ჯანდაცვა

იცნობდე შენს საშვილოსნოს




ენდომეტრიოზი, ფიბროზული ქსოვილები და სტრუქტურული ანომალიები მხოლოდ ნაწილია პრობლემებისა, რომლებიც საშვილოსნოს ჯანმრთელობაზე ახდენენ გავლენას.

საშვილოსნო განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ორგანოა, რომელიც აუცილებელია ახალი სიცოცხლის გამოკვებისა და გარე სამყაროში მოვლენისთვის. მაგრამ ისტორიულად, ამ ორგანოსთან ბევრი ცრუ ინფორმაცია და მითი იყო დაკავშირებული. იყო დრო, როცა საშვილოსნო თითქოს ზედმეტ დანამატად აღიქმებოდა, რომელიც ხან იქით გადაიხრება და ხან აქეთ, სხვა ორგანოებს  ეკვრის და ზედმეტ პრობლემებს ქმნის. ერთი ძველი განკურნების მეთოდი გითხრათ? - თუკი ვაგინას სურნელოვანი ნელსაცხებლებით დაიმუშავებდით და საშვილოსნოს ყელს - ცუდი სუნებით, ამით იძიებდით მასზე შურს და საჭირო ადგილს მიუჩენდით მაგ ონავარს. 

ტერმინი “[ჰ]ისტერია” - სიტყვა, რომელიც ჰიპოკრატემ მოიფიქრა და თავდაპირველად მხოლოდ ქალების დაავადებად ითვლებოდა, შფოთსა და კრუნჩვით მოძრაობებს გულისხმობს. ეს სიტყვა ბერძულად “საშვილოსნოს” ნიშნავს. [ფრანგმა ნევროლოგმა ჟან-მარტინ შარკომ ეს დაავადება პირველად კაცებთანაც დააკავშირდა; დღეს კი [ჰ]ისტერია ფიზიკურ ან ფსიქიკურ პრობლემად არ ითვლება, თუმცა, ზოგ ფსიქიკურ აშლილობაში ეს სიმპტომი შედის და პაციენტების მხრიდან აღიწერება.]

ბევრ ქალს საშვილოსნო მხოლოდ ორსულობასა და მენსტრუაციასთან დაკავშირებული ორგანო ჰგონია. სხვებისთვის საშვილოსნოდან მხოლოდ ტკივილები, ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა სიმპტომების წყაროა. ამ სტატიის მომზადების დროს ოთხ მედიკოსს ველაპარაკე, რომლებიც მეანობასა და გინეკოლოგიაში არიან გაწვრთნილები და რომლებსაც სპეციალური ცოდნა აქვთ, მათ შორის, რეპროდუქციულ ენდოკრონოლოგიასა და სიმსივნური უჯრედების მართვაში. 


 

მუდმივად შეიმოწმე საშვილოსნო და მეტი გაიგე მისი ანატომიის შესახებ

ჩვეულებრივი, რიგითი შემოწმება მშვენიერი დროა იმისთვის, რომ ექიმს დაელაპარაკოთ დაავადებების ადრეულ აღმოჩენასა და ტესტირებაზე, მათ შორის, სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე და ზოგი ტიპის სიმსივნეზე, მათ შორის სხვა საკითხებზე, რომლებიც, შესაძლოა, გაწუხებდეთ. დაგინიშნავთ თუ არა თქვენი გინეკოლოგი მენჯის ღრუს ექოსკოპიას ან მისი სხვა სახით შემოწმებას, იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ აღუწერთ მას თქვენს პრობლემებს. ეს თქვენს სამედიცინო ისტორიაზეც არის დამოკიდებული.

საშვილოსნო, ჩვეულებრივ და კლასიკურად, პირქვე გადმობრუნებულ მსხალს ჰგავს, სქელი კუნთოვანი კედლებით, ერთი ღრუთი და ვიწრო ყელით, რომლითაც ის ვაგინას უერთდება. 

მაგრამ ყველას არ აქვს კლასიკური ანატომიური ფორმის საშვილოსნო. ზოგს სტრუქტურული ანატომიური დარღვევები აქვს, რომელიც ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის, როცა საშვილოსნოს ნაყოფის ბოლომდე შენახვა არ შეუძლია. ორგანიზაცია March Of Dimes-ის ინფორმაციით, ქალთა დაახლოებით სამ პროცენტს აქვს ანომალური ზომის, ფორმისა და სტრუქტურის საშვილოსნო. 

გაყოფილი საშვილოსნოს შემთხვევაში, რომელიც ყველაზე ცნობილი ანომალიაა, ორგანო გარედან ჩვეულებრივს ჰგავს, მაგრამ შიდა კუნთოვანი და ფიბროზული წარმონაქმნები მის ღრუს ორ ნაწილად ყოფს. ორრქიანი საშვილოსნო ასევე ღრუში ორად არის გაყოფილი, გარედან კი გულის ფორმა აქვს. ზოგჯერ ერთრქიანი საშვილოსნო სრულად არის განვითარებული მხოლოდ ერთი მხრიდან, მაგრამ ჩვეულებრივ საშვილოსნოზე პატარაა და ორის ნაცვლად, ერთი მილი აქვს. ზოგ ქალს, შესაძლოა, ორი საშვილოსნო ჰქონდეს [ერთი ან ორი საშვილოსნოს ყელითა და ვაგინალური დაბოლოებით], რასაც საშვილოსნოს დიდელფისს ეძახიან. ქალს ბანგლადეშში ჯერ ერთი შვილი გაუჩნდა და ერთი თვის შემდეგ - ტყუპები, რომლებიც საშვილოსნოს მეორე ნახევარში იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ. 

ამ ანომალიების მქონე ქალებს ხშირად სიმპტომები არ აქვთ და ნაყოფსაც მშვიდად ატარებს ბოლომდე მათი საშვილოსნო. ზოგ შემთხვევაში, ატიპიურ საშვილოსნოს ტკივილებისა და ზედიზედ განმეორებადი მუცლის მოშლების გამოწვევა შეუძლია. სეპტატურ [გაყოფილი] საშვილოსნოს ნაყოფის სრულ დრომდე მიყვანა უჭირს.  ორსულობების შეწყვეტას, ძირითადად, ქრომოსომული ანომალიები იწვევს, თუმცა, სამჯერ მიყოლებით მუცლის მოშლის შემდეგ, ა.შ.შ. მეანობისა და გინეკოლოგიის ამერიკული კოლეგია ქალებს ურჩევს, რომ საშვილოსნოს ანომალიები გამოიკვლიონ.

საშვილოსნოს ანომალია ჩვეულებრივ ჩანს 2D ულტრაბგერით გამოსახულებაზეც, მაგრამ ზოგჯერ დიაგნოსტირება 3D ულტრაბგერას ან მაგნიტო-რეზონანსულ გამოსახულებას მოითხოვს. გინეკოლოგმა, შესაძლოა, მაკორექტირებელი ქირურგიის ჩატარება გირჩიოთ, თუკი სეპტატური ან ორრქიანი საშვილისნო გაქვთ, რის გამოც ნაყოფს ვერ ინარჩუნებთ. 

რეტროვერტული საშვილოსნო [გადახრილი ან წვეტისმაგვარი ფორმის საშვილოსნო] ისეთია, რომელიც უკან არის მოხრილი. ორგანიზაცია March of Dimes-ის დათვლებით, ქალების დაახლოებით 20 პროცენტს აქვს მსგავსი საშვილოსნო, რომლის დროსაც სექსი მტკივნეულია, მაგრამ ორსულობა ჩვეულებრივ მიმდინარეობს. 


 

თუ მენჯი გტკივათ, გინეკოლოგს დაელაპარაკეთ

მენჯის არეში ტკივილს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, ინფექციები, გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავი და საშარდე ბუშტის პრობლემები, - ასე რომ, ეს საკითხი ექიმთან წამოსწიეთ იმის გასაგებად, თუ რა ხდება თქვენს თავს. 

მენჯის არეში ტკივილის კლასიკური მიზეზი ენდომეტრიოზია, - მაშინ, როცა საშვილოსნოს ქსოვილები მის გარეთ გამოდის, მენჯისა და მუცლის ღრუში ვრცელდება. ენდომეტრიოზი იწვევს ტკივილის მენსტრუაციის დროს, სხვა პერიოდებშიც და სექსის დროს. ქალების დაახლოებით 10 პროცენტს აწუხებს ენდომეტრიოზი რეპროდუქციულ ასაკში, რომელიც ა.შ.შ.  მეანობისა და გინეკოლოგიის კოლეგიის განცხადებით, მკურნალობის შემდეგაც ჩნდება.

ბევრი თეორია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ენდომეტრიოზს; ერთ-ერთი შესაძლოა იყოს რეტროგრადული მენსტრუაცია - როცა მენსტრუალური სისხლი უკუღმა მიედინება - რომელიც ენდომეტრიულ უჯრედებს საშვილოსნოს მილს გაატარებს და ასე შეიძლება, მოხვდეს მუცლის ღრუში, ამბობს ექიმი ქრისტინ პატზოვსკი, გინეკოლოგი ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრში. უცნობია ისიც, რატომ ხდება ისე, რომ მხოლოდ ზოგი ქალის შემთხვევაში ვითარდება ენდომეტრიოზი და არა ყველას შემთხვევაში. არც ტკივილის ზუსტი მიზეზია ცნობილი. ზოგი მოსაზრებით, ტკივილს შეშუპება და ენდომეტრიული ქსოვილის ანთება იწვევს, რაც მენსტრუაციის დროს აქტიურდება. საინტერესოა ისიც, რომ ყველას, ვისაც ენდომეტრიოზი აქვს, მწვავე ფორმებშიც კი, არ აწუხებს ტკივილი ან სხვა პრობლემები. 

ექიმ პადზოვსკის თქმით, ენდომეტრიოზი უშვილობის რისკებს ზრდის - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ურთულდება დაორსულება, ენდომეტრიოზის მწვავე ფორმის ქონის შემთხვევაშიც კი. [ა.შ.შ.-ის მეანობისა და გინეკოლოგიის კოლეგიის ინფორმაციით, უშვილობის პრობლემების მქონე ქალების 40 პროცენტს ენდომეტრიოზი აქვს.] იშვითად, ენდომეტრიოზი სხვა ორგანოებისკენ გადადის, მათ შორის, მუცლის, საშარდე ბუშტისა და შარდსაწვეთისკენ, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. 

თუკი ენდომეტრიოზი დაგიდასტურდათ ან არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ, მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომებზე, პაციენტის კონკრეტულ მდგომარეობასა და იმაზეც, უნდა თუ არა ქალს შვილების ყოლა. მკურნალობა გულისხმობს ჰორმონებით თერაპიას, რაშიც შეიძლება შედიოდეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, პაჩი ან საშვილოსნოს ყელის რგოლი; ან პროგესტერონის შემცველი აბი, ინექცია ან იმპლანტი; ან GnR-ის აგონისტი ან ანტაგონისტი. [ტკივილგამაყუჩებელიც შედის ამ სიაში.] ექიმმა, შესაძლოა, ლაპაროსკოპია შემოგთავაზოთ, რომლის ფარგლებშიც ქირურგიულად მოაცილებენ დაზიანებას, თუკი პირველადმა მკურნალობამ არ იმუშავა ან თუკი აქტიურად ცდილობთ დაორსულებას და არ გამოგდით - ამბობს ექიმი პატზოვსკი. ექიმმა, შესაძლოა, საშვილოსნოს ამოკვეთა - ჰისტერექტომია შემოგთავაზოთ, რაც დამოკიდებული იქნება სიმპტომების სიმწვავეზე, პაციენტის ასაკსა და შვილოსნობასა და სხვა სურვილებზე. 

 

აუცილებლად გამოიკვლიეთ მძიმე სისხლდენის მიზეზი

უხვ მენსტრუაციას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, წინარემენოპაუზის პერიოდი. ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს საშვილოსნოს ფიბროზი, ან კეთილთვისებიანი უჯერები საშვილოსნოში, რომელიც შეიძლება სისხლდენისა და ტკივილის მიზეზი გახდეს. 

ფიბრომების უმეტესობა ასიმპტომურია. სიმპტომურ ფიბრომას მძიმე სისხლდენის, ტკივილისა და მუცლის ღრუში წნევის ცვლილების გამოწვევა შეუძლია. როგორც წესი, ფიბრომები დიდად არ უშლის ხელს დაორსულებას, მაგრამ მათი მოცილებაც შეიძლება ქირურგიულად, თუკი ისინი ზომით დიდია და ხელს უშლის ორსულობის შენარჩუნებას. ფიბრომების დიაგნოსტირება სხვადასხვა გზით შეიძლება, მათ შორის, ულტრაბგერის ან გამოსახულებითი კვლევის სხვა მეთოდებით. 

ექიმ ერიკა მარშის თქმით, რომელიც მიჩიგანის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მეანობა-გინეკოლოგიის პროფესორია, ამბობს, რომ თუკი ფიბრომები არ გვაწუხებს, სჯობს, მათ ხელი არ ვახლოთ. ზოგი ქალისთვის მძიმე სისხლდენა ანემიას, დაღლილობასა და ცხოვრების ხარისხის დაწევას იწვევს. როგორც ენდომეტრიოზის შემთხვევაში, აქაც არსებობს სამედიცინო და ქირურგიული გამოსავალი: ჰორმონოთერაპია, რომელსაც არასაჭირო უჯრედების შემცირება შეუძლია; ქირურგიული ჩარევა, რომელსაც მიომექტომიას ეძახიან და რომლის დროსაც ფიბრომებს აცილებენ; და ჰისტერექტომია, რომლის დროსაც მთელ საშვილოსნოს აჭრიან და როცა ნამდვილად არსებობს იმის გარანტია, რომ ქალს არასოდეს გაუჩნდება საშვილისნოს ფიბრომა. მენოპაუზის შემდეგ ფიბრომები უკვე აღარც იზრდება. 


