პირველი ნაწილი - მშენებლობის ისტორია
თბილისში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე მაცხოვრებელთა ნაწილი სასამართლოსგან იმავე ქუჩაზე, #10-ში აშენებული სასტუმროს დემონტაჟს ითხოვს. მათი თქმით, ახალი სასტუმრო საფრთხეს უქმნის გვერდით მდგარ საჯარო სკოლასა და საცხოვრებელ სახლს.
მრავალფუნქციური შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული დაცვის ზონაში სამი წლის წინ აღიმართა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორ შენობას შორის დგას. სანამ მშენებლობას დაიწყებოდა, მშენებელს მისი გავლენა მიმდებარე კულტურულ ძეგლებზე არ გამოუკვლევია, რაც კანონით ევალებოდა.
მედეა ბოჭორიშვილი და ნატო ქარჩაიძე ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობენ. 2017 წელს, როცა სასტუმროს მშენებლობა მოულოდნელად, საინფორმაციო აბრის და ადგილობრივების ინფორმირების გარეშე დაიწყო, მათ, სხვა მეზობლებთან ერთად, მშენებლობის შეჩერების მიზნით, ჯერ თბილისის მერიას მიმართეს ადმინისტრაციული საჩივრით, რაც არ დაუკმაყოფილდათ და შემდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოს.
მედეა ბოჭორიშვილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ბარნოვის #8-ში, სასამართლო პროცესის საწყის ეტაპზე. 2017 წლის 6 ივლისი
სასამართლო ხუთი წლის განმავლობაში გაიწელა. ამასობაში მშენებელმა კომპანიამ, ხარვეზიანი დოკუმენტების საფუძველზე აშენებული შენობა კიდევ უფრო გააფართოვა: შეთანხმებულზე უფრო მაღალი სასტუმრო ააშენა, რომელიც ამჟამად მერიასთან შეთანხმებულთან შედარებით დიდია.
საჩივრის სასამართლოზე მოსმენის ბოლო დღეს - 2022 წლის 9 ივნისს - სასტუმრო უკვე აშენებულიც იყო და სტუმრებსაც იღებდა. მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა განაჩენი 30 ივნისს უნდა გამოაცხადოს. თუკი მოსამართლე ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლებს დაეთანხმება და მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, სასტუმროს შენობა უნდა დაინგრეს.
წერილები თბილისის განვითარების ფონდს
ვასილ ბარნოვის ქუჩის #8-ში მცხოვრებმა ნატო ქარჩაიძემ, რომელიც სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეცაა, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გაუგზავნა წერილი თბილისის განვითარების ფონდს და შეატყობინა, რომ სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ფონდისადმი გაგზავნილ მის წერილში წერია, რომ არის კიდევ ერთი ვითარება, რომელიც უფრო ამძიმებს ამ სახლის უსაფრთხოებს საკითხს.
ნატო ქარჩაიძე ბარნოვის #8-ში, რომელიც კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს და ავარიულ მდგომარეობაშია. ნატო ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლების ადვოკატიცაა სასამართლოზე, რომლის განაჩენი მოსამართლემ 30 ივნისს უნდა გამოაცხადოს; 2022 წლის 11 ივნისი
“ჩვენი სახლის მომიჯნავედ, ბარნოვის N-2-სა და N-6-ში 2007 წლიდან ამოთხრილია ღრმა ქვაბული და მიტოვებულია ღიად, რაც კიდევ უფრო აზიანებს სახლს,”- ნათქვამია წერილში, რომელიც ნატო ქარჩაიძემ თბილისის განვითარების ფონდს 2020 წლის 15 დეკემბერს მისწერა.
2021 წლის 4 მარტს თბილისის განვითარების ფონდიდან ქარჩაიძეს უპასუხეს, რომ ფონდს არ გააჩნდა ბარნოვის #8-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო ბიუჯეტი. იქვე შეატყობინეს, რომ შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, სახლის ბინადრებს საკუთარი სახსრებითაც შეეძლოთ კულტურული ძეგლის და საკუთარი საცხოვრებლის რეაბილიტაცია.
თამარ გამრეკელის სახლის ჭერი ბარნოვის ქუჩის #8-ში. 2022 წლის 11 ივნისი
სახლის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადების, შემდეგ მისი შეთანხმებისა და საჭირო დაფინანსების შეგროვების ან მოპოვების საშუალება მაცხოვრებლებს არ აქვთ.
ქარჩაიძის თქმით, ღრმა ქვაბულის გარდა, ბარნოვის #8-ის სახლის საფრთხეს კიდევ უფრო ამძიმებს ბარნოვის #10-ში მდგარი მრავალფუნქციური შენობა, რომელიც 45-გრადუსიან, დამრეც ფერდობზეა აშენებული.
ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ სავალი მიწა დროდადრო ვარდება. მათ ნაწილს მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით არემონტებს, ნაწილს კი - თბილისის მერია.
ბზარებია გაჩენილი ნატო ქარჩაიძის საცხოვრებელ სახლშიც: იატაკის ფილები ძვრება და ღრმავდება კედლების ბზარები.
იატაკის ფილა ნატა ქარჩაიძის სახლში, ბარნოვის #8-ში; 2022 წლის 11 ივნისისს მდგომარეობით
ბარნოვის ქუჩა #10-ის მშენებლობის ძირითადი ფაქტები
როცა ნინო სიხარულიძემ, კომპანია „თრიპელ ეის” მაშინდელმა დირექტორმა, მიწის ნაკვეთი მფლობელისგან - ამირ პურსადეყსუფიანისგან, შეიძინა, წინა მესაკუთრის მიერ მიღებულ მშენებლობის ნებართვას ვადა გასული ჰქონდა. 2017 წლის 23 თებერვალს სიხარულიძემ ხელახლა მიიღო ნებართვა და იმავე წლის 5 მაისს დაიწყო მშენებლობა ბარნოვის ქუჩის #-10-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე. 11 მაისს ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში გაასაჩივრეს.
29 მაისს მერიაში საჩივართან დაკავშირებით სხდომა ჩატარდა. სხდომას განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ორი წარმომადგენელი, ბარნოვის N10-ში მდგომი N49-ე სკოლის ინტერესების დამცველები და იმ დროს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. მომჩივანმა მხარეებმა ნინო სიხარულიძეს მოსთხოვეს, რომ მხოლოდ ლევან სამახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოეპოვებინა საექსპერტო დასკვნები და ამის შემდეგ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები. ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ მშენებელს არც პროექტის კონსტრუქციული პროექტი გააჩნდა და არც მიწის გეოლოგიური კვლევა.
კვალიფიციური დასკვნის მიღებამდე, თბილისის მერიამ მშენებლობა დროებით შეაჩერა.
ექსპერტიზის დასკვნები მშენებლობის უსაფრთხოებაზე
ნინო სიხარულიძემ სამხარაულის ბიუროს პირველი დასკვნა 2017 წლის 17 ივნისს მიიღო.
დასკვნაში წერია, რომ “ბარნოვის ქუჩა №8-ში მდგომი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი და სეისმურ ნორმებთან შესაბამისი; მშენებლობის კონსტრუქციის პროექტი არ იყო სრულყოფილი და ახალ პროექტს ძველ შენობებზე, შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა და საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციები გამოეწვია.”
ბარნოვის ქუჩა #8, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2022 წლის 11 ივნისის მდგომარეობით
ამ დასკვნის მიუხედავად, თბილისის მერიამ ნინო სიხარულიძეს მშენებლობის გაგრძელების უფლება მაინც მისცა. მომჩივნები ფიქრობენ, რომ სიხარულიძემ ეს დასკვნა თბილისის მერიას დაუმალა და იმავე პერიოდში მეორე დასკვნაც მიიღო სხვა კომპანიისგან, რომელსაც საექსპერტო საქმიანობის დამადასტურებელი ეროვნული აკრედიტაცია მიღებული არ ჰქონდა - ნინო სიხარულიძემ გარშემო არსებულ მშენებლობებზე გავლენა შპს “ლილეოს” დაუკვეთა.
