გარემო

კლიმატის ცვლილება & ახალი პანდემიების რისკი




დედამიწაზე დათბობის პარალელურად, ამჟამად სამხრეთ აზიაში მობინადრე ღამურები უფრო მეტად გაავრცელებენ ვირუსებს მომავალში, - ეს დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა, მონაცემებზე დაყრდნობით.

ხუთშაბათს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი, რომლის თანახმადაც მომავალი 50 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, ათასობით ვირუსი უფრო ხშირად გადავა ერთი ძუძუმწოვრიდან მეორეში.

ვირუსების შესაძლო მომატებული დინამიური გადაცემა უფრო მეტ საფრთხეს გააჩენს, რომ ისინი ადამიანებშიც გადავა და ახალ პანდემიებს გამოწვევს.

დიდი ხანია, მეცნიერები ამბობენ, რომ უფრო დამთბარ პლანეტაზე დაავადებების სიხშირე და რისკები გაიზრდება. მალარიას, მაგალითად, კოღოები ავრცელებენ და მისი გავრცელების მასშტაბები თბილ კლიმატზეა დამოკიდებული.

კლიმატის ცვლილება ახალ პრობლემებსაც გააჩენს. გაიზრდება ახალი დაავადებების გაჩენის რისკიც: ახალი პათოგენები ახალ მასპინძელ ორგანიზმებს შეიძენენ.

“ცხოველები მოძრაობენ, დიდ მანძილებზე გადაადგილდებიან და ამ დროს ვირუსების გავრცელების რისკები უფრო მაღალია,” - ამბობს კოლინ კარლსონი, ჯორჯთაუნის უნივერსტიტეტის ბიოლოგი, რომელიც ამ კვლევის თანაავტორი იყო. 

დოქტორმა კარლსონმა და მისმა კოლეგებმა კომპიუტერული მოდელირებით, გარკვეული სცენარები შეიმუშავეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავრცელდება ვირუსები დედამიწის მასშტაბით, ტემპერატურის დათბობასთან ერთად. 

მეცნიერებმა საბაზისო სცენარი შეიმუშავეს იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ათასობით ძუძუმწოვრის გადაადგილების მარშრუტი, კლიმატის ცვლილების პარალელურად, დღევანდელ დღესა და 2070 წლებს შორის. 

ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბევრი სახეობა ცხელი ეკვადორიდან უფრო კომფორტულ, გრილ საცხოვრებელ ტერიტორიებზე დაიწყებს გადაადგილებას. ზოგი სახეობა უფრო მაღალ სარტყელში გადაინაცვლებს, რომ უფრო გრილი საცხოვრებელი გარემო იპოვოს.

როცა სხვადასხვა სახეობა ერთად პირველად შეიყრება, ვირუსებს ექნებათ შანსი, მოიპოვონ და დააინფიცირონ ახალი მასპინძლები. 

ახალი და პოტენციურად წარმატებული ინფექციების გავრცელების წინასწარმეტყველებისთვის, მეცნიერები შეეცადნენ, ვირუსებისა და მათი შესაძლო მასპინძლების პოტენციური ბაზა შექმნათ. ზოგი ვირუსი ერთზე მეტ ძუძუმწოვარში აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სხვა ძუძუმწოვარი აღარ აღმოჩნდა დაინფიცირების ბარიერი.

უფრო მარტივად: ერთი და იგივე ვირუსი რამდენიმე სახეობის ძუძუმწოვარში აღრიცხეს. 

კომპიუტერული ტექნოლოგიის საშუალებით, რომელსაც machine learning-ს ეძახიან, მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელსაც იმის წინასწარმეტყველება შეუძლია, რამდენად აქვს ძუძუმწოვრის ორ სახეობას ერთი ვირუსის მასპინძლობის უნარი.

