კვლევით, რომლის ფარგლებშიც ფოთის მერიამ მიმდინარე წლის აგვისტოში მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ხუთი მძიმე მეტალის კონცენტრაცია გაზომა, გამოჩნდა, რომ აღებული 104 ნიმუშიდან სისხლში ტყვიის კონცენტრაციის დონე 37 ბავშვის შემთხვევაში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება.
ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, მანგანუმისა და კალის კონცენტრაციის გასაზომად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის მაისში 39 128,80 ლარი გამოყო და ქალაქის 20-ზე მეტ ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს, 2-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში, შეუმოწმა სისხლის ნიმუშები.
ტყვიის გარდა, დანარჩენი ოთხი მეტალის კონცენტრაცია კანონით დაშვებულ ნორმას არ აღემატებოდა. მიღებული ლაბორატორიული მონაცემები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ინიციატივას - “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” 26 ნოემბერს მიაწოდა, როგორც საჯარო ინფორმაცია, კვლევის დასრულებიდან 4 თვის შემდეგ.
ქართული კანონმდებლობით, სისხლში ტყვიის კონცენტრაცია 0-5 მიკროგრამს დეცილიტრში არ უნდა აღემატებოდეს.
შემოწმებული 104 ბავშვიდან გადაჭარბების ყველაზე მცირე გადაცდომა იყო 5.03 მიკროგრამი ტყვია დეცილიტრში, ხოლო ყველაზე მაღალი - 15.13 მიკროგრამი დეცილიტრში.
ამჟამად ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უცნობია ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული კონცენტრაციის წყარო. მონაცემებში ასევე არ ჩანს იმ ბავშვების/მოზარდების ზუსტი ასაკი და სქესი, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდათ.
ბავშვებისა და მოზარდების ასაკი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 0-7 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მილიგრამს დეცილიტრში აღემატება, ტყვიის სახელმწიფო პროგრამაში შეუძლიათ ჩართვა. 7 წლის ზემოთ ბავშვების მკურნალობა კი მშობლებმა უნდა უზრუნველყონ.
სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საერთაშორისო რეგულირება
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] განცხადებით, არ არსებობს სისხლში ტყვიის უსაფრთხო კონცენტრაცია - ნებისმიერი ოდენობით მისი არსებობა ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს ქმნის და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისთვის.
2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა [C.D.C.] სისხლში ტყვიის შემცველობის ახალი საორიენტაციო ზღვარი შემოიღო. ამ მაჩვენებლის საფუძველი იყო ა.შ.შ.-ში 2015-2016 წლებსა და 2017-2018 წლებში ჯანმრთელობისა და ნუტრიციის შესახებ ეროვნული კვლევის [National Health and Nutrition Examination Survey (NHANES)] შედეგები.
ფედერალურმა საკონსულტაციო საბჭომ, რომელსაც ტყვიით დაბინძურების პრევენციის კომიტეტი ჰქვია, ზემოთხსენებული კვლევისა და მონაცემთა ანაზილის შემდეგ, მიმდინარე წლის 14 მაისს ანონიმურად მისცა ხმა ახალი ზღვრის დაწესების საკითხს და გადაწყდა, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საორიენტაციო ზედა ზღვარი უნდა იყოს 3.5 მილიგრამი დეცილიტრში [3.5 μg/dL].
ეს საორიენტაციო ზედა ზღვარი არ არის კანონით განსაზღვრული მაჩვენებელი ან ფედერალური ა.შ.შ. სტანდარტი. ნებისმიერი შტატი თვითონ აწესებს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ქვედა და ზედა მაჩვენებლებს, არსებული კონტექსტიდან და ჯანმრთელობისა და გარემოს მაჩვენებლებიდან გამომდინარე.
C.D.C. შტატებს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს: თუკი ბავშვის სისხლის ერთ დეცილიტრ ერთეულში ტყვია 3.5 მიკროგრამს აღემატება:
-
უნდა იქნეს აღმოჩენილი დაბინძურების წარმომავლობა და მასთან შეხება უნდა შეწყდეს: ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მოცილდეს ტყვიით დაბინძურების წყაროს;
-
მუდმივად, რუტინულად უნდა შემოწმდეს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების მაჩვენებლები და ნუტრიციული სტატუსი, განსაკუთრებით რკინისა და კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღების თვალსაზრისით;
-
ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემოწმება უნდა გაგრძელდეს გარკვეული ინტერვალით, ბავშვის ასაკიდან და სისხლში თავიდან აღმოჩენილი კონცენტრაციიდან გამომდინარე; რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, კაპილარული სისხლის განმეორებით შემოწმება უფრო სწრაფად უნდა მოხდეს [6-3-1 თვე, 48 საათი, ა.შ.].
ტყვიით დაბინძურების გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე
ტყვიით დაბინძურების წყარო მრავალია. მათ შორის, საწვავი, ტყვიის შემცველი საღებავები, ტყვიის ბაზაზე დამზადებული მილები, საკვები პროდუქტები და წყლის შესანახი კონტეინერები. ტყვიის არასასურველი წყარო ასევე შეიძლება იყოს კერამიკის ნივთების მომზადების პროცესი, სამკურნალო საშუალებები, ტკბილეული, კოსმეტიკური საშუალებები.
ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული აკადემიური ნაშრომის თანახმად, მოზრდილ ადამიანებთან შედარებით, პატარა ბავშვი და ჯერ კიდევ მუცლადმყოფი უფრო მეტად არის ტყვიის არასაჭირო კონცენტრაციით ათვისების რისკების ქვეშ. ტყვია უფრო მარტივად და ინტენსიურად აღწევს განვითარებადი და მოზარდი ორგანიზმის ტვინში. ბავშვებში ტყვიის მაღალ შემცველობას, შესაძლოა, არც ჰქონდეს რამენაირი სიმპტომი, მაგრამ შესაძლოა, ბავშვებს ინტელექტი და სწავლის უნარები დაუქვეითოს, ან პირიქით - გახადოს ჰიპერაქტიური, გაუჩინოს სმენისა და ფიზიკური ზრდის პრობლემები, ა.შ.. ზოგჯერ ბავშვს, შესაძლოა, განუვითარდეს მწვავე ნევროლოგიური მოვლენები, კრუნჩხვები და კომა.
ტყვიით დაბინძურების შემსუბუქების ერთ-ერთი მეთოდი ტყვიით დაბინძურების წყაროსგან მოცილებაა. მწვავე ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელია ქელაციის მეთოდით მკურნალობა. თუმცა, ხშირად, ტყვიით დაბინძურების სიმპტომები შეუქცევადია.
⇨ ამავე თემაზე წაიკითხეთ: დამალული მონაცემები ფოთელი ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობაზე