გორში, მთავარი საგზაო მაგისტრალიდან კარგად ჩანს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ქარის ტურბინები. ტურბინების ეს პარკი, რომელიც ექვსი ტურბინისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 3.45 მეგავატია, ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქარის ენერგიას გამომუშავებს და იქვე უერთდება ერთიანი ელექტრონული სისტემის ქსელს.
ქარის ენერგიის წილი წლიურ ბალანსში ამჟამად ერთი პროცენტიც არ არის.
მთავრობის გათვლით, არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 2025 წლისთვის საქართველოში ქარის ენერგეტიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს. ჯერ რთულია თქმა, რამდენი პროცენტი უნდა დაიკავოს 2025 წლისთვის ქარის ენერგიამ წლიურ ენერგობალანსში, მათი საინვესტიციო ღირებულება კი 700 მილიონი ლარია.
გორის ქარის პროექტი
გორის ქარის ტურბინების მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, 2016 წელს დამთავრდა და დაახლოებით 31 მილიონი ა.შ.შ. დოლარი დაჯდა. პროექტის ღირებულების 70% ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან [EBRD] აღებული სესხით დაიფარა, ხოლო დანარჩენი 30% სახელმწიფოს - "ენერგეტიკის განვითარების ფონდის" შენატანი იყო.
პროექტის ჩაშვების პირველ წელს - 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ტურბინებმა 9 მილიონი კილოვატსაათი გამოიმუშავეს. 2017 წლიდან პარკის სიმძლავრემ ოდნავ გადააჭარბა წინასწარ გათვალისწინებულ სიმძლავრეს და 87.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.
“ამჟამად ქარის ენერგიის წილი მთლიან ენერგობალანსში მხოლოდ ერთ პროცენტამდეა. ცოტაა, რა თქმა უნდა,” - ამბობს თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.- “2025 წლამდე ველოდებით, რომ ჯამში 500 მეგავატი სიმძლავრის პროექტები აშენდება და გაეშვება ექსპლოატაციაში.”
2019 წელს მთავრობამ ქარის ტურბინების პარკის მმართველი კომპანია აუქციონით გაასხვისა და ამჟამად ის კერძო საკუთრებაშია.
გორის ქარის ტურბინების გამომუშავება დაგეგმილად და კარგად მიმდინარეობს: აქამდე ყველაზე მეტი გამომუშავება პარკს 2020 წელს ჰქონდა - 90.8 მილიონი კილოვატსაათი.
ქარის ენერგიის პოტენციალი საქართველოში
სამთავრობო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში წლიურად 1 450 მეგავატსაათი ქარის ენერგიის გენერირება არის შესაძლებელი.
ქარის ენერგიის პოტენციალის მხრივ, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო დაყოფილია ოთხ ზონად: მაღალი სიჩქარეების [სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი], ნაწილობრივ მაღალსიჩქარიან [მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე] და დაბალსიჩქარიან, დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონად [გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები] და დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონად [იორის ზეგანი და სიონის წყალსაცავი].
სამთავრობო ვებ-გვერდის ცნობით, სხვა ტერიტორიები საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებისთვის არ გამოდგება.
სხვა პოტენციური ინვესტორები ქარის ენერგიის შესაფასებლად
საქართველოს მთავრობამ ქარის ენერგიის განვითარების კუთხით ნაბიჯების გადადგმა და კომპანიებთან მემორანდუმების გაფორმება 2014 წელს დაიწყო.
პირველი მომერანდუმი კომპანია Energo Windpower LLC-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 23 მაისს გაფორმდა და ჭოროხში, ფოთში, ქუთაისში, მთა საბუეთის 1+2 წერტილებში, გორსა და კასპში, სამგორში, რუსთავში, ფარავანსა და ახალქალაქში ქარის ენერგიების შესწავლას ისახავდა მიზნად. ხსენებულ მემორანდუმში არც კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია აღნიშნული და კომპანია გუგლის საძიებო სისტემებში არ იძებნება: არ არსებობს ვებ-გვერდი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია ამ კომპანიასთან დაკავშირებით. უცნობია, რა კრიტერიუმით აირჩა ეს კომპანია, რომ ამ მასშტაბების სამუშაოები შეესრულებინა ან ჰქონდა თუ არა მას შესაბამისი გამოცდილება. მემორანდუმში არ არის მითითებული ამ სერვისის ღირებულება და სხვა პოტენციური ინვესტორების ვინაობა ან ფულადი სახსრების მოძიების გზები.
ქარის ენერგიების შესწავლის მიზნით 2016 წლიდან კიდევ 17 მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა ქართულ და თურქულ კომპანიას შორის.
მათ შორის, შვიდი მემორანდუმი ერთსა და იმავე კომანიას: სააქციო საზოგადოება “კავკასიის ქარის კომპანიასა” და საქართველოს მთავრობას, ორი კი თურქულ სააქციო საზოგადოება “ჩალიკ ჯორჯია ვინდს” შორის გაფორმდა.
2020-2021 წლების განმავლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გავლენის კუთხით დადებითად შეუფასა ექვს კომპანიას: პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებმა დადებითი შეფასებები მიიღეს და მათ უკვე შეუძლიათ ტურბინების დამონტაჟება დაიწყონ, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ.
ხსენებული პროექტების საერთო დადგმული სიმძლავრე წლიურად 267 მეგავატია.
ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენა
2020 წლის 20 აპრილს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება “საბუკომ” საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე, სადაც თურქული კომპანია “ჩალიჯ ჯორჯია ვინდი” ქარის ტურბინების დადგმას აპირებდა, ფასკუნჯის ბუდეების სიახლოვეს არის და საფრთხეს უქმნის მათ.
“დაშორება ქარის პირველ ტურბინასა და ფასკუნჯის ბუდეს შორის მხოლოდ 300 მეტრია მაშინ, როცა ტერიტორიული ფასკუნჯის წყვილებსა და ტურბინებს შორის მიზანშეწონილი, უსაფრთხო, მანძილი მინიმუმ 15 კილომეტრია,” - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ფასკუნჯი/ Neophron percnopterus კვერნაკის ქედზე. ფოტო © საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის [საბუკო]
ფასკუნჯი, ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების, IUCN-ის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა და მას შესაბამისი კატეგორიაც - გადაშენების პირას მყოფი სახეობის [Endangered] სტატუსი აქვს.
“საბუკოს” მოსაზრებით, კომპანიას პროექტის დასაწყის ეტაპზე არ განუხილია ამ პროექტის ალტერნატივა და არც ბიომრავალფეროვნებაზე გავლენა შეუსწავლია სათანადოდ. ალტერნატივა იმიტომ არ განიხილეს, რომ მემორანდუმის სახით, უკვე არსებობდა არჩეული ტერიტორია, რომელიც პოტენციურ ცვლილებას არ დაექვემდებარა.
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული შენიშვნები ჰქონდა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, რომლის მოსაზრებითაც კომპანიას სათანადო კვლევები არ ჩაუტარებია.
მოგვიანებით, შენიშვნების საპასუხოდ, როდესაც კომპანიამ სამინისტროს პროექტის ახალი ვერსია წარუდგინა, იქ ფრინველებზე დაკვირვება იყო მხოლოდ ვიზუალური მეთოდით, რაც, “საბუკოს” აზრით, არ არის საკმარისი.
