გარემო

ომი და გლობალური დათბობა ენერგობაზარზე უფრო მეტ გამოწვევებს აჩენს




სიცოცხლისთვის საშიში მაღალი ტემპერატურა ევროპაში და რუსეთის ომი უკრაინაში ორი მთავარი და მძლავრი ფაქტორია, რომელიც გლობალური ენერგიის ბაზარზე ძლიერად ზემოქმედებს. ყველაზე ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებიც კი საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფისთვის სასოწარკვეთილნი ეძებენ ენერგიის წყაროებს.

ამ კვირაში ევროპაში, რეკორდულად მაღალი სიცხეების გამო, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. საჭირო გახდა ატომური ენერგიის საშუალებით ელექტროენერგიის მიღების შემცირებაც, რადგან ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის დროს ატომური რეაქტორების გაგრილება ცალკე ენერგიას მოითხოვს. 

სამშაბათს საფრანგეთმა დეტალური გეგმა წარმოადგინა საკუთარი ელექტროსისტემის - EDF-ის რაციონალიზების შესახებ, რომელიც ძველი ატომური ელექტროსადგურების გამოყენების გაგრძელებას და თან ერთგვარ ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს. 

რუსეთმა, რომელიც ათწლეულებია ევროპას გაზს აწვდის, არ დაუზუსტებია, როდის აღუდგენს გაზის მიწოდებას მთავარი მილსადენიდან, რომელიც გერმანიის მინდვრებზე გადის.  გერმანიამ ევროკავშირს ურჩია, რომ იაფი სესხები გასცეს გაზთან დაკავშირებულ პროექტებზე, რომელიც კიდევ ათწლეულობით გაახანგრძლივებს ევროპის დამოკიდებულებას სასარგებლო წიაღისეულზე. 

პლანეტაზე ტემპერატურის მომატების პირობებში, ევროპა მარტო არაა ენერგიის ძიებაში. ჩინეთმა ქარხნებს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა, რადგან მაღალი ტემპერატურის გამო შენობების სახურავები დადნა და ხალხს მიწისქვეშა თავშესაფრებში გადამალვა მოუხდა. სეზონურად ადრე დაწყებული და დროში გაწელილი სითბური ტალღების პირობებში, ინდოეთმა საკუთარი ქარხნების ამუშავებისთვის ქვანახშირის ენერგია გამოიყენა. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა და სითბური ტალღები კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. 

ომმა და კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ენერგიაზე მოთხოვნა, გაზარდა ენერგიისა და საკვების ფასები და ამით ყველაზე ღარიბი მოსახლეობა დაზარალდა. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს დათვლებით, აფრიკაში 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ელექტროენერგიის გარეშე - სიტუაცია პანდემიის შემდეგ გაუარესდა. 

მხოლოდ ნავთობის კომპანიებმა იხეირეს: ნავთობისა და გაზის ფასები რეკორდულად მაღალი იყო. 

შედეგად, კლიმატის ცვლილების შერბილების მცდელობა კიდევ უფრო შესუსტდა: წიაღისეული რესურსების მწარმოებლებმა, რომელთა ბიზნესი კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს, კიდევ უფრო გააქტიურდნენ. სითბური ტალღების პირობებში, სწორედ მათი წარმოებული ენერგიები გახდა საჭირო სიტუაციის დროებით დასარეგულირებლად, რაც ცუდად შეეხება კლიმატის ცვლილების შერბილების გლობალურ მცდელობას. 

გლობალურ კონფერენციაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა და რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილების კიდევ ერთხელ გააზრებას ემსახურებოდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, კლიმატის ცვლილებას “უსარფთხოების უდიდესი გამოწვევა” უწოდა და ქვეყნებს მოუწოდა, რომ განახლებად ენერგიებზე გადასვლით, რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შეამცირონ. 

“დღეს წიაღისეულ რესურსებზე დამოკიდებულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის ნიშანია,” - აღიშნა მან სამშაბათს. გერმანიაში ენერგიის 35 პროცენტს რუსეთიდან გაზსადენით შესული გაზი ამარაგებს.

იგივე კონფერენციაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, უფრო ხისტად გამოხატა საკუთარი სათქმელი. 

“წიაღისეულ რესურსებზე ავადდამოკიდებულებას ვაგრძელებთ,” -  განაცხადა მან. 

ბერლინის ეს კონფერენცია სწორედ არსებული სავალალო მდგომარეობის გადააზრების მცდელობა იყო. 

ვოშინგტონში კლიმატის კანონმდებლობის მიღების გარეშე, რთულია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული კლიმატის მიზნების მიღწევა. არც ის იქნება შესაძლებელი, ჩინეთს მიუთითონ, რომ სათბური გაზების გამოფრქვევა შეამციროს. 

ამჟამად სათბურის გაზებს [ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდი, ოზონი, სხვ.] ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინეთი გამოყოფს. ეს კი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი პლანეტისთვის: ჩინეთი ამჟამად უფრო მეტ ქვანახშირს წვავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, იქ იწარმოება ახალი, მწვანე ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილი, მათ შორის, მზის პანელები და ელექტრო ავტობუსები.  

დიდი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებითაც, ევროკავშირის კანონმდებლები ისარგებლებენ თუ არა უკრაინაში მიმდინარე ომით და დააჩქარებენ თუ არა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას თუ მხოლოდ გაზის იმპორტს შეწყვეტენ რუსეთიდან, ზოგადად კი გაზზე უარს არ იტყვიან. 

