იტალიელმა მეცნიერებმა მიკროპლასტიკები პირველად დედის რძეში აღმოაჩინეს. მეცნიერებს აშფოთებთ პლასტიკის პოტენციური გავლენა ჩვილის ჯანმრთელობაზე.
ჩვილები განსაკუთრებით სუსტები და მოწყვლადები არიან ქიმიური დამაბინძურებლების მიმართ და მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს შემდეგი კვლევები. თუმცა, იქვე დაამატეს, რომ ძუძუთი კვება ჩვილის გამოკვების საუკეთესო გზაა.
იტალიაში, კერძოდ რომში, ძუძუს რძის ნიმუშები 34 ჯანმრთელ დედას აუღეს, მშობიარობის შემდეგ. მიკროპლასტიკები ნიმუშების 75 %-ზე მეტში დადასტურდა.
აქამდე არსებულ კვლევებში გამოაშკარავდა მიკროპლასტიკის გავლენა ადამიანის უჯრედებზე, ლაბორატორიის ცხოველებსა და წყალქვეშ მცხოვრებ სახეობებზე, მაგრამ ადამიანზე მათი პირდაპირი გავლენა მაინც უცნობია.
პლასტიკი ხშირად შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიკატებს, მათ შორის, ფტალატებს, რომლები დედის რძეში აქამდეც იქნა ნაპოვნი.
ამ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ისიც გამოიკვლიეს, რამდენად მიირთმევდნენ დედები საკვებს და წყალს პლასტიკის შეფუთვებიდან, ასევე ზღვის პროდუქტებს. იქ მათ რძეში პლასტიკის არსებობასა და კვებით ჩვევებს შორის კორელაცია ვერ აღმოაჩინეს.
ეს კიდევ უფრო აჩვენებს, რამდენად “ყველგან არსებობს” პლასტიკი ჩვენს ცხოვრებაში - მისი ერთი წყაროს დადგენა აზრსაც კი კარგავს, - აღნიშნეს მეცნიერებმა. მომავალში, უფრო დიდმა კვლევებმა, შესაძლოა, მეტად გამოყონ განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები.
იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა მიკროპლასტიკები 2020 წელს პლაცენტაშიც აღმოაჩინეს.
“ჩვენი მტკიცებულება, რომ მიკროპლასტიკები დედის რძეში არსებობს, უფრო მეტად გვაფიქრებს ჩვილებზე, როგორც განსაკუთრებული საფრთხის წინაშე მდგარ პოპულაციაზე,” - ამბობს ვალენტინა ნოტარსტეფანო, რომელიც იტალიის ქალაქ ანკონაში, დელ მარშის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის დროს ამ დამაბინძურებლებთან ორსულს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს,” - თქვა მან. “თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძუძუთი კვება ბევრად უფრო ფასეულია ჩვილისთვის და რძეში პლასტიკით დაბინძურებით გამოწვეული ზიანი მას ვერ გადასწონის. ასეთმა კვლევებმა ჩვილების ძუძუთი კვების ხარისხი და სიხშირე არ უნდა შეამციროს, არამედ ცნობიერება აამაღლოს, რომ პლასტიკის წარმოება და გამოყენება უფრო მკაცრად დარეგულირდეს.”
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილები, რომლებსაც პლასტიკის ბოთლით კვებავენ, დღის განმავლობაში მილიონობით მიკროპლასტიკს ყლაპავენ.
ძროხის რძეც შეიცავს მიკოპლასტიკებს.
პლასტიკის ნარჩენების დიდი ნაგავსაყრელები მთელი პლანეტის მასშტაბით არის დასაწყობებული, ევერესტის მწვერვალიდან დაწყებული, ოკეანეების ფსკერით დამთავრებული.
ადამიანი პლატიკს იღებს საკვებიდან და წყლიდან, ასევე ჩაისუნთქავს ჰაერიდან. პლასტიკის ნარჩენები აღმოჩენილია ჩვილებისა და მოზარდების განავლის ნიმუშებში.
ძუძუს რძეზე კვლევით, რომელიც ჟურნალ Polymers-ში გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ რძეში ნაპოვნი მიკროპლასტიკები, რომლებიც პოლიეთილენის, პოლივინილის ქლორიდისა და პოლიპროპილენისგან შედგება, უხვადაა შესაფუთ პარკებში. მეცნიერებმა 2 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკი ვერ გააანალიზეს.
სავარაუდოდ, უფრო მცირე ნაწილაკებიც არსებობს. რძის ნიმუშები ისე შეაგროვეს, შეინახეს და გააანალიზეს, რომ პლასტიკის ჭურჭლები არ იყო გამოყენებული და საკონტროლო ნიმუშებიც ისე დაამუშავეს, რომ მათ ცალკე არ გამოეწვია დაბინძურება.
მართალია, სპეციფიური მიკროპლასტიკებით დაბინძურების რისკ-ფაქტორები ამ პატარა კვლევის ფარგლებში არ იყო იდენტიფიცირებული, მაგრამ ნოტარსტეფანომ აღნიშნა: “ჩვენ ორსულ ქალებს ვურჩევთ, რომ არ გამოიყენონ პლასტიკის შეფუთვა, კოსმეტიკა და კბილის პასტები, რომლებიც შეიცავენ მიკროპლასტიკს და ტანსაცმელი, რომლებიც სინთეტური ქსოვილისგან არის წარმოებული.”
მიკროპლასტიკები მარტში ადამიანის სისხლშიც აღმოაჩინა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი დიქ ვეტჰააკი ხელმძღვანელობდა ამსტერდამში, ვრიჟეს უნივერსიტეტიდან.
“ახალი კვლევა წინარე და საგულისხმო მონაცემებია იმასთან დაკავშირებით, რომ მიკროპლასტიკი ადამიანის რძეშიც არსებობს, მაგრამ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, მეტი ნიმუშებით და სასურველია კვლევის ახალი მეთოდებიც, რომ ეს შედეგები უფრო მაღალი ხარისხის სანდოობით დადასტურდეს,” - თქვა მან. “ყველაფერს ვაკეთებთ ხარისხიანი მონაცემების მოსაგროვებლად.
მიკროპლასტიკებით დაბინძურების პრობლემას რაც შეეხება - აისბერგის მხოლოდ წვერს ვხედავთ. უფრო მცირე, ნანო-ზომის პლასტიკები, სავარაუდოდ, უფრო გავრცელებული და მომწამვლელია. თუმცა, ამ ეტაპზე ნანოზომის მიკროპლასტიკების გაზომვა ისეთ რთულ სითხეში, როგორიც დედის რძეა, ჭირს.
“აქამდე არ არსებობს ცოდნა იმაზე, თუ რა შესაძლო გავლენა აქვს მიკროპლასტიკს და მასთან დაკავშირებულ დამაბინძურებლებს ძუძუზე მყოფ ჩვილზე. გადაუდებლად პრიორიტეტული უნდა იყოს უფრო მეტი კვლევის წარმოება ადრეულ ასაკზე, მათ შორის, ჩვილებსა და პატარა ბავშვებზე პლასტიკის გავლენაზე, რადგან ქიმიკატების და წვრილი ნაწილაკების წინაშე მათი ორგანიზმი უფრო სუსტია. ეს თემა ჯანდაცვის კვლევის პრიორიტეტი უნდა გახდეს,” - დაამატა დიქ ვეტჰააკმა.
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან Microplastics found in human breast milk for the first time