“საბუკო” თავად წავიდა ექსპედიციაზე ველზე, დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის გადასამოწმებლად. ველზე ყოფნის დროს კი “საბუკოს” წარმომადგენლებმა, ფასკუნჯის ბუდეებთან ერთად, სხვა სახეობების ფრინველებიც აღმოაჩინეს, რომლებიც შედის როგორც ქართულ წითელ ნუსხაში და დაცულია კანონით, ასევე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების სიაში, სადაც მათ შესაბამისი სტატუსები აქვთ მინიჭებული. მათ შორის იყო ორბი [საერთაშორისო სტატუსი - მოწყვლადი,VU - vulnerable], სვავი [საერთაშორისო სტატუსი - გადაშენების საფრთხის წინაშე, EN, endangered], ბექობის არწივი [საერთაშორისო სტატუსი - მოწყვლადი, VU - vulnerable] და წითელი იხვი [საერთაშორისო სტატუსი - მოწყვლადი,VU - vulnerable].
საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბუდეში გამოჩეკილ ახალგაზრდა ინდივიდს “საბუკოს” წარმომადგენლებმა GPS გადამცემი დაუმონტაჟეს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინდივიდის ფრენის სიმაღლის, სიჩქარის და კონკრეტული კოორდინატების გაგება. GPS გადამცემით მიღებული მხოლოდ ორი დღის მონაცემებმა აჩვენა, რომ ფასკუნჯის ფრენის საშუალო სიმაღლე დაახლოებით 100-125 მეტრია მიწის ზედაპირიდან, რაც ქარის ტურბინებთან ამ სახეობის ინდივიდის შეჯახების რისკს ქმნის.
რესურსების ნაკლენობის გამო, “საბუკო” მხოლოდ ერთ ფასკუნჯს აკვირდება, რაც საკმარის ინფორმაციას არ იძლევა როგორც ამ, ასევე სხვა სახეობებზე და კომპანიის წარდგენილი ინფორმაცია არარსულია, ხოლო კვლევის მეთოდოლოგია - არასაკმარისი.
“კვლევების სანდოობისთვის საჭიროა მრავალწლიანი დაკვირვება და თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული მონაცემების ანალიზი. მანამდე კი, პროექტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით, განსაკუთრებით, კვერნაკის ქედის ღირებულებიდან გამომდინარე,როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული სახეობებისთვის,” - წერია “საბუკოს” დასკვნაში.
მიუხედავად ამ შენიშვნებისა, 2021 წლის 8 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ “ჩალიკ ჯორჯია ვინდის” ნიგოზის ქარის ენერგიის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაამტკიცა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფასკუნჯზე დამატებით კვლევებს პროექტის მშენებლობის ეტაპზე შეისწავლიან, დააკვირდებიან და მიიღებენ საჭირო ზომებს. მათ შორის, შესაძლოა, ტურბინების რაოდენობაც შეამცირონ, თუკი ეს აუცილებელი გახდა.
სხვა ტექნიკური შეზღუდვები
გარემოსდაცვით და ფინანსურ გამოწვევებთან ერთად, არსებობს სხვა შემაფერხებელი ფაქტორებიც.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე ყაზარაშვილის, თქმით, არსებულ ელექტროსისტემას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეუძლია არასტაბილური ენერგიის წყაროების [მათ შორის, ქარის] მიერთება.
მისი თქმით, რადგან ქარი და მზე ცვალებადი და არასტაბილური ენერგიის წყაროებია, ენერგოსისტემისთვის ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.
“სისტემისთვის ძალიან რთულია ბალანსის დაჭერა. ამ ეტაპზე, რაც ბაზა გვაქვს, არის ენგურჰესი და რამდენიმე წყალსაცავიანი ჰესი და ამის ხარჯზე შეგვიძლია ჩვენ, რომ მაქსიმუმ, 500 მეგავატი მივიერთოთ,” - ამბობს ყაზარაშვილი.