ნატა ქარჩაიძე და მედეა ბოჭორიშვილი ფიქრობენ, რომ მეორე დასკვნა სიხარულიძეს იმიტომ დასჭირდა, რომ სამხარაულის დასკვნა მისთვის შინაარსობრივად ხელსაყრელი არ იყო და თბილისის მერიას სწორედ ეს დასკვნა წარუდგინა და არა სამხარაულის, რომელიც კრიტიკული იყო.
“ლილეოს” დასკვნის მერიაში წარდგენის შემდეგ, “თრიფელ ეის” მშენებლობის გაგრძელების უფლება 2017 წლის 5 ოქტომბერს განუახლდა.
ბარნოვის #8-ზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ხოლო ზემოთ - მრავალფუნქციური შენობა-სასტუმრო. 2022 წლის 11 ივნისი
“გარდა მრავალი ტექნიკური ხარვეზისა, [“ლილეოს”] დასკვნაში არ არის მოცემული არანაირი გაანგარიშებები, კვლევები, ემპირიული ან ლაბორატორიული მეთოდები, სრულიად გაუგებარია, საიდან და რის საფუძველზე ასკვნის გავლენა-არგავლენას მომიჯნავე შენობებზე,”- ამბობს მედიკო ბოჭორიშვილი, ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებელი და მერიის წინააღმდეგ საჩივრის მთავარი ავტორი. - “ექსპერტი სამშენებლო მოედანზე ნამყოფიც არ არის.”
მესამე ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ნინო სიხარულიძემ 2017 წლის 19 სექტემბერს დაუკვეთა. ამჯერად დაკვეთის მიზანი იყო მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის შეფასება, რომელიც წინა დასკვნით წარმოჩენილი იყო, როგორც “არასრულყოფილი.”
2017 წლის 1 ნოემბერს სიხარულიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის მეორე დასკვნაც მიიღო. ეს დასკვნაც სამხარაულის წინა დასკვნის მსგავს სურათს აჩვენებდა: „საცხოვრებელი სახლი ბარნოვის ქუჩა #10-ში“-ს საანგარიშო სქემა და კონსტრუქციული ნაწილი ხარვეზებს და შეუსაბამობებს შეიცავს, რის გამოც საჭიროა სათანადო კორექტირება. გადასამოწმებელია უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, მასში მოცემული მასალა არასრულია.”
ბოლო თხოვნით ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ნინო სიხარულიძემ 2018 წლის 19 დეკემბერს მიმართა იმის დასადგენად, ბარნოვის ქუჩის #10-ში აშენებულმა მრავალფუნქციურმა შენობამ ა) მიაყენა თუ არა ზიანი მომიჯნავე შენობებს ან ბ) მიაყენებდა თუ არა მომავალში რამენაირ ზიანს.
სამხარაულის ბიუროს მესამე დასკვნა 2019 წლის 18 მარტს მომზადდა. ექსპერტ დავით სტურუას მოსაზრებით, რომელმაც ეს დავალება შეასრულა, მრავალფუქნციურ შენობას აქამდე ზიანი არ მიუყენებია გვერდით მდგარი შენობებისთვის [ბარნოვის #8 და #10 - #48 საჯარო სკოლა]. უცნობია, რა გავლენას მოახდენს ის მათზე მომავალში. ექსპერტის მოსაზრებით, ამის გაგება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ.
