2022 წლის 9 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ივანე აღნიაშვილი 5 წლის წინ მიღებული საჩივრის ბოლო სხდომას მართავდა. ვასილ ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლები - მედეა ბოჭორიშვილი და იურისტი ნატო ქარჩაიძე - ბარნოვის ქუჩის #10-ში აშენებული სასტუმროს მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილს იმ დღეს სხვა საქმეები არ ჩაუნიშნავს. სამუშაო დროის დასრულებამდე მხოლოდ ამ საქმის მხარეებისთვის უნდა მოესმინა და მათი არგუმენტები გაეთვალისწინებინა.
სასამართლო სხდომას სხვა მხარეებიც ესწრებოდნენ: თბილისის #49-ე საჯარო სკოლის იურისტი, რომელიც სკოლის ინტერესებს იცავდა და კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებსაც კულტურულ ძეგლებზე მშენებლობის გავლენაზე უნდა გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
სასტუმრო ბარნოვის #10-ში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორ ძეგლს შორის, დამრეც ფერდობზე, მეწყერსაშიშ ზონაში, ისე აშენდა, რომ არ იყო დაცული კანონით განსაზღვრული ძეგლების დამცავი ზონები და არც ახალი შენობის შესაძლო გავლენა ახლომდებარე ძეგლებზე, რომელთა შორის ერთი ახლანდელი 49-ე საჯარო სკოლა, რომელსაც ადრე „ლევანდოვსკის გიმნაზია“ ერქვა და 1907 წელს არის აშენებული. საცხოვრებელი სახლი კი 1897 წელს აშენდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შენობებმა 2007 წელს მიიღეს.
კითხვა-პასუხი პროცესზე
- საკლასო ოთახებიდან ჩანს სასტუმროს საძინებელი ოთახები. მოსწავლეების ყურადღება გადადის იქითკენ და სააღმზრდელო პროცესს ხელი ეშლება, - აღნიშნა პროცესზე #49-ე სკოლის იურისტმა.
- გავიგე, მაგრამ ეს თემა ვერ განიხილება აქტის კანონიერების ჭრილში, - უპასუხა იოსებ ხუბურულმა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების იურისტმა.
- გაცემული ნებართვების ჭრილში ვამბობთ: ხომ გაიცა ნებართვა? ციცაბო რელიეფზე, რომელიც არის 45 გრადუსი დახრილობის, #8 სახლის თავზე, ამხელა მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით, ჩვენს შენობებზე საშიშროება გაიზარდა თუ არა? - იკითხა ნატო ქარჩაიძემ, ბარნოვის ქუჩის დამცველმა იურისტმა.
- ბატონო მოსამართლე, მე არ ვარ ექსპერტი, რომ ეს შევაფასო, - მიმართა იოსებ ხუბურულმა სასამართლოს. - თავიდანვე განვმარტე, რომ დამკვეთს თავიდანვე არ ჰქონდა ვალდებულება, რომ საექსპერტო დასკვნები - შესაბამისი კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნა, - ნებართვის მიღების ეტაპზე ჰქონოდა.
- თუკი მერიას მიაჩნდა, რომ ბარნოვის #10-ში გაცემული ნებართვა კანონიერია და იქ უნდა იყოს მრავალფუნქციური შენობა, მაშინ 2019 წლის ახალი გენ-გეგმის დამუშავების დროს რატომ არის ეს ტერიტორია მიჩნეული სარეკრეაციო ზონად? რატომ არის ეს ტერიტორია ახლა გამწვანებული? - იკითხა ნატო ქარჩაიძემ.
- თბილისის გენ-გეგმას საკრებულო ამტკიცებს. მასში ცვლილებები ასევე შეაქვს საკრებულოს. შესაბამისად, თუ რატომ და როგორ მოხდა ცვლილება, არ არის არც არქიტექტურის სამსახურის და არც თბილისის მერიის საქმე, - უპასუხა იოსებ ხუბულურმა. - ეს არავითარ შემხებლობაში არ არის აქტის კანონიერებასთან. აქტი გამოიცა 2014 წელს. შემდგომში რომც მოხდეს ფუნქციური ზონის ცვლილება, სამსახური ძველ აქტს ახალ ცვლილებაზე ვერ გაავრცელებს.
- მეწყერშემაკავებელი კედელი, რაც არსებობდა, აღარ არის. როგორ მიგაჩნიათ: ეს არქიტექტურის სამსახურის გულგრილობაა? - იკითხა მედეა ბოჭორიშვილმა, ბარნოვის ქუჩის დამცველმა.
- ამ კითხვაზე მარტივად გავცემ პასუხს, ბატონო მოსამართლე, - უპასუხა იოსებ ხუბულურმა. - შესწავლილ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე გადამოწმებულ იქნა სამსახურის ბაზაში დაცული ინფორმაცია, ყველა ეპატზე განხილულ იქნა კომპეტენტური ორგანოს მიერ: ერთ შემთხვევაში სამინისტროსა და სხვა შემთხვევებში კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ და სწორედ აღნიშნული გარემოებების შეფასებისა და შეჯერების მერე იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები და გაიცა შესაბამისი ბრძანებები.
- სეისმომედეგობის ზომები იქნა მიღებული? - ისევ იკითხა მედეა ბოჭორიშვილმა.
- გაგეცით პასუხი, - უპასუხა იოსებ ხუბულურმა.
- არ არის დაცული.
- კიდევ გაქვთ კითხვები? - იკითხა მოსამართლემ.
- კითხვები მაქვს, მაგრამ აზრს მოკლებულად მიმაჩნია მათი დასმა, - უპასუხა ნატო ქარჩაიძემ მოსამართლეს.
კითხვა-პასუხს წინ უძღოდა მხარეების სიტყვა, სადაც მომჩივანმა და მოპასუხე მხარეებმა საკუთარი მოსაზრებები იურიდიულად დაასაბუთეს.
იოსებ ხუბულურის [თბილისის მერიის] სიტყვა
იოსებ ხუბულურმა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების იურისტმა, აღნიშნა, რომ მერიის ყველა აქტი კანონთან შესაბამისობაშია და მათი ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით:
-
მომჩივანი მხარეების კერძო საკუთრებები პირდაპირ არ ესაზღვრებოდა და არც მიჯნის ზონა [3 მეტრი] გააჩნდა სადავო შენობასთან.
-
არ არსებობდა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება, სადაც აღწერილი იქნებოდა, თუ კონკრეტულად რა ზიანს აყენებს ან აყენებდა ბარნოვის ქუჩის #10-ში აშენებული სასტუმრო მომჩივნებს.
-
რაკი მომჩივნების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ კულტურული ძეგლების დაცვა იყო, რომელთა შორისაც სასტუმრო აშენდა, იოსებ ხუბულურმა დეტალურად განიხილა, რომელმა კომისიამ გასცა თანხმობა მიწის ფუნქციურ ცვლილებაზე.
-
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2015 წლის 2 აპრილს თბილისის მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მერიასთან იქმნებოდა მსგავსი შინაარსისა და მისიის საბჭო: უკვე მერიის საბჭოს შეეძლო კულტურული მემკვიდრეობის სიახლოვეს არსებული მშენებლობების საკითხების განხილვა. თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება 2017 წლის 17 აპრილის დადგენილებით დამტკიცდა. საბჭოში ცხრა ადამიანი შედის: სამი თბილისის მერიის წარმომადგენელი, სამი - კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და სამი - მოწვეული გარე ექსპერტი.
-
ამ საბჭოს სხდომა ბარნოვის საქმეზე 2015 წლის 1 მაისს გაიმართა. საბჭოს ყველა წევრმა დადებით რეკომენდაცია გასცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას: მიწის მესაკუთრეს მიეცა უფლება, გაეფართოვებინა უფლებები და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორ ძეგლს შორის აეშენებინა მრავალფუნქციური შენობა, თავდაპირველად მოთხოვნილი საოფისე შენობის ნაცვლად.
-
ხუბულურის თქმით, მშენებელ კომპანიას ნებართვის მიღების მომენტში არ ჰქონდა უსაფრთხოების დოკუმენტაციის ქონის ან მერიისთვის მაშინვე წარდგენის აუცილებლობა და მისი აზრით, ეს არგუმენტი არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული აქტების ბათილობის საფუძველი ვერ გახდებოდა.
ნატო ქარჩაიძის [ბარნოვის ქუჩის დამცველის] სიტყვა
ნატო ქარჩაიძისა და მედეა ბოჭორიშვილის მოსაზრებით და შესაბამისი იურიდიული დასაბუთებით, ბათილად უნდა იყოს ცნობილი თბილისის მერიის ხუთი ბრძანება, რომლის საფუძველზეც თბილისში, ბარნოვის ქუჩის #10-ში სასტუმრო აშენდა:
-
მიწის გამოყენების ცვლილებები საჭიროებდა სპეციალური ზონალური შეთანხმებას, რაც არ მომხდარა;
-
ბარნოვის ქუჩა #10-ში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებაზე უნდა ემსჯელა არა თბილისის მერიასთან არსებულ კულტურისა და ძეგლთა დაცვის საბჭოს, არამედ კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ძეგლთა დაცვის საბჭოს: სასტუმრო აშენდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში და მისი განხილვა მერიის საბჭოს კომპეტენციას აღემატებოდა;
-
მშენებლობის დაწყების და მისი მიმდინარეობის დროს მშენებელ კომპანია “თრიფელ ეის” არ ჰქონდა წესრიგში აუცილებელი, მერიისვე ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის: სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო–გეოლოგიური კვლევა; კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა–ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე–საძირკვლისაგან და მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა;
-
ის, რომ “თრიფელ ეის” დოკუმენტაცია ხარვეზებს შეიცავდა, ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის სამი დასკვნა ამტკიცებს [ამონარიდი ერთ-ერთიდან, რომელიც 2017 წელს ჩატარდა: "ქ. თბილისში ბარნოვის ქ. №10-ში დაგეგმილი მშენებლობა, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი არასრულყოფილი კონსტრუქციული პროექტის მიხედვით, არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან შესაძლებელია ახალი შენობიდან წარმოქმნილმა დატვირთვებმა ბარნოვის №8 და №10 (№49 სკოლა) მდებარე შენობებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს და საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციები გამოიწვიოს. აუცილებელია ჩატარდეს ზეგავლენის ანგარიში და მიღებული შედეგების მიხედვით განხილული უნდა იყოს არსებულ შენობებთან მიმართებაში მყოფი შპუნტური კედლის მოწყობის საკითხი შესაბამისი კონსტრუქციული გადაწყვეტით.“];
-
2017 წლის 5 მაისს დაწყებული მშენებლობა თბილისის მერიამ ხუთი თვით შეაჩერა: ინვესტორს ამ პერიოდში შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოედგინა, კვალიფიციური ორგანიზაციისგან. მშენებელს შენების გაგრძელების უფლება 5 ოქტომბერს აღუდგა. მენაშენემ მერიას არააკრედიტებული ორგანოს - შპს “ლილეოს” შექმნილი დოკუმენტი წარუდგინა, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა სამხარაულის სახელობის დასკვნა, რომელიც კრიტიკული იყო და ის მერიას დაუმალა; მერიას "ლილეოს" დასკვნის საფუძველზე მენაშენისთვის მშენებლობის გაგრძელების უფლება არ უნდა მიეცა;
-
მშენებლობის დროს დარღვეული იყო კულტურული ძეგლების ინდივიდუალური და ფიზიკური დაცვის ზონები. ძეგლის ფიზიკური დაცვის ზონა მის გარშემო 50 მეტრია, ხოლო ვიზუალური - 150 მეტრი. ბარნოვის #10-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სკოლასა და სასტუმროს შორის მანძილი მხოლოდ 3 მეტრია. ეს პრინციპი დარღვეულია ბარნოვის #8 სახლზეც.
-
მენაშენემ სამშენებლო პირობები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც, ჯამში, 12 000 ლარით დაჯარიმდა. გაზარდა სართულიანობაც: ახლანდელი შენობა 20%-ზე ბევრად მეტია შეთანხმებულ პროექტთან შედარებით და მისი სამომავლო გავლენა მიმდენარე შენობებზე შეუსწავლელია. შენობა ამჟამად მიღებული არ არის ექსპლუატაციაში, მაგრამ მაინც გაქირავებულია და სტუმრებს იღებს.
ნატო ქარჩაიძემ პროცესზე მოსამართლეს ბარნოვის ქუჩაზე არსებული ახლანდელი მდგომარეობაც აღუწერა.
- ბარნოვის #8-ში მდგარ კულუტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლს ბარნოვის #10-ში აშენებული სასტუმროს დაწოლის გავლენით, გარე ფასადსა და შიდა კედლებს უამრავი ბზარი გაუჩნდა - ასეთი ციცაბო რელიეფის მქონე ტერიტორიიდან ამხელა შენობა რომ დააწვა ძეგლს, მისი მდგომარეობა ბევრად გააუარესა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენს სახლში მიწა ჩავარდა - ქვეშ სიცარიელე აღმოჩნდა. შპს “თრიფელ ეის” ეს არ ენაღვლება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს არ ენაღვლება არც მერიის არტიტექტურის სამსახურს, არც მუნიციპალურ ინსპექციას და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს წარმომადგენლებს, რომელიც ისმენს დღეს იმას, რაც მდგომარეობაა.
#49-ე სკოლის იურისტის სიტყვა
სკოლის წარმომადგენელმა იურისტმა აღნიშნა, რომ ბარნოვის #10-ში აშენებული სასტუმრო რომ იმთავითვე არ იყო მიზანშეწონილი მის გვერდით არსებული საჯარო სკოლისთვის ინტერესებისთვის, ეს ჯერ კიდეც სამხარაულის 2017 წლის 7 ივლისის დასკვნით გახდა ცნობილი.
მას შემდეგ სკოლის შენობაში ბზარები გაჩნდა. საგულისხმო იყო სამხარაულის ბიუროს ბოლო დასკვნაც, რომელიც 2019 წელს ჩატარდა. ამ დასკვნის თანახმად, პირდაპირი გავლენა ახალგაჩენილ ბზარებსა და მშენებლობას შორის არ ჩანდა, მაგრამ მომავალში რა გავლენას მოახდენდა სასტუმრო სკოლაზე, უცნობია.
სკოლაში შემცირდა ბავშვთა რაოდენობა: სასტუმროს აშენების შემდეგ, მშობლებს ეს სკოლა უკვე აღარ მიაჩნდათ უსაფრთხოდ მათი შვილებისთვის.
- მშენებლობით გამოწვეულმა ხმაურმა და მტვერმა ბავშვთა კონტიგენტი შეგვიმცირა, - აღნიშნა იურისტმა. - გაუარესდა სკოლის სახანძრო პირობები: სახანძრო მანქანებისთვის მიუსადგომი გახდა სკოლის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხარე. სასტუმროს ფანჯრები არის სკოლის მხარეს. სასტუმროს ფანჯრები საკლასო ოთახებიდან პირდაპირ ჩანს და სრულიად შეუსაბამოა სააღმზრდელო პირობებთან: საძინებლები ჩანს სკოლის ფანჯრებიდან.
- ფარდები ჩამოაფარეთ, - უპასუხა ამ შენიშვნას იოსებ ხუბულურმა.
კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს სიტყვა
- ბატომო მოსამართლევ, რა თქმა უნდა, მე სრულად ვეთანხმები მოპასუხეების პოზიციას აღნიშნულ აქტებთან დაკავშირებით. სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს იქიდან გამომდინარე, რომ შენობა არ უქმნის ძეგლებს არავითარ ზიანს. აბსოლუტურად იქნა შესწავლილი ეს არეალი და არა მგონია, რომ რამე პრობლემა არსებობდეს, - აღნიშნა სამინისტროს იურისტმა.
იგივეს დაეთანხმნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
მათი გამოსვლა სასამათლო პროცესზე ყველაზე ხანმოკლე იყო.
იოსებ ხუბულურის საბოლოო კითხვები მომჩივან მხარეებთან
- ქალბატონო მედიკო, რა პირდაპირი და უშუალო ზიანი გადგებათ, თქვენ კონკრეტულად, ამ პროექტით?
- კონსტიტუციის თანახმად, მაქვს უფლება, ვიცხოვრო ჯანსაღ და სუფთა, არასაშიშ გარემოში. ეს იყო ას წელზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბებული გარემო, რომელიც იყო ლანდშაფტს მორგებული, დომინანტი და ლამაზი. იყო სუფთა ჰაერი. ახლა განიავება შემცირდა. ხმაური გაიზარდა. სასიცოცხლო საშიშროება გვექმნება, - უპასუხა მედეა ბოჭორიშვილმა.
- საპროექტო დოკუმენტაციით შეთანხმებული სამუშაოები უარყოფით გავლენას ახდენს, თქვენს საკადასტრო ერთეულზე არსებულ უძრავ ქონებაზე, სადაც ცხოვრობთ, რამე უარყოფით მხარეს ტექნიკური თვალსაზრისით? თუ არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი? - იკითხა ისევ იოსებ ხუბულურმა.
- 125 წლის შენობას, რომელსაც არაერთი დიდი მიწისძვრა გადაუტანია, არანაირი ზიანი არ ჰქონია. ბზარები გაჩნდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, ეს ზიანი გამოწვეულია ბარნოვის #10-ში აშენებული შენობით, - აღნიშნა ნატო ქარჩაიძემ.
- ახლა მაქვს კითხვა სკოლის წარმომადგენელთან. როგორც მივხვდი, სკოლის წარმომადგენელი დაეთანხმა ამ სარჩელს. უშუალოდ საპროექტო დოკუმენტაციით რაც არის შეთანხმებული, ამასთან გაქვთ პრეტენზია თუ უკვე არსებულს რასაც უყურებთ - რისი მშენებლობაც განხორციელდა - აქედან გამომდინარეა თქვენი პოზიციები?
- ჩვენი - სკოლის - პოზიცია გამომდინარეობს მიყენებული ზიანით. ხმაური, რაც ისმის, ნაპრალები, რისი ფოტოებიც წარმოვადგინე, ის, რომ ძალიან ახლოსაა, ის, რომ სახანძრო უსაფრთხოება დაირღვა, რაც სკოლებისთვის მნიშვნელოვანია, - ეს ხომ არის მიბმული გაცემულ აქტებთან? - აღნიშნა სკოლის იურისტმა.
30 ივნისს ივანე აღნიაშვილმა საჩივარი არ დააკმაყოფილა.