რაც უფრო მეტად უახლოვდება ორი სახეობა ერთმანეთს გეოგრაფიულად, ვირუსის გაზიარებისა თუ გავრცელების რისკები უფრო და უფრო იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორ მასპინძელს უფრო მეტი შანსი აქვს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო მათში დაბუდებულ ვირუსებს მეტი შესაძლებლობა აქვს გადასვლის და შერევის, შესაბამისად კი - ცვლილების. 

დოქტორ კარლსონისა და მისი კოლეგების თქმით, რაც უფრო სახეობრივად ახლოს არიან მასპინძლები, ვირუსების გაცვლის რისკები უფრო მაღალია. ეს იმიტომ ხდება, რომ სახეობრივად დაახლოებული ძუძუმწოვრები ბიოქიმიის თვალსაზრისით მსგავსნი არიან. ვირუსი, რომელიც ერთ სახეობას აინფიცირებს, მსგავს სხვა სახეობაში გაფურჩქვნის შანსი მეტი აქვს, ვიდრე შორეულ სახეობაში. ასევე მოსალოდნელია, რომ მსგავსი სახეობის იმუნური სისტემისგან ვირუსი თავის დაძვრენას უფრო მარტივად შეძლებს, რადგან უკვე აქვს შემუშავებული მასში ადაპტირების უნარი. 

ეს მიგნება მეცნიერებს - დოქტორ კარლსონსა და მის კოლეგებს, - დაეხმარა ეწინასწარმეტყველათ ის, თუ რა მოხდება მაშინ, თუკი მსგავსი ძუძუმწოვრები სადმე, უფრო ცხელ ადგილას, ერთად მოხვდებიან. 

3 139 შესწავლილი შემთხვევიდან, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ 4 000 შემთხვევაში ვირუსი ერთი სახეობიდან მეორეში გადავიდოდა. 

მეცნიერებმა ზუსტად ვერ შეძლეს იმის გამორკვევა, რომელი ვირუსები რომელ სახეობებში იმოძრავებნდენ. მათი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, თუ რა ელოდება დედამიწას ამ მიმართულებით, ზოგად სურათში. 

“როცა ამინდს წინასწარმეტყველებ, წვიმის წვეთების რაოდენობას არ ითვლი,” - ამბობს ქრისტოფერ ტრაისოსი, ეკოლოგი კეიპ ტაუნის უნივერსიტეტიდან, რომელიც ახალი კვლევის თანაავტორია. “უფრო ღრუბლების მოძრაობის ტენდენციებს აკვირდები.”

რეიჩელ ბეიკერი, დაავადებების ეკოლოგი პრინსტონის უნივერსიტეტში, რომელიც ამ კვლევაში არ იყო ჩართული, ამბობს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევა იმის გასაგებად, რა გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას დედამიწაზე საშიში ვირუსების გავრცელების კუთხით. სხვა კვლევების ფოკუსი მხოლოდ ერთი ტიპის ვირუსების შესწავლა იყო, ეს კი მთელ მსოფლიოს იკვლევდა. 

“ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია,” - აღნიშნა მან. “რაც შეიძლება მალე უნდა გავიგოთ მეტი იმასთან დაკავშირებით, რა კავშირია კლიმატის ცვლილებასა და პათოგენების გავრცელებას შორის.”

მეცნიერების თქმით, სამხრეთ აზიაში მობინადრე ღამურები ყველაზე მეტად მოექცევიან ამ მოდელში. ამჟამად ღამურების სახეობები ამ რეგიონში უფრო ნაკლებად გადაადგილდებიან და ერთმანეთთან ხშირად არ არიან კონტაქტში. მაგრამ დედამიწის დათბობასთან ერთად, ღამურები უფრო შორს იფრენენ და სხვადასხვა სახეობები უფრო მეტად შეხვდებიან ერთმანეთს, ვიდრე ადრე.