ექსპერტი ანგარიშში აღნიშნავს, რომ დამკვეთმა ნინო სიხარულიძემ ბოლომდე ვერ უზრუნველყო, რომ ექსპერტს ბარნოვის #8-ში არსებული სახლი სრულყოფილად დაეთვალიერებინა: ექსპერტმა მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი ოთახი ნახა შიგნიდან. კედლებზე შენიშნა ნაპრალები და ბზარები, ჩამოშლილი ნალესი და აყრილი ფილები, ნესტიანი და დაობებული კედლები, გამოფიტული და დაშლილი გაჯი და სხვა დაზიანებები.
სამშენებლო ნებართვების დარღვევები
“თრიფელ ეის” თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არაერთხელ შეუჩერა მშენებლობის უფლება და სხვადასხვა დარღვევის გამო, დააჯარიმა კიდეც.
ერთ-ერთი ასეთი მითითება მერიის სამსახურმა კომპანიაზე 2017 წლის 31 მაისს გასცა. მითითების მიზეზი იყო ის, რომ “ქვაბულის მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობდა ხიმინჯების მწკრივის მოწყობის გარეშე.” მშენებელს აეკრძალა მუშაობის გაგრძელება აღნიშნული მითითების აღმოფხვრამდე და დაჯარიმდა 3 000 ლარით.
მეორე მსგავსი მითითება მერიის იგივე სამსახურმა იმავე წელს გასცა. მითითების მიზეზი იყო პროექტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არქონა. დოკუმენტები კომპანიამ მოგვიანებით წარადგინა და 2017 წლის 17 აგვისტოს ისევ აღუდგა მშენებლობის გაგრძელების უფლება.
2018 წლის 10 იანვარს “თრიფელ ეიზე” კიდევ ერთი მითითება გაიცა. კომპანიამ მითითება არ შეასრულა, რის გამოც 10 აპრილს მასზე საჯარიმო აქტი გამოიწერა: კომპანიამ დაარღვია "პროდუქტის უსაფრთოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი." მერიის აქტის მიხედვით, მშენებელ კომპანიას “გაუქმებული ჰქონდა არსებული კედლები, შემცირებული იყო ავტოსადგომის ფართი და შენობის გაბარიტი, დამატებული იყო კოლონები და რიგელები, გაზრდილი იყო კოლონების გაბარიტები, ა.შ. არსებულ დარღვევაზე 22 მაისს მერიაში ჩაინიშნა შეხვედრა, სადაც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მშენებელი აპირებდა დარღვევის გამოსწორებას. იმავე წლის 5 ივნისის მდგომარეობით, კომპანიას ისევ არ ჰქონდა გამოსწორებული მითითებით განსაზღვრული მდგომარეობა. ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული დარღვევის გამო კომპანია 3 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოების შეთანხმებული პროექტით გაგრძელება მოსთხოვა.
2019 წლის 21 მაისს, მშენებელმა კიდევ ითხოვა პროექტში ცვლილებების შეტანა. თბილისის მერიამ მშენებელს ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. ბარნოვის ქუჩის დამცველის და საქმის ადვოკატის, ნატო ქარჩაიძის თქმით, შესაბამის მარეგულირებელ კანონებში შესული ცვლილებების თანახმად, შენობა 20%-ზე მეტად იცვლებოდა და ასეთი დიდი ცვლილებები ახალ ნებართვას ითხოვდა. მისივე თქმით, “თრიფელ ეი” ვერც ახალ ნებართვას აიღებდა: 2019 წელს დამტკიცებული თბილისის მიწათმოწყობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, მიწას სტატუსი შეეცვალა და სარეკრეაციო ზონა 2 გახდა: მფლობელს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხოლოდ 20%-ის გაშენება შეუძლია, რაც ამ შემთხვევაში სასტუმროსთვის საკმარისი არ იქნებოდა.
