გარემო

ჩერნობილი - ბირთვული მანიპულაციის იარაღი ომის დროს




უკრაინის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს გუშინ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.

მათივე განცხადებით, სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება 14 მარტს, სამხედრო კონფლიქტის განმავლობაში მეორედ, შეუწყდა. 

მანამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის სადგურისადმი 9 მარტს შეფერხდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობდა, რომ ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. 

13 მარტს ჩერნობილს ელექტროენერგიის მიწოდება ისევ აღუდგა, მაგრამ ასევე უკრაინული ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, 14 მარტს ისევ შეუწყდა. 

 

ნახეთ სტატიის ადაპტირებული ვერსია, რომელიც ამერიკულმა გამოცემა “ვაშინგტონ პოსტმა”  გამოაქვეყნა.

ცოტა რამე თუ წარმოადგენს ბირთვული ცენტრის სიმბოლოს ისე, როგორც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური. 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კომპლექსში ოთხი რეაქტორია. 1986 წლის აფეთქებამ ძლიერად მე-4 რეაქტორი დააზიანა: მისი ბეტონის სახურავი დაიმსხვრა, რადიაცია ჰაერში გაიფრქვა და ათასობით ახლოს მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო, უფრო “უსაფრთხო ზონაში.” 

დანარჩენმა სამმა რეაქტორმა ფუნქციონირება გააგრძელა, ხოლო ბოლო მათგანი 2000 წელს დაიხურა. რადიოაქტიური საწვავი რეაქტორის სხეულს მოაცილეს და ერთ-ერთ ახლომდებარე შენობაში გადაიტანეს. 

2016 წელს მე-4 რეაქტორის ნარჩენებს 36 000 ტონა ზედა საფარი და დამცავი ზონა დაუმონტაჟეს.

ომის შემდეგ, ჩერნობილის საკითხმა კიდევ ერთხელ წამოიწია და წამყვანი გამოცემების ჰედლაინები დაიკავა. თავდაპირველად რუსეთის სამხედრო ძალებმა სადგური დაიკავეს, ხოლო 9 მარტს მაღალი ძაბვის ხაზები დაზიანდა, რომლებიც რეაქტორის კომპლექსს ელექტროენერგიის წყაროსთან აერთებს. 

რეაქტორები ორი თუ სამი ათწლეულის წინ დაიხურა, 20 000 საწვავით სავსე წნელი სპეციალურ მოწყობილობაში გადაიტანეს, რომელიც ღრმა საცურაო აუზს ჰგავს. ამჟამად ამ აუზების კედლები და ძირი კოროზიაგამძლე ფოლადით და რკინაბეტობით არის დაფარული.

საწვავის ნარჩენები ცხელია; ყოველი წნელი რადიოაქტიურ შიგთავსს შეიცავს, რომელიც გარშემორტყმულია ცირკონის ზედაპირით, რომელიც 100 გრადუს ცელსიუსზე ალდება და იწვის. აუზს საქაჩი სჭირდება, რომ წყლის ცირკულაცია არ შეწყდეს და წნელები გააგრილოს. ამას უწყვეტი ელექტროენერგია სჭირდება, რომელიც გადამცემ სისტემასთან უნდა იყოს მიერთებული.

ქსელიდან გამორთვის შემთხვევაში, ჩერნობილის რეაქტორები ავტომატურად დიზელზე მომუშავე გენერატორებიდან მოწოდებულ ელექტროენერგიაზე გადადის.

თუკი სისტემას ელექტროენერგია დიდხანს არ მიეწოდა, შესაძლებელია, რომ ავზებში არსებული სითხე აორთქლდეს, ჰაერთან შეხების დროს ლითონის წნელები გადახურდეს და ცეცხლი მოეკიდოს.

შედეგად, ატმოსფეროში გამოიყოფა ცეზიუმ 137, რომელიც რადიოაქტიურია, რის გამოც იყო ხალხი ევაკუირებული ჩერნობილიდან და ფუკუშიმადან, იაპონიაში მომხდარი ცუნამის დროს, 2011 წელს. 

ჩერნობილი ამჟამად ბევრად ნაკლებ რისკს ატარებს. 

ა.შ.შ. ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი სადგურს ფიზიკურად არაფერი შეეხება და არ დაზიანდება, - წნელები წყლის ქვეშ კვირების ან თვეების განმავლობაშიც კი შეიძლება უსაფრთხოდ იყოს.

“საწვავის წნელები ათწლეულების განმავლობაში გრილდებოდა. ასე რომ, მათი გაგრილების საჭიროება ასე მწვავედ არ დგას,” - ამბობს ედვინ ლაიმანი, ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების დირექტორი ორგანიზაციაში Union of Concerned Scientists [აღშფოთებულ მეცნიერთა გაერთიანება]. 

პრინსტონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ფრენკ ვონ ჰაიპელი, “ვაშინგტონ პოსტთან” ე-მეილ ინტერვიუში ამბობს, რომ წყალი, რომელიც საწვავიან წნელებს ფარავს, სიგრილის გარკვეული დონის დაკარგვის შემთხვევაშიც კი, მაინც ფარავს წნელებს. 

“არსებული მტკიცებულებების მიხედვით, აქამდე ელექტროენერგია შეწყდა და გაგრილების სისტემა ორჯერ გაითიშა, თუმცა, წყლის დონის დაწევას ცოტა მეტი დრო სჭირდება,” - თქვა ლაიმანმა. “უხეშად რომ ვთქვათ, ასეა. ეს გარკვეული დროის მოგების საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ზომების მიღების კუთხით - მათ შორის, წყლის საქაჩი სისტემისთვის ელექტროენერგიის აღდგენისა და ავზის ხელახლა წყლით ავსების თვალსაზრისით.”

ა.შ.შ. ექსპერტების თქმით, ამჟამად მომუშავე რეაქტორები, როგორებიცაა ზაპოროჟიეს ოლქის ბირთვული ენერგიის ცენტრი, უფრო დიდ რისკებს ატარებს, რადგან ისინი ძალიან დიდი რაოდენობით მაღალ ტემპერატურას გამოყოფენ.

ომის შედეგების მიუხედავად, ჩერნობილის მიერ გამოწვეული საფრთხეების შერბილება კიდევ უფრო მეტადაც არის შესაძლებელი. 

უკრაინამ ამერიკული კომპანია დაიქირავა, რათა დახარჯული საწვავი დიდ და ცარიელ ცისტერნებში გადაიტანონ, რომელიც გარშემოცულია ფოლადითა და ბეტონით.

პროცესი ახლა დაიწყო და წლების შემდეგ დასრულდება.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>