დამიწერა [შედეგები]. ტყვიაზე ეწერა, რომ ნორმაზე მეტი აქვს. სხვა რაღაცაზეც ეწერა, მაგრამ არ ვიცი, რომელზე,”- გვითხრა ლიუდმილა ჟვანიამ, რომლის 11 წლის შვილიშვილს ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. 

დავით ჯორბენაძე, მძიმე მეტალების კვლევის ლაბორატორია “მედი პრაიმის” დირექტორი, რომლის დაწესებულებამაც შეასრულა სისხლის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი, ამბობს, რომ მათ უკვე გადასცეს კვლევის შედეგები როგორც “ევექსის ჰოსპიტლებს,” ასევე ფოთის მერიას. დავით ჯორბენაძე თქვა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია კვლევის სხვა დეტალებზე, მათ შორის, ბავშვების ასაკზე.

ჯორბენაძის თქმით, ნიმუშებში შემოწმებული ხუთი ლითონიდან გადაჭარბება მხოლოდ ტყვიაზე იყო. 

“დანარჩენი ლითონების შემთხვევაში, პრობლემა არ ყოფილა,” - ამბობს ჯორბენაძე. - “[ტყვიის] გადაჭარბება საშუალო სიმძიმისა იყო, კატასტროფული ნამდვილად არ ყოფილა.”

კვლევის ფარგლებში ბავშვების სისხლში ტყვიის გადაჭარბების ფაქტს ადასტურებს მაია მაკალათიაც. მისი თქმით, 104 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში იყო ტყვიის შემცველობის გადაჭარბება, რამდენიმე შეთხვევაში კი - სხვა მეტალებისაც, თუმცა ვერ ასახელებს, კონკრეტულად რომელი მეტალების. 

“პროცესი ჯერ-ჯერობით არ არის დამთავრებული და დეტალურად თქმა ახლა არ შემიძლია. ბევრ ნიუანსზე მეც მაქვს კითხვები. როცა შესწავლას დავასრულებ, გეტყვით,” - აღნიშნა მაკალათიამ. - “სექტემბრის დასაწყისში ყველა ბავშვის მონაცემი მექნება უფრო მყარად, ვიდრე ახლა, ამ წუთში, მაქვს,” - აღნიშნა მაკალათიამ.

ფოთის მერის ერთ-ერთი მოადგილე, ზაქრო გვრიტიშვილი ამბობს, რომ ჯერ არ გასცნობია ლაბორატორიის კვლევის მასალებს. ამავე საკითხზე საუბრის დროს ფოთის ვიცე-მერმა, მამუკა პაპასქირმა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, მაია მაკალათიასთან, საუბარი გვირჩია.

 

სხვა კვლევები

მერიის კვლევიდან 5 თვის წინ სამოქალაქო ინიციატივა “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” ორგანიზებით 20 ფოთელ ბავშვს ორგანიზმში ტყვიისა და სხვა ლითონების კონცენტრაცია შეუმოწმეს.

კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ შემთხვევაში ბიოლოგიურ ნიმუშად თმა გამოიყენეს, ხოლო მეორე შემთხვევაში - სისხლი. თმის ნიმუშები გასული წლის ბოლოს აიღეს, ხოლო სისხლის - მიმდინარე წლის იანვარში.

ორივე კვლევის შემთხვევაში, ორივე სახის ნიმუშები [თმისა და სისხლის] ბავშვების ერთი და იგივე ჯგუფიდან აიღეს. კვლევაში მონაწილე ყველაზე უმცროსი ბავშვი 5 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 11 წლის. კვლევაში ჩართულები იყვნენ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. 

ელისო ჯანაშია, სამოქალაქო ინიციატივა“ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” დამფუძნებელი, ამბობს, რომ საკვლევის ლოკაციები აირჩა პოტენციურ დამაბინძურებლებთან ახლოს: ი. ჭავჭავაძის, ი. ჯავახიშვილის და ზ. ფალიაშვილის ქუჩები, სადაც არის ფოთის პორტი, მეტალურგიული და სპილენძის კონცენტრატის საწარმოები, ასევე ცემენტის ორი ქარხანა. 

 

თმისა და სისხლის ნიმუშების შედეგები

20 ბავშვიდან თმის ანალიზების დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 10 ბავშვის ბიოლოგიურ ნიმუშში ტყვია აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას, სპილენძი - 4 ბავშვის, ხოლო რკინა - ერთის შემთხვევაში. 

სისხლში ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებდა 20-დან 12 ბავშვის შემთხვევაში. ერთ-ერთი ბიჭის შემთხვევაში,  რომელიც 11 წლისაა,  ტყვიის სისხლში კონცენტრაცია 6-ჯერ აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას [ზღვრულად დასაშვები:  <20. შედეგი - 121]. 

ტყვიის გარდა, ზოგი ბავშვის სისხლში ნორმაზე მაღალი იყო ტიტანის, სპილენძისა და ქლორის კონცენტრაციები. 

ელისო ჯანაშიას თქმით, მათ შედეგები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასაც გაუგზავნეს, თუმცა, მისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

“კომპანიები არც ჩვენ შეგვხვდნენ და არც [ბავშვების] მშობლებს,” - ამბობს ჯანაშია. 

ერთი წლის წინ ფოთის მერიაში ქალაქში გარემოს დაბინძურებისა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით კომისია შეიქმნა.

ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის ზუსტი წყაროები უცნობია. ტყვიით და სხვა ლითონებით დაბინძურების წყაროების გამორკვევის მიზნით ცალკე კვლევა არ ჩატარებულა. 

 

ტყვიით დაბინძურების გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე

ტყვიით დაბინძურების წყარო მრავალია. მათ შორის, საწვავი, ტყვიის შემცველი საღებავები, ტყვიის ბაზაზე დამზადებული მილები, საკვები პროდუქტები და წყლის შესანახი კონტეინერები. ტყვიის არასასურველი წყარო ასევე შეიძლება იყოს კერამიკის ნივთების მომზადება, სამკურნალო საშუალებები, ტკბილეული, სამკურნალო მცენარეები, კოსმეტიკური სშუალებები.

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული აკადემიური ნაშრომის თანახმად, მოზრდილ ადამიანებთან შედარებით, პატარა ბავშვი და ჯერ კიდევ მუცლადმყოფი უფრო მეტად არის ტყვიის არასაჭირო კონცენტრაციით ათვისების რისკების ქვეშ. ტყვია უფრო მარტივად და ინტენსიურად აღწევს განვითარებადი და მოზარდი ორგანიზმის ტვინში. ბავშვებში ტყვიის მაღალ შემცველობას, შესაძლოა, არც ჰქონდეს რამენაირი სიმპტომი, მაგრამ შესაძლოა, ბავშვებს ინტელექტი და სწავლის უნარები დაუქვეითოს, ან პირიქით - გახადოს ჰიპერაქტიური, გაუჩინოს სმენისა და ფიზიკური ზრდის პრობლემები, ა.შ.. ზოგჯერ ბავშვს, შესაძლოა, განუვითარდეს მწვავე ნევროლოგიური მოვლენები, მათ შორის, კრუნჩხვები და კომაში ჩავარდნის რისკები. 

ტყვიით დაბინძურების შემსუბუქების ერთ-ერთი მეთოდი ტყვიით დაბინძურების წყაროს მოცილებაა. უფრო მწვავე ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელია ქელაციის მეთოდით მკურნალობა. თუმცა, ხშირად, ტყვიით დაბინძურების სიმპტომები შეუქცევადია.

 

ტყვიით დაბინძურების წყაროს ძიება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის დაბინძურების მზომი მოწყობილობა ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომელიც არ ფუნქციონირებს

 

2020 წლის ივნისში სამოქალაქო ინიციატივა “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” ფოთში ჰაერის დამაბინძურებლების გარკვეული კომპონენტების გაზომვა მოითხოვა. 

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის დამაბინძურებლების მზომი მობილური მოწყობილობა ადგილზე გასული წლის ზაფხულში მიიყვანა. მალევე აღმოჩნდა, რომ ჰაერის შეწონილი ნაწილაკის: PM10-ის კონცენტრაცია დასაშვებზე მაღალი იყო და 5 თვის გამავლობაში [2020 წლის ივლისიდან ნოემბრამდე] 45 შემთხვევაში აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. 