ბარნოვის #10-ში მიწის შეცვლილი სტატუსი, რომელიც სასტუმროს საკადასტრო ფართობსაც მოიცავს. წყარო: თბილისის მერიის ერთიანი რუკა
ამჟამად შენობა “თრიფელ ეის” ხუთწლიანი იჯარით აქვს გაცემული შპს “სილექს გრუფზე,” რომლის დირექტორმა, ანა კერესელიძემ, გასული წლის 9 დეკემბერს, თბილისის მერიას შენობის გარეთ აბრის გაკვრის უფლება სთხოვა. მერიის არქიტექტურის სამსახურმა ამ მოთხოვნაზე ანა კერესელიძეს უარი უთხრა.
მოიჯარის მოთხოვნილი ბანერი #10-ის სასტუმროსთვის, რაზეც ინვესტორმა უარი მიიღო; წყარო: tas.ge
მოიჯარემ ხუთი წლის განმავლობაში 13 000 ლარი უნდა გადაუხადოს “თრიფელ ეის” და ყველა სახის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა შეასრულოს.
მწვანე ნარგავების მართვა
2018 წლის 24 დეკემბერს “თრიფელ ეიმ” ეზოს კეთილმოწყობის მიზნით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის ნებართვა სთხოვა.
მერიამ კომპანიას შედარებით ახალგაზრდა მწვანე ნარგავების გადარგვის, ნაწილის მოჭრის, ხოლო ნაწილი კი მხოლოდ გასხვლის უფლება მიიღო.
რადგან მოთხოვნილიდან ხუთი მცენარის დიამეტრი 12 სანტიმეტს არ აღემატებოდა და მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათი გადარგვის შემთხვევაში ხეების გახარების შანსი არსებობდა, სამსახურმა “თრიფელ ეის” ერთი ბიოტას, ერთი ცრუაკაციის და სამი ჩვეულებრივი იასამნის საკუთარივე საკადასტრო კოდის ფარგლებში არსებულ მიწაში გადარგვის უფლება მისცა.
გამწვანების საქალაქო სამსახურმა “თრიფელ ეის” აუკრძალა მოთხოვნილი შვიდი ხე-მცენარეების გადარგვის უფლება, რომელთა დიამეტრი 12 სანტიმეტს აღემატებოდა. “მოცემული ხეები არიან მრავალწლოვანი მცენარეები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში. ასევე, საექსერტო დასკვნის შესაბამისად, მათი ზოგადი მდგომარეობა არ იძლევა გადარგვის შესაძლებლობას,” - წერია მერიის გამწვანების სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის წერილში. სამსახურმა კომპანიას ამ შვიდი ხის მხოლოდ გასხვლის უფლება მისცა.
მერიამ კომპანიას ნება მისცა ორი ძირი ხის - 45 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ცრუაკაციისა და 50 სანტიმეტრი დიამეტრის თუთის ხის მოჭრის უფლება. ორივე მათგანს, ექსპერტის დასკვნიდან გამომდინარე, ფესვები ჰქონდა მოშიშვლებული და ავარიულ მდგომარეობაში იყო.
2019 წლის 30 აპრილს “თრიფელ ეიმ” კიდევ ერთხელ მოითხოვა საკუთარ ეზოში რამდენიმე მწვანე ნარგავის მოჭრა-გადარგვის უფლება. მერიამ კომპანიას ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და მხოლოდ წინა ნებართვებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულება დაავალდებულა.
♦ სტატიების ამ სერიაში "კაქტუსი" მოგიყვებათ თბილისში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე აშენებულ მრავალფუნქციურ შენობაზე, რომელიც ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ორ შენობას შორის, აშენდა. მოსახლეობის ნაწილმა ეს პროცესი გააპროტესტა და მოგვიანებით საქმე სასამართლოში გაასაჩივრა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში გაიწელა. საჩივრის შემაჯამებელი მოსმენა 2022 წლის წლის 9 ივნისს გაიმართა. განაჩენს მოსამართლე ივანე აღნიაშვილი 30 ივნისს გამოაცხადებს. თუკი მოსამართლე მოქალაქეების საჩივარს დააკმაყოფილებს, შენობა უნდა დაინგრეს.