გარემო

პანამის დოკუმენტები




სტატია ნაწილია პროექტისა "ოქროს მტვერი/Golden Dust" 

2005 წლის ნოემბერში, Stanton Equities Corporation-მა საქართველოს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანიების: სააქციო საზოგადოება “მადნეულის” 97,5 და შპს “კვარციტის” 50 პროცენტი შეიძინა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციით და Stanton Equities Corporation-თან გაფორმებული ხელშეკრულებით,  კომპანიას ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა და გარკვეული პირობები შეესრულებინა.

საწინააღმდეგო ფაქტებს აჩვენებს ე.წ. “პანამის დოკუმენტები”:  რუსი ბიზნესმენები სიმან პოვარენკინი და სერგეი გენერალოვი საქართველოს სამთო ბიზნესში ინვესტირებით არ იყვნენ დაინტერესებულნი:  მათ საწარმოს უფრო მომგებიან ფასად გადაყიდვა უნდოდათ.

შეთანხმების თანახმად, ამ  “გადაყიდვის მენეჯერი” სიმან პოვარენკინი უნდა ყოფილიყო. ამ სერვისისთვის მას “ მადნეული/კვარციტი” ხელფასს გადაუხდიდა, რომელიც ხელშეკრულებაში გაწერილი იყო, როგორც “მენეჯმენტის ხელფასი”.  

გასამრჯელოს ოდენობა დოკუმენტში არაა  მითითებული. თუმცა დაზუსტებულია, რომ პოვარენკინი მენეჯმენტის ხელფასს “ყოველწლიურად” მიიღებდა.  მეწილეების შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო “პროექტის დასრულება” [Project Completion]. ამ პუნქტის თანახმად, პროექტი დასრულდებოდა მაშინ, როდესაც GP Shipping Investment Company LTD-მ და Cuento Portfolio Corp “მადნეულისა” და “კვარციტის” წილებს სრულად მიჰყიდიდნენ სხვა, მესამე მხარეს.  

თუ სერგეი გენერალოვსა და სიმან პოვარენკინს პროექტის მენეჯმენტისთვის მოსკოვიდან პროექტის ადგილზე [კაზრეთში] ჩასვლა დასჭირდებოდათ,  ამისთვის დაინიშნებოდა სპეციალური ჩარტერული რეისები, რომელთა მგზავრობის ხარჯსაც დაფარავდა “მადნეული” და “კვარციტი”.

სერგეი გენერალოვი და სიმან პოვარენკინი  ასევე განიხილავდნენ კერძო თვითმფრინავის ყიდვის შესაძლებლობასაც.  ყიდვის შემთხვევაში, ხარჯი ისევ “მადნეულს” ან/და “კვარციტს” უნდა დაეფარა.   

2007 წელს, სერგეი გენერალოვი ქართული ბინზესიდან გავიდა. ბიზნესში დარჩენილ სიმან პოვარენკინს საწარმო არ გადაუყიდია. კონფიდენციალური წყაროს თქმით, 2011 წელს, როდესაც ოქროს ფასმა ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, პოვარენკინმა ქართული საწარმოების გადაყიდვა გადაიფიქრა.  

საწარმოების პრივატიზების შემდეგ, ქართველი მაღალჩინოსნები ოქროს მომპოვებელ კომპანიაში დასაქმდნენ.  ირაკლი ჩოგოვაძე, რომელიც პრივატიზების დროს ეკონომიკის მინისტრი იყო, პრივატიზების შემდეგ “მადნეულის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.  


ნაყოფიას სესხი “თბილისის საიუველირო ქარხნის” საყიდლად

2006 წელს კობა ნაყოფიას კომპანიას კომპანია “გოლდინვესტმა”,  რომელიც ქარხნის ყიდვიდან ერთი თვის წინ [2006 წლის 8 მაისს დაარსდა] და 100%-იანი მფლობელი კობა ნაყოფია იყო,  2,100,000 აშშ დოლარის სესხი აიღო CUENTO PORTFOLIO CORP.- საგან.  ამ სესხის მიზანი კომპანია “თბილისის საიუველირო ქარხნის” [“Tbilisi Jewellery Plant” L.T.D.] ყიდვა იყო.  

2006 წლის 12 ივნისს, შპს “გოლდინვესტით”, კობა ნაყოფიამ “თბილისის საიუველირო ქარხანა” იყიდა.  საპრივატიზაციო თანხის ოდენობა ოდნავ სესხის ოდენობას: 2,202,000 აშშ დოლარი.