PM10-ით დაბინძურების შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, გიორგი ჭავჭავაძეს, შეატყობინა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის მზომმა მოწყობილობამ ამ კომუნიკაციიდან მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება: ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების გაზომვა. 

ჰაერის დაბინძურების მზომი მოწყობილობა ახლაც დგას ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მაგრამ კვლავ არ ფუნქციონირებს და არ არის შეერთებული სააგენტოს ცენტრალურ სერვერთან. 

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მზომის მონაცემებში ტყვიის ან სხვა ლითონების კონცენტრაცია არ გაუზომიათ, ეს გახდა მიზეზი, რომ ბავშვებში ლითონური წარმოშობის დამაბინძურებლების კონცენტრაციაც გაზომილიყო, რადგან ადგილზე არაერთი საწარმო დაბინძურების წყაროა. 

სამოქალაქო ინიციატივამ “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” არაერთი პეტიცია შეადგინა, რომელთა მიზანი გარემოს მდგომარეობის გამოსწორება და ბავშვების ჯანმრთლობაზე მათი გავლენის შესწავლა იყო. ფოთის მერიის გამოცხადებული ტენდერი ბავშვებში მძიმე მეტალების გამოკვლევაზე ამ პეტიციების ერთ-ერთი შედეგი იყო.

ფოთის ნავსადგური, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ

 

სახელმწიფო პროგრამა ტყვიაზე

ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობაზე სახელმწიფო პროგრამა 2019 წლიდან მუშაობს: მას შემდეგ, რაც ჩატარადა MICS კვლევა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მაღალი ჰქონდათ.

ამ შედეგების შემდეგ, 2019 წლიდან, ამოქმედდა ტყვიის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის 2021 წლის ბიუჯეტი 1,038,000 ლარია. ამ პროგრამაში ჩართვა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ბავშვს შეუძლია. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემოწმება და შესაბამისი დიაგნოსტიკისთვის საჭირო სამედიცინო პროცედურები, ასევე მკურნალობის ხარჯები. 

პროგრამის ამოქმედების დროს მასში  0-2 წლამდე ბავშვები იყვნენ ჩართულები. მოგვიანებით ეს კრიტერიუმი გაფართოვდა და ამჟამად პროგრამაში ჩართვა 7 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ. 

ბავშვი რომ ტყვიის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთოს, მშობელმა შემდეგი გზა უნდა გაიაროს: მას ოჯახის ექიმმა [პედიატრმა] უნდა მისცეს მიმართვა, რომ ბავშვს სისხლში ტყვიის შესაძლო მაღალი კონცენტრაციის ნიშნები აქვს. ასეთი ნიშნები ხშირად სუბიექტურია და იყო შემთხვევები, როდესაც ფოთელ მშობლებს გაუჭირდათ პედიატრებისგან მსგავსი მიმართვის მიღება. თუკი რომელიმე მშობელი მიიღებს ასეთ მიმართვას და აღმოჩნდება, რომ მის შვილს სისხლში ტყვია დასაშვებზე მაღალი აქვს, მას მკურნალობა თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში უწევს. ფოთში მსგავს მდგომარეობას არ მკურნალობენ. 

“თუ [ორგანიზმში] ტყვიის ძალიან მაღალი შემცველობა არ არის, [პაციენტს] არ აქვს სპეფიციური სიმპტომები. ამიტომ, თუ ბავშვი არის უყურადღებო, ხშირად აქვს მუცლის ტკივლი, ანემია და ასე შემდეგ - ძალიან ბანალური მიზეზებიც კი შესაძლოა იყოს ტყვიასთან კავშირში, მაგრამ შესაძლოა, არც იყოს,” - ამბობს ლელა სტურუა, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. - “თუკი ექიმი იფიქრებს, რომ შესაძლოა, ეს სიმპტომები უკავშირდებოდეს ტყვიას, მაშინ ის მიმართავს ბავშვს სახელმწიფო პროგრამაში. ჩართვა აბსოლუტურად ექიმის მიმართვაზეა დამოკიდებული და არანაირი სხვა კრიტერიუმი აქ არ არსებობს.”