 

იცოდე საშვილოსნოს კიბოს ნიშნები 

საშვილოსნოს სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა ენდომეტრიული სიმსივნეა, რომელიც ენდომეტრიუმიდან იწყება [ენდომეტრიუმი საშვილოსნოს შიდა ხაზოვანი ქსოვილია]. როგორც სიმსივნეების უმეტესობა, ენდომეტრიული სიმსივნე უფრო ასაკში მყოფი ქალების დაავადებაა, რომელიც 55 წლიდან 75 წლის შუალედში ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სიმპტომი არის ვაგინალური სისხლდენა, რომელიც შესამჩნევია პოსტმენოპაუზის დროს; სისხლდენა არაა ნორმალური მოვლენა, თუკი მენსტრუაცია დამთავრებულია და მისი მიზეზი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოკვლეული. 

ექიმი ჯენიფერ მულერი, რომელიც გინეკოლოგია მემორიალ სლოუნის ქეთერინგ ცენტრში, ა.შ.შ.-ში, ამბობს, რომ საშვილოსნოს სიმსივნეების 6-7 პროცენტი 45 წლისა და უფრო ახალგაზრდა ქალებში ჩნდება. ქალები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მენსტრუაცია, ყურადღება უნდა მიაქციონ თუნდაც მენსტრუაციის შუა ფაზაში სისხლდენას და უჩვეულოდ ბევრი სისხლის უცებ მოვარდნას და დენას, - “ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დროში ნარჩუნდება, მაგრამ არაა ჩვეული და ნორმალური პაციენტისთვის,” - ამბობს მულერი. ამასთან ერთად, თუკი პაპ-ტესტი ჯირკვლოვან ქსოვილებს აღმოაჩენს, უნდა შემოწმდეს და ბიოფსიაც ჩატარდეს - საკმაოდ მარტივი პროცედურები, რომლებიც კლინიკაში ხდება. 

კარგი ამბავი ისაა, რომ საშვილოსნოს სიმსივნე განკურნებადია. სიმსივნის პირველ ეტაპზე უჯრედები მხოლოდ საშვილოსნოს ფარგლებშია და სხვაგან არ არის გავრცელებული. თუკი ქალს პოსტმენოპაუზური მდგომარეობა აქვს და შვილებიც - გაჩენილი ჰყავს, ამ დროს მკურნალობა მოიცავს საშვილოსნოს, მისი ყელისა და საკვერცეების ამოკვეთას. ლიმფური ჯირკვლების შემოწმების შედეგად გამოჩნდება, საჭიროა თუ არა სხეულის უფრო სხვა ტერიტორიების მონიტორინგი და მკურნალობა. ექიმი მულერი ამბობს, რომ თუკი გულის, ძვლების ჯანმრთელობის ან სხვა სიკეთეების გამო, ქალს მაინც უნდა საკვერცხეების შენარჩუნება, ან თუკი ისევ უნდა ატაროს და გააჩინოს ბავშვი, უფრო ნაკლებად აგრესიული ვარიანტებიც შესაძლებელია: “ამ ტიპის სიმსივნე პაციენტების უმეტესობაში განკურნებადია.”  

 

ყურადღება მიაქციეთ საშვილოსნოს ყელს 

ყელი, რომელიც საშვილოსნოსა და ვაგინას აერთებს, ტექნიკურად საშვილოსნოს ნაწილია. საშვილოსნოს ყელის პრობლემა, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი პოლიპებით იწყება [რომლებსაც, ჩვეულებრივ, არ ახლავს სიმპტომები, მაგრამ შესაძლოა, არალეგულარული და მძიმე სისხლდენა გამოიწვიოს] და ზედმეტი უჯრედები შესაძლოა, - მაგრამ არაა აუცილებელი  - ავთვისებიან სიმსივნურ უჯრედებში გადაიზარდოს. 

ა.შ.შ. კიბოს საზოგადოება 30-65 წლის ქალებში ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ საშვილოსნოს ყელის სკრინინგს უწევს რეკომენდაციას, როგორც Pap ტესტის, ასევე ადამიანის  პაპილომავირუსზე შემოწმების მიზნით. ადამიანის პაპილომავირუსს შეუძლია გენიტალური მეჭეჭების და ზოგ შემთხვევებში, ყელის ან ვაგინის სიმსივნის გამოწვევა. ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [C.D.C.] 11-26 წლის გოგონებში პაპილომა-ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას უწევს რეკომენდაციას.




 

→ მასალა ადაპტირდა სტატიიდან - Know Your Uterus

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>