•
სამედიცინო ექსპერტების თქმით, კლიტორს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, მის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას ცუდი შედეგები მოაქვს ქალის ჯანმრთელობისთვის.
•
ჯილიანმა ზუსტად იცოდა, რომ გენიტალიებთან ახლოს კიდევ ერთ ჩხვლეტას ვერ გადაიტანდა.
2018 წელს, როდესაც გინეკოლოგმა ვულვის გარშემო ბიოფსია შესთავაზა, რომ სიმსივნური უჯრედების არსებობა გადაემოწმებინა, ცოტა ხანი იყოყმანა. ექიმმა ივარაუდა, რომ კლიტორთან არსებული მოთეთრო ნადები - ლიქენ სკლეროზისი იყო, რომელიც, როგორც წესი, უვნებელი ქსოვილია. ჯილიანმა, რომელიც თვითონაც მედდაა, იცოდა, რომ ყველაზე მგრძნობიარე ადგილიდან უჯრედების ამოღება არცთუ ისე სასიამოვნო პროცედურა იქნებოდა.
საბოლოოდ, მაინც დათანხმდა.
ექიმი, რომელიც ამას ურჩევდა, კაცი იყო, თვითონ - მედდა ქალი. ჩათვალა, რომ მას [კაცს] ამ ორგანოზე ექსკლუზიური ძალაუფლება ჰქონდა და ამას ერთგვარად ბოროტად იყენებდა.
“მეანობა-გინეკოლოგიაში არასოდეს მიმუშავია,” - აღნიშნა ჯილიანმა, რომელმაც მხოლოდ სახელი გაგვიმხილა, - ნაწილობრივ თვით-იდენტიფიცირებაზე იყო თანახმა. “არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.”
ბიოფსიისთვის ის გინეკოლოგურ სკამზე აიყვანეს და ეპიდურალურად გაუყუჩეს კლიტორის ტერიტორია. შემდეგ კი, სისხლდენის შესაჩერებლად, ექიმმა კაცმა ერთი ხელი მეორეს დაადო და ვულვაზე მაგრად დააჭირა. ზურგის ტვინიდან გაყუჩების მიუხედავად, ჯილიანმა ბოქვენის ძვალთან ტკივილი მაინც იგრძნო. წამოიყვირა კიდეც.
ვულვა ქალის გარე გენიტალიაა, რომელსაც შიდა და გარე ლაბია აქვს და კლიტორსა და ვაგინისკენ შემავალ ადგილას მდებარეობს.
ერთი თვის შემდეგ, ბოიფრენდთან ყოფნისას, ჯილიანი მიხვდა, რომ ორგაზმს ვერ აღწევდა. აღგზნება შეეძლო, თუმცა იმ წამს, როცა ორგაზმისთვის უნდა მიეღწია, “პროცესი არაფრით მთავრდებოდა”, - იხსენებს ის. “ახლაც ასეა.”
როცა ამაზე გინეკოლოგს დაელაპარაკა, მან უპასუხა, რომ კლიტორის გაუგრძნობელობა და ორგაზმის მიუღწევლობა დროებითი ნაიარევის გამო იყო გამოწვეული და დროთა განმავლობაში, გამოსწორდებოდა.
დრო გადიოდა. პრობლემა კი არ სწორდებოდა.
უკვე შეშფოთებული და შეშინებული, გამოსავლის ძიებაში, ჯილიანი ერთი სპეციალისტიდან მეორესთან გადადიოდა, მაგრამ ამაოდ. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ არავის უნდოდა მის კლიტორზე საუბარი.
ერთ-ერთმა უროლოგმა ის ძალადობის მსხვერპლსაც შეადარა და აღნიშნა, რომ ორგაზმის არქონა ბიოფსიის დროს ტრავმული რეაქცია იყო [და არა ფიზიოლოგიური პრობლემა].
ერთმა ექიმმა წინა-მენოპაუზის მდგომარეობის დიაგნოზი დაუსვა და ტესტოსტერონის კრემი დაუნიშნა. მეორემ ვაგინის გაახალგაზრდავების პროცედურის ჩატარება ურჩია.
როცა ჯილიანს საუბარი კლიტორისკენ მიჰყავდა, ცარიელი სახეები ხვდებოდა.
“ისე მიყურებდნენ, როგორც სრულ გიჟს,” - ამბობს ჯილიანი. “სულ ვიმეორებდი, რომ ჩემს კლიტორს რაღაც სჭირს. ისინი კი ყველაფერზე ლაპარაკობდნენ და ფიქრობდნენ, კლიტორის გარდა.”
“საუკეთესო შემთხვევაში, რაღაც მეორეხარისხოვანი”
ზოგი უროლოგი ვულვას “შუააღმოსავლეთის პატარა ქალაქს ადარებს,” ამბობს ექიმი ირვინ გოლდშტეინი, თვითონაც უროლოგი, რომელიც სექსუალური მედიცინის პიონერია. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოსკენ მიმავალ გზაზე, ექიმები ვულვას გულგრილად ჩაუვლიან ხოლმე. საშვილოსნო და მისი ყელია მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი: მათზე ხდება ულტრაბგერითი გამოვკლევები, პაპ ტესტი, ნაყოფიერების კონტროლი, იქიდან იბადება ბავშვი.
თუკი ვულვა პატარა ქალაქია, კლიტორი ადგილობრივი ბარია, გზის გადაღმა მდგარი. მასზე ბევრი არავინ არაფერი იცის. არავინ არაფრად აგდებს. ყველა გზას უხვევს.