რამდენად მაღალია ფოთელ მშობლებში ცნობიერება ტყვიის სახელმწიფო პროგრამის შესახებ?

ნინო ხურცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფოთის ფილიალის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მშობლების აქტივობა უფრო მაღალი იყო პროგრამის დასაწყისში: 2019 წელს და შემდეგ თანდათან შენელდა.

“100%-ით ყველამ იცისო, - რთულია ამის თქმა, თუმცა, საკმაოდ დიდი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა მაშინ. ამ პროგრამის შესახებ ყველა პედიატრმა იცის,”- ამბობს ხურცია. - “მშობელსაც პედიატრმა უნდა უთხრას. მეც ბევრი მშობელი მიკავშირდება და ვაკვალიანებ, რა და როგორ უნდა გააკეთოს.” 

ფოთის მერიის მიერ შესრულებული კვლევის შესახებ ნინო ხურციასაც ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, მერიის ჯანდაცვის დეპარტამენტს მასთან კვლევის ანგარიში ჯერ არ გაუზიარებია. 

როგორ მუშაობდა ტყვიის სახელმწიფო პროგრამა ფოთში აქამდე?

ნინო ხურცია ამბობს, რომ ტყვიის სახელმწიფო პროგრამით ადგილობრივად დაახლოებით 15-მა მშობელმა ისარგებლა. თუმცა, მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მკურნალობა ადგილობრივად არ ხდება: მშობლებმა ბავშვები თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში უნდა წაიყვანონ, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის სტრატეგიას.

ქელაციური თერაპიით ორგანიზმიდან ტყვიის, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის მოცილება შეიძლება. ქელაციური თერაპიის დროს ისეთ მედიკამენტებს იყენებენ, რომლებიც სისხლში გახსნილ მეტალებს თავისკენ მიიკრავენ, რაც შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან.  

ქელაციური თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტს პაციენტს მკლავის ვენიდან უსხამენ. ხელმისაწვდომია აბებიც. 

ხურციას თქმით, როგორც კი ფოთის მერიის კვლევის შედეგები ცნობილი გახდება და თუ რომელიმე მათგანს სისხლში ტყვიის 5 მილიგრამი/დეცილიტრზე მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა, მათ შეეძლებათ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა და 0-7 წლამდე ბავშვების შესაბამისად მკურნალობა, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მკურნალობის სხვა რესურსები უნდა გამოიყოს.

“ამიტომ არსებობს ადგილობრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომ ეს დანაკლისი შეავსოს,” - ამბობს ნინო ხურცია.

ფოთის მუნიციპალიტეტის კვლევის დასრულების შემდეგ, აგვისტოს შუა რიცხვებში, კვლევაში მონაწილე ბავშვების მშობლები ფოთის პირველ პოლიკლიკინაში დაიბარეს და ურჩიეს, ბავშვებისთვის “ვიტამინები” მიეცათ.

შეხვედრის დროს დაუსახელეს საკვები დანამატის ბრენდდასახელებებიც.

“ვიტამინები დაალევინეთ ერთი თვის განმავლობაშიო. ვიკითხე ერთხელ აფთიაქში და არ ჰქონდათ. შემდეგ თანხაც არ მქონდა და ვერ ვუყიდე ჯერ-ჯერობით, “ - უთხრა "კაქტუსს" ლიუდმილა ჟვანიამ, კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის ბებიამ.

ფოთის მერის მოადგილემ, ზაქრო გვრიტიშვილმა, გვითხრა, რომ ფოთის მერია მზად იქნება დააფინანსოს ბავშვების მკურნალობა, თუკი ამის საჭიროება დადგება. 

“ვისაც სად რა უჭირს, ფოთის მერია ყოველთვის ეხმარება და დაეხმარება ან ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ან ცენტალური ბიუჯეტიდან - გავუწევთ შუამდგომლობას. ამაზე როგორ შეიძლება, უარი ითქვას?” - უთხრა ზაქრო გვრიტიშვილმა “კაქტუსს”. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>