თამასა საკმაოდ მაღალია, დასახული მიზნები კი - ამბიციური. ევროკავშირის კლიმატის კანონი მოითხოვს, რომ  2030 წლისთვის 27-ვე ქვეყანამ ემისიები 55 პროცენტით უნდა შემციროს. ბევრი ქვანახშირის ქარხანა ისედაც უნდა დაკეტილიყო და ჯერ-ჯერობით არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ევროპა ისევ მიუბრუნდება ქვანახშირის მოხმარებას, მაგრამ ზოგი ქვეყანა გადაუდებელი ენერგომოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქვანახშირს უბრუნდება. 

“ეს ქვანახშირის დაბრუნებას არ ნიშნავს,” - ასეთი შინაარსის სტატია გამოაქვეყნა ორგანიზაცია Ember-მა, კვლევითმა ჯგუფმა. 

ევროკავშირის კანონმდებლები შენობების მფლობელებს ახალისებენ, რომ ძველი სახლები განაახლონ და უფრო ენერგოეფექტური გახადონ. ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, 2035 წლიდან ბლოკის ფარგლებში არც ერთი შიდა წვის ძრავის მქონე მანქანა არ უნდა გაიყიდოს. 

ზოგი ანალიტიკოსის თქმით, ამ კრიზისის დროს, ერთ-ერთი გამოსავალი დროებით შეჩერება და დაფიქრებაა.

“რაღაც პროგრესი გვაქვს, მაგრამ თუ ერთიან სურათს შევხედავთ, ეს საკმარისი არაა,” - ამბობს ჰანა ფეკეტი, კლიმატის პოლიტიკის ანალიტიკოსი New Climate Institute-ში, რომელიც კოლონში საქმიანობს და კლიმატის ცვლილების შერბილებას ადვოკატირებს. “ენერგოეფექტურობის კუთხით, ძალიან ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან.”

იმ ფონზე, როდესაც დიდ, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს: ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას არ უნდათ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა, მცირე ეკონომიკის ქვეყნებს იგივეს კეთებას ავალებენ. არადა, ისინი გლობალურად ყველაზე მდიდრები არიან და ყველაზე მეტი როლი აქვთ სათბურის ეფექტის გაზების გამოფრქვევაში, რომელიც დღეს კლიმატის ცვლილებას იწვევს და არაპროპორციულად აზიანებს უფრო ღარიბებს. 

ბერლინის კონფერენციაზე ამ მოსაზრებას უფრო მკაფიოდ გამოეხმაურა ბარბარა ქრისი.

“ამ ამბიციური მიზნების განსახორციელებლად, განვითარებულმა ქვეყნებმა ლიდერობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე,” - თქვა მან. - “კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში ლიდერი ისაა, ვინც წარმატებით იქცევა კრიზისისა და გაჭირვების დროს და არა კონფორტისა და სიმშვიდის პერიოდში.” 

განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის მდიდარ ქვეყნებს ღარიბი ქვეყნებისთვის ჯერ-ჯერობით არ გადაურიცხავთ ის შეპირებული 100 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი. ბევრი ვალში ჩავარდნილი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ და დიდ ვალში ვარდება, ცხელი ამინდების დარეგულირების მიზნით, რომელსაც კლიმატის ცვლილება იწვევს. 

რუსეთი, რომელიც ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია მსოფლიოში, მაშინ დაესხა თავს უკრაინას, როცა ენერგიის ფასი მატებას ისედაც იწყებდა. 

გასული წლის ბოლოს ნავთობისა და გაზის ფასები ისედაც იმატებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი წარმოების შემცირების გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ეს სიტუაცია კი მას მერე ვერ გამოსწორდა.

რუსეთმა ევროპას მარაგების მიწოდება სექტემბრიდან შეუზღუდა. შედეგად ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა მოიმატა და ათწლეულში ყველაზე ძვირი გახდა. ამავე დროს ევროპაში გაზზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკის დაღმასვლამ პიკს მიაღწია და ქარიანი ამინდების შემცირებამ ქარის ენერგიის გამომუშავებაც შეანელა. 

თებერვალში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაზის მიწოდება შეუწყვიტა ევროპელ მომხმარებლებს, - აპრილიდან ჯერ ბულგარეთს და შემდეგ - პოლონეთს. 

გერმანია ფიქრობს, რომ შემდეგი ის იქნება. გერმანია ჯერ კიდევ ელოდება, როდის აღუდგენს გაზის მიწოდებას “გაზპრომი,” რუსული ენერგოგიგანტი, ციმბირიდან გამომავალი გაზსადენიდან, რომელიც ამ გზით გერმანიის კუთვნილ ტერიტორიაზე გადადის. მილსადენი 11 ივლისს დროებით გააჩერეს, უსაფრთხო ოპერირების წლიური შემოწმების ფარგლებში, წესით, მხოლოდ ათი დღით, მაგრამ აღდგენის პროცესები ჭიანურდება. 

ზოგი ევროპის ქვეყანა აქტიურად ცდილობს, სხვა შესაძლო წყაროებით შეივსოს გაზის მარაგი გამოსაზამთრებლად. თუკი რუსეთი ევროკავშირს გაზის მიწოდებას არ აღუდგენს, ევროკავშირის ბლოკის წევრი ქვეყნები ვერ დააკმაყოფილებენ საკუთარ ეროვნულ მოთხოვნებს.

“მსოფლიოს არასოდეს ჰქონია მსგავსი ენერგეტიკული კრიზისი - ამ სიღრმისა და სირთულის,” - აღნიშნა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბაიროლმა, გასულ კვირას. 

 

 

 მასალა ადაპტირდა სტატიიდან War and Warming Upend Global Energy Supplies and Amplify Suppering

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>