მთავარი ფოტო აღებულია ერევნის ზოოპარკის ვებ-გვერდიდან
ერევნის ზოოპარკში ცხოველები ტუბერკულოზით დაიხოცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური ონლაინ-გამოცემა Hetq ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაავადების გამო, ბევრი ცხოველი დაიღუპა. Hetq-ის წყარო სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროა, რომელიც არ აზუსტებს, რამდენი ცხოველი დაიღუპა და როდის.
ერევნის ზოოპარკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქმეს ამჟამად სომხეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო სწავლობს. ინფორმაციის თანახმად, დაავადების შემთხვევები დაახლოებით 5 თვის წინ დაიწყო.
ზოოპარკის ადმინისტრაციის მტკიცებით, ზოოპარკის ვეტერინარებმა სურსათის უვნებლობის სააგენტოს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 18 იანვარს მიაწოდეს ინფორმაცია დაავადების გავრცელების შესახებ: ცხოველების სამედიცინო შემოწმებამ მათ სხეულში ტუბერკულოზის ჩხირების არსებობა აჩვენა.
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც, ძირითადად, ბაქტერია Mycobacterium tuberculosis იწვევს და ფილტვებს აზიანებს.
ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა და საფრთხეს უქმნის ცხოველებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც.