გარემო

მძიმე მეტალები ქვემო ქართლში წარმოებულ რძესა და ყველში




კვლევის მიხედვით, რომელიც ქვემო ქართლში ჩატარდა, რძის პროდუქტების - რძისა და ყველის - ნიმუშების ნაწილში მძიმე მეტალების კონცენტრაცია აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

კვლევის შედეგები აკადემიურ პლატფორმა MDPI-ზე, Food [სურსათი] განყოფილებაში გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში, ქართველმა მეცნიერებმა - გიორგი ღამბაშიძემ და თეო ურუშაძემ, და მათმა კოლეგებმა ქვემო ქართლში რძის პროდუქტებში მძიმე მეტალების კონცენტრაცია გაზომეს. 



კვლევის აბსტრაქტი

რძე და რძის პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია საქართველოში, რძე კი კვების ერთ-ერთი ძირითადი და ამავე დროს,  კულტურული შემადგენელი ნაწილია. 

ქვემო ქართლი რძის წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი რეგიონია. ფერადი ლითონების ამოღებისა და წარმოების გამო, ამ რეგიონში ნიადაგი, წყალი და ჰაერი მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული. 

 

კვლევის მიზანი

ეს კვლევა ჩატარდა იმისთვის, რომ შეემოწმებინა, რა კონცენტრაციითაა რძესა და ყველში შემდეგი მძიმე მეტალები: კადმიუმი, ტყვია, რკინა, თუთია, სპილენძი, ქრომი, მანგანეზი, კობალტი, ნიკელი, სელენი და მოლიბდენი, რომ შეედარებინა ისინი როგორც ქართული ეროვნული, ასევე ევროკავშირის სტანდარტებითვის. 

 

მეთოდოლოგია

ჯამში მეცნიერებმა რძის 195 და ყველის 25 სინჯი აიღეს [ნიმუშები 16 იმერული და ცხრა მეგრული სულგუნისგან], ცხრა სხვადასხვა სოფლიდან ქვემო ქართლში: ჭაპალადან, ვანათიდა, ბოლნისიდან, მწყნეთიდან, საბერეთიდან, რატევანიდან, ხიდისკურიდან, კაზრეთიდან და ქვემო ბოლნისიდან. 

მძიმე მეტალების განსაზღვრა საკვები პროდუქტების ნიმუშებში პლაზმური მას-სპექტომეტრიის მეთოდით მოხდა. 

კვლევამ აჩვენა, რომ ჩამოთვლილი მეტალების კონცენტრაცია აღებულ ნიმუშებში საკმაოდ ერთგვაროვანი და უცვლელია და ძირითადად, დასაშვებ ნორმებს არ აჭარბებდა, მაგრამ იყო გადამეტების შემთხვევებიც.


რძე

რძის შვიდ ნიმუშში შემდეგი ლოკაციებიდან: ქვემო ბოლნისი, ბოლნისი, მწყნეთი და რატევანი - აღებულ ნიმუშებში ტყვიის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე მაღალი იყო [0.027-დან 1003 მილიგრამამდე ერთ ლიტრში]. 

რაც შეეხება სპილენძს: მისი კონცენტრცია საბერეთსა და ვანათში აღებულ რძეში აჭარბებდა ევროკავშირის დასაშვებ ნორმებს და იყო 0.42-დან 1.28-მდე მილიგრამი ლიტრში. 

 

ყველი 

რაც შეეხება ყველის სინჯებს: კადმიუმის, ტყვიის, სპილენძის, კობალტისა და ნიკელის კონცენტრაცია ამ ორი ტიპის ყველში არ აღემატებოდა ქართული კანონმდებლობით დაწესებულ ზღვრებს. იმერულ ყველსა და სულგუნში მანგანეზის, ქრომის, სელენის, მოლიბდენის, თუთიისა და რკინის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმებს აღემატებოდა. 

ამ კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპზე უშუალოდ რძის მოხმარება არ უქმნის პირდაპირ და სერიოზულ საფრთხეს მომხმარებლების ჯანმრთელობას. 

რაც შეეხება ორი ტიპის ყველს, რომელიც შეისწავლეს, მათთან დაკავშირებით კვლევა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, არსებული მეტალების დეტექციისთვის და მომხმარებელზე პოტენციური რისკების არიდების მიზნით.

 


მასალის წყაროა სტატია - Heavy Metal Levels in Milk and Cheese Produced in the Kvemo Kartli Region, Georgia

 მსგავსი მასალა - ბოლნისის სოფლებში ნიადაგი და წყალი მძიმე მეტალებით დაბინძურებულია

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>