შორი მანძილიდან მგრძნობიარე სატელიტმა მეთანის დიდი ოდენობით გამოფრქვევის ახალი ლოკაცია აღმოაჩინა: ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთში მდებარეობს. მეთანი ქვანახშირის მიწისქვეშა საბადოდან გამოიფრქვა. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამხელა პრობლემაა მეთანის გამოფრქვევის კონტროლი. მეთანი კი დედამიწაზე ატმოსფეროს დათბობის გამომწვევი ერთ-ერთი გაზია.
სატელიტურმა საშუალებამ 13 გამოფრქვევა აღრიცხა, რომელიც რასპადსკაიას საბადოსთან ახლოს იყო. ქვანახშირის ეს საბადო ერთ-ერთი ყველაზე დიდია რუსეთში. გამოფრქვევის ეს შემთხვევა იანვრის ბოლოს შენიშნა კომერციულმა სატელიტურმა ოპერატორმა GHGSat.
გამოფრქვევის მთლიანი მოცულობა ერთ საათში 95 ტონა მეთანი იყო.
“აქამდე ნანახი შემთხვევებიდან ეს ყველაზე დიდია,” - ამბობს ბროუდი უაითი, კომპანია GHGSat-ის ენერგეტიკის, ნაგავსაყრელებისა და საბადოების დამკვირვებელი განყოფილების დირექტორი. კომპანია GHGSat 2011 წელს დაარსდა და ამჟამად ექვსი სატელიტური მოწყობილობა აქვს, რომლებსაც ემისიების შორი მანძილიდან დანახვა შეუძლიათ.
სიდიდით მეორე ყველაზე დიდი გამოფრქვევა ალისოს კანიონში 2015-სა და 2016 წლებში მოხდა: სამხრეთ კალიფორნიაში ბუნებრივი გაზის დიდმა მოწყობილობამ გაჟონა, რომელიც დროსაც ერთი საათის განმავლობაში 60 მეტრული ტონა მეთანი გამოიფრქვა.
უაითის თქმით, რუსეთის რასპადსკაიას საბადოდან მომხდარი გამოფრქვევა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო - კომპანიას ჰქონდა ამაზე ინფორმაცია და სპეციალური შემაკავებელი ღონისძიებებისთვის არ მიუმართავს.
ქვანახშირის ამოღების დროს დახურულ შახტაში მეთანი დროდადრო გროვდება. 2010 წელს მეთანის დაგროვების გამო რასპადსკაიას მიწისქვეშა შახტა აფეთქდა და 66 ადამიანი დაიღუპა.
მეთანის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, დახურულ სივრცეებში ვენტილატორებს ამონტაჟებენ, რომ მეთანი გარეთაც გავიდეს და ატმოსფეროს შეერიოს.
მეთანს უფრო ძლიერი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე, ვიდრე ნახშირორჟანგს. ორი ათწლეულის განმავლობაში მეთანი 80-ჯერ უფრო გამოიწვევს ატმოსფეროს დათბობას, ვიდრე იგივე ოდენობის ნახშირორჟანგი.
მეთანის ემისიები ბევრად მცირეა ნახშირორჟანგის გამოფრქვევებთან შედარებით და მისი მოლეკულები ბევრად სწრაფად იშლება. მაგრამ მეთანის ატმოსფეროს დამათბობელი პოტენციალიდან გამომდინარე, კლიმატის დათბობის დასარეგულირებლად, მეთანის საერთაშორისო თუ შემთხვევითი, ლოკალური გაფრქვევების კონტროლი და მონიტორინგი მნიშვნელოვანია.
გასულ შემოდგომას, კლიმატის ცვლილების გლობალურ, 26-ე სამიტზე, 100-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა ინიციატივა 2020 წლისთვის მეთანის ემისიის 30 პროცენტით შემცირებაზე. რუსეთი ამ ქვეყნების რიგში არ შედიოდა, თუმცა, ის მეთანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომფრქვევია გლობალურად.
აქამდე, მეთანის გამოყოფის აღრიცხვა ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის საბადოებთან მხოლოდ ადგილობრივად დამონტაჟებული მოწყობილობებიდან ან თვითმფრინავებიდან იყო შესაძლებელი. ამის გამო შეზღუდული იყო გამოფრქვევის მასშტაბების სრული აღრიცხვა.
მიწაზე მეთანის კონტროლი ტრადიციული გზებით გრძელდება, მაგრამ კოსმოსის სატელიტურ დანადგარებს უფრო ფართო სივრცეების დაკვირვება და კონტროლი შეუძლიათ.
მსგავსი სატელიტური მოწყობილობების უმეტესობას ცუდი ხარისხის გამოსახულება აქვს, თუმცა, მათ მაინც შეუძლიათ დიდი მასშტაბების გამოფერქვევის აღმოჩენა. კომპანია GHGSat-ის სატელიტები ერთ-ერთი ბოლო თაობის სატელიტებია და მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას იძლევა.
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან - One Site, 95 Tons of Methane an Hour