“ყველა აბუჩად იგდებს,” - ამბობს ექიმი რეიჩელ რუბინი, უროლოგი და სექსუალური განათლების ექსპერტი. “არ არსებობს სამედიცინო თემი, რომელსაც ამ თემის კვლევა, მართვა და დიაგნოსტირება აეღო ინიციატივად და პასუხისმგებლობად.”
კითხვაზე, თუ რა ისწავლა სამედიცინო სკოლებში კლიტორზე, ექიმმა რუბინმა უპასუხა, “არაფერი ისეთი, რაც დამამახსოვრდებოდა. ვინმე ოდესმე თუ სადმე ახსენებდა, საუკეთესო შემთხვევაში, ეს იყო მეორეხარიხოვანი ადგილის მიჩენა მისთვის.”
წლების შემდეგ, სექსუალური მედიცინის შესწავლის დროს, სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც ექიმ გოლდშტეინთან გაიარა, ისწავლა, თუ როგორ უნდა შეემოწმებინა ვულვა და კლიტორის გარედან ხილული ნაწილები.
მთლიანი კლიტორი უფრო რთული და ღრმა სტრუქტურის მქონე ორგანოა, რომელიც, ძირითადად, ერექტილური ქსოვილებისგან შედგება, რომლებიც მენჯამდე აღწევს და ვაგინას გარშემო ერტყმის.
დღეს უკვე ექიმი რუბინი საკუთარ თავს ვოშინგტონის მთავარ “კლიტოროლოგს” უწოდებს. ეს ნაწილობრივი ხუმრობა, რა თქმა უნდა, იქიდან მოდის, რომ ბევრს არც უნდა ამ ტიტულისთვის ბრძოლა - სირცხვილის, კლიტორზე ცოდნის ნაკლებობის ან პაციენტების წინაშე საკუთარი თავის პოზიციონირების კუთხით.
“ექიმებს უყვართ იმაზე საუბარი, რაც ზუსტად იციან,” - ამბობს ის. “ჩვენ არ მოგვწონს ჩვენი სისუსტეების ჩვენება. ხმამაღლა გვიჭირს იმის თქმა, რომ რაღაც არ ვიცით.”
ამ უარყოფამდე მისულ გულგრილობას პაციენტებზე აქვს პირდაპირი ცუდი ზეგავლენა. 2018 წელს ჟურნალ Sexual Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ექიმმა რუბინმა და გოლდშტეინმა აღმოაჩინეს, რომ ვულვისა და კლიტორის შეუმოწმებლობის გამო, ხშირად დღის წესრიგს მიღმა რჩებოდა სექსუალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა. ყოველი 4 ქალი პაციენტიდან ერთი ამბობდა, რომ კლიტორის თავზე ანთება ჰქონდა, რაც მაშინ ხდება, როცა კლიტორის ქუდი მისსავე ჯირკვალს ედება და აღიზიანებს, რაც ამცირებს სექსუალურ სიამოვნებას.
ავტორებმა დაასკვნეს, რომ ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებმა რუტინულად უნდა შეამოწმონ კლიტორი. მაგრამ თქმა უფრო მარტივია, ვიდრე ნათქვამის შესრულება. სერვისის მიმწოდებლების უმეტესობამ “არ იცოდა, როგორ შეემოწმებინა კლიტორი და თავს უხერხულადაც გრძნობდა.”
ასეთი უგულებელყოფა აზიანებს ქალებს და ტრანს კაცებს, ასევე სხვა ადამიანებს, რომლებსაც ვულვა აქვთ. კლიტორის დაზიანების დოკუმენტირებული შემთხვევები არსებობს ისეთი პროცედურების დროს, როგორებიცაა მენჯის არეში ოპერაციები, ეპიზიოტომია [საშოს ჩაჭრა] ჩვილის დაბადების დროს, ასევე თითქოს დაუკავშირებელი ბარძაყის არეში ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა.
ცუდად გაკეთებული ლაბიოპლასტიკის დროს - რომელიც საშოს ბაგეების კორექციის ოპერაციაა და რომლის დროსაც საშოს მცირე ბაგეს აპატარავებენ, და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა მსოფლიოს მასშტაბით - ასევე შესაძლოა გახდეს კლიტორალური ნერვების დაზიანების მიზეზი, რომელიც გენიტალიებში ტკივილსა და შეგრძნებების დამუნჯებას იწვევს.
მთელი რიგი ამ დაზიანებების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა, ამბობს ექიმი რუბინი, რომ ექიმებს კლიტორის კვლევისთვის უფრო მეტი დრო დაეთმოთ. ეს მოსაზრება მან იანვარში ხმამაღლა გამოაცხადა ვეტერანი მამაკაცი უროლოგებით სავსე ოთახში, რომელიც კალიფორნიაში გაიმართა და რომელიც ქალების სექსუალურ ჯანმრთელობას ეხებოდა. მისი ლექცია, რომელიც პრაქტიკულიც იყო და ანიმაციურიც, ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ლექციად დასახელდა კონფერენციის ფარგლებში.
მისი თქმით, კლიტორის ანატომია არაა მაგია - ეს, უბრალოდ, ბიოლოგიაა.
“კლიტორი არ არის უცნაური, მისტიური ადგილი, რომელიც ჩვენი ორგაზმის წყაროა,” - თქვა მან თავის ოფისში როკვილში, პენისის პროთეზების, მენჯის მულაჟებისა და “ჰიტაჩის” ვიბრატორით ხელში.
“უნდა იცოდე, რა რა არის და რა მოვლენა საიდან მოდის.” •
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → Half the World Has a Clitoris. Why Don’t Doctors Study It?