“თუ არ აშენდება ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი, ანუ თუ 2025 წლამდე არ აშენდა დამატებით რეზერვუარიანი ჰესები, ჩვენ გაგვიჭირდება ფიზიკურად, რომ დამატებით ქარსა და მზეზე ვისაუბროთ,” - ამბობს ის. - “ძალიან მარტივად და უხეშად რომ ავხსნათ: მაგალითად, თქვენ გაქვთ ქარის ელექტროსადგური და დამპირდით, რომ ხვალ, დღის 14:00 საათზე, მომაწვდით 10 მეგავატსაათ ენერგიას. მე ვარ სისტემის ოპერატორი და მე დავგეგმე ჩემი როგორც საპროგნოზო გამოუშავება, ასევე გამოყენება. უცებ მოხდა საწინააღმდეგო: ქარი აღარ გაქვთ. მე თქვენზე ვიყავი დამოკიდებული, მეგონა რყევები არ მექნებოდა და პრობლემა შემექმნა. -10 მეგავატსაათი მე საიდანღაც უნდა მოვიტანო, ვიშოვო. ან თბოსადგურები ჩავრთო, ან “ენგურს” ვუთხრა, რომ გაზარდოს გამომუშავება, ან იმპორტი უნდა გავზარდო, რომ ქვეყანა ენერგიის გარეშე არ დარჩეს. ბალანსი რომ დაირღვევა, სისტემა ითიშება. სისტემაში ბალანსი რომ შენარჩუნდეს, სჭირდება უსაფრთხო მიწოდება,” - ამბობს თორნიკე ყაზარაშვილი.
ყაზარაშვილის თქმით, ზაფხულში, როცა ცხელა და ჰაერი უფრო მსუბუქია, ქარის ტურბინები, შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს. მისივე თქმით, ასეთ დროს ბატარეებს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ სისტემაში დისბალანსის რეგულირება.
“სისტემა ნულზე უცებ არ ჩამოდის. ბატარეების ხარჯზე სისტემა ნელ-ნელა ჩამოდის დაბლა. სისტემის ოპერატორი ხვდება, რომ უკვე თქვენი იმედი არ უნდა ჰქონდეს, და ნელ-ნელა იწყებს იმაზე ფიქრს, უკვე საიდან მოიტანოს დამატებითი ენერგია, რომ ეს მინუსი შეავსოს, რისი იმედიც ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღო,” - ამბობს ის.
გორის ქარის ტურბინებს ამჟამად ენერგიის შემნახველი ბატარეები არ აქვთ.
მონაცემები - გაფორმებული მემორანდუმები ქარის ენერგიის განვითარებაზე
1) მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "კავკასიის ქარის კომპანიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
2) მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "კავკასიის ქარის კომპანიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
3) მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "კავკასიის ქარის კომპანიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
4) მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "კავკასიის ქარის კომპანიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
5) მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "კავკასიის ქარის კომპანიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
6) მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "კავკასიის ქარის კომპანიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
7) მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "კავკასიის ქარის კომპანიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
8)
მემორანდუმი შპს აეგეანსა და საქართველოს მთავრობას შორის;
9)
მემორანდუმი შპს "პირველსა" და საქართველოს მთავრობას შორის;
10)
მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის;
11)
მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "ჩალიკ ჯორჯია ვინდსა" და საქართველოს მთავრობას შორის;
12)
მემორანდუმი სააქციო საზოგადოება "ჩალიკ ჯორჯია ვინდსა" და საქართველოს მთავრობას შორის;
13)
მემორანდუმი შპს "უსასრულო ენერგიასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
14)
მემორანდუმი შპს "ტაბასა" და საქართველოს მთავრობას შორის;
15)
მემორანდუმი შპს "ქართლის ქარის კომპანიას," ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორსა და საქართველოს მთავრობას შორის;
16)
მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის;
17)
მემორანდუმი Energo Windpower-სა და საქართველოს მთავრობას შორის;
♦
სტატია ნაწილია პროექტისა, რომელიც საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და ბელორუსში სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკის განვითარებას გულისხმობს. "კაქტუსი" არის ამ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოში, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხებს გააშუქებს. პროექტს ახორციელებენ ქართული ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" და გერმანული მედია-ორგანიზაცია n-ost. პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო აფინანსებს.