ეს მიგნებები განსაკუთრებით საგულისხმოა ადამიანისთვის, როგორც დედამიწის ერთ-ერთი სახეობისთვის. როცა ვირუსები ახალ მასპინძელ ორგანიზმში ხვდებიან, ისინი იცვლებიან და ვითარდებიან - და შესაძლოა, ისეთ ვირუსებად გადაიქცნენ, რომლებიც უფრო მეტად [სწრაფად და მწვავედ] დააინფიცირებენ სწორედ ადამიანს. 

კორონავირუსი, რომელმაც ერთ-ერთი ქვესახეობა - SARS გამოიწვია 2002 წელს, თავიდან ჩინურმა ღამურამ გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა სახეობაში - ენოტის ძაღლში გადავიდა, რომელიც ჩინეთში, ცხოველების ბაზრობაზე, იყიდებოდა. ადამიანში მიღწევამდე მან ეს სავარაუდო გზა გაიარა. 

თებერვალში მეცნიერებმა ორი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლიდან გამომდინარეც SARS-CoV-2-იც სწორედ მსგავსი ჯაჭვით გავრცელდა: ადამიანში მოხვედრამდე, ახალი კორონავირუსი ღამურიდან იმ ველურ სახეობებში გადავიდა, რომლებიც ვუჰანის ბაზრობებზე იყიდებოდა. 

“ჩვენ გვჯერა, რომ დაახლოებით ასე მოხდება სახეობებს შორის ვირუსების გადაცემა,” - ამბობს გრეგორი ალბერი, დაავადებების ეკოლოგი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რომელიც ამ კვლევის თანაავტორი იყო. 

და სად მოხვდებიან პოტენციური ვირუსის მატარებელი ძუძუმწოვრები 2070 წლისთვის და სად უნდა ველოდოთ ახალ ეპიდემიებს? - არა ველურ გარემოში, დანამდვილებით.

“ვირუსების მატარებელი მასპინძლები თანამედროვე ურბანულ ადგილებს ესტუმრებიან: იქ, სადაც თანამედროვე ქალაქებია გაშენებული,” - ამბობს დოქტორი კარლსონი.

იშვიათი სახეობის მღრღნელმა, რომელსაც ცოტა კონტაქტი აქვს ადამიანთან, შესაძლოა, ვირუსი ენოტს გადასდოს, რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს ურბანულ გარემოში. 

“ეს სრულიად ახალ ჯაჭვს გზას ქმნის ვირუსის ადამიანში გადაცემის საქმეში,” - ამბობს დოქტორი ალბერი.

დოქტორმა ქრისტინ ჯონსონმა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგია და რომელიც ამ კვლევაში არ იყო ჩართული, ამბობს, რომ ასეთი ფართო მოდელირება ზუსტ სურათს ვერ მოგვცემს კონკრეტული ვირუსების გაგების საქმეში. 

“უფრო მეტი ლოკალური და ადგილობრივი კვლევები გვჭირდება, რომლებიც მეტ სურათს მოგვცემს კლიმატის ცვლილების გავლენაზე სახეობების მიგრაციასა და დაავადებების გადაცემაზე,” - აღნიშნა მან.

კლიმატთან დაკავშირებული ვირუსების სახეობიდან სახეობაში მოძრაობა 2070 წლამდეც მოხდება.

ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე უკვე 1.1 გრადუსით უფრო თბილა, მე-19 საუკუნის ტემპერატურასთან შედარებით. უკვე საკმარისად არის მომხდარი კლიმატის დათბობა იმის დასაშვებად, რომ ვირუსების მოძრაობა ინტენსიური იყოს, თუმცა, მეცნიერების ეს მოდელი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ვირუსი გადავა სახეობიდან სახეობაში, ამ პერიოდში. 

“დათბობის ეს დონეც საკმარისია იმისთვის, რომ ვირუსების გაცვლა უფრო დაეჩქარებინა,” - ამბობს დოქტორი კარლსონი.

 

მასალა ადაპტირდა სტატიიდან - Climate Change Will Accelerate Viral Spillovers, Study Finds

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>