გარემო

ტყვიის სახელმწიფო პროგრამა ფოთში ახალ პაციენტებს აღარ იღებს




ტყვიის სახელმწიფო პროგრამა ფოთის მუნიციპალიტეტში ახალ პედიატრიულ პაციენტებს აღარ იღებს. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა.  

ტყვიის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2019 წლიდან მუშაობს და 0-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემოწმებასა და შესაბამის მკურნალობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი ტყვიის კონცენტრაცია 5 მიკროგრამზე მეტი აღმოჩნდება ერთ დეცილიტრ სისხლში. ტყვიის პროგრამის საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც “დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის” პროგრამის “ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის” კომპონენტია, 2019 წელს 470 000 ლარი იყო, 2020 წელს - 1 445 000 ლარი, ხოლო 2021 წელს - 999 000 ლარი.

ნანა ლემონჯავამ, ევექსის კლინიკების ქსელის ფოთის პოლიკლინიკის მთავარმა მენეჯერმა, ტყვიის პროგრამის ადგილობრივ გამოწვევებზე “კაქტუსის” კითხვებს უპასუხა.

ევექსის კლინიკების ქსელის ფოთის პოლიკლინიკა ტყვიის სახელმწიფო პროგრამის ერთადერთი ტექნიკური განმახორციელებელია ფოთის მუნიციპალიტეტში. ტყვიის პროგრამის შეჩერების მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მას არ ჰქონდა.

უცნობია ტყვიით დაბინძურების წარმოშობის წყაროც.


[ნახეთ “კაქტუსის” მასალები ამავე თემაზე:

კვლევის შედეგები: ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ფოთელი ბავშვების სისხლში

დამალული მონაცემები ფოთელი ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობაზე ]

 

ხშირად მოგმართავდნენ მშობლები ამ პრობლემით: ტყვიაზე ბავშვის შემოწმების მიზნით? 

2019 წელს, როდესაც დავიწყეთ პროგრამა, მომართვიანობა ძალიან ხშირი იყო. განსაკუთრებით მოგვმართავდნენ ნაბადის უბნის მაცხოვრებლები. შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, შეწყდა პროგრამა - ლიმიტი ამოიწურა, ბიუჯეტი დამთავრდა.

შემდეგ, როცა ისევ განახლდა, უკვე ძალიან მცირე იყო მომართვიანობა.

როდიდან შემცირდა მომართვიანობა? პროგრამა შეწყდა იმიტომ, რომ ბიუჯეტი ამოეწურა?

მოცვა ნამდვილად არ იყო ძალიან მაღალი. შემდეგ, ვფიქრობ, რომ აქტუალობა დაკარგა იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანს უარი ვუთხარით, მომართვიანობაც შემცირდა, რაც სამწუხაროა.

უარი რატომ უთხარით? 

ლიმიტი ამოიწურაო, გვითხრეს და ვეღარ ვაკეთებდით კვლევებს. 

ლიმიტის ამოწურვის შესახებ იაშვილის კლინიკამ შეგატყობინათ?

ეს შეგვატყობინა იმ ლაბორატორიამ, სადაც ვაგზავნით საანალიზო მასალას. 

რომელი ლაბორატორიაა თქვენი პროვაიდერი? 

ეს არის ლაბორატორია “მედიპრაიმი.” ეს ინფორმაცია [უარის შესახებ] დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან იყო წამოსული და არა იაშვილის კლინიკიდან. 

ეს [უარის თქმა] როდის მოხდა?

მთელ საქართველოში შეწყდა პროგრამა. ეს იყო 2020 წლის გაზაფხული, თუ არ ვცდები.

ანუ პანდემიის დაწყებიდან მალევე. თქვენი აზრით, პანდემიის დაწყებამ შეუშალა ამას ხელი თუ ეს არ არის ამასთან კავშირში და ბიუჯეთან არის მაინც კავშირში?

ვერ გეტყვით. ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. 

მესმის, რომ ინტერვიუს ფორმატში ზუსტი მონაცემის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ თქვათ უხეშად, პროცენტულად რამდენ ადამიანს სჭირდება ეს მომსახურება და ვერ იღებს ფოთში?

ფოთის მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობაა შემოწმებული.

ახლა რა მდგომარეობაა? ისევ შეწყვეტილია პროგრამა? ხვალ რომ მოვიდეს ბავშვის მშობელი, გაუწევთ მომსახურებას?

არა, ახლა ვერ გავუწევთ მომსახურებას. მხოლოდ მეორად ვიზიტებზე გვაქვს ნებართვა - ანუ თუ უკვე ბავშვს კვლევა ჩატარებული აქვს და მკურნალობის შემდგომ სჭირდება გადამოწმება, მხოლოდ მათი მიღება შეგვიძლია. 

შეგიძლიათ, უფრო დეტალურად აღწეროთ, პირველად კვლევაში რა შედიოდა, გარდა სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემოწმებისა?

პროტოკოლს მივყვებით. ტყვიის დონის მიხედვით განისაზღვრება შემდგომი კვლევები. პირველ ეტაპზე განვსაზღვრავთ ტყვიას. როცა პასუხს მივიღებთ, განისაზღვრება, რა სჭირდება ბავშვს დამატებით. ვსაზღვრავდით რკინას, ფერიტინს, ვიღებდით სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევაც შედიოდა. პრინციპში, პედიატრი არ იყო შეზღუდული, თუკი ბავშვს რამე განსაკუთრებული სჭირდებოდა, უტარდებოდა შესაბამისი კვლევები. 

ამ კვლევებს თქვენ ატარებდით ფოთში და მთელს ხარჯთაღრიცხვას იაშვილის კლინიკას უგზავნიდით?

დიახ, რა თქმა უნდა. 

გადაწყვეტილებას მკურნალობის რეჟიმებთან დაკავშირებით ვინ იღებს? იაშვილის კლინიკასთან გადიოდით კონსულტაციას თუ თქვენ თვითონ წყვეტდით მკურნალობის რეჟიმს?

ივანე ჩხაიძე ამ პროექტის კოორდინატორია, ანუ პროექტის ხელმძღვანელი. 

სხვა მხრივ ყველაფერს, ვის რა უნდა გავუკეთოთ და დავუნიშნოთ, წყვეტს პროტოკოლი და პროტოკოლის შესაბამისად, პედიატრი. ადგილზე გვყავს პედიატრი [ეკა ნაკაშიძე], რომელიც არის დატრენინგებული ტყვიით გამოწვეული გართულებების მართვის კუთხით და შესაბამისად მართავდა ამ  პაციენტებს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი იყო ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა, იქიდან გამომდინარე ენიშნებოდა მკურნალობა. იყო ბავშვი, რომელსაც საერთოდ არ სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებსაც სჭირდებოდათ მკურნალობა. 

ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მკურნალობის 296 შემთხვევაა დაფიქსირებული [ფოთში], მაგრამ ეს მონაცემი, შესაძლოა, ერთი და იგივე შემთხვევა იყოს - ანუ ისინი, რომლებიც მკურნალობდნენ და ისევ მოვიდნენ [გადა]მოწმებაზე.  


სამკურნალოდ, ძირითადად, რა მედიკამენტებს იყენებდით?

ტყვიის პრეპარატი “ფეროპოლს,” ნოკომედის კალცი D3-ს და “მულტივიტს.” 

თქვენი ინფორმაციით, მკურნალობამ რამდენად იმუშავა? როდესაც ხელახლა ამოწმებდით, ტყვიის კონცენტრაცია იყო დაკლებული?

100 პროცენტით ჰქონდათ შედეგი - ყველასი დაკლებული იყო. 

100 პროცენტით შედეგი რას ნიშნავს? რამდენით იყო დაკლებული?

5 მიკროგრამი დეცილიტრში არის დასაშვები [ზედა ზღვარი]. იყო შემთხვევა, როცა ჩამოსცდა ხუთს, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ არ ჩამოსცდა და მათ უგრძელდებოდათ [მკურნალობა]. 

რამდენი არის წარმატებული მკურნალობის შემთხვევა?

სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ მაქვს. სტატისტიკურ ინფორმაციას ჩვენ არ ვაგროვებთ. ეს ინფორმაცია ექნება იაშვილის კლინიკას. 

გარდა მკურნალობისა, უნდა დავძინო, რომ ეს ყველაფერი გარემო პირობებიდან გამომდინარეობს. მათ თუ საცხოვრებელი პირობები არ შეცვალეს, მარტო მედიკამენტებითა და მკურნალობით ვერ ვუშველით.

გეთანხმებით - წყაროს ძიება მნიშვნელოვანია და ეგ ჯერ არ მომხდარა ფოთის შემთხვევაში. წყარო, შეიძლება, მრავალი იყოს.

ეგ მაწუხებდა ყველაზე ძალიან, როცა ეგ თემა აქტუალური იყო. ვეკითხებოდი მშობლებს, თუ მოვიდა ვინმე, გამოიკვლია, გაზომა ტყვიის წარმომავლობა ოჯახში - ეს არ ხდებოდა, სამწუხაროდ.

სხვათა შორის, მეც არ ვარ ინფორმირებული, ვინ არის პასუხიმგებელი ამ მოკვლევის ჩატარებაზე. 

ეს პროგრამა ეხება შვიდ წელს ქვემოთ  ბავშვებს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტყვიის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა 7 წელს უფროსი ასაკის ბავშვს?

თუ შვიდ წლამდე ბავშვის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა, მკურნალობა მის ოჯახის წევრებსაც ეხებათ, 18 წლამდე. ასევე ორსულ ოჯახის წევრსაც. 


ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როდის განახლდება ახალი პაციენტების მიღება?

სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია, როდის განახლდება ტყვიის სახელმწიფო პროგრამა. საჭიროება ნამდვილად არის, არის მოთხოვნაც. 

ზოგადად, ვინ ავრცელებს ინფორმაციას ფოთში ტყვიის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომ მშობელმა ისარგებლოს ამ პროგრამით და შეამოწმებინოს ბავშვი?

ამაზე პასუხისმგებელია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC]. ჩვენს კლინიკას არ ეკისრება ეს მოვალეობა. ეს ინფორმაცია დასაწყისში ტელევიზიის საშუალებითაც შუქდებოდა. ახლა შუქდება თუ არა, არ ვიცი. კონკრეტულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის წარმომადგენლობა არ არის ამაში ჩართული ადგილობრივად. 

ანუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თბილისიდან თუ ავრცელებს ამაზე ინფორმაციას, ეს უნდა გაიგონ ადგილობრივად მშობლებმა - სწორად გავიგე?

დიახ, ასეა. თუმცა, არ მაქვს ინფორმაცია, ახლაც ავრცელებს თუ არა ამას რომელიმე ტელევიზია. როცა დაიწყო ეს პროგრამა და მაშინ რომ გავრცელდა, ეგ ზუსტად ვიცი. ბატონი ივანე ჩხაიძე, პროგრამის კოორდინატორი, უკეთ გიპასუხებთ და სჯობს, მას დაუკავშირდეთ. 

თქვენი ურთიერთობა ტყვიის სახელმწიფო პროგრამაში ლეგალურად როგორ რეგულირდება?

ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ურთიერთობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენს კლინიკაში კეთდება კვლევები და სავარაუდოდ, ამიტომ გადაგამისამართეს ჩვენთან [დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფოთის ფილიალიდან]. 

ნებისმიერ ბავშვს შეუძლია 0-7 წლამდე მოგვმართოს, გაიაროს პედიატრის კონსულტაცია და ჩაიტაროს ტყვიაზე კვლევა. 

მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამასთან დაკავშირებული შესაძლო სიმპტომები?

შესაძლო სიმპტომები უნდა იყოს. პედიატრთან კონსულტაციას გადის ბავშვი, რომლის შემდეგად გადაწყდება, ჩაიტარებს თუ არა ტყვიაზე კვლევას. 

თუკი გადაწყდა ბავშვის გამოკვლევა, ამ ხარჯებს ტექნიკურად დაავადებათა კონტროლის ცენტრი ანაზღაურებს?

კი, ბატონო. არსებობს პორტალი, სადაც ფიქსირდება ბავშვის მონაცემები, აღირიცხება ის, რა გაიკეთა. შემდეგ იაშვილის კლინიკა, რომელსაც აქვს ხელშეკრულება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, იღებს ამ ინფომაციას შესაბამისი პორტალიდან და ანაზღაურებასაც ისინი არეგულირებენ. ეს ჩვენს კლინიკას არ ეხება. ჩვენ ვართ იაშვილის კლინიკის ქვეკონტრაქტორი, ხოლო იაშვილის კლინიკა არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი.  

თქვენთან ეს მომსახურება როგორ ნაზღაურდება?

მომსახურებას გვინაზღაურებს იაშვილის კლინიკა. პედიატრის მომსახურება 30 ლარი ღირს. 

არის სხვა პროცედურებიც, რომელიც შეიძლება ბავშვს დასჭირდეს [მაგ. მუცლის ღრუს ექოსკოპია, ა.შ.]. ეს მომსახურება თქვენთან არის სრულად შესაძლებელი? 

დიახ, ყველა ეს სერვისი ჩვენთან მიიღება და ნაზღაურდება მოგვიანებით.  

ამ პროგრამის ამუშავებიდან რამდენმა მშობელმა/ბავშვმა მოგმართათ 0-7 წლამდე, დაახლოებით შეგიძლიათ მითხრათ?

ეს ინფორმაცია უნდა ამოვიღო პორტალიდან. ამ წამს ხელთ არ მაქვს. მომწერეთ წერილი ოფიციალურად და შემიძლია მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. 

 

♦ მასალა მომზადებულია სამოქალაქო პლატფორმა - “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” საქმიანობის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო [USAID] და რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი [EWMI].

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>