გარემო

ჰაერის დამაბინძურებლების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე




მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველ წელს 7 მილიონი ადამიანი იღუპება ადრეულად, ხოლო მილიონობით სხვა - ჯანმრთელობას კარგავს. 

ბავშვების ჯანმრთელობის დაზიანებაში იგულისხმება ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, სასუნთქი გზების ინფექციები და ასთმის გამწვავება. მოზრდილებში ჰაერის დაბინძურება იწვევს გულის იშემიურ დაავადებებსა და ინსულტს.

ჩნდება ახალი მონაცემები, რომლის თანახმადაც ჰაერის დაბინძურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დიაბეტი, ნევროლოგიური წარმოშობის დაავადებები და სხვა მსგავსი მდგომარეობები. ჰაერის დაბინძურება დაავადებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამომწვევი ფაქტორია, არაჯანსაღ კვებასა და თამბაქოს პროდუქტების მიღებასთან ერთად. 

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის გარემოდან მომავალი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება კლიმატის ცვილების შედეგების შერბილების ერთ-ერთი გზაა, ხოლო გარემოში სათბურის ეფექტის გაზების გამოყოფის შეზღუდვა და შემცირება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს რჩევები და რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს ჰაერის ექვსი  ძირითადი დამაბინძურებლის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში, რადგან ითვლება, რომ ეს ექვსი დამაბინძურებელი განსაკუთრებით ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ესენია ე.წ. კლასიკური დამაბინძურებლები - მყარი ნაწილაკები [PM], მიწისპირა ოზონი [O₃], აზოტის დიოქსიდი [NO₂], გოგირდის დიოქსიდი [SO₂] და ნახშირჟანგი [CO]. 

მყარი ნაწილაკები, რომელთა ზომა დიამეტრში 10 და 2.5 მიკრონის ტოლია ან/და მასზე ნაკლებია [PM₁₀ და PM₂.₅, შესაბამისად], განსაკუთრებით საგანგაშოა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. მყარი ნაწილაკის ორივე ფორმას - PM₁₀ და PM₂.₅-ს შეუძლია ფილტვებში ღრმად შესვლა, მაგრამ  PM₂.₅-ს სისხლში შეღწევის უნარიც აქვს და პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ და სასუნთქ გზებზე აქვს გავლენა, მაგრამ სხვა ორგანოზების დაზიანებაც შეუძლია. მყარი ნაწილაკი, ძირითადად, სხვადასხვა სექტორში საწვავის წვით, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, შინამეურნეობის, ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობის საქმიანობიდან ჩნდება. 

2013 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კიბოს კვლევითმა ცენტრმა, გარე ჰაერის დაბინძურება და მყარი ნაწილაკი დააკლასიფიცირა, როგორც კანცეროგენული [სიმსივნური უჯრედების გაჩენის პოტენციური გამომწვევი/მაპროვოცირებელი]. 

სხვადასხვა გაიდლაინები ასევე ამახვილებს ყურადღებას მყარი ნაწილაკების სხვადასხვა სახეობებზე [მათ შორის, შავი ნახშირბადი/ელემენტარულ ნახშირბადი, ულტრაწვრილი ნაწილაკები, ნაწილაკები, რომლებიც ქვიშისა და მტვრის შტორმების დროს ვრცელდება], რომლებზეც ჯერ-ჯერობით არასაკმარისი ინფორმაცია და მონაცემები არსებობს იმის დასადგენად, რომ განისაზღვროს ჰაერში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები - ნორმები დადგინდეს და ამას რეგულაციის სახე მიეცეს. საკითხი ეხება როგორც შიდა, ასევე ინტერიერის ატმოსფეროს დაბინძურებას - ყველა სახის ლოკაციას. 

“ჰაერის დაბინძურება ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ ის ყველაზე დიდი პრობლემა დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებშია,” - ამბობს ტედროს ადჰანომ ღებრეისუსი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.” - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის ახალი გაიდლაინები მონაცემებზე დაფუძნებული და პრაქტიკული იარაღია ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელზეც ჩვენი ცხოვრებაა დამოკიდებული. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დაიცვან გარემო და გადაარჩინონ სიცოცხლეები.”

 

დაავადებების გავრცელების არათანაბარი ტვირთი 

ჰაერის დაბინძურების მხრივ ქვეყნებს შორის უფსკრული მთელს მსოფლიოში იზრდება. განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები ზარალდებიან, რადგან უბრანიზაციის დონე იზრდება და ეკონომიკური განვითარება, ძირითადად, სასარგებლო წიაღისეულის წვაზე დაფუძნებულ ენერგიაზეა დამოკიდებული.

გლობალური შეფასებები აჩვენებს, რომ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეზე დაბინძურებული ჰაერია პასუხისმგებელი. გარდაცვალებების უმეტესობა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში შეინიშნება. რაც უფრო მეტად აქვს ადამიანს შეხება დაბინძურებულ ჰაერთან, მით მეტია ჯანმრთელობაზე მისი გავლენა, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში [მათ შორის მათში, ვისაც აქვს ასთმა, ქრონიკულ-ობსტრუქციული პულმონარული დაავადებები ან/და გულის დაავადებები]. ასევე ხანდაზმულებში, ბავშვებსა და ორსულებში.

2019 წლის მდგომარეობით, მსოფლიო მოსახლეობის 90% ისეთ პირობებში ცხოვრობდა, რაც PM₂.₅-ის კონცენტრაციის კუთხით, ჯანმოს 2005 წლის ჰაერის ხარისხის სტანდარტებს არ შეესაბამება. 

 

როგორ უნდა მიაღწიონ ქვეყნებმა ჰაერის მდგომარეობის გამოსწორებას?

ახალი გაიდლაინების მიზანია, ქვეყნებს დაეხმარონ, მიზნად დაისახონ და მიაღწიონ კარგი ხარისხის ჰაერს საკუთარ ქვეყნებში.

გასულ წელს, როცა ახალი გაიდლაინები მიიღეს, ჯანმომ განაცხადა, რომ აცნობიერებს, რომ ბევრი ქვეყნისთვის ამ მიზნების მიღწევა რთული იქნება. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ შუალედური სამიზნეები წარმოადგინა, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას მისცემს თანდათან გააუმჯობესონ ჰაერის ხარისხი და ასე მიაღწიონ მნიშვნელოვან და საჭირო მიზნებს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. 

არსებული სცენარების ანალიზის მიხედვით, მყარ ნაწილაკ  PM₂.₅-ის ჰაერში შემცირების გზით, მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 80%-ით შემცირების მიღწევა შესაძლებელი იქნება. ამავე დროს, შუალედური მიზნების მიღწევა შეამცირებდა დაავადებების ტვირთს, რომელსაც უფრო სწრაფად ის ქვეყნები ნახავდნენ, რომლებსაც ჰაერში დიდი რაოდენობით აქვთ PM₂.₅.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>