 

სესხები “თიბისი” და “საქართველოს ბანკისგან”

2007 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა, სესხის აღების მიზნით, საწარმოს სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობის აუდიტი შედგა, რომელიც კომპანია Denton Wilde Sapte LLP-ს დაუკვეთეს.  იმ დროისთვის, კომპანიას უკვე ჰქონდა კრედიტები “თიბისი” და “საქართველოს” ბანკებისგან.  დოკუმენტის მომზადების დროისთვის, საწარმოების კაპიტალი 12 830 195 აშშ დოლარი იყო.   

დოკუმენტის გამოცემის მომენტში, კომპანიის გენერალური დირექტორი კობა ნაყოფია იყო; სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი: სიმან პოვარენკინი, აკაკი ჩარგეიშვილი და რუსეთის მოქალაქე მარინა ტარასოვა.  

სააქციო საზოგადოება 180 მილიონი აშშ დოლარის სესხის აღებას აპირებდა.  დოკუმენტში კონკრეტული საფინანსო ინსიტუტი მითითებული არ არის, საიდანაც კომპანია სესხის აღებას აპირებდა.   დოკუმენტში მითითებულია, რომ სესხის აღება სხვადასხვა საფინანსო წყაროებიდან მოხდებოდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს დათვლებით, 2000-2015 წლებში საქართველოდან ექსპორტზე 1,35 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა, ხოლო დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტის ღირებულება დაახლოებით  1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

კობა ნაყოფია და სიმან პოვარენკინი

სიმან პოვარენკინი და კობა ნაყოფია რუსეთში შეხვდნენ.  2002-2004 წლებში კობა ნაყოფია სერგეი გენერალოვის კომპანია “პრომიშლენნიე ინვესტორის [Industrial Investors]” ვიცე პრეზიდენტი იყო, ხოლო სიმან პოვარენკინი კი -”პრომიშლენნიე ინვესტორის” სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.  2004 წელს, კახა ბენდუქიძის მოწვევით, კობა ნაყოფია “მადნეულისა” და “კვარციტის” დირექტორი გახდა.

პრივატიზების დროს კობა ნაყოფიასა და რუსი ბიზნესმენების კავშირი ცნობილი არ იყო.  რადგან Stanton Equities Corporation ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია იყო, შეუძლებელი იყო რეალური ინვესტორების ვინაობის გაგება.  

პრივატიზების პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ Stanton Equities Corporation “პრომოშლენნიე ინვესტორის” შვილობილი კომპანია იყო.  ხოლო ამ უკანასკნელის უკან რუსი ბიზნესმენები - სერგეი გენერალოვი და სიმან პოვარენკინი - იდგნენ. კობა ნაყოფია კი, რომელიც “მადნეულისა” და “კვარციტის” მენეჯერი იყო, საქართველოში გადმოსვლამდე სერგეი გენერალოვის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.   

კობა ნაყოფია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  

კობა ნაყოფია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საქართველოს მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.   ნაყოფია ასევე იყო პრო-ნაციონალური მოძრაობის ფილმ” “აგვისტოს 5 დღის” პროდიუსერი.



კავშირი სომხეთთან

სიმან პოვარენკინი აქტიურად არის ჩართული სომხეთის აქტივების მუშაობაზე. ის თვითონ სტუმრობს მოპოვების ადგილებს და სომეხ მაღალჩინოსნებთან ერთად ესწრება კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვან შემთხვევებს.  

 

SIman .jpg

GeoProMining Gold-ის არარატის საწარმოში ახალი ტექნოლოგიის, ე.წ. ‘ალბიონის’ პრეტენტაცია, სიმან პოვარენკინი ლენტს ჭრის.  უკან: სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი; 2014 წლის 28 აპრილი, ფოტო: http://www.president.am/

 

სიმან .jpg

სიმან პოვარენკინი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად, მარჯვნივ შუაში, უსაფრთხოების ჩაფხუტით; არარტის სამთო-გამამდიდრებელი ფაბრიკა, 2011 წელი

 

ქართველი მენეჯერების ნაწილი, რომლებიც თავის დროზე “მადნეულის” ან “კვარციტის” მაღალი რგოლის მენჯერები იყვნენ,  სომხეთშიც დასაქმდნენ.

2007 წლიდან 2009 წლამდე, დიმიტრი კალანდაძე GeoProMining Gold LTD-ს დირექტორი იყო, ხოლო გიორგი დევაძე - 2009 წლიდან 2015 წლამდე Agarak Copper-molybdenum CJSC-ს დირექტორი იყო.  2010 წლიდან 2013 წლამდე, კალანდაძე და დევაძე RMG Gold-ის გენერალური დირექტორები იყვნენ.  

 

სტატიების სერია "ოქროს მტვერი" გერმანული მედია-ორგანიზაციის N-Ost-ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ჟურნალ "ლიბერალთან" პარტნიორობით მომზადდა. პროექტის ავტორები არიან ცირა გვასალია, ჰრანტ გალსტიანი და ალისა კუსტიკოვა 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>