გარემო

უკრაინის გიგანტური თესლის ბანკი საფრთხეშია




უკრაინაში, ბრძოლის ველთან ახლოს არსებული თესლის ბანკი, სადაც 2 000 სახეობის მარცვლეული კულტურის გენეტიკური კოდი ინახება, საფრთხეშია.

ამ რისკის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორგანიზაცია Crop Trust-ის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში უკრაინის ეროვნული თესლის ბანკის საკვლევი ბაზა “დაზიანდა.” Crop Trust არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [UNFAO] მიერაა დაარსებული.

ორივე დაწესებულება - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და თესლის ბანკი ხარკივში,- ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში მდეობარეობს, რომელიც რუსულმა ძალებმა არაერთხელ დაბომბეს სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.

“როიტერმა” ვერ გაარკვია, რა მასშტაბებისაა მიყენებული ზიანი. Crop Trust-ში დაადასტურეს, რომ შენობაზე იერიში მიიტანეს, მაგრამ უსაფრთოების ზომების გამო, დეტალები არ დააზუსტეს.

დაწესებულება ნამდვილად ძლივს გადარჩა. მისი უფრო მეტად დაზიანება სავალალო შედეგს მოუტანდა სფეროს. უკრაინის თესლის ბანკის, რომელიც მსოფლიოს უდიდესი მსგავსი ბანკების ათეულში შედის, მხოლოდ 4% არის დაცული ალტერნატიულად. 

“თესლის ბანკები კაცობრიობის ერთგვარი სასიცოცხლო დაზღვევაა. ისინი ერთგვარი შემნახველი ნედლეულია მცენარეების ახალი სახეობების გამოსაყვანად, რომლებიც გაუძლებენ გვალვებს, ახალ პესტიციდებს, ახალ დაავადებებს და მაღალ ტემპერატურას,”- უთხრა “როიტერს” შტეფან შმიცმა, Crop Trust-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

“უკრაინის თესლის ბანკის დაზიანება ტრაგიკული ამბავი იქნება.”

“როიტერს” ამ ეტაპზე არ დაელაპარაკა არც თესლის ბანკის დირექტორი, არც უკრაინის სამეცნიერო აკადემია და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ახალი ჯიშების გამოყვანის კუთხით, მეცნიერები თესლის ბანკში შენახული სხვადასხვა მცენარის გენეტიკური მასალის იმედად არიან, რომლებიც გაუძლებენ კლიმატის ცვლილებას და სხვა მიმდინარე გამოწვევებს.

გვალვებისა და ცხელი ამინდების ფონზე, განსაკუთრებით სასიცოცხლოა საკმარისი საკვების მომარაგება დედამიწის მოსახლეობისთვის, რომლის რაოდენობაც ამჟამად 7.9 მილიარდს შეადგენს.

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის საკვების ფასების ინფლაციისა და უსაფრთხოების კუთხით.

რუსეთი და უკრაინა, შესაბამისად, მსოფლიო მარცვლეული კულტურების მესამე და მეოთხე ექსპორტიორი ქვეყნები არიან გლობალურად. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>