მეცნიერებმა მიაკვლიეს მექანიზმს, რომელიც ხსნის, როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება სიმსივნური უჯრედების გაჩენას. ეს აღმოჩენა სრულიად ცვლის აქამდე გავრცელებულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩნდება ავთვისებიანი უჯრედები ადამიანის ორგანიზმში.
ფრენსის კრიკის სახელობის ლონდონის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის ნაშრომმა აჩვენა, რომ დაზიანების გამოწვევაზე არანაკლებ, ჰაერის დაბინძურება ძველ, დაზიანებულ უჯრედებს აღვიძებს.
სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ექსპერტის, პროფესორ ჩარლზ სვენტონის თქმით, ეს აღმოჩენა “ახალი ერის” დასაწყისია მეცნიერებაში.
ახლა შესაძლებელია წამლების წარმოებაც, რომლებიც სიმსივნის ფორმირებას უშლის ხელს.
ეს აღმოჩენა პასუხს გასცემს კითხვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ორგანიზმში ათასობით სიმსივნის გამომწვევი ნივთიერება თუ ქიმიური პროცესი.
სიმსივნური უჯრედების წარმოქმნაზე კლასიკური წარმოდგენა ისაა, რომ პროცესი ჯანმრთელ უჯრედებში იწყება. ის უფრო და უფრო მეტ მუტაციას იძენს გენეტიკურ კოდში იქამდე, ვიდრე ავთვისებიან ბუნებას არ მიაღწევს; შემდეგ გადაიქცევა სიმსივნედ და უკონტროლო ზრდას და გავრცელებას იწყებს.
განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით: სიმსივნური მუტაციები ნაპოვნია ჯანსაღ უჯრედებს შორისაც, და ბევრი ფაქტორი, რომლებიც პოტენციურად იწვევს კიბოს - მათ შორის ჰაერის დაბინძურება - არ განიხილება, როგორც ადამიანის DNA-ის დამაზიანებელი ფაქტორი.
და მაინც, რაშია ახალი აღმოჩენის ღირებულება?
მეცნიერებმა, რომლებიც University College London-ში მუშაობენ, სულ სხვა სახის აღმოჩენები გააკეთეს. დაზიანებები ჩვენს დნმ-ში უკვე არსებობს, რომლებიც ასაკთან ერთად გროვდება, მაგრამ, რაღაც ეტაპზე, საჭიროა კიდევ რაღაც წამახალისებელი - მიზეზი, რომლებიც დაგროვილ დევიაციებს ავთვისებიან სიმსივნედ აქცევს.
ეს აღმოჩენა გამოიკვეთა იმის ძიების დროს, თუ რატომ უჩნდებათ სიმსივნე არამწეველებს. სიმსივნეების უმეტესობა მწეველებში სწორედ მოწევის გამო პროვოცირდება, მაგრამ ფილტვის სიმსივნის ყოველი 10 შემთხვევიდან ერთი ჰაერის დაბინძურების გამო ჩნდება.
კრიკის უნივერსიტეტის მეცნიერები ერთ დამაბინძურებელზე შეჯერდნენ - მყარ ნაწილაკზე [PM 2.5], რომლის დიამეტრი 2.5 მიკრონია, რომელიც ადამიანის თმის დიამეტრზე უფრო მცირეა.
ადამიანებსა და ცხოველებზე დეტალური დაკვირვებით, მეცნიერებმა შემდეგი აღმოჩენები შეაჯამეს:
-
იქ, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალი იყო, მაღალი იყო სიმსივნეების დონეც, რომლებიც არ იყო გამოწვეული მოწევით;
-
PM 2.5-ის შესუნთქვა ორგანიზმში იწვევს ქიმიურ განგაშს - ინტერლეიკინ-1-ბეტა - ციტოკუნური ცილის კონცენტრაციის მომატებას ფილტვებში;
-
ამ ცილის მომატება ფილტვებში ანთებასაც პროვოცირებს;
-
მაგრამ ყოველი 600 000 ადამიანის ფილტვის უჯრედიდან ერთში, უკვე არსებობს პოტენციურად საშიში დნმ მუტაციები, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში;
-
ასეთი “ნაგროვები” პოტენციურად საშიში მუტაციები საშიში არაა ორგანიზმისთვის, თუკი დამატებით რამე საგანგაშო ქიმიური აქტივობები მათ არ გამოაღვიძებს და არ გაააქტიურებს, ზოგჯერ კი ადამიანისთვის არასასიკეთოდ წარმართავს.
რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია: მეცნიერებმა შეძლეს, რომ სიმსივნის უჯრედების ფორმირებისთვის ხელი შეეშალათ და ეს პროცესი შეეწყვიტათ ვირთხებში, რომლებსაც დაბინძურებულ ჰაერთან ჰქონდათ შეხება, - რაც ინტერლეიკინ-1-ბეტას წარმოქმნის წამლით დაბლოკვით შეძლეს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის პროცესს ახალისებს.
ექიმი ემილია ლიმი, ერთ-ერთი მკვლევარი, რომელიც კრიკსა და ლონდონის გლობალურ უნივერსიტეტში მუშაობს, ამბობს, რომ ადამიანებმა, რომლებიც არასოდეს ეწეოდნენ და მაინც გაუჩნდათ ფილტვის სიმსივნე, არ იცოდნენ, რამ გამოიწვია ის.
“ადამიანებს რომ ვუთხრათ, როგორ ჩნდება ეს ყველაფერი, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია,” - აღნიშნა მან BBC-სთან ინტერვიუში.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია - მსოფლიო მოსახლეობის 99% ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდებულ ნორმებს.”
კიბოს გადააზრება
შედეგებმა აჩვენა, რომ დნმ მუტაციები ყოველთვის არაა სიმსივნის გაჩენის ერთადერთი მიზეზი. სხვა დამატებითი ელემენტებიც არის საჭირო ამისთვის.
პროფესორ სვენტონის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ფასეული აღმოჩენა ზემოთაღწერილი მექანიზმია და ის “სიმსივნის უჯრედების გაჩენის შესახებ წარმოდგენას ნათელს ჰფენს.” მისი თქმით, ეს “ახალ ერას” გაუკაფავს გზას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა სცადოს ადამიანმა სიმსივნის პრევენცია, მოლეკულური გზით.
და, მისი აზრით, თუკი ადამიანები ძალიან დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ, სიმსივნის პრევენციისთვის წამლის მიღება სულაც არაა ცუდი იდეა.
წამალი, რომელიც ინტერლეიკინ-1-ბეტას შეიცავს, ექიმებმა კარდიოვასკულარული დაავადებების შემთხვევაში მოსინჯეს და სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინეს, რომ მან ფილტვის სიმსივნის წარმოქმნის რისკები მკვეთრად შეამცირა.
ახალი აღმოჩენა მეცნიერებმა ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინეს.
პროფესორ სვენტონის თქმით, ის ცოდნა თუ მოსაზრებაც უნდა გადავაფასოთ, თუ როგორ იწვევს მოწევა ფილტვების სიმსივნეს - თამბაქოში შემავალი ქიმიკატები იწვევს დნმ-ის დაზიანებას თუ მოწევით გამოწვეული ანთებაც ემატება მოვლენათა ჯაჭვს?
უნდა აღინიშნოს, რომ დნმ-ის მუტაციის იდეა არაა საკმარისი სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის მიზეზის დასადგენად და სხვა ფაქტორებიც რომ უნდა მუშაობდეს აქ, პირველად მეცნიერმა ისააკ ბერენბლუმმა წამოაყენა, 1947 წელს.
“ფილოსოფიურად, ეს აღმაფრთოვანებელია. ამ საოცარმა ბიოლოგებმა ეს სამუშაო 75 წლის წინ გასწიეს და მათი შრომა მათ დროში არ დაფასებულა,” - ამბობს ექიმი ლიმი.
მიშელ მიტჩელი, კიბოს კვლევის ბრიტანული ცენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ “მოწევა ფილტვების სიმსივნის გამოწვევის ერთ-ერთი მთვარი მიზეზია” - ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
და დაამატა: “მეცნიერება, სადაც მუშაობას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება წლების განმავლობაში, იცვლება და ცვლის ჩვენს წარმოდგენებს სიმსივნური უჯრედების აღმოჩენასა და განვითარებასთან დაკავშირებით. ახლა კიდევ ერთხელ გავეცით პასუხი კითხვაზე, თუ რა მამოძრავებელი ძალები დგას სიმსივნური უჯრედების გაჩენის უკან.”
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან - Air pollution cancer breakthrough will rewrite the rules