გარემო

ამიერიდან ევროპა გაზსა და ატომურ ენერგიას “მწვანედ” მოიხსენიებს




ოთხშაბათს, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის ახალი და მნიშვნელოვანი გადახედვის ფარგლებში, ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გაზისა და ატომური ენერგიისთვის “მწვანე” ენერგიად წოდების წინადადებას, რაც შესაბამის პროექტებს საშუალებას მისცემს ასობით მილიარდი ევროს იაფი სესხებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მიღებაში. 

კრიტიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილება უფრო დიდი ხნით დატოვებს ევროპას წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულს. პროპონენტების თქმით კი, რომელთა შორის ევროპის კომისიის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც დაწერეს ამ პროექტის იდეა-დრაფტი, ეს ერთადერთი პრაგმატული იდეაა განახლებად ენერგიებზე გარდამავალ პერიოდში, როდესაც ევროპა ცდილობს, რუსეთზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამციროს, უკრაინასთან ომის გამო.

ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებში შეჭრამდეც დაიწყო. მისი საჭიროება კი უფრო ომის შემდეგ გამწვავდა, როცა ევროკავშირი შეეცადა რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი აეკრძალა, რომელიც, ძირითადად, რუსულ ქვანახშირსა და ნავთობს შეეხო. გაზი რუსეთიდან ევროპაში ისევ შედის, - ევროპა ძლიერად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ევროპული ქვეყნები სწრაფი არჩევანის წინაშე დააყენა: გაზი, რუსეთის გარდა, ნებისმიერი ქვეყნიდან უნდა მიეღოთ ან მზისა და ქარის ენერგიის მოპოვებისკენ ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ.

ოთხშაბათის გადაწყვეტილებამ თითქოს მიანიშნა, რომ ევროპა უფრო დიდხანს დარჩებოდა დამოკიდებული გაზზე - რომლის მთავარი კომპონენტი მეთანია და რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში.

ამ არჩევანმა ეჭვის ქვეშ დააყენა ევროპის იმპერატივი, რომ 2030 წლისთვის გაზით გამოწვეული მეთანის ემისია უნდა განახევრდეს. ენერგეტიკის მკვლევარი ჯგუფის, E3G-ის თქმით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო წინააღმდეგობრივია ევროკავშირის ფუნდამენტურ ხედვებთან. 

ეს შესწორება, რომელსაც ევროპის პარლამენტმა დაუჭირა მხარი, ევროკავშირის მცდელობაა, რომ ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებს სესხებისა და სხვა სახის დაფინანსების გაცემის დროს პროექტების შეფასების მექანიზმები მისცენ, - რამდენადაა ესა თუ ის პროექტი გარემოს მიმართ მეგობრული. 

ამ პოლიტიკის მიზანი, რომელსაც სხვა სიტყვით “ტაქსონომიასაც” ეძახიან, “მწვანე დემაგოგიის” პრევენციაა, რომლის დროსაც ენერგეტიკულ პროექტებს გარემოსადმი მეგობრულ პროექტებად წარმოაჩენენ.  ამ გადაწყვეტილებამ კი, შესაძლოა, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარი სწორედ გაზთან დაკავშირებული პროექტებისკენ გადაისროლოს.

კრიტიკოსების აზრით, გაზისა და ატომური ენერგიის მწვანე ენერგიად აღიარება უკვე არის “მწვანე დემაგოგია.” ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპის მიზნებთან, რომ 2030 წელს 55 პროცენტით შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა გარემოში და 2050 წლისთვის კარბონ-ნეიტრალური გახდეს. ატომური ენერგია ახალი უბედური შემთხვევების რისკებს აჩენს. 

გრეტა ტუნბერგმა, შვედმა კლიმატის აქტივისტმა, ოთხშაბათის გადაწყვეტილებას ფარისევლობა უწოდა.

“ეს ნამდვილად შეაფერხებს ძალიან საჭირო ენერგეტიკულ ტრანზიციას და კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთზე დამოკიდებულებას. ფარისევლობის მასშტაბები დიდია, მაგრამ გასაკვირი არაა,” - დაწერა ტუნბერგმა ტვიტერზე ამ გადაწყვეტილების შესახებ. 

გაზისა და ატომური ენერგიის “მწვანე” ენერგიად კლასიფიკაცია არასასურველად შეაფასეს გარემოსდაცვითი წრის მიღმაც, მათ შორის, ევროპის პარლამენტის მემარცხენე ნაწილში.

“ახლა მილიარდობით ევრო დაიხარჯება ისეთ პროექტებში, რომლებიც ზიანს მოიტანს და ეს ზიანი არ იქნება მოკლევადიანი ან დროებითი, ეს კი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ხარჯზე მოხდება,” - განაცხადა ევროპის გარემოსდაცვითმა ბიურომ, რომელიც პან-ევროპული გარემოსდაცვითი ლობი ჯგუფია და რომელმაც ამ გადაწყვეტილებას “ინსტიტუციური მწვანე დემაგოგია” უწოდა. 

ამ გადაწყვეტილებას მიესალმდნენ გერმანიასა და საფრანგეთში, - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებში, და განაცხადეს, რომ ეს ხელს შეუწყობს მათი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას და დაეხმარება ადგილობრივი ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც. 

2011 წელს იაპონიაში, ფუკუშიმაზე მომხდარი ატომური კატასტროფის შემდეგ, გერმანიამ მთლიანად თქვა უარი ატომურ ენერგიაზე და განახლებად ენერგიებზე გადასვლის პრეტენზია გამოაცხადა. თუმცა, ის დღემდე მთლიანად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, როგორც “გარდამავალ” წყაროზე და შემცირებული აქვს ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაც. 

საფრანგეთში საქმე პირიქითაა: ის ენერგიის 70 პროცენტს დაძველების გზაზე მდგარი ატომური ელექტროსადგურებისგან იღებს, რომლებსაც ბოლო წლებში პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე დაიხურა კიდეც. ბოლო დროს საფრანგეთმა ახალი გეგმა გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტი 51.7 მილიარდი ევროა და რომელიც 2035 წლამდე ახალი თაობის 14 რეაქტორის აშენებას გულისხმობს. მართალია, ატომური ელექტროსადგურებიდან პირდაპირ არ გამოიყოფა კლიმატის დათბობის გამომწვევი გაზები, მაგრამ უბედური შემთხვევები ბევრს აფიქრებს იმ საშიშროებებზე, რაც ატომურ ელექტროსადგურს ახლავს თან, მათ შორის კი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩერნობილის 1986 წლის უბედური შემთხვევა იყო.

ევროპის კომისიაში განაცხადეს, რომ მათ ესმით ის ფაქტი, რომ გაზი და ატომური ენერგია ახლოს არ დგას ცივილიზებული სამყაროს გარემოსდაცვით მიზნებთან და რისკების მატარებელია, თუმცა, მათი აზრით, ეს მნიშვნელოვანი გზაგასაყარი იქნება ევროპისთვის, რომლის სამომავლო გეგმები, ძირითადად, განახლებად ენერგიებს უკავშირდება. ისინი გაზს “დაბალი ემისიის” საწვავს უწოდებენ, რომელიც მართებული შედარება მხოლოდ მაშინაა, თუკი ქვანახშირს ვადარებთ, - რომელიც ძალიან დამაბინძურებელია, მაგრამ ის მაინც ვერ დარდება მზისა და ქარის ენერგიებს. 

“კენჭისყრის ეს შედეგი მნიშვნელოვანი და პრაგმატული განაცხადია და წარმოადგენს რეალისტურ მიდგომას, რომელიც ბევრ ქვეყანას დაეხმარება გარდამავალ პერიოდში, სამომავლოდ კლიმატ ნეიტრალობისკენ მიმავალ გზაზე,” - წერია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ხმის მიცემიდან მალევე გამოქვეყნდა. 

“კლიმატ-ნეიტრალურობა ჩვენი მიზანი და ლეგალური მოვალეობაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თანდათან შევწყვიტოთ ნახშირორჟანგის გამომყოფი ენერგიის წყაროების გამოყენება,” - წერია დასკვნაში .

გაზის ახალი კლასიფიკაცია და მისი “მწვანე ენერგიად” წოდება კიდევ უფრო რთულს გახდის საერთაშორისო ვალდებულებების მიღწევას, მათ შორის, მეთანის გამოყოფის შემცირებას. 

მეთანი უფრო ძლიერად დამათბობელი აირია, ვიდრე ნახშირორჟანგი, თუმცა, ატმოსფეროში მეთანი უფრო მალე იშლება. 20 წლის განმავლობაში მას 80-ჯერ მეტად შეუძლია დათბობის გამოწვევა, ვიდრე ნახშირორჟანგს. 

მეთანის გამოყოფის შემცირება კლიმატის ცვლილების რეგულირების ერთ-ერთი გზაა. სწორედ ეს იყო არგუმენტი, როცა ევროკავშირი გასულ ნოემბერს შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის მეთანის გამოყოფა 30 პროცენტით უნდა შემცირდეს. 

ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, WWF და Greenpeace, აცხადებენ, რომ ისინი ევროკავშირის წინააღმდეგ არიან და არ ეთანხმებიან გაზისა და ატომური ენერგიის მწვანე ენერგიად გამოცხადებას. 

კრიტიკოსების აზრით, გარემოსდაცვითი გზიდან გადახვევის გარდა, ეს ნაბიჯი რუსეთთან სტრატეგიული შეცდომის დაშვების ტოლფასია. 

აქამდე ევროკავშირის ქვეყნებმა აკრძალეს რუსული ქვანახშირის იმპორტი და მალე ნავთობის იმპორტსაც შეწყვეტენ, უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ ისინი მაინც ძალიან არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, როგორც გათბობისთვის საჭირო ენერგიაზე.

ევროკავშირის ბლოკი ცდილობს, გაზი სხვა წყაროებიდანაც მიიღოს, მაგალითად, აფრიკიდან, შუა აღმოსავლეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგრამ რუსებიდან გაზის მიღებაზე უარს ვერ იტყვის, რადგან ეს საჭიროება ჯერ-ჯერობით მყარად დგას. 

რუსეთს ისევ ექნება შესაძლებლობა, მიჰყიდოს თავისი გაზი სხვა ქვეყნებს ძვირ ფასად და ამით უზარმაზარი შემოსავლები მიიღოს. 

ზოგმა უკრაინელმა ექსპერტმა ეს გადაწყვეტილება დაგმო. 

“ვლადიმირ პუტინი, ალბათ, ხელებს იფშვნეტს კმაყოფილებისგან,” - თქვა ინნა სოვსუნმა, უკრაინელმა დეპუტატმა. - “ევროპამ დიდი საჩუქარი მიართვა პუტინს, გაზისა და ატომური ენერგიის მწვანე და მდგრად ენერგიად კალასიფიცირებით. ამ საჩუქრის წყალობით, რუსეთი მილიარდობით დოლარს მიიღებს და კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის ომის მასშტაბებს.”

 

 

მასალა ადაპტირდა სტატიიდან Europe Calls Gas and Nuclear Energy